გენიოსი შვილის აღზრდაზე ბევრი დედა ოცნებობს. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვებთან ურთიერთობის შესახებ უამრავი საინტერესო რჩევის მოსმენის შესაძლებლობა გვაქვს, არ არსებობს სახელმძღვანელო, რომელიც გენიოსის აღზრდაში დაგვეხმარება. ებრაელი მშობლები ფსიქოლოგიურ ნაშრომებს თითქმის არასდროს ეცნობიან, ისინი არც მშობელთა ფორუმებს სტუმრობენ, რათა საინტერესო რჩევები მოისმინონ, თუმცა გენიოსების აღზრდას მაინც წარმატებით ახერხებენ. ჩვენს სტატიაში მათი წარმატების საიდუმლოს გარკვევას შევეცდებით და აღზრდის იმ პრინციპებს გაგაცნობთ, რომლებსაც ებრაელი მშობლები ერთგულად იცავენ.
1. დამოუკიდებლობის წახალისება
ოჯახები, როგორც წესი, ბავშვების წახალისებას ცდილობენ. მშობლები შვილებს არწმუნებენ, რომ ისინი მომავალში წარმატების მიღწევას აუცილებლად შეძლებენ. ებრაელი მშობლები შვილებს ასწავლიან, რომ მათ წარმატების მიღწევა დამოუკიდებლად, საკუთარი ძალებით შეუძლიათ. ებრაელმა პატარებმა ადრეული ასაკიდანვე იციან, რომ მომავალი თავად უნდა შექმნან და დინების მიმართულებით ცურვას არ დასჯერდნენ.
2. შთამაგონებელი ფრაზა: „დასაწყისი ყოველთვის რთულია“
ბავშვები დამოუკიდებლები რომ გახდნენ, მათი წამოწყებები და ინიციატივები მშობლებმა აუცილებლად უნდა წაახალისონ. აუცილებელია, რომ პატარების ნებისმიერი ჰობი უფროსებმა სერიოზულად აღიქვან. როდესაც ბავშვები სირთულეებს ცხოვრებაში პირველად ეჯახებიან, ებრაელი მშობლები მათ შემდეგი სიტყვებით ამშვიდებენ: „დასაწყისი ყოველთვის რთულია.“
3. ნდობა, როგორც საუკეთესო ჯილდო
როგორ უნდა დავაჯილდოვოთ ბავშვები, როდესაც ისინი კეთილი საქმის გაკეთებას ცდილობენ? ებრაელი მშობლები თვლიან, რომ ბავშვისთვის ნდობა საუკეთესო ჯილდოა. როდესაც უფროსები ბავშვს საქმის დამოუკიდებლად გაკეთების შესაძლებლობას აძლევენ, ის თვლის, რომ კარგ საქმეს აკეთებს, რაც მის თვითშეფასებაზე დადებითად აისახება.
4. გარეგნულ იერსახეზე ნაკლები ზრუნვა
მომავალი გენიოსები გარეგნულ იერსახეზე განსაკუთრებულად არასდროს ზრუნავენ. როდესაც მშობლები ცდილობენ, რომ გარეთ ყოფნისას ბავშვები მოწესრიგებულები იყვნენ და სუფთად გამოიყურებოდნენ, ისინი ამისთვის უდიდეს ენერგიას ხარჯავენ. ეს ყოველივე კი ბავშვსაც ძალიან აწუხებს. ებრაელი მშობლები გარეგნულ იერსახეზე გამუდმებით ზრუნვას ბავშვის ზრდისა და განვითარებისთვის მნიშვნელოვან ფაქტორად არ მიიჩნევენ. ეზოში თამაშისას პატარები საერთოდ არ ფიქრობენ იმაზე, თუ როგორ გამოიყურებიან.
5. უწესრიგობასთან შეგუება
ბავშვებს წესრიგი არ უყვართ. ებრაელი მშობლები უწესრიგობის გამო პატარებზე არასდროს ბრაზობენ. მათ კარგად ესმით, რომ ბავშვებისთვის წესრიგი მოსაწყენია. ებრაელი მშობლები შვილებს მოუწესრიგებელი ოთახის გამო არ საყვედურობენ. ისინი პატარებს კომფორტულად ცხოვრების შესაძლებლობას აძლევენ. სისუფთავისა და წესრიგის მნიშვნელობას კი დროთა განმავლობაში ასწავლიან.
6. ბავშვების სურვილების პატივისცემა
მშობლების ნაწილი ბავშვებს მთელი დღის განმავლობაში შენიშვნებს აძლევს, სირბილს, ხტუნვას და ხმამაღლა საუბარს უკრძალავს. ებრაელი მშობლები შვილებს მეტ თავისუფლებას აძლევენ. ისინი ბავშვებს ჭარბი ენერგიისგან გათავისუფლებაში ხელს არ უშლიან. ასეთი ბავშვები თავდაჯერებულ და მიზანდასახულ ზრდასრულებად ყალიბდებიან. ისინი არასდროს ნებდებიან და დასახული მიზნისთვის ბოლომდე იბრძვიან.
7. თავისუფლებისადმი ბრძნული დამოკიდებულება
თანამედროვე ბავშვებს მშობლები თავისუფლად ზრდიან და მათ უფლებებს არავინ ზღუდავს. ებრაელი მშობლებისთვის არსებობს ზღვარი, რომელსაც ბავშვმა არ უნდა გაადააბიჯოს. ბავშვს უფლება არ აქვს მშობელს ან ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენოს. ასეთ შემთხვევაში მას მკაცრი სასჯელი ელის.
8. მშობლების პატივისცემა
ებრაელმა ბავშვებმა ადრეული ასაკიდანვე იციან, რომ მშობლები ოჯახის წინამძღოლები არიან. ისინი დედას და მამას ძალიან დიდ პატივს სცემენ. მიუხედავად ამისა, ებრაელი ბავშვი არასდროს არის მშობელზე დამოკიდებული. თუ მას რაიმე საქმის გაკეთება სურს, ყველაფერს თავად აკეთებს. ებრაელი მშობლები შვილს დათვურ სამსახურს არასდროს უწევენ. მან ყველაფერი დამოუკიდებლად უნდა გააკეთოს.
9. განსაზღვრული წესების დამკვიდრება
ებრაელი მშობლები ბავშვებს შეცდომების გამო იშვიათად სჯიან. ისინი პატარების კარგ ქცევას აჯილდოვებენ. ოჯახში ყოველთვის არსებობს განსაზღვრული წესები, რომელთა შესრულება ბავშვს ჯილდოს მიღებაში ეხმარება. ამ გზით ბავშვი შეცდომების გამოსწორებას სწავლობს და საკუთარ ქცევას გარედან აკვირდება.
10. ბავშვის ხშირი დაჯილდოვება და წახალისება
ფსიქოლოგები თვლიან, რომ ბავშვები კარგი ქცევის გამო ყოველთვის არ უნდა შევაქოთ. ებრაელი მშობლები ამ მოსაზრებას არ იზიარებენ. ისინი მიიჩნევენ, რომ პატარების დადებითი ქცევები შეუმჩნეველი არ უნდა დარჩეს. ებრაელი მშობლები შვილებს რეგულარულად აჯილდოვებენ. თუ ბავშვი დედას გაურკვეველი ფიგურებით მოხატულ ხელსახოცს საჩუქრად მიართმევს, ის მშობლისგან მოწონებას და ქებას დაიმსახურებს. დედა შვილს აუცილებლად აგრძნობინებს, რომ მას საჩუქარი ძალიან მოეწონა, რათა ბავშვის მოსაწონი ქცევა წაახალისოს.
„სიზარმაცე ბავშვისთვის ვერასდროს ვერ არის არაფრის კეთება. წმინდა წყლის სიზარმაცე, როგორც ასეთი, არც არსებობს,“ - ანდრო დგებუაძე
ფილოსოფოსმა ანდრო დგებუაძემ ტელეკომპანია „იმედის" გადაცემაში „დილის შოუ“ სიზარმაცის შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ სიზარმაცეს თავისი დადებითი მხარეებიც აქვს, რომელიც ადამიანმა უნდა გამოიყენოს:
„სიზარმაცეა, როდესაც ძალა არ გაქვს იმის, რომ ადგე და საქმე გააკეთო. ზოგჯერ უძრაობაც გეზარება. ადამიანს რომ უთხრა: „დღესაც არაფერი გააკეთო, ხვალაც," შეიძლება ნევროზში გადავარდეს. ქართველებს გვაქვს ძალიან კარგი ფრაზა: „ნაბან წყალს ბავშვი არ გადააყოლო.“ რაღაც ელემენტები არის, რომლებიც სიზარმაცეს არ უნდა გადავაყოლოთ. მზერა ახლოს რომ მივიტანოთ, შემიძლია ვთქვა: სიზარმაცე მე მაძლევს საშუალებას, რომ პირდაპირ ქმედებაზე კი არ გადავიდე, ერთი წამით გავჩერდე. ამ წამში ძალიან მნიშვნელოვანი რამ ხდება, უფრო მეტ დაკვირვებას ვახერხებ.“
ანდრო დგებუაძის თქმით, სიზარმაცე ადამიანს საკუთარ თავსა და ცხოვრებაზე დაკვირვების შესაძლებლობას აძლევს:
„3 წამი სიზარმაცე არის ღვთაებრივი სიზარმაცე. თითქოს დისტანციაში გტოვებს შენსა და გარესამყაროს შორის. ამ დროს შენ გაქვს საშუალება გამოხვიდე, დააკვირდე და გაცილებით ცნობიერად შეხვიდე მერე. სიზარმაცე არ არის ადვილი ცნება. ჭკვიანი ადამიანი სიზარმაცეს გამოიყენებს ჭკვიანურად. ის, ვინც ზარმაცია და ის, ვისაც შეუძლია თავის სიზარმაცეს თვალები გაუსწოროს, დიდი ალბათობაა, რომ ეს ადამიანი კრეატიულია.“
ანდრო დგებუაძემ უპასუხისმგებლობის შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, სიზარმაცე, შესაძლოა, უპასუხისმგებლობაში გადაიზარდოს:
„შეიძლება უპასუხისმგებლობაში გადავიდეს სიზარმაცე. სიზარმაცეს აქვს ნაბანი წყალიც, რომელიც უნდა გადავასხათ. სიზარმაცე კოსმიური მოვლენაა და არა ქართული. მეცადინეობა და სიბეჯითე არის მნიშვნელოვანი კუნთი, რომელიც ბავშვმა უნდა გამოიმუშაოს. ნებისმიერი მოქმედება, რომელიც სისტემატიურია, მნიშვნელოვანია. ყოველ დღე 12 საათზე, რაც გინდა გააკეთე, ოღონდ გააკეთე. ეს იმას ნიშნავს, რომ შენ შეგიძლია მართო შენი თავი, არ იყო ყოველთვის დინებას მინდობილი.“
„რას აკეთებს ბავშვი, როდესაც არაფერს არ აკეთებს? მე, როდესაც არაფერს ვაკეთებდი, ვთამაშობდი. თამაშისას ფანტაზიაში მიდიხარ შორს და წარმოსახვას ავითარებ. ამ დროს ვიღაცისთვის ეს არის სიზარმაცე. რას აკეთებს ეს ბავშვი? არაფერს არ აკეთებს. ვიღაცისთვის არის: „აუ, რა მაგარია, როგორი ფანტაზია აქვს.“ სიზარმაცე ბავშვისთვის ვერასდროს ვერ არის არაფრის კეთება. წმინდა წყლის სიზარმაცე, როგორც ასეთი, არც არსებობს. იმ დროსაც ჩვენ რაღაცას ვაკეთებთ, რაღაცას ვფიქრობთ, რაღაცას ვაზროვნებთ,“ - აღნიშნა ანდრო დგებუაძემ.