Baby Bag

„ერთი სული მქონდა, როდის წამოვიდოდი სამშობლოში, მერე თანდათან ეჩვევი ყველაფერს, თუმცა შვილებისგან შორს ყოფნას ვერასდროს შეეჩვევი“ - ემიგრანტი დედა

„ერთი სული მქონდა, როდის წამოვიდოდი სამშობლოში, მერე თანდათან ეჩვევი ყველაფერს, თუმცა შვილებისგან შორს ყოფნას ვერასდროს შეეჩვევი“ - ემიგრანტი დედა
რთული ეკონომიკური პირობების გამო საქართველოდან უამრავი ქალი ემიგრაციაშია წასული. იმისთვის, რომ შვილებს უკეთესი მომავალი შეუქმნან, იძულებულები არიან, ​მათგან ათასობით კილომეტრით შორს იყვნენ. ერთ-ერთია ნინო ქვათაძე, რომელიც ექვსი წლის წინ წავიდა იტალიაში სამუშაოდ. მას ოთხი შვილი და ორი შვილიშვილი ჰყავს.
„2014 წელს ჩამოვედი იტალიაში. ემიგრაციაში ყოფნის მთავარი მიზანი შვილების სწავლაზე ზრუნვაა. უამრავი ხარჯია სწავლასთან დაკავშირებული. ეს ხარჯები კიდევ უფრო ორმაგდება, თუ საცხოვრებელი ბინა არ გაქვს. მინდა, შვილებს უკეთესი მომავალი შევუქმნა. იმედი მაქვს, ერთ დღეს საცხოვრებელ ბინასაც შევუძენ“, - გვეუბნება ნინო.
იგი ემიგრაციაში ყოფნასთან დაკავშირებულ სირთულეებზე გვესაუბრება და აღნიშნავს, რომ ყველაზე ძნელი შვილებისგან განშორება აღმოჩნდა.
„ყველაზე რთულია შვილებისა და ახლობლებისგან შორს ყოფნა. უცხო კულტურაში, უცხო ხალხში გიწევს ყველაფერის თავიდან დაწყება. ისინი თანასწორად არ აღგიქვამენ, ფიქრობენ, რადგან უცხოელი ხარ, არაფერი არ იცი. ენის არცოდნა კი ამ ყველაფერს უფრო ართულებს. პირველი ორი წელი ძალიან მიჭირდა, ერთი სული მქონდა, როდის წამოვიდოდი სამშობლოში, მერე თანდათან ეჩვევი ყველაფერს, თუმცა შვილებისგან შორს ყოფნას ვერასდროს შეეჩვევი,“ - გვიყვება ნინო.
ემიგრაციაში წასვლის შემდეგ ნინომ საქართველოში ჩამოსვლა ვერც ერთხელ ვერ მოახერხა. 6 წელია, არ უნახავს შვილები. როგორც აღნიშნავს, განშორებას ვერ ეჩვევა და სწორედ ამიტომ დღეში არაერთხელ ეხმიანება მათ...

„ბავშვები ძალიან განიცდიან დედისგან შორს ყოფნას, ეს დიდი სტრესია მათთვის. მუდმივად სჭირდებათ დედის გვერდით ყოფნა, რჩევა-დარიგება და მხარდაჭერა. დედა მათთვის მთავარი დასაყრდენია. განსაკუთრებით უმცროს გოგონას გაუჭირდა ჩემგან შორს ყოფნა, 14 წლის იყო, როცა წამოვედი და დედის მოვალეობის რაღაც ნაწილის შეთვისება მოუწია. არც ერთი დედა არ უნდა იყოს შორს შვილებისგან შორს, მაგრამ იძულებულები ვართ ასე ვიცხოვროთ. ყოველდღე 10-ჯერ ან 20-ჯერ მაინც ვურეკავ, ვკითხულობ, ეძინათ თუ არა, ჭამეს თუ არა. შეიძლება, ეს შემაწუხებელიც იყოს მათთვის, მაგრამ მე ხომ დედა ვარ?! ვცდილობ, დედისგან შორს ყოფნა არ იგრძნონ. ამიტომ ხშირად ველაპარაკები, ვიზიარებ მათ განცდებს, ემოციებს, ვუსმენ მათ პრობლემებს და ვაძლევ რჩევებს,“ - ამბობს ნინო.

კითხვაზე, რას ურჩევდა ემიგრანტ დედებს, ასე გვპასუხობს: 
„ყველას საქმე ინდივიდუალურია, ამიტომ რთულია სხვას რჩევა მისცე. ერთადერთი, რისი თქმაც შემიძლია, ისაა, რომ, მიუხედავად დიდი მანძილისა, რაც შეიძლება ახლოს უნდა იყვნენ, მოუსმინონ და გაუგონ შვილებს.“
ავტორი: სოფიკო ტაბატაძე

შეიძლება დაინტერესდეთ

„პოლონეთში დაიბადა ბატონი ზვიად გამსახურდიას შვილიშვილი, მზე-გოგო, ხედა გამსახურდია!“- თინათინ მღვდლიაშვილი

„პოლონეთში დაიბადა ბატონი ზვიად გამსახურდიას შვილიშვილი, მზე-გოგო, ხედა გამსახურდია!“- თინათინ მღვდლიაშვილი

პოეტი და მხატვარი თინათინ მღვდლიაშვილი სოციალურ ქსელში სასიხარულო სიახლის შესახებ პოსტს აქვეყნებს და ზვიად გამსახურდიას შვილიშვილის ხედა გამსახურდიას დაბადების შესახებ წერს:

„სასიხარულო ამბავი! ამ ურთულეს დღეებში, ამ ქარბუქში, სასიხარულო ამბავი მინდა გამცნოთ.

პოლონეთში დაიბადა ბატონი ზვიად გამსახურდიას შვილიშვილი, გიორგი გამსახურდიას და ანი აბულაძის შვილი, მზე-გოგო, ხედა გამსახურდია!

ქართველებო, მივულოცოთ გიორგის და ანის ეს დიდი სიხარული და ბედნიერება.

პაწია გოგონას სახელმა არ გაგაკვირვოთ, ამ სახელს თავისი ლამაზი ისტორია აქვს.

ხედა - ვაინახური სახელია. ჩვენი პრინცესა 6 მარტს 2 თვის გახდება.

გილოცავთ, გამსახურდიებო!

გამრავლდით, იხარეთ, ჩემო ძვირფასებო!

თქვენ ამას იმსახურებთ!“ - წერს თინათინ მღვდლიაშვილი.

წაიკითხეთ სრულად