გენიოსი შვილის აღზრდაზე ბევრი დედა ოცნებობს. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვებთან ურთიერთობის შესახებ უამრავი საინტერესო რჩევის მოსმენის შესაძლებლობა გვაქვს, არ არსებობს სახელმძღვანელო, რომელიც გენიოსის აღზრდაში დაგვეხმარება. ებრაელი მშობლები ფსიქოლოგიურ ნაშრომებს თითქმის არასდროს ეცნობიან, ისინი არც მშობელთა ფორუმებს სტუმრობენ, რათა საინტერესო რჩევები მოისმინონ, თუმცა გენიოსების აღზრდას მაინც წარმატებით ახერხებენ. ჩვენს სტატიაში მათი წარმატების საიდუმლოს გარკვევას შევეცდებით და აღზრდის იმ პრინციპებს გაგაცნობთ, რომლებსაც ებრაელი მშობლები ერთგულად იცავენ.
1. დამოუკიდებლობის წახალისება
ოჯახები, როგორც წესი, ბავშვების წახალისებას ცდილობენ. მშობლები შვილებს არწმუნებენ, რომ ისინი მომავალში წარმატების მიღწევას აუცილებლად შეძლებენ. ებრაელი მშობლები შვილებს ასწავლიან, რომ მათ წარმატების მიღწევა დამოუკიდებლად, საკუთარი ძალებით შეუძლიათ. ებრაელმა პატარებმა ადრეული ასაკიდანვე იციან, რომ მომავალი თავად უნდა შექმნან და დინების მიმართულებით ცურვას არ დასჯერდნენ.
2. შთამაგონებელი ფრაზა: „დასაწყისი ყოველთვის რთულია“
ბავშვები დამოუკიდებლები რომ გახდნენ, მათი წამოწყებები და ინიციატივები მშობლებმა აუცილებლად უნდა წაახალისონ. აუცილებელია, რომ პატარების ნებისმიერი ჰობი უფროსებმა სერიოზულად აღიქვან. როდესაც ბავშვები სირთულეებს ცხოვრებაში პირველად ეჯახებიან, ებრაელი მშობლები მათ შემდეგი სიტყვებით ამშვიდებენ: „დასაწყისი ყოველთვის რთულია.“
3. ნდობა, როგორც საუკეთესო ჯილდო
როგორ უნდა დავაჯილდოვოთ ბავშვები, როდესაც ისინი კეთილი საქმის გაკეთებას ცდილობენ? ებრაელი მშობლები თვლიან, რომ ბავშვისთვის ნდობა საუკეთესო ჯილდოა. როდესაც უფროსები ბავშვს საქმის დამოუკიდებლად გაკეთების შესაძლებლობას აძლევენ, ის თვლის, რომ კარგ საქმეს აკეთებს, რაც მის თვითშეფასებაზე დადებითად აისახება.
4. გარეგნულ იერსახეზე ნაკლები ზრუნვა
მომავალი გენიოსები გარეგნულ იერსახეზე განსაკუთრებულად არასდროს ზრუნავენ. როდესაც მშობლები ცდილობენ, რომ გარეთ ყოფნისას ბავშვები მოწესრიგებულები იყვნენ და სუფთად გამოიყურებოდნენ, ისინი ამისთვის უდიდეს ენერგიას ხარჯავენ. ეს ყოველივე კი ბავშვსაც ძალიან აწუხებს. ებრაელი მშობლები გარეგნულ იერსახეზე გამუდმებით ზრუნვას ბავშვის ზრდისა და განვითარებისთვის მნიშვნელოვან ფაქტორად არ მიიჩნევენ. ეზოში თამაშისას პატარები საერთოდ არ ფიქრობენ იმაზე, თუ როგორ გამოიყურებიან.
5. უწესრიგობასთან შეგუება
ბავშვებს წესრიგი არ უყვართ. ებრაელი მშობლები უწესრიგობის გამო პატარებზე არასდროს ბრაზობენ. მათ კარგად ესმით, რომ ბავშვებისთვის წესრიგი მოსაწყენია. ებრაელი მშობლები შვილებს მოუწესრიგებელი ოთახის გამო არ საყვედურობენ. ისინი პატარებს კომფორტულად ცხოვრების შესაძლებლობას აძლევენ. სისუფთავისა და წესრიგის მნიშვნელობას კი დროთა განმავლობაში ასწავლიან.
6. ბავშვების სურვილების პატივისცემა
მშობლების ნაწილი ბავშვებს მთელი დღის განმავლობაში შენიშვნებს აძლევს, სირბილს, ხტუნვას და ხმამაღლა საუბარს უკრძალავს. ებრაელი მშობლები შვილებს მეტ თავისუფლებას აძლევენ. ისინი ბავშვებს ჭარბი ენერგიისგან გათავისუფლებაში ხელს არ უშლიან. ასეთი ბავშვები თავდაჯერებულ და მიზანდასახულ ზრდასრულებად ყალიბდებიან. ისინი არასდროს ნებდებიან და დასახული მიზნისთვის ბოლომდე იბრძვიან.
7. თავისუფლებისადმი ბრძნული დამოკიდებულება
თანამედროვე ბავშვებს მშობლები თავისუფლად ზრდიან და მათ უფლებებს არავინ ზღუდავს. ებრაელი მშობლებისთვის არსებობს ზღვარი, რომელსაც ბავშვმა არ უნდა გაადააბიჯოს. ბავშვს უფლება არ აქვს მშობელს ან ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენოს. ასეთ შემთხვევაში მას მკაცრი სასჯელი ელის.
8. მშობლების პატივისცემა
ებრაელმა ბავშვებმა ადრეული ასაკიდანვე იციან, რომ მშობლები ოჯახის წინამძღოლები არიან. ისინი დედას და მამას ძალიან დიდ პატივს სცემენ. მიუხედავად ამისა, ებრაელი ბავშვი არასდროს არის მშობელზე დამოკიდებული. თუ მას რაიმე საქმის გაკეთება სურს, ყველაფერს თავად აკეთებს. ებრაელი მშობლები შვილს დათვურ სამსახურს არასდროს უწევენ. მან ყველაფერი დამოუკიდებლად უნდა გააკეთოს.
9. განსაზღვრული წესების დამკვიდრება
ებრაელი მშობლები ბავშვებს შეცდომების გამო იშვიათად სჯიან. ისინი პატარების კარგ ქცევას აჯილდოვებენ. ოჯახში ყოველთვის არსებობს განსაზღვრული წესები, რომელთა შესრულება ბავშვს ჯილდოს მიღებაში ეხმარება. ამ გზით ბავშვი შეცდომების გამოსწორებას სწავლობს და საკუთარ ქცევას გარედან აკვირდება.
10. ბავშვის ხშირი დაჯილდოვება და წახალისება
ფსიქოლოგები თვლიან, რომ ბავშვები კარგი ქცევის გამო ყოველთვის არ უნდა შევაქოთ. ებრაელი მშობლები ამ მოსაზრებას არ იზიარებენ. ისინი მიიჩნევენ, რომ პატარების დადებითი ქცევები შეუმჩნეველი არ უნდა დარჩეს. ებრაელი მშობლები შვილებს რეგულარულად აჯილდოვებენ. თუ ბავშვი დედას გაურკვეველი ფიგურებით მოხატულ ხელსახოცს საჩუქრად მიართმევს, ის მშობლისგან მოწონებას და ქებას დაიმსახურებს. დედა შვილს აუცილებლად აგრძნობინებს, რომ მას საჩუქარი ძალიან მოეწონა, რათა ბავშვის მოსაწონი ქცევა წაახალისოს.
„მსუქანი ვარ“, „დიდი ცხვირი მაქვს“, „რას ვგავარ“ - ფსიქოლოგის რჩევები, როგორ ავარიდოთ პროტესტი ბავშვებს საკუთარი სხეულის მიმართ
„მსუქანი ვარ“, „დიდი ცხვირი მაქვს“, „რას ვგავარ“ - მსგავსი ფრაზები ხშირად გვესმის ბავშვებისგან. როგორ ავარიდოთ პროტესტი ბავშვებს საკუთარი სხეულის მიმართ? - ამ თემაზე MomsEdu.ge ფსიქოლოგ ლელა კლდიაშვილს ესაუბრა.
- ქალბატონო ლელა, როდის იწყებს ბავშვი საკუთარ სხეულზე დაკვირვებას და საიდან მოდის პროტესტის სურვილი?
- ბავშვები საკუთარ სხეულზე დაკვირვებას საკმაოდ პატარა ასაკში იწყებენ, თუმცა განსაკუთრებული ინტერესი საკუთარი გარეგნობისადმი და სხეულით უკმაყოფილება ძირითადად გარდატეხის ასაკს უკავშირდება. გარდატეხის ასაკი ერთ-ერთი რთული ეტაპია ადამიანის ცხოვრებაში. ის ემთხვევა სქესობრივი მომწიფების პერიოდს, როცა მოზარდის ორგანიზმში ხდება სერიოზური ჰორმონალური ცვლილებები. ამ დროს სხეულებრივი ცვლილებები სწრაფად მიმდინარეობს - სიმაღლეში ზრდა, სხეულის ფორმების ცვლილება. სწრაფი ზრდის გამო სხეულის დისპროპორციულობობა, მეორადი სასქესო ნიშნების აღმოცენება და ა.შ. სწრაფად და მნიშვნელოვნად შეცვლილი ფიზიკური გარეგნობა შეიძლება ვერ მიიიღოს მოზარდმა და უსიამოვნო აღმოჩნდეს მისთვის.
- რა სახის უკმაყოფილება შეიძლება გამოთქვას ბავშვმა, რა არის მათი ყურადღების ობიექტი?
- ზოგადად, საკუთარი გარეგნობით დაინტერესება და გარკვეული უკმაყოფილება მოზარდისათვის დამახასიათებელია. მოზარდი საკმაოდ ბევრს ფიქრობს საკუთარი თავის შესახებ, დაინტერესებულია საკუთარი გარეგნობით და ყველა დეტალს აქცევს ყურადღებას; გარდატეხის ასაკში მისი ფსიქოლოგიური და ემოციური ფონი ისედაც დამძიმებულია, ამიტომ მტკივნეულად აღიქვამს და განიცდის გარეგნობის შესახებ შენიშვნებს და კომენტარებს.
- რა შედეგამდე შეიძლება მიგვიყვანოს პროტესტმა?
- მეცნიერების აზრით, გარეგნობით უკმაყოფილებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მოზარდის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. შეიძლება გახდეს მიზეზი დეპრესიის, შფოთვის, კვებითი ან ფსიქოსომატური დარღვევების განვითარების.
- გოგონებში უფრო ხშირია მსგავსი უკმაყოფილება თუ ბიჭებში?
- ორივე სქესთან გვხვდება, თუმცა პროცენტულად გოგონებისათვის უფრო მეტად დამახასიათებელია.
- როგორი უნდა იყოს მშობლის რეაქცია მსგავს სიტუაციაში? რა სჩევებს მისცემდით მათ, რომ ისეთები შეაყვარონ ბავშვებს თავი, როგორებიც არიან და პრობლემის შემთხვევაში (მაგალითად, წონა) დაეხმარონ მათ გამოსწორებაში.
- ბავშვები საკუთარი სხეულის ხატის შესახებ იგებენ და სწავლობენ მრავალ წყაროზე დაყრდნობით, მათ შორის, დიდი ადგილი უჭირავს მშობლებს, თანატოლებს და მედიას.
მშობლებს შეუძლიათ კრიტიკულად მნიშვნელოვანი როლი ითამაშონ ამ პროცესში, რათა დაეხმარონ ბავშვს სხეულის პოზიტიური ხატისა და თვითშეფასების ჩამოყალიბებაში:
ესაუბრეთ შვილებს; გარდატეხის ასაკში სხეულის უცაბედმა ცვლილებებმა ბავშვები შესაძლოა, შეაშინოს და დააბნიოს. შფოთვის შესამცირებლად, ესაუბრეთ არა მხოლოდ განვითარების იმ ეტაპზე, რომელზეც იმყოფებიან, არამედ შემდეგ ეტაპებზეც. ბავშვებმა წინასწარ უნდა იცოდნენ, როგორ შეიცვლება მათი სხეულები.
ნუ გააკრიტიკებთ მოზარდის გარეგნობას. მაგალითად, თუ თქვენ შვილს წონის პრობლემა აქვს, მან ისედაც იცის ამის შესახებ. თქვენი კომენტარებით მხოლოდ გულს ატკენთ და გაართულებთ პრობლემას. ამის ნაცვლად, უთხარით შესაბამისი კომპლიმენტი თქვენს მოზარდ შვილს. უთხარით, რა ლამაზი ღიმილი აქვს მას, ან როგორ უხდება ეს კაბა მისი თვალის ფერს. პოზიტიური უკუკავშირის თქმით, თქვენ მას ეხმარებით პოზიტიური სხეულის ხატის ფორმირებაში. წაახალისეთ სხვა ჯანსაღი ჩვევები, როგორიცაა კარგი პირადი ჰიგიენა, ჯანსაღი ძილის ჩვევები და სხვა.
იყავით როლური მოდელი. ბავშვები ბევრ რამეს იგებენ თქვენი ცხოვრების სტილზე, ჭამის ჩვევებზე და დამოკიდებულებებზე დაკვირვებით. ბავშვი უსმენს მშობელს და სწავლობს მისგან. დამტკიცებულია, რომ თავიანთი გარეგნობა არ მოსწონს იმ ბავშვების უმეტესობას, რომელთა მშობლებიც უკმაყოფილოები არიან საკუთარი სხეულით. დააკვირდით - რა მაგალითს აძლევთ ბავშვს; რას ამბობთ, თუნდაც საკუთარ გარეგნობასთან დაკავშირებით. თუ არ მოგწონთ, დაიწყეთ ცვლილებები საკუთარი თავიდან - ეს შეიძლება იყოს ვარჯიში, ჯანსაღი კვება და ა. შ.
შეეცადეთ, ყურადღება არ გაამახვილოთ გარეგნობაზე. ნუ ისაუბრებთ ადამიანების გარეგნობაზე და მათ სხეულებზე; აქცენტი გააკეთეთ უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე, ადამიანის პიროვნულ ღირსებებზე და კარგ თვისებებზე.
დაეხმარეთ თქვენს შვილს, კრიტიკულად შეხედოს იმას, რასაც ხედავს ჟურნალში, ტელევიზორში და ინტერნეტში. ისაუბრეთ სხეულთან დაკავშირებულ სტერეოტიპებზე რეკლამებსა და მედიაში. დარწმუნდით, რომ მოზარდს ესმის ის ხრიკები (მაგალითად, ფოტორედაქტირება), რომელსაც მიმართავენ არარეალისტური გარეგნობის მისაღწევად.
ყურადღება გაამახვილეთ ცხოვრების ჯანსაღ წესზე, ვარჯიშზე და ჯანსაღ კვებაზე. გაატარეთ დრო აქტიურად, ითამაშეთ მოძრავი თამაშები, მაგალითად, კარგია ველოსიპედით სიარული, სეირნობა, ცურვა და სხვა სპორტული ატივობები. საყიდლების ყიდვისას ბავშვებს დაეხმარეთ აირჩიონ ჯანსაღი საკვები: ხილი და ბოსტნეული, ერთად წაიკითხეთ საკვებზე დატანილი ეტიკეტები, ეს ყველაფერი დაეხმარება ბავშვს ჯანსაღი ჩვევების ჩამოყალიბებაში. ესაუბრა მაკა ქაფიანიძე