გენიოსი შვილის აღზრდაზე ბევრი დედა ოცნებობს. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვებთან ურთიერთობის შესახებ უამრავი საინტერესო რჩევის მოსმენის შესაძლებლობა გვაქვს, არ არსებობს სახელმძღვანელო, რომელიც გენიოსის აღზრდაში დაგვეხმარება. ებრაელი მშობლები ფსიქოლოგიურ ნაშრომებს თითქმის არასდროს ეცნობიან, ისინი არც მშობელთა ფორუმებს სტუმრობენ, რათა საინტერესო რჩევები მოისმინონ, თუმცა გენიოსების აღზრდას მაინც წარმატებით ახერხებენ. ჩვენს სტატიაში მათი წარმატების საიდუმლოს გარკვევას შევეცდებით და აღზრდის იმ პრინციპებს გაგაცნობთ, რომლებსაც ებრაელი მშობლები ერთგულად იცავენ.
1. დამოუკიდებლობის წახალისება
ოჯახები, როგორც წესი, ბავშვების წახალისებას ცდილობენ. მშობლები შვილებს არწმუნებენ, რომ ისინი მომავალში წარმატების მიღწევას აუცილებლად შეძლებენ. ებრაელი მშობლები შვილებს ასწავლიან, რომ მათ წარმატების მიღწევა დამოუკიდებლად, საკუთარი ძალებით შეუძლიათ. ებრაელმა პატარებმა ადრეული ასაკიდანვე იციან, რომ მომავალი თავად უნდა შექმნან და დინების მიმართულებით ცურვას არ დასჯერდნენ.
2. შთამაგონებელი ფრაზა: „დასაწყისი ყოველთვის რთულია“
ბავშვები დამოუკიდებლები რომ გახდნენ, მათი წამოწყებები და ინიციატივები მშობლებმა აუცილებლად უნდა წაახალისონ. აუცილებელია, რომ პატარების ნებისმიერი ჰობი უფროსებმა სერიოზულად აღიქვან. როდესაც ბავშვები სირთულეებს ცხოვრებაში პირველად ეჯახებიან, ებრაელი მშობლები მათ შემდეგი სიტყვებით ამშვიდებენ: „დასაწყისი ყოველთვის რთულია.“
3. ნდობა, როგორც საუკეთესო ჯილდო
როგორ უნდა დავაჯილდოვოთ ბავშვები, როდესაც ისინი კეთილი საქმის გაკეთებას ცდილობენ? ებრაელი მშობლები თვლიან, რომ ბავშვისთვის ნდობა საუკეთესო ჯილდოა. როდესაც უფროსები ბავშვს საქმის დამოუკიდებლად გაკეთების შესაძლებლობას აძლევენ, ის თვლის, რომ კარგ საქმეს აკეთებს, რაც მის თვითშეფასებაზე დადებითად აისახება.
4. გარეგნულ იერსახეზე ნაკლები ზრუნვა
მომავალი გენიოსები გარეგნულ იერსახეზე განსაკუთრებულად არასდროს ზრუნავენ. როდესაც მშობლები ცდილობენ, რომ გარეთ ყოფნისას ბავშვები მოწესრიგებულები იყვნენ და სუფთად გამოიყურებოდნენ, ისინი ამისთვის უდიდეს ენერგიას ხარჯავენ. ეს ყოველივე კი ბავშვსაც ძალიან აწუხებს. ებრაელი მშობლები გარეგნულ იერსახეზე გამუდმებით ზრუნვას ბავშვის ზრდისა და განვითარებისთვის მნიშვნელოვან ფაქტორად არ მიიჩნევენ. ეზოში თამაშისას პატარები საერთოდ არ ფიქრობენ იმაზე, თუ როგორ გამოიყურებიან.
5. უწესრიგობასთან შეგუება
ბავშვებს წესრიგი არ უყვართ. ებრაელი მშობლები უწესრიგობის გამო პატარებზე არასდროს ბრაზობენ. მათ კარგად ესმით, რომ ბავშვებისთვის წესრიგი მოსაწყენია. ებრაელი მშობლები შვილებს მოუწესრიგებელი ოთახის გამო არ საყვედურობენ. ისინი პატარებს კომფორტულად ცხოვრების შესაძლებლობას აძლევენ. სისუფთავისა და წესრიგის მნიშვნელობას კი დროთა განმავლობაში ასწავლიან.
6. ბავშვების სურვილების პატივისცემა
მშობლების ნაწილი ბავშვებს მთელი დღის განმავლობაში შენიშვნებს აძლევს, სირბილს, ხტუნვას და ხმამაღლა საუბარს უკრძალავს. ებრაელი მშობლები შვილებს მეტ თავისუფლებას აძლევენ. ისინი ბავშვებს ჭარბი ენერგიისგან გათავისუფლებაში ხელს არ უშლიან. ასეთი ბავშვები თავდაჯერებულ და მიზანდასახულ ზრდასრულებად ყალიბდებიან. ისინი არასდროს ნებდებიან და დასახული მიზნისთვის ბოლომდე იბრძვიან.
7. თავისუფლებისადმი ბრძნული დამოკიდებულება
თანამედროვე ბავშვებს მშობლები თავისუფლად ზრდიან და მათ უფლებებს არავინ ზღუდავს. ებრაელი მშობლებისთვის არსებობს ზღვარი, რომელსაც ბავშვმა არ უნდა გაადააბიჯოს. ბავშვს უფლება არ აქვს მშობელს ან ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენოს. ასეთ შემთხვევაში მას მკაცრი სასჯელი ელის.
8. მშობლების პატივისცემა
ებრაელმა ბავშვებმა ადრეული ასაკიდანვე იციან, რომ მშობლები ოჯახის წინამძღოლები არიან. ისინი დედას და მამას ძალიან დიდ პატივს სცემენ. მიუხედავად ამისა, ებრაელი ბავშვი არასდროს არის მშობელზე დამოკიდებული. თუ მას რაიმე საქმის გაკეთება სურს, ყველაფერს თავად აკეთებს. ებრაელი მშობლები შვილს დათვურ სამსახურს არასდროს უწევენ. მან ყველაფერი დამოუკიდებლად უნდა გააკეთოს.
9. განსაზღვრული წესების დამკვიდრება
ებრაელი მშობლები ბავშვებს შეცდომების გამო იშვიათად სჯიან. ისინი პატარების კარგ ქცევას აჯილდოვებენ. ოჯახში ყოველთვის არსებობს განსაზღვრული წესები, რომელთა შესრულება ბავშვს ჯილდოს მიღებაში ეხმარება. ამ გზით ბავშვი შეცდომების გამოსწორებას სწავლობს და საკუთარ ქცევას გარედან აკვირდება.
10. ბავშვის ხშირი დაჯილდოვება და წახალისება
ფსიქოლოგები თვლიან, რომ ბავშვები კარგი ქცევის გამო ყოველთვის არ უნდა შევაქოთ. ებრაელი მშობლები ამ მოსაზრებას არ იზიარებენ. ისინი მიიჩნევენ, რომ პატარების დადებითი ქცევები შეუმჩნეველი არ უნდა დარჩეს. ებრაელი მშობლები შვილებს რეგულარულად აჯილდოვებენ. თუ ბავშვი დედას გაურკვეველი ფიგურებით მოხატულ ხელსახოცს საჩუქრად მიართმევს, ის მშობლისგან მოწონებას და ქებას დაიმსახურებს. დედა შვილს აუცილებლად აგრძნობინებს, რომ მას საჩუქარი ძალიან მოეწონა, რათა ბავშვის მოსაწონი ქცევა წაახალისოს.
„თუ თქვენ ღიზიანდებით, დაუყვირებთ ბავშვს, ძალიან გაგიჭირდებათ. საკუთარი თავი ხელში აიყვანეთ,“ - შალვა ამონაშვილი
აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა სოციალურ ქსელში მშობლების მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა და მათ ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებით საინტერესო რჩევები მისცა. მან მშობლებს ბავშვთან ურთიერთობისას თავშეკავებისკენ მოუწოდა:
„ჩემო ძვირფასებო, თუ თქვენ ღიზიანდებით, დაუყვირებთ ბავშვს, ალბათ, დაყვირებას სხვა რამეც მოჰყვება ხანდახან, გაღიზიანება, აკრძალვები, ძალიან გაგიჭირდებათ. ბავშვი გაგიხდებათ რვა წლის, თორმეტის, ჩვიდმეტის. ჩვიდმეტი წლის ბავშვს რაღა უნდა უყოთ? ჩვიდმეტი წლის გოგონას და ბიჭს დაუყვირებთ კიდევ, დაემუქრებით? ის აღარ მოგცემთ ამის უფლებას, არადა უკვე გზას არის აცდენილი. გაღიზიანება, ყვირილი, გაბრაზება - ეს ჭიანი გნომიკებია ჩვენში. ისინი ცხოვრობენ ჩვენში და თავიანთი ახირებებისკენ მივყავართ. რას ჰქვია, ვერ იკავებთ თავს? თუ თავს ვერ იკავებ, ბავშვი რატომ გააჩინე?“
შალვა ამონაშვილის თქმით, მშობელმა ბავშვის გაჩენამდე უნდა გააცნობიეროს მოთმინების, სიყვარულის და შვილისთვის გამოყოფილი დროის უდიდესი მნიშვნელობა:
„ვისაც არ ჰყავს ბავშვი, სამი რამ უნდა ვურჩიო. უნდა შეხედო ცას და უნდა სთხოვო: უფალო, ოღონდ ბავშვი გამომიგზავნე და მე სამ რამეს გავწირავ. იმდენი დრო მექნება, რამდენიც უნდა ბავშვის აღზრდას, მთელი ცხოვრება რომ მომთხოვოს, მივცემ მთელ ცხოვრებას და არასდროს ვიტყვი, დრო არ მყოფნის, რომ ბავშვი გავზარდო-მეთქი. იმდენი სიყვარული მექნება, რომ ბავშვი შიგნით ჩაიძირება. მექნება სუფთა სიყვარული, როგორიც შენ გინდა, იმ სიყვარულში ჩავძირავ ჩემს შვილს, ამასაც გპირდები, უფალო. იმდენი მოთმინება მექნება, რამდენიც შენ გაქვს, რომ ბავშვი არ დავაზიანო ჩემი გაღიზიანებითა და მოუთმენლობით. ის ხომ შენი შვილია და ჩემთან გყავს მობარებული. ეს ბავშვი უნდა ჩაგაბარო უკან. საკუთარი თავი ხელში აიყვანეთ. როდესაც ზღვარზე ხარ და უნდა აფეთქდე, მაშინ უნდა შეიკავო თავი. თუ თავს ვერ შეიკავებ, ატირდი მაინც, დაეცი მუხლებზე და უთხარი შვილებს: „მაპატიეთ, მოდით მაკოცეთ, რომ ადამიანი გავხდე მე.“ მოტევება სთხოვეთ თქვენს შვილებს. მათ უნდა დაინახონ, რომ თქვენც ადამიანები ხართ.“
შალვა ამონაშვილმა მშობლებს ურჩია, რომ ბავშვებს თვითშეფასების ამაღლებაში დაეხმარონ და მათ საკუთარი ძალების რწმენა შესძინონ:
„ბავშვს უნდა ჰქონდეს თავის თავზე ცოტა ამაღლებული წარმოდგენა. გადაჭარბებული კი არა, რომ სიამაყეში გადაეზარდოს. საკუთარი ძალების რწმენა უნდა გავუჩინოთ ბავშვს. ვთქვათ, ბავშვი ძუნწია. რა ვქნა? მივაბრალებ სიკეთეს, გულუხვობას მივაბრალებ. ვეტყვი, რომ თითქოს დას დაუთმო რაღაც. საღამოს მივუწვები საწოლთან და ვეტყვი: „შვილო, შეიძლება გაკოცო? ისეთი ამაყი ვარ, დღეს როგორ დაუთმე შენს დას. რა დიდი გული გქონია შენ?!“ ბავშვს გავაგებინე, რა არის კარგი. ისე კი არ გავაგებინე, რომ ვუთხარი: „დას არ აწყენინო, კარგი გაუკეთე!“ ეს დარიგება არ მოქმედებს. ჩემი გაოცება, გაკვირვება, ცრემლამდე მისული სიხარული არის ის სიმაღლე, რომლისკენაც ბავშვი ისწრაფვის. დაუმატეთ ბავშვს საღებავის ის ფერები, რაც არ აქვს მას.“
შალვა ამონაშვილის თქმით, აღზრდის პროცესს საზღვარი არ აქვს და ის მთელი ცხოვრების მანძილზე გრძელდება:
„რაც უნდა წლები იცხოვროს კაცმა დედამიწაზე, ვერ იტყვის, რომ ჩემი აღზრდა დასრულდაო. სრულყოფილებას აღზრდაში საზღვარი არ აქვს. შეიძლება ვიყო ზომა ჩემი შვილისთვის, რომ როგორიც მე ვარ ასეთი იყოს ისიც?! სანამ პატარაა მე მას უნდა მივცე საუკეთესო მაგალითები, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩემი მაგალითების იქით საუკეთესო აღარ არსებობს. მე უნდა მივცე შვილს სიყვარულის ეტალონი, ადამიანთა პატივისცემის ეტალონი, დათმობის, ურთიერთობის, მე ყველა სიკეთის ნიმუში უნდა გავხდე.“ „უმრავლესობისთვის ოჯახში აღზრდის მეთოდი არის დასჯა და წახალისება. თუ კარგ რამეს აკეთებს ბავშვი, მას დაასაჩუქრებთ, სასეირნოდ გაუშვებთ. თუ ცუდ საქციელს ჩაიდენს, დედა ეუბნება: „აი, მამა მოვა და რას გიზამს“ ან კუთხეში დააყენებს, დაუყვირებს, რაღაცას წაართმევს, ზომებს მიიღებს. დასჯა-წახალისებას შორის კიდევ რა მეთოდს დამისახელებთ? რას ელით თქვენი შვილისგან? რომ დაინახავენ და იტყვიან: ეს იცით ვისი შვილია? რა კარგი ადამიანია, ხომ გაგიხარდებათ? ბედნიერია ის დედა და ის მამა, რომლებსაც შვილს შეუქებენ. შვილი ბედნიერია მაშინ, როდესაც მშობლებს უქებენ. თქვენი შვილი რომ შეაქონ, ეს ახლა უნდა დაიმსახუროთ. პირველ რიგში თქვენ უნდა იყოთ ასეთები, განა პროფესორები და დოქტორები, უბრალოდ კეთილშობილები. ახლავე დაისახეთ მიზნად, რომ შვილებს სწავლაზე კი არ უჩიჩინოთ, არამედ კეთილშობილების და დიდსულოვნების ნიმუში უჩვენოთ,“ - განაცხადა შალვა ამონაშვილმა.