Baby Bag

როგორ ამოვიყვანოთ მელნის ლაქები ტყავის ავეჯის ზედაპირიდან?

როგორ ამოვიყვანოთ მელნის ლაქები ტყავის ავეჯის ზედაპირიდან?

მეგობრები ხშირად გვირჩევენ, რომ შევიძინოთ მანქანა, რომელსაც ტყავის სალონი აქვს. ისინი გვარწმუნებენ, რომ ტყავის დივანი საუკეთესო არჩევანია, რადგან მისი გაწმენდა ძალიან მარტივია. თუმცა, როდესაც ბავშვები ჩვენს საყვარელ ავეჯს უსიამოვნო ლაქებით აჭრელებენ, მისი გაწმენდა და გასუფთავება ნამდვილად არ გვიმარტივდება. მშობლებმა, რომლებსაც მცირეწლოვანი შვილები ჰყავთ, კარგად იციან, რომ ბავშვები, მიუხედავად ყურადღებისა და კონტროლისა, ავეჯის მარკერებით მოხატვას ან სხვა სახის ლაქებით დაზიანებას მაინც ახერხებენ. ეს ყველა გამოცდილი მშობლის საერთო პრობლემაა.

ავეჯის ლაქებისგან გაწმენდის დროს აუცილებლად გამოიყენეთ თეთრი ნაჭერი. მისი დახმარებით, თქვენ ზუსტად გეცოდინებათ, ამოდის თუ არა ლაქა ავეჯის ზედაპირიდან, რადგან ამ შემთხვევაში თეთრი ნაჭერი (პირსახოცი ან ბამბის მასალა) პიგმენტებით დაიფარება.


ავეჯის ზედაპირზე ლაქა ფართოდ რომ არ გავრცელდეს, წმენდა მცირე არეალში უნდა დაიწყოთ. გასუფთავების პროცესში თავდაპირველად ბამბის ტამპონი გამოიყენეთ, ხოლო როდესაც ლაქას ამოიყვანთ, შეგიძლიათ, ავეჯის ზედაპირი ბამბის ხელსახოცით ან პირსახოცით გაწმინდოთ. ასე მოქცევა აუცილებელია, რათა ფერის ცვლილება შესამჩნევი არ გახდეს და ავეჯი ბუნებრივად გამოიყურებოდეს.

მნიშვნელოვანია, რომ წმენდის პროცესი ავეჯის ზედაპირზე ლაქის გაჩენის შემდეგ მალევე დაიწყოთ, რათა უფრო ეფექტურად და ნაყოფიერად მუშაობა შეძლოთ. რაც უფრო მეტი დრო გავა ზედაპირის დაბინძურების შემდეგ, მით მეტად გაგიჭირდებათ მისი გაწმენდა (შესაძლოა, შეუძლებელიც კი გახდეს).

ბავშვების ონავრობის შედეგად დაბინძურებული ტყავის ავეჯი გადასაგდებად განწირული ნამდვილად არ არის. არსებობს გამოცდილი და სანდო მეთოდები, რომელთა დახმარებით მელნის ლაქების ამოყვანა სავსებით შესაძლებელია.

ტყავის გამწმენდი საშუალებები

პირველ რიგში, სწორედ ტყავის გამწმენდი საშუალებების გამოყენება უნდა სცადოთ. არსებობს სპეციალური ხსნარები, რომლებიც ტყავის ზედაპირიდან მელნის ან საღებავის ლაქების მოსაშორებლად არის შექმნილი. როდესაც მსგავს საშუალებას შეიძენთ, დარწმუნდით, რომ მელნის ლაქების ამოსაყვან პროდუქტს ყიდულობთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მსგავსი ტიპის გამწმნედი საშუალებები ტყავის ზედაპირზე დამცავ ფენას ქმნიან, რის გამოც ის უფრო გამძლე ხდება. ავეჯის გაწმენდის დროს აუცილებლად იხელმძღვანელეთ ინსტრუქციებით, რათა სასურველი შედეგის მიღება შეძლოთ. თუ ტყავის გამწმენდი სპეციალური საშუალება არ გაქვთ, ჩვენ მიერ შემოთავაზებული სხვა მეთოდები გამოიყენეთ.

საპონი და წყალი

საპონი და წყალი ავეჯის ზედაპირის გასაწმენდი კლასიკური საშუალებებია. გირჩევთ, წმენდის პროცესში ლაქების ამოსაყვანად ქაღალდის ხელსახოცი გამოიყენოთ. მხოლოდ ერთ წერტილში იმუშავეთ, რათა ლაქა არ გაფართოვდეს. როდესაც ლაქას ამოიყვანთ, ხელსახოცი დაატენიანეთ და ზედაპირი საპნით გაასუფთავეთ. შემდეგ კვლავ მშრალი ხელსახოცი გამოიყენეთ, რათა დარჩენილი ლაქები გაწმინდოთ. ამ მეთოდით მანამდე იმუშავეთ, ვიდრე მელნის ლაქას ზედაპირიდან საბოლოოდ არ გააქრობთ.

სამედიცინო სპირტი

არსებობს რამე, რისი გაწმენდაც სამედიცინო სპირტის გამოყენებით არ გამოგივათ? მელნის ან საღებავის ლაქის ამოყვანა უმარტივესი ამოცანაა. მთავარია, გახსოვდეთ, რომ როდესაც წმენდის პროცესში სამედიცინო სპირტს იყენებთ, ყოველთვის ბამბის ტამპონებით იმუშავეთ, რათა ლაქასთან ერთად ავეჯის ზედაპირიდან სპირტის შეწოვაც შეძლოთ. ამასთან, როდესაც მუშაობას დაასრულებთ, ზედაპირი სწრაფად უნდა გააშროთ. ამ მიზნით, შეგიძლიათ, ფენი გამოიყენოთ. თუ სპირტს ავეჯის ზედაპირზე დიდხანს დატოვებთ, ის ტყავს დააზიანებს. თუ სახლში ფენი არ გაქვთ და ზედაპირის გასაშრობად ვერაფერს გამოიყენებთ, სამედიცინო სპირტით ლაქების ამოყვანას არ გირჩევთ.

თმის სპრეი

თმის სპრეი ძალიან კარგი საშუალებაა ავეჯის გასაწმენდად. ის სხვადასხვა ტიპის მატერიის გასასუფთავებლად გამოგადგებათ, თუმცა ამის შესახებ დიასახლისების დიდმა ნაწილმა არაფერი იცის. ზედაპირის ლაქებით დაფარულ ნაწილს სპრეი მიაშხურეთ, როდესაც აღნიშნული სივრცე კარგად დატენიანდება, წმენდა დაიწყეთ. ლაქის საბოლოოდ ამოსაყვანად კი საპონი და წყალი უნდა გამოიყენოთ.

სუნამო ან აცეტონი

ჩვენ მიერ შემოთავაზებული გამწმენდი საშუალებები თუ არ გაქვთ, სუნამო, ოდეკოლონი ან აცეტონი გამოიყენეთ. წმენდის პროცესში ბამბის ტამპონებით იმუშავეთ. როდესაც ლაქებს ამოიყვანთ, ავეჯის ზედაპირის გასასუფთავებლად საპონი და წყალი გამოიყენეთ, რათა ალკოჰოლის ნარჩენებმა ტყავი არ დააზიანოს. ამ მეთოდის დახმარებით, თქვენ არამხოლოდ ავეჯის ზედაპირის ლაქებისგან გაწმენდას, არამედ ოთახში სასიამოვნო არომატის გავრცელებასაც შეძლებთ. 



მომზადებულია ​moms.com-ის მიხედვით
თარგმნა ია ნაროუშვილმა 

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)

შეიძლება დაინტერესდეთ

„ლოკდაუნის დროს განსაკუთრებით მძიმე დღეში ჩაცვივდნენ ქალები,“ - ფსიქიატრი მანანა შარაშიძე

ფსიქიატრი მანანა შარაშიძე კოვიდ-19-ის გავრცელებით გამოწვეულ ფსიქიკურ პრობლემებზე საუბრობს. მისი თქმით, არსებულ ვითარებაში ჩაკეტვა აუცილებელია, თუმცა შეზღუდვები უნდა იყოს მიზნობრივი. მანანა შარაშიძე აღნიშნავს, რომ კოვიდ-19-ით გამოწვეული ეკონომიკური დეპრესია ​ფსიქიკურ დეპრესიასაც იწვევს:

“კოვიდ-19 იწვევს ეკონომიკურ დეპრესიას, რაც თავის მხრივ იწვევს ფსიქიკურ დეპრესიას. მოიმატებს სუიციდების რიცხვი. ქვეყანას არ აქვს სუიციდის პრევენციის პროგრამა. ფისიქიკური ჯანმრთელობის სერვისები გასაძლიერებელია. ახლა ჩვენ ყველას გვჭირდება ფსიქოლოგიური დახმარება.“

მანანა შარაშიძე აცხადებს, რომ ლოკდაუნის დროს განსაკუთრებით მძიმე სტრესის ქვეშ ქალბატონები იმყოფებიან, რადგან მათ სამსახურისა და ოჯახის საქმეების შეთავსება უხდებათ. ფსიქიატრი ყურადღებას ამახვილებს პანდემიის დროს ​ბავშვების ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვაზე. ის მშობლებს მოუწოდებს, პატარებს ინფორმაცია მათი ასაკის გათვალისწინებით მიაწოდონ.

მანანა შარაშიძის თქმით, ​შფოთვა და შიში საფრთხეზე ნორმალური რეაქციაა, თუმცა ზომიერების დაცვა უნდა შეგვეძლოს. ფსიქიატრის მტკიცებით, ის ადამიანებიც კი, რომლებიც კორონავირუსის არსებობას უარყოფენ, ასე შიშის გამო იქცევიან და მისგან გაქცევას ცდილობენ.

„ადამიანებს, რომლებიც ამბობენ, რომ ვირუსი არ არსებობს, ეშინიათ. ზოგიერთს ძალიან ეშინია. კონსპირაციის თეორიებში წასვლა არის თავდაცვა,“ - აცხადებს მანანა შარაშიძე.

წყარო: ​დილა ფორმულაზე


წაიკითხეთ სრულად