Baby Bag

ბავშვის ძიძასთან დატოვება, არჩევანი სახლში ყოფნასა და სამსახურში სიარულს შორის... - 20 რამ, რაზეც მხოლოდ კარგი დედები ღელავენ

ბავშვის ძიძასთან დატოვება, არჩევანი სახლში ყოფნასა და სამსახურში სიარულს შორის... -  20 რამ, რაზეც მხოლოდ კარგი დედები ღელავენ
დედები საკუთარ თავს ხშირად ეკითხებიან: რას ნიშნავს იყო კარგი დედა? პირველი ორულობის დროს ქალბატონები განსაკუთრებით ღელავენ. ისინი წარმოიდგენენ, თუ როგორ აღზრდიან საკუთარ შვილებს, როგორ ასწავლიან მათ მეგობრობას, სიყვარულსა და დამოუკიდებლობას. ყველა ქალი ოცნებობს, რომ გარშემომყოფები მას არაჩვეულებრივ დედად თვლიდნენ. შეუძლებელია, რომ შვილის აღზრდის დროს ყოველთვის მშვიდად იყოთ და ყველაფერი გააკონტროლოთ. ამას ვერავინ ახერხებს, თუმცა არსებობს საკითხები, რომლის შესახებ კარგი დედები განსაკუთრებით ღელავენ.

20. ჯანსაღი ლანჩის მომზადება, რომელიც ბავშვის საყვარელი ინგრედიენტებისგან შედგება

კარგი დედები ყოველთვის ცდილობენ შვილებს განსაკუთრებული ლანჩი მოუმზადონ. ისინი ბავშვებს სკოლაში ისეთ საკვებს ატანენ, რომელიც მათ ძალიან უყვართ. დედები ძალიან ღელავენ, როდესაც შეიტყობენ, რომ ბავშვებმა მათ მიერ მომზადებული ლანჩის მირთმევაზე უარი განაცხადეს. რა თქმა უნდა, დედებს ნერვიულობის საპატიო მიზეზიც აქვთ. მათ უნდათ, რომ ბავშვები გაკვეთილზე საკმარისად კონცენტრირდნენ და დღის განმავლობაში თავი ენერგიულად იგრძნონ, რისთვისაც სრულფასოვნად კვება აუცილებელია. გარდა საუზმისა და სადილისა, რომელსაც ბავშვები სახლში მიირთმევენ. ჯანსაღი ლანჩის მირთმევაც აუცილებელია, რათა მათ დღის განმავლობაში საჭირო რაოდენობის კალორიები მიიღონ.

19. სპორტული და სახელოვნებო აქტივობების მნიშვნელობის გაცნობიერება

როგორ გამოიყურება თქვენი შვილების კვირის განრიგი? თამაშობენ თუ არა ისინი ფეხბურთს, ფრენბურთს და კალათბურთს? დადიან თუ არა ხელოვნების წრეზე? შესაძლოა, ბევრ თქვენგანს აქტივობების ჩამონათვალი მეტისმეტად ვრცელიც მოეჩვენოს, თუმცა კარგი დედები ყოველთვის ცდილობენ, რომ ბავშვებს სპორტი და ხელოვნება შეაყვარონ. მათ ხშირად აქვთ განცდა, რომ შვილებისთვის იმდენს ვერ აკეთებენ, რამდენიც საჭიროა. კარგი დედები შვილების ნებისმიერ გატაცებას სერიოზულად ეკიდებიან. ისინი დარწმუნებულები უნდა იყვნენ, რომ პატარების ოცნებების ასასრულებლად ყველაფერი გააკეთეს.

18. ბავშვის ძიძასთან დატოვება

კარგი დედები ყოველთვის ღელავენ, როდესაც ბავშვს ძიძასთან ტოვებენ. ისინი ბევრს ფიქრობენ და ბოლომდე არავის ენდობიან. კარგი დედა შიშობს, რომ სხვა მის შვილზე სათანადოდ ვერ იზრუნებს. მას სახლიდან რამდენიმე საათით გასვლაც კი უჭირს. მართალია, დედებს უფლება აქვთ გაერთონ, საყვარელ ადამიანთან ერთად პაემანზე იარონ, მეგობრები ნახონ, მაგრამ კარგი დედები საკუთარ თავს ამის უფლებას ძალიან იშვიათად აძლევენ. თუ გრძნობთ, რომ ყოველთვის თქვენს შვილებთან ყოფნა გსურთ და საკუთარი თავისთვის დროს საერთოდ ვერ იმეტებთ, ე.ი. თქვენ შესანიშნავი დედა ხართ.

17. არჩევანი სახლში ყოფნასა და სამსახურში სიარულს შორის

კარგი დედები ყოველთვის ბევრს ფიქრობენ, როგორი არჩევანი გააკეთონ. ზოგიერთი მათგანი სახლში დარჩენას არჩევს, ზოგი კი მუშაობას იწყებს და სამსახურს უბრუნდება. სახლში დარჩენილი და სამსახურში დაბრუნებული დედები კვლავ ბევრს ყოყმანობენ. ისინი ვერ ხვდებიან, რამდენად სწორი გადაწყვეტილება მიიღეს. როდესაც დედა აღნიშნული საკითხის შესახებ ბევრს ფიქრობს და გამუდმებით ეჭვებშია, ე.ი. მას შვილები ძალიან უყვარს, რაც იმას ამტკიცებს, რომ ის არაჩვეულებრივი მშობელია.

16. სახლში დარჩენა და სამსახურზე უარის თქმა

დედები, რომლებიც სახლში რჩებიან და შვილებზე ზრუნავენ, ხშირად ღელავენ და ფიქრობენ, თუ რამდენად სწორი გადაწყვეტილება მიიღეს. ბევრი მათგანი თვლის, რომ მათ საკუთარი განათლებისა და უნარების გამოყენება სხვადასხვა მნიშვნელოვან პოზიციაზე შეუძლიათ. დედები ხშირად იხსენებენ, თუ რამდენი ხნის მანძილზე სწავლობდნენ, როგორი მონდომებით ცდილობდნენ უნივერსიტეტის დამთავრებას და როგორ ოცნებობდნენ საუცხოო კარიერაზე. მსგავსი ფიქრები კარგ დედებს ხშირად აწუხებთ. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები რთულ არჩევანს ეფუძნება და დიდ მსხვერპლსაც მოითხოვს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ისინი შესანიშნავი დედები არიან.

15. სკოლის მნიშვნელოვანი ღონისძიებების დამახსოვრება

კარგი დედები ძალიან ცდილობენ, რომ სკოლის მნიშვნელოვანი ღონისძიებები ყოველთვის ახსოვდეთ. ისინი გამუდმებით შვილებზე ფიქრობენ და არ სურთ, რომ მათთან დაკავშირებული მოვლენები უყურადღებოდ დარჩეთ. შესაძლოა, კარგმა დედამ ყველაფერი ვერ დაიმახსოვროს, მაგრამ მისი მონდომება და თავგანწირვა ნამდვილად დასაფასებელია. დედები, რომლებიც დროის უმეტეს ნაწილს შვილებზე ფიქრში ატარებენ, ნამდვილად განსაკუთრებულები არიან.

14. შაბათ-კვირის ბავშვების გარეშე გატარება

ყველა დედას ცხოვრებაში ერთხელ მაინც ეძლევა შესაძლებლობა, რომ შაბათ-კვირა მეუღლესთან ერთად განცალკევებით გაატაროს. როდესაც თქვენ გადაწყვეტთ, რომ ბავშვების გარეშე სადმე წახვიდეთ, მაშინვე ეჭვები გიპყრობთ. თვლით, რომ ეს სწორი საქციელი არ არის. თქვენ ეჭვი გეპარებათ, რომ ნამდვილად კარგი დედა ხართ, რადგან დასასვენებლად ბავშვების გარეშე მიდიხართ. მსგავსი ეჭვები იმაზე მიგანიშნებთ, რომ თქვენ ნამდვილად კარგი მშობელი ხართ. შვილების გარეშე დროის სასიამოვნოდ გატარებისას კარგი დედები თავს ყოველთვის დამნაშავედ გრძნობენ.

13. შვილის ახალი მეგობრის გამო ღელვა

ზოგიერთი დედა ძალიან ღელავს, როდესაც მისი შვილის ცხოვრებაში ახალი მეგობარი ჩნდება. კარგ მშობელს ყოველთვის ძლიერი დამცველობითი ინსტინქტი აქვს. ის შვილის გარემოცვას კარგად უნდა იცნობდეს, რომ თავი დამშვიდებულად იგრძნოს. ყველა დედას უნდა, რომ ბავშვები ჯანსაღ სოციალურ გარემოში აღზარდოს, რის გამოც ისინი ცდილობენ, შვილები კარგი ადამიანების გარემოცვაში ამყოფონ. კარგი დედები განსაკუთრებით ფრთხილობენ და შვილის მეგობრებს ყურადღებით აკვირდებიან. მათ არ უნდათ, რომ ბავშვზე ვინმემ ნეგატიური გავლენა მოახდინოს, სწორედ ამიტომ, გამუდმებით ფხიზლად არიან.

12. ბავშვის რაციონის ბოსტნეულით გამდიდრება

კარგი დედები ცდილობენ, რომ ბავშვის რაციონში რაც შეიძლება ბევრი ბოსტნეული ჩართონ. მათ უნდათ, რომ ჯანმრთელი შვილები ჰყავდეთ, რომლებიც კარგად იკვებებიან. თუ ბავშვს ბოსტნეულს ყოველდღიურად აჭმევთ, მას რომელიმე მათგანი განსაკუთრებით შეუყვარდება. მიუხედავად ამისა, კარგი დედები მაინც მუდმივად ცდილობენ, რომ შვილების რაციონი ბოსტნეულის ნამდვილ საბადოდ აქციონ. რა თქმა უნდა, შვილის ჯანმრთელობაზე ზრუნვა ყველა დედის უმთავრესი ამოცანაა, სწორედ ამიტომ მსგავსი მღელვარება სავსებით ბუნებრივია.

11. ბავშვის ვირუსული ინფექციით დაავადების შიში

დედები ძალიან ღელავენ, როდესაც ახალი ვირუსის გავრცელების შესახებ ცნობებს იგებენ. ისინი შიშობენ, რომ მათი შვილიც დაავადდება და ინფექციასთან გამკლავება გაუჭირდება. ყველა მშობელმა იცის, რომ ბავშვი ერთხელ მაინც გახდება ავად, რადგან პატარებს უამრავ ბაქტერიასთან უწევთ შეხება, თუმცა კარგი დედები ბავშვის ჯანმრთელობაზე განსაკუთრებით ღელავენ. ისინი გამუდმებით ცდილობენ პატარების საშიში ვირუსული ინფექციებისგან დაცვას.

10. ბავშვების მიმართ სიყვარულის გამოხატვა

კარგი დედები ყოველთვის ცდილობენ, რომ ბავშვებს სიყვარული აგრძნობინონ. ისინი არასდროს არიან დარწმუნებულები, რომ პატარები მათ დამოკიდებულებას გრძნობენ და ცდილობენ ბავშვებს უფრო თბილი ატმოსფერო შეუქმნან. თუ თქვენც გამუდმებით იმაზე ზრუნავთ, რომ შვილებს მეტი სიყვარული აგრძნობინოთ, ე.ი. განსაკუთრებული დედა ხართ. სიყვარულის და სითბოს გამოხატვა ოჯახში ყოველდღიურობის ნაწილი უნდა იყოს.

9. საკუთარ თავზე ზრუნვის დავიწყება

დედების ნაწილს საკუთარ თავზე ზრუნვა ავიწყდება, რადგან მთლიანად ბავშვების გაბედნიერებაზეა ორიენტირებული. მართალია, ქალბატონები ხშირად აღნიშნავენ, რომ დედამ, პირველ რიგში, საკუთარ თავს უნდა მიხედოს, რათა შვილების გაბედნიერება შეძლოს, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში ყველაფერი ასე მარტივად არ ხდება. ქალბატონებს ძალიან უჭირთ ყოველდღიური საქმეებისთვის თავის დანებება და საკუთარ თავზე ზრუნვა. დედებს დღის განმავლობაში უამრავი საზრუნავი აქვთ, რის გამოც თავისუფალი დრო თითქმის არ რჩებათ. კარგ დედებს საკუთარი თავისთვის თითქმის არასდროს სცალიათ, ისინი ყოველთვის შვილებზე ზრუნვით არიან დაკავებულები.

8. შიში, რომ ყოველთვის იდეალური ვერ იქნები

ექსკურსიაზე მიმავალი შვილისთვის გემრიელი საგზლის მომზადებას ყველა დედა ვერ ახერხებს. კარგი დედები ყოველთვის ღელავენ, როდესაც ბავშვს სახლში გამომცხვარი ნამცხვრის ნაცვლად, მაღაზიაში ნაყიდ პროდუქტს ატანენ. ისინი ფიქრობენ, რომ სხვები ამას აუცილებლად შეამჩნევენ. კარგი დედები ცდილობენ ყველაფერი სრულყოფილად გააკეთონ, სწორედ ამიტომ, ისინი წარუმატებლობას ძალიან განიცდიან. მათთვის მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერ ვითარებაში საუკეთესოები იყვნენ.

7. შვილების მიმართ მიუკერძოებელი დამოკიდებულება

კარგი დედები ცდილობენ, რომ შვილებს სიყვარული თანაბრად გაუნაწილონ. მათ ძალიან არ მოსწონთ, როდესაც ერთ-ერთი მათგანის გამართლება უხდებათ, ხოლო მეორეს დანაშაულში ამხელენ. როდესაც ბავშვები ჩხუბობენ, კარგი დედები მათ დაპირისპირებას ყურადღებით აკვირდებიან. თუ დედა რომელიმე მათგანის მხარეს დაიჭერს, ის შემდეგ ძალიან ღელავს, ფიქრობს, რომ მიკერძოებული გადაწყვეტილება მიიღო. თუ ერთ-ერთი შვილის მხარდაჭერის გამო თქვენც დარდობთ და ფიქრობთ, რომ უსამართლოდ მოიქეცით, ე.ი. არაჩვეულებრივი დედა ხართ, რადგან თქვენთვის სამართლიანობა უმთავრესი პრინციპია.

6. ბავშვების დამოკიდებულება კომპიუტერული თამაშებისა და ტელევიზორის მიმართ

კარგი დედები ცდილობენ ბავშვებმა კომპიუტერის ან ტელევიზორის ეკრანთან რაც შეიძლება ცოტა დრო გაატარონ. თანამედროვე სამყაროში ბავშვების აღზრდისას განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო, რადგან კომპიუტერული თამაშები და სოციალური ქსელები მოზარდებში უდიდესი პოპულარობით სარგებლობს. ნებისმიერი კარგი დედა ძალიან ღელავს, როდესაც ამჩნევს, რომ მისი შვილი ტელევიზორის ან პლანშეტის ეკრანთან დიდ დროს ატარებს. ამასთან კარგ დედებს უხარიათ, როდესაც ბავშვები ეზოში თამაშობენ, წიგნს კითხულობენ ან სხვა ჯანსაღი აქტივობებით არიან დაკავებული.

5. ბავშვების განათლებაზე ზრუნვა

მშობლები ბავშვების უმაღლეს განათლებაზე ჯერ კიდევ მაშინ ღელავენ, როდესაც ისინი დაწყებითი კლასის მოსწავლეები არიან. დედები ცდილობენ შვილების ბედნიერ მომავალზე წინასწარ იზრუნონ. ისინი საუკეთესო უნივერსიტეტებს არჩევენ, რომლებიც მათი შვილების წარმატებას ხელს მნიშვნელოვნად შეუწყობს. კარგი დედები გამუდმებით იმას ცდილობენ, რომ შვილების შთაგონების წყაროდ იქცნენ და მათ საუკეთესო განათლება მისცენ.

4. ბავშვებთან ერთად დროის სასიამოვნოდ გატარება

დედები, რომლებიც სახლიდან თითქმის არ გადიან და მთელ დღეს შვილებთან ერთად ატარებენ, ხშირად ფიქრობენ, რომ ისინი პატარებს სათანადოდ ვერ ართობენ. ყოველდღიური საქმეებით დაკავებული ქალბატონები ბავშვებთან ერთად თამაშს ხშირად ვერ ახერხებენ, რის გამოც ისინი თვლიან, რომ კარგი დედები არ არიან. თუ თქვენ ყოველთვის შვილების განწყობის ამაღლებაზე ზრუნავთ და ძალიან განიცდით, როდესაც მათთან თამაშის შესაძლებლობა არ გაქვთ, ე.ი. არაჩვეულებრივი მშობელი ხართ, რადგან თქვენთვის მთავარი გამოწვევა სწორედ თქვენი შვილების გაბედნიერებაა.

3. რამდენად ჯანსაღ ხემსს მიირთმევენ ბავშვები

კარგ დედებს ყოველთვის აინტერესებთ, თუ რა სახის ხემსს მიირთმევენ მათი შვილები და დღეში რამდენჯერ უნდა მისცენ პატარებს წახემსების უფლება. შვილების ჯანსაღად გამოკვება მარტივი ნამდვილად არ არის. თქვენ სასარგებლო პროდუქტები სიფრთხილით უნდა შეარჩიოთ. ამასთან, ბავშვების გემოვნებაც უნდა გაითვალისწინოთ, რადგან ისინი ყველაფერს ერთნაირი სიამოვნებით არ მიირთმევენ. როდესაც ბავშვების ყოველდღიურ ხემსზე ღელავთ, ეს ნორმალური მოვლენაა. კარგი დედები შვილების კვებასთან დაკავშირებულ საკითხებს ყოველთვის მეტისმეტად მგრძნობიარედ ეკიდებიან.

2. ბავშვების სახლში მარტო დატოვება

კარგ დედებს ყოველთვის უჭირთ იმის გადაწყვეტა, თუ რომელი ასაკიდან უნდა დატოვონ ბავშვები სახლში მარტო. ისინი ვერ ხვდებიან, როდის არიან მათი შვილები მზად დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის. შესაძლოა, თქვენ გაიფიქროთ, რომ ბავშვებს ძიძა აღარ სჭირდებათ და მათ სახლში მარტო დარჩენაც შეუძლიათ, თუმცა რამდენიმე წამში აზრი შეიცვალოთ და საკუთარ თავს თამამი აზრების გამო გაუბრაზდეთ. თუ ასე ხშირად იქცევით, ე.ი. არაჩვეულებრივი დედა ხართ, რადგან კარგ მშობლებს შვილებთან დაკავშირებით ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღება ძალიან უჭირთ.

1. საუკეთესო დედად ყოფნის სურვილი

ზოგიერთი დედა ყველაფერზე ღელავს. ისინი შვილებისადმი გადაჭარბებული მზრუნველობით გამოირჩევიან. დედები, რომლებიც ცდილობენ საუკეთესოები იყვნენ და შვილებისთვის ყველაფერი განსაკუთრებული ემეტებათ, ნამდვილად გამორჩეულები არიან. კარგ დედებს მშვიდად ყოფნა უჭირთ. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად კარგად არის ყველაფერი, ისინი საკუთარ თავს მოდუნების უფლებას არ აძლევენ.

ჩვენ მიერ განხილული 20 მნიშვნელოვანი საკითხის შესახებ თუ ბევრს ფიქრობთ და ღელავთ, გილოცავთ, თქვენ ნამდვილად საუკეთესო დედა ხართ!

მომზადებულია ​moms.com-ის მიხედვით
თარგმნა ია ნაროუშვილმა 

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. Მოიწონეთ გვერდი Momsedu.ge - მცოდნე დედებისთვის

შეიძლება დაინტერესდეთ

„თუ ბავშვი იღებს ბოსტნეულს და ასაკის მიხედვით დღეში 800 გრამიდან ორ ლიტრამდე წყალს, ეს იგივე წვნიანი გამოდის,“ - პედიატრი თემურ მიქელაძე

პედიატრმა თემურ მიქელაძემ მშობლებს ბავშვთა კვებაში წვნიანის გამოყენებასთან დაკავშირებით საინტერესო რეკომენდაციები მისცა:

„წვნიანი ჩვენი გადმოსახედიდან არის ზოგ შემთხვევაში თერმულად სწორად დამუშავებული ბოსტნეული და ადუღებული წყალი. ზოგ შემთხვევაში არის დამატებული ხორცის წვნიანი, რომელიც ზოგჯერ არასწორად არის თერმულად დამუშავებული და მან შეიძლება მეტეორიზმის პრობლემები წარმოქმნას ბავშვებში. თუ ჩვენ ამ კონკრეტულ ინგრედიენტებს ცალკე მოვამზადებთ, მაგალითად, ცალკე მოვამზადებთ ბოსტნეულის პიურეს, იქ უფრო კარგად იქნება თერმულად დამუშავებული. ე.წ. წვნიანი სწორად უნდა შევაზავოთ საგემოვნო ნივთიერებებით, რომ ბავშვს მოეწონოს, ან მას მივაღებინოთ მომზადების პროცესში მონაწილეობა. თუ ბოსტნეული იქნება ცალკე მომზადებული და ბავშვი ასაკის მიხედვით მიიღებს 800 გრამიდან 2 ლიტრამდე წყალს, იგივე წვნიანი გამოვა.

პედიატრებს გვაქვს სპეციალური კვებითი რეჟიმები, რომლებსაც ბავშვებს ვთავაზობთ. ადრეული ასაკის ბავშვებში ოქროს სტანდარტი არის დედის რძე. ადრეულ ასაკში სწორად წარმართული ძუძუთი კვება ეპიგენეტიკურად განსაზღვრავს ბავშვმა მოზრდილობაში რა საკვები უნდა მიიღოს. ჩემი მთავარი მიზანი უნდა იყოს სწორი კვების პროპაგანდა. სწორი კვება გულისხმობს, რომ მთელი რაციონის 50% უნდა იყოს ბოსტნეული, 30% ხილი და 20% ხორცი, ხორცის პროდუქტები, ცილა, რძე, რძის პროდუქტები.

წვნიანი თერმულად სწორად უნდა დავამზადოთ. ცალკე ბოსტნეულის მომზადება თერმულად 5-7 წუთში შეიძლება. წვნიანის მომზადებისას წყალი ზოგჯერ შეიძლება 15-20 წუთის განმავლობაში ადუღო. ამ დროის განმავლობაში იქ არსებული ინგრედიენტების ბიოლოგიური ღირებულება იკარგება, არც ვიტამინი გექნებათ, არაფერი აღარ გექნებათ. დაგრჩებათ გამომშრალი უჯრედისი და წყალი. სწორი კვება იქნება წვნიანით თუ წვნიანის გარეშე, ეს არანაირ პრობლემას არ ქმნის. ჩემი სამი შვილი არ იღებს ამ წვნიანს. ზოგჯერ შეიძლება თვითონაც მოუნდეთ და თვეში ერთხელ სპეციალურად მოვუმზადოთ. ბებიები განსაკუთრებით კარგად ამზადებენ წვნიანებს. ახალი თაობის მშობლები მეტ-ნაკლებად ვეღარ ამზადებენ ამ წვნიანებს. მის მომზადებას დიდი დრო სჭირდება. ზოგჯერ ერთი ულუფის მომზადებას 2 საათამდე დრო უნდა. ყოველდღე ამის გაკეთება, როდესაც სწორად გააკეთებ, არ არის მარტივი. თვეში ერთხელ წვნიანის მიღება ნორმალურია იმ შემთხვევაში, თუ ბავშვები იღებენ 2 ლიტრამდე წყალს და ბოსტნეულს. ტერმინი „წვნიანი“ ბავშვთა კვებაში არ არსებობს. თუ მშობელს უნდა, თუ ბავშვს მოსწონს, რა თქმა უნდა, უნდა მიიღოს. თუ ბავშვს არ მოსწონს, მაგრამ მშობელს უნდა, რომ მაინცდამაინც მიაღებინოს წვნიანი, თუ სჯერა, რომ წვნიანით მოგვარდება გასტროენტეროლოგიური პრობლემები (არ მოგვარდება, მაგრამ მაინც), ბავშვსაც უნდა მიაღებინოს მის მომზადებაში მონაწილეობა. ბებიებმა მშვენივრად იციან, როდის დაამატონ მწვანილი, ბულგარული წიწაკა, კარტოფილი, სტაფილო. წვნიანი მარტივი მოსამზადებელი არ არის. უნდა იცოდეთ, კონკრეტულ ბოსტნეულს მომზადების რა ტემპერატურული რეჟიმი აქვს,“ - მოცემულ საკითხზე თემურ მიქელაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო:​ „იმედის დღე“ 

წაიკითხეთ სრულად