Baby Bag

​,,ჩემმა ძმამ მხოლოდ ჩემი შვილი არ გადაარჩინა, გადაგვარჩინა მეც და დედაჩემიც“ - მარტოხელა დედის გულახდილი ინტერვიუ, რომელიც მოძალადე ქმარს ძმის დახმარებით გადაურჩა

ელისო ახალგაზრდა დედაა, რომელიც შვილს მარტო ზრდის. მან „ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში“ თავისი მძიმე წარსულის შესახებ ისაუბრა და მადლიერება გამოხატა ძმის მიმართ, რომელიც საზოგადოების აზრს არ შეუშინდა.

„ჩემმა ძმამ მხოლოდ ჩემი შვილი არ გადაარჩინა, გადაგვარჩინა მეც და დედაჩემიც. რომ არა ჩემი ძმა და ჩემი ოჯახის წევრები, მე, სავარაუდოდ, ფეხზე ვეღარ ავდგებოდი. იმდენად დიდი ტკივილი იყო ის, რაც მე დამემართა მოძალადე ქმრის ხელში, ასე ვთქვათ, განადგურებული ვიყავი. გავთხოვდი 24 წლის, გავიპარე სიყვარულით. მეორე კვირიდან ჩემმა მეუღლემ დაიწყო ჩემი ცემა, რასაც, რა თქმა უნდა, ოჯახში არ ვამბობდი, მეშინოდა, მეშინოდა იმის, რომ მე ვიქნებოდი უარყოფილი, იმიტომ, რომ ჩემი გადაწყვეტილება იყო გათხოვება. თუმცა, როდესაც ჩამოვედი ქუთაისში და ფეხმძიმედ ვიყავი, დედამ წნევის გაზომვის დროს ნახა, რომ ჩალურჯებული ვიყავი და მაშინ მითხრა, რომ წამოდი, წამოგიყვანთ. თუმცა, მე კიდევ იმედი მქონდა, რომ ეს აღარ განმეორდებოდა, იყო უკანასკნელი ფაქტი და მე შევინარჩუნებდი ოჯახს, მაგრამ მოხდა ისე, რომ მე ვერ შევინარჩუნე ის, უფრო სწორად, მან ვერ შემინარჩუნა!“

ელისოს მეუღლემ ქალზე ძალადობა არც მაშინ შეწყვიტა, როდესაც ის ბავშვს ელოდებოდა: „ორსულად ვიყავი, როდესაც მცემა კარგად. ბოლო ცემის დროს ჩემმა ძმამ, ასე ვთქვათ, წამომიღო ბათუმიდან და ამან გადაარჩინა ჩემი შვილიც, მეც და დედაჩემიც.“

ახალგაზრდა ქალი ისეთ ფაქტებსაც იხსენებს, როდესაც სტერეოტიპული აზროვნების გამო მის დახმარებაზე უარს პოლიციელებიც ამბობდნენ: „ერთ-ერთი სკანდალის დროს პოლიცია როდესაც გამოვიძახეთ, ეს იყო 11 წლის წინ, პოლიციამ მაშინ მითხრა, რომ ოჯახის საქმეში ვერ ჩაერეოდა, მით უმეტეს, უყურებდნენ, რომ კარგად დალურჯებული ვიყავი. ახლა ეს დამოკიდებულება შეიცვალა. იყო შემთხვევები, როდესაც ჩემი ნაცნობები მეუბნებოდნენ, რომ შენ რაც დაემართა ის რომ ჩვენ მოგვსვლოდა, ოჯახში არ მიგვიღებდნენო. მე გამიმართლა, ჩემი ოჯახის წევრებიც და მეგობრებიც გახსნილი აზროვნების ადამიანები იყვნენ.“

ელისო, მიუხედავად მძიმე გამოცდილებისა, ძალიან ოპტიმისტურად მსჯელობს და იმ ქალბატონების გამხნევებას ცდილობს, რომლებიც მოძალადე ქმრებისგან წასვლას შიშის გამო ვერ ბედავენ: „მინდა ერთი რაღაც ვთქვა, რაც მე შევძელი და მინდა სხვებსაც დავეხმარო. ძალიან კარგია, როდესაც ვიღაც გეხმარება, მაგრამ ეს იმხელა ტკივილია და იმდენად დიდი სატანჯველია, რომ ამ ყველაფრის გაანალიზება და გადახარშვა თვითონ ქალმა უნდა შეძლოს. ქალს, რომელიც აჩენს ბავშვს, არანორმალურად დიდ ტკივილს იტანს და განაგრძობს ცხოვრებას, წინ არაფერი არ უნდა დაუდგეს. მან უნდა შეძლოს ყველაფერი, გააგრძელოს ცხოვრება ისევ მისი შვილისთვის.“

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)

შეიძლება დაინტერესდეთ

„გაჩერებულ მანქანაში არც ბავშვის, არც ხანდაზმულის დატოვება არ შეიძლება,“- პედიატრი რუსუდან ჯაში

პედიატრმა რუსუდან ჯაშმა მშობლებს მოუწოდა, არასდროს დატოვონ ბავშვები ან ხანდაზმულები გაჩერებულ მანქანაში:

„მინდა, გაითვალისწინოთ ერთი მნიშვნელოვანი რამ, რაც ძალიან ხშირია. როდესაც მშობლებს მიჰყავთ ბავშვები და ერთად მიდიან მანქანით სადღაც, მაღაზიასთან ან სხვა დაწესებულებასთან გააჩერებენ და მანქანაში ტოვებენ ბავშვებს ან თუნდაც ხანდაზმულებს. ეს არის კატასტროფულად საშიში მდგომარეობა. გამორთულ, გაჩერებულ მანქანაში ტემპერატურა ორჯერ უფრო მატულობს და ხანდაზმულებისთვის სასიცოცხლოდ საშიშია მანქანაში დატოვება. სულ ერთია, ფანჯარა ღიაა თუ დახურული. ღია ფანჯარა უარესია კიდევ.

გაჩერებულ მანქანაში არც ბავშვის, არც ხანდაზმულის დატოვება არ შეიძლება, უმჯობესია გადაიყვანოთ. ჩვენთან უკვე ყველა მაღაზია კონდიცირებულია. იქ უფრო გაგრილდება ბავშვი და უფრო ნორმალურად იგრძნობს თავს, ვიდრე მანქანაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ბევრი არ აქცევს ამას ყურადღებას და პირიქით, ჰგონია, რომ უკეთესია ეს მათთვის, ვინც დატოვა მანქანაში, არ შეაწუხა და არ გადაიყვანა. მანქანაში არ დატოვოთ არავინ. ძალიან საშიშია გაჩერებულ მანქანაში სიცხის დროს ყოფნა,“- მოცემულ საკითხზე რუსუდან ჯაშმა რადიო „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო:​ რადიო „იმედი“

წაიკითხეთ სრულად