გენიოსი შვილის აღზრდაზე ბევრი დედა ოცნებობს. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვებთან ურთიერთობის შესახებ უამრავი საინტერესო რჩევის მოსმენის შესაძლებლობა გვაქვს, არ არსებობს სახელმძღვანელო, რომელიც გენიოსის აღზრდაში დაგვეხმარება. ებრაელი მშობლები ფსიქოლოგიურ ნაშრომებს თითქმის არასდროს ეცნობიან, ისინი არც მშობელთა ფორუმებს სტუმრობენ, რათა საინტერესო რჩევები მოისმინონ, თუმცა გენიოსების აღზრდას მაინც წარმატებით ახერხებენ. ჩვენს სტატიაში მათი წარმატების საიდუმლოს გარკვევას შევეცდებით და აღზრდის იმ პრინციპებს გაგაცნობთ, რომლებსაც ებრაელი მშობლები ერთგულად იცავენ.
1. დამოუკიდებლობის წახალისება
ოჯახები, როგორც წესი, ბავშვების წახალისებას ცდილობენ. მშობლები შვილებს არწმუნებენ, რომ ისინი მომავალში წარმატების მიღწევას აუცილებლად შეძლებენ. ებრაელი მშობლები შვილებს ასწავლიან, რომ მათ წარმატების მიღწევა დამოუკიდებლად, საკუთარი ძალებით შეუძლიათ. ებრაელმა პატარებმა ადრეული ასაკიდანვე იციან, რომ მომავალი თავად უნდა შექმნან და დინების მიმართულებით ცურვას არ დასჯერდნენ.
2. შთამაგონებელი ფრაზა: „დასაწყისი ყოველთვის რთულია“
ბავშვები დამოუკიდებლები რომ გახდნენ, მათი წამოწყებები და ინიციატივები მშობლებმა აუცილებლად უნდა წაახალისონ. აუცილებელია, რომ პატარების ნებისმიერი ჰობი უფროსებმა სერიოზულად აღიქვან. როდესაც ბავშვები სირთულეებს ცხოვრებაში პირველად ეჯახებიან, ებრაელი მშობლები მათ შემდეგი სიტყვებით ამშვიდებენ: „დასაწყისი ყოველთვის რთულია.“
3. ნდობა, როგორც საუკეთესო ჯილდო
როგორ უნდა დავაჯილდოვოთ ბავშვები, როდესაც ისინი კეთილი საქმის გაკეთებას ცდილობენ? ებრაელი მშობლები თვლიან, რომ ბავშვისთვის ნდობა საუკეთესო ჯილდოა. როდესაც უფროსები ბავშვს საქმის დამოუკიდებლად გაკეთების შესაძლებლობას აძლევენ, ის თვლის, რომ კარგ საქმეს აკეთებს, რაც მის თვითშეფასებაზე დადებითად აისახება.
4. გარეგნულ იერსახეზე ნაკლები ზრუნვა
მომავალი გენიოსები გარეგნულ იერსახეზე განსაკუთრებულად არასდროს ზრუნავენ. როდესაც მშობლები ცდილობენ, რომ გარეთ ყოფნისას ბავშვები მოწესრიგებულები იყვნენ და სუფთად გამოიყურებოდნენ, ისინი ამისთვის უდიდეს ენერგიას ხარჯავენ. ეს ყოველივე კი ბავშვსაც ძალიან აწუხებს. ებრაელი მშობლები გარეგნულ იერსახეზე გამუდმებით ზრუნვას ბავშვის ზრდისა და განვითარებისთვის მნიშვნელოვან ფაქტორად არ მიიჩნევენ. ეზოში თამაშისას პატარები საერთოდ არ ფიქრობენ იმაზე, თუ როგორ გამოიყურებიან.
5. უწესრიგობასთან შეგუება
ბავშვებს წესრიგი არ უყვართ. ებრაელი მშობლები უწესრიგობის გამო პატარებზე არასდროს ბრაზობენ. მათ კარგად ესმით, რომ ბავშვებისთვის წესრიგი მოსაწყენია. ებრაელი მშობლები შვილებს მოუწესრიგებელი ოთახის გამო არ საყვედურობენ. ისინი პატარებს კომფორტულად ცხოვრების შესაძლებლობას აძლევენ. სისუფთავისა და წესრიგის მნიშვნელობას კი დროთა განმავლობაში ასწავლიან.
6. ბავშვების სურვილების პატივისცემა
მშობლების ნაწილი ბავშვებს მთელი დღის განმავლობაში შენიშვნებს აძლევს, სირბილს, ხტუნვას და ხმამაღლა საუბარს უკრძალავს. ებრაელი მშობლები შვილებს მეტ თავისუფლებას აძლევენ. ისინი ბავშვებს ჭარბი ენერგიისგან გათავისუფლებაში ხელს არ უშლიან. ასეთი ბავშვები თავდაჯერებულ და მიზანდასახულ ზრდასრულებად ყალიბდებიან. ისინი არასდროს ნებდებიან და დასახული მიზნისთვის ბოლომდე იბრძვიან.
7. თავისუფლებისადმი ბრძნული დამოკიდებულება
თანამედროვე ბავშვებს მშობლები თავისუფლად ზრდიან და მათ უფლებებს არავინ ზღუდავს. ებრაელი მშობლებისთვის არსებობს ზღვარი, რომელსაც ბავშვმა არ უნდა გაადააბიჯოს. ბავშვს უფლება არ აქვს მშობელს ან ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენოს. ასეთ შემთხვევაში მას მკაცრი სასჯელი ელის.
8. მშობლების პატივისცემა
ებრაელმა ბავშვებმა ადრეული ასაკიდანვე იციან, რომ მშობლები ოჯახის წინამძღოლები არიან. ისინი დედას და მამას ძალიან დიდ პატივს სცემენ. მიუხედავად ამისა, ებრაელი ბავშვი არასდროს არის მშობელზე დამოკიდებული. თუ მას რაიმე საქმის გაკეთება სურს, ყველაფერს თავად აკეთებს. ებრაელი მშობლები შვილს დათვურ სამსახურს არასდროს უწევენ. მან ყველაფერი დამოუკიდებლად უნდა გააკეთოს.
9. განსაზღვრული წესების დამკვიდრება
ებრაელი მშობლები ბავშვებს შეცდომების გამო იშვიათად სჯიან. ისინი პატარების კარგ ქცევას აჯილდოვებენ. ოჯახში ყოველთვის არსებობს განსაზღვრული წესები, რომელთა შესრულება ბავშვს ჯილდოს მიღებაში ეხმარება. ამ გზით ბავშვი შეცდომების გამოსწორებას სწავლობს და საკუთარ ქცევას გარედან აკვირდება.
10. ბავშვის ხშირი დაჯილდოვება და წახალისება
ფსიქოლოგები თვლიან, რომ ბავშვები კარგი ქცევის გამო ყოველთვის არ უნდა შევაქოთ. ებრაელი მშობლები ამ მოსაზრებას არ იზიარებენ. ისინი მიიჩნევენ, რომ პატარების დადებითი ქცევები შეუმჩნეველი არ უნდა დარჩეს. ებრაელი მშობლები შვილებს რეგულარულად აჯილდოვებენ. თუ ბავშვი დედას გაურკვეველი ფიგურებით მოხატულ ხელსახოცს საჩუქრად მიართმევს, ის მშობლისგან მოწონებას და ქებას დაიმსახურებს. დედა შვილს აუცილებლად აგრძნობინებს, რომ მას საჩუქარი ძალიან მოეწონა, რათა ბავშვის მოსაწონი ქცევა წაახალისოს.
„ადამიანის 9 ფსიქოტიპი: ცხრა მოდელი იმისა, თუ როგორ ექცევა მშობელი ბავშვს,“ - ფსიქოლოგი ილია ნიკაჭაძე
ფსიქოლოგი ილია ნიკაჭაძე ადამიანის 9 ფსიქოტიპის შესახებ საუბრობს. მისი თქმით, მშობელი ბავშვს არაცნობიერ მოტივაციებს უყალიბებს, რომელიც მისთვის მთელი ცხოვრების განმაპირობებელი ხდება:
„მშობელს აქვს უნარი, რომ ჩამოაყალიბოს ბავშვის არაცნობიერი მოტივაციები, რომლებიც შემდეგ ხდება მთელი მისი ცხოვრების განმაპირობებელი. ენეაგრამას მიხედვით სულ ცხრა ფსიქოტიპი გვაქვს. ეს არის ცხრა მოდელი იმისა, თუ როგორ ექცევა მშობელი ბავშვს. იდეალისტი ფსიქოტიპის შემთხვევაში მშობელი არის ძალიან მკაცრი, მას მკაცრი წესები შემოაქვს ბავშვის ცხოვრებაში. შემდეგ ბავშვი იჩენს შინაგან მშობელს, შინაგან კრიტიკოსს, შინაგან პოლიციელს, რომელიც მთელი მისი ცხოვრების განმავლობაში თან დასდევს. როგორც მშობელი მკაცრად აძლევდა მითითებებს, ჩარჩოებს უწესებდა, ანალოგიურად შინაგანი კრიტიკოსი მას უქმნის მუდმივ ხაზს, რომელსაც უნდა მიჰყვეს. ერთის მხრივ, ეს არის ადამიანი, რომელიც მუდმივად განვითარებაზეა ორიენტირებული, ცდილობს სამყარო უკეთესი გახადოს, მორალისტია, წესების მოყვარულია, მეორეს მხრივ, ის მოუქნელი და ხისტია. შინაგანი კრიტიკოსი მას არ აძლევს საშუალებას, რომ რაღაცებს გადაუხვიოს, რაღაცების მიმართ თავისუფალი იყოს.“
ილია ნიკაჭაძე მზრუნველ და ტრიუმფატორ ფსიქოტიპებს ახასიათებს, ამასთან იმ აღზრდის მეთოდებსაც აღწერს, რომლებიც აღნიშნული ფსიქოტიპებს ჩამოყალიბებას უწყობს ხელს:
„მზრუნველი არის ფსიქოტიპი, რომლის მშობლებსაც ბავშვობაში მისთვის არ ეცალათ. ბავშვმა იფიქრა: „მოდი მშობელზე ვიზრუნებ, შემდეგ მას ექნება დრო, რომ შემიყვაროს.“ ეს ფსიქოტიპი როდესაც იზრდება, ამ ყველაფრის განზოგადებას აკეთებს მთელ სამყაროზე. ტრიუმფატორი არის ფსიქოტიპი, რომელსაც ბავშვობაში ჰქონდა განცდა: „მე შემიყვარებენ, თუ ვიქნები საუკეთესო.“ ამ ფსიქოტიპს აქვს მიჯაჭვულობა აბლოდისმენტების მიმართ, აღიარების მიმართ, ტაშის მიმართ. ეს ფსიქოტიპი სულ მუშაობს, ვერასდროს დუნდება. როდესაც ის დუნდება, აქვს განცდა, რომ სხვები აჯობებენ. თუ სხვები აჯობებენ, მას სიყვარულს აღარ მისცემს მშობელი. ამ ფსიქოტიპებს ეძახიან დედის ნარცისისტულ პროექტს. მათ ჰყავთ მშობლები, რომლებმაც საკუთარი პოტენციალის რეალიზება ვერ მოახდინეს და ეს გადაიტანეს შვილზე. ასეთი ფსიქოტიპის ადამიანი დედამ ან მამამ შექმნა.“
ილია ნიკაჭაძის თქმით, ინდივიდუალისტ ფსიქოტიპებს ბავშვობაში მშობლისგან ყურადღება და მხარდაჭერა აკლდათ, ხოლო მარტოხელა მოაზროვნის ფსიქოტიპს ორივე მშობლისგან უარყოფის გამო სამყაროს ნდობა უჭირს:
„ინდივიდუალისტი მიდრეკილია იმისკენ, რომ იყოს განსხვავებული, გამორჩეული, არავის ჰგავდეს. შემოქმედი ადამიანების უმრავლესობა ინდივიდუალისტია. ამ ფსიქოტიპს ჰყავდა მშობელი, რომელიც არ აძლევდა ბავშვს ემოციურ მხარდაჭერას. ბავშვს ჰქონდა ყველაფერი, მაგრამ ემოციები არ ჰქონდა. მას აქვს მიდრეკილება, რომ გაამძაფროს ყველა ემოცია, დრამა შექმნას. მარტოხელა მოაზროვნე არის ფსიქოტიპი, რომელსაც ორივე მშობლის უარყოფა ჰქონდა. ეს ფსიქოტიპი სამყაროს არ ენდობა. მას აქვს მოტივაცია, რომ შეისწავლოს სამყარო. ის ფიქრობს: „თუ მე სამყარო მეცოდინება, ის საშიში აღარ იქნება ჩემთვის.“ მას მუდმივად აქვს განცდა, რომ ცოდნა არ ჰყოფნის.“
„სკეპტიკოსი ძირითადად არის ძლიერი მშობლების შვილი. ის ხდება ძლიერ ფიგურებზე დამოკიდებული პირი. ის მთელი ცხოვრება ეძებს ავტორიტეტებს. ენთუზიასტი არის ფსიქოტიპი, რომელმაც ისწავლა ბავშვობაში გაქცევა. მან იპოვა სტრატეგია, რომ სირთულეებს გართობაში გაექცეს. ის ზრდასრულობაში ხდება გართობაზე, მხიარულებაზე, თავგადასავალზე ორიენტირებული. ბოსი არის ფსიქოტიპი, რომელსაც აქვს უარყოფა მშობლის მიმართ. ის არაცნობიერად დარწმუნებულია საკუთარ სიცუდეში. ის ეძებს ძალაუფლებას. ბოსი არის უარმყოფელი მშობლის მიერ გაზრდილი ადამიანი. მედიატორი არის ფსიქოტიპი, რომელიც ეძებს ჰარმონიას. ამ ფსიქოტიპს ჰყავდა ან კონფლიქტური მშობლები, ან ხელოვნურ ჰარმონიაში მყოფი მშობლები,“ - აღნიშნულ თემაზე ირაკლი ნიკაჭაძე ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ საუბრობს.