Baby Bag

ბავშვებს ჭურჭლის გარეცხვა და დასუფთავება ასწავლეთ - როგორ ჩავრთოთ პატარები საოჯახო საქმეებში?

ბავშვებს ჭურჭლის გარეცხვა და დასუფთავება ასწავლეთ - როგორ ჩავრთოთ პატარები საოჯახო საქმეებში?

ცხოვრების ახალ წესზე გადასვლამ ადამიანებს ყოველდღიური რუტინის ცვლილებისკენ უბიძგა. მთელი დღის მანძილზე სახლში შვილებთან ერთად ყოფნა მშობლებს გარკვეული გამოწვევების წინაშე აყენებს. ოჯახური იდილიის შესანარჩუნებლად აჯობებს ბავშვებს სასარგებლო ცხოვრებისეული უნარ-ჩვევების ათვისებაში დაეხმაროთ. თვითიზოლაცია და სოციალური დისტანცირების რეჟიმში ცხოვრება ამის საშუალებას ნამდვილად მოგცემთ. სახლში ოჯახთან ერთად გატარებული დრო შვილებისთვის გუნდური მუშაობის პრინციპების სწავლებას მოახმარეთ. აუცილებელია, ბავშვები ჰიგიენაზე სათანადოდ ზრუნვასაც მიაჩვიოთ.

ბავშვებს ჭურჭლის გარეცხვა და დასუფთავება ასწავლეთ

საოჯახო სადილების ხშირად მოწყობა ოჯახში გასარეცხი ჭურჭლის რაოდენობასაც მნიშვნელოვნად ზრდის. თუ მცირეწლოვანი შვილები არ გყავთ, შედარებით მოზრდილ ბავშვებს ჭურჭლის სათანადოდ გაწმენდა და გარეცხვა უნდა ასწავლოთ. ამასთან, აუცილებელია, რომ ბავშვმა ადრეული ასაკიდანვე ისწავლოს მაგიდის გასუფთავება და იატაკის სისუფთავეზე ზრუნვა. როდესაც შვილს ჭურჭლის გარეცხვას, გაშრობას და დალაგებას ასწავლით, მას გუნდური მუშაობის პრინციპებსაც გააცნობთ, რაც ბავშვის განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)

ბავშვებთან ერთად ეზოს ან ბაღის მოვლის სამუშაოები შეასრულეთ

გაზაფხულზე საოჯახო საქმეების შესრულება სუფთა ჰაერზეც შეგიძლიათ, თუ, რა თქმა უნდა, ამინდიც გიწყობთ ხელს. შედარებით მოზრდილი ასაკის ბავშვები ბალახის გათიბვასა და ბუჩქების გაკრეჭაშიც დაგეხმარებიან. მცირეწლოვანი პატარები კი მცენარეების მორწყვაში დაიხმარეთ. შეგიძლიათ, მათ ყვავილების დარგვა და დათესვაც ასწავლოთ. როდესაც ბავშვებთან ერთად სუფთა ჰაერზე იმუშავებთ, მათ თავდაცვისა და უსაფრთხოების წესებიც კარგად გააცანით. აუხსენით პატარებს, რომ მზის გულზე დიდხანს ყოფნა არ შეიძლება. მუშაობის დროს აუცილებლად გამოიყენეთ მზისგან დამცავი კრემი. ბავშვებმა ყოველთვის უნდა მიაქციონ ყურადღება ჰიდრატაციის ხარისხს.

სახლი მოაწესრიგეთ და ქველმოქმედებით დაკავდით

თქვენს სახლში უწესრიგობა თუ სუფევს, მასთან გამკლავებას მარტო ნუ ეცდებით. სახლის მოწესრიგების პროცესში ბავშვებიც აუცილებლად უნდა ჩართოთ. ეცადეთ, ყოველდღიურად ერთი ოთახი ან ოთახის კონკრეტული კუთხე მოაწესრიგოთ. ნივთები გადაახარისხეთ და სპეციალური ყუთები გამოყავით, რომლებსაც მათ შესანახად გამოიყენებთ. ბავშვებს ლიმიტი დაუწესეთ, განსაზღვრეთ, თუ რომელ მათგანს რამდენი სათამაშოს დატოვება შეუძლია. თოჯინები, რომლებიც პატარებს ასაკის გამო აღარ შეეფერებათ, გააჩუქეთ. თუ სოციალური დისტანცირების პირობებში ამას ვერ ახერხებთ, სათამაშოები დროებით შეინახეთ და ქველმოქმედებით მოგვიანებით დაკავდით.

ასწავლეთ ბავშვებს ტანსაცმლის გარეცხვა, გასუფთავება და დალაგება

მცირეწლოვან ბავშვებს სარეცხ მანქანასთან ნუ მიუშვებთ. უმჯობესია, ისინი გარეცხილი წინდების წყვილებად დალაგებაში დაიხმაროთ. უფროსებს კი ტანსაცმლის დაკეცვა და კარადის მოწესრიგება ასწავლეთ. თუ ბავშვი იმდენად დიდია, რომ სარეცხი მანქანის გამოყენებაც შეუძლია, მას დეტალურად აუხსენით, თუ როგორ უნდა გამოიყენოს მანქანა ტანსაცმლის გარეცხვისთვის. ყურადღება მიაქციეთ ბავშვს, როდესაც ის სარეცხი მანქანის გამოყენებას ცდილობს.

ასწავლეთ ბავშვებს სახლის დასუფთავებისა და დეზინფექციის ელემენტარული წესები

მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების გამო თითქმის ყველა ოჯახში ხელების დაბანისა და ჰიგიენის წესების დაცვის მნიშვნელობაზე საუბრობენ. აუცილებელია, რომ ბავშვებს სახლის დასუფთავების დადებით მხარეებზეც ხშირად ესაუბროთ. პატარებს კარის სახელურების, ონკანისა და სხვა საგნების ზედაპირის დეზინფექციის პროცედურები კარგად გააცანით. ამგვარად ისინი ჰიგიენის წესებს მეტად დაიცავენ და სახლის სისუფთავეზე ზრუნვას ისწავლიან. შეგიძლიათ, ბავშვებს ჰიგიენური პროდუქტების შესახებ მცირე ლექციებიც ჩაუტაროთ, რათა დეზინფექციის პროცედურების ჩატარება მათ თავადაც შეძლონ, რა თქმა უნდა, თქვენი მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ. 

მომზადებულია ​thegazette.com-ის მიხედვით
თარგმნა ია ნაროუშვილმა

შეიძლება დაინტერესდეთ

„პირველ ხანებში მიჯაჭვულობა მაინც უნდა ჩამოყალიბდეს დედასთან, ამიტომ სჯობს, პირველ რიგში, დედა იყოს ბავშვთან,“ - მაია ხერხეულიძე

„პირველ ხანებში მიჯაჭვულობა მაინც უნდა ჩამოყალიბდეს დედასთან, ამიტომ სჯობს,  პირველ რიგში, დედა იყოს ბავშვთან,“ - მაია ხერხეულიძე

პედიატრმა მაია ხერხეულიძემ ბავშვის აღზრდაში დედისა და მამის მნიშვნელოვან როლზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ მამის ჩართულობა ბავშვთან ურთიერთობის პროცესში აუცილებელია:

„რაც შეეხება გენდერულ თანასწორობას, როდესაც ჩვენ ამის შესახებ ვსაუბრობთ, ისევ ვამბობ, რომ ​ერთი მიჯაჭვულობა ვითარდება ერთ ძირითად მშობელთან. რა თქმა უნდა, ყოველთვის უკეთესია, რომ ეს იყოს დედა, თუმცა მამა აუცილებლად უნდა იყოს ჩართული ბავშვთან ურთიერთობის პროცესში.“

მაია ხერხეულიძის თქმით, მამა ბავშვთან ურთიერთობაში გარეშე პირის პოზიციას არ უნდა იკავებდეს:

​მამა არ უნდა იყოს გარეშე პირის პოზიციაში. ძალიან ხშირად, სამწუხაროდ ასეა, რომ თითქოს მამა არის გარეთ მდგომი ადამიანი, რომელიც ძირითადად ხდება დამსჯელი. ის ასრულებს დამსჯელ ფუნქციას ბავშვისთვის. დედა ბავშვს ეუბნება: „აი, მოიცადე, მამა მოვა და ნახე რას გიზამს!“ არ არის ეს სწორი, იმიტომ, რომ ასეთ შემთხვევაში ბავშვთან ასოციაცია ხდება არასწორი.“

​აუცილებლად ბავშვზე ზრუნვაში დედასთან ერთად მამა უნდა იყოს ჩართული. მამა უნდა სთავაზობდეს ბავშვს სხვადასხვა თამაშს. მამა არის ძალიან სერიოზული ავტორიტეტი ბავშვისთვის, განსაკუთრებით ვაჟისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მისი ფუნქცია სწორად იყოს ჩართული. რა თქმა უნდა, მიმაჩნია, რომ პირველ ხანებში მიჯაჭვულობა მაინც უნდა ჩამოყალიბდეს დედასთან. ამას ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს, ამიტომ, რა თქმა უნდა, სჯობს, რომ პირველ რიგში, დედა იყოს ბავშვთან,“ - აღნიშნულ საკითხებზე მაია ხერხეულიძემ საზოგადოებრივი რადიოს ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​საზოგადოებრივი რადიო

წაიკითხეთ სრულად