Baby Bag

დიასახლისი დედები დასაქმებულ დედებთან შედარებით უფრო დეპრესიულები, ბრაზიანები და სევდიანები არიან

დიასახლისი დედები დასაქმებულ დედებთან შედარებით უფრო დეპრესიულები, ბრაზიანები და სევდიანები არიან

დედებს, რომლებიც არ მუშაობენ და მთელ დღეს ბავშვებს უთმობენ, უამრავ გამოწვევასა და სირთულესთან უხდებათ გამკლავება. უახლესი კვლევებით დგინდება, რომ უმუშევარ დედებს დასაქმებულ დედებთან შედარებით დეპრესია უფრო ხშირად ემართებათ. 60 000-მდე ქალის გამოკითხვის შედეგებმა აჩვენა, რომ დიასახლისი დედების 28 %-ს დეპრესია აწუხებდა, ხოლო დასაქმებულ დედებს შორის მსგავსი პრობლემა მხოლოდ 17 %-ს ჰქონდა.

მთელი დღის მანძილზე ბავშვებზე ზრუნვით დაკავებული ქალბატონების 41 % აღნიშნავდა, რომ ისინი ხშირად ღელავდნენ და დარდობდნენ, მაშინ როდესაც მსგავსი პრობლემა დასაქმებული დედების მხოლოდ 34 %-ს ჰქონდა.

დიასახლის დედებად ის ქალბატონები ითვლებიან, რომლებსაც სამსახური არ აქვთ და რომლებიც მთელ დღეს 18 წლამდე ასაკის შვილებთან ერთად სახლში ატარებენ. დასაქმებულ დედებად კი იმ ქალბატონებს მოიხსენიებენ, რომლებსაც 18 წლამდე ასაკის შვილი ჰყავთ და ამავდროულად სამსახურიც აქვთ. რატომ არიან უმუშევარი დედები დეპრესიულები და მოწყენილები? ზრდასრული ადამიანების უდიდესი ნაწილი მზად არ არის იმ გამოწვევებთან გასამკლავებლად, რომლებიც მათ ცხოვრებაში ბავშვის გაჩენის შემდეგ ჩნდება. როდესაც ქალი ბავშვს აჩენს, მისი სოციალური სტატუსი, მატერიალური მდგომარეობა და ყოველდღიური ცხოვრება რადიკალურად იცვლება.

დედას შვილის გაჩენა უზომოდ აბედნიერებს, თუმცა მის ცხოვრებაში ამ მნიშვნელოვან ფაქტს გარკვეული დანაკარგიც ახლავს. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც სახლში მყოფი დედები დეპრესიულები არიან, აღიარებისა და თვითრეალიზაციის მოთხოვნილებაა. ისინი ვერ გრძნობენ, რომ სათანადოდ დაფასებულები არიან. გარშემომყოფები დიასახლისი დედების მძიმე შრომას ხშირად ვერც კი ამჩნევენ. სახლში დარჩენილი დედები, რომლებიც დღის განმავლობაში უამრავ საქმეს აკეთებენ, გაწეული შრომისთვის ანაზღაურებას არ იღებენ. ისინი წელიწადში 365 დღეს შრომაში ატარებენ. დიასახლისი დედებისთვის შვებულება არ არსებობს. კიდევ ერთი ასპექტი, რომელიც სახლში შვილებთან ერთად მყოფი ქალბატონების განრისხებას იწვევს, იზოლაციაა. დიასახლის დედებს მეგობრებთან ურთიერთობის შენარჩუნება ძალიან უჭირთ, რადგან ისინი მთლიანად შვილების აღზრდაზე არიან ორიენტირებულები.

დიასახლისი დედები ხშირად აღნიშნავენ, რომ ისინი ისეთ ადამიანებთან მეგობრობენ, რომლებთანაც საერთო არაფერი აქვთ, გარდა ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებული საკითხებისა. შესაძლოა, რამდენიმე დღე ისე გავიდეს, რომ დიასახლის დედებს ზრდასრულ ადამიანებთან კომუნიკაციის შესაძლებლობა საერთოდ არ მიეცეთ. ბავშვებთან ურთიერთობა საოცრად სახალისოა, თუმცა ქალბატონებს მეგობრებთან კომუნიკაცია აუცილებლად სჭირდებათ.

დიასახლის დედებს სახლში შესრულებული სამუშაოს ყოველდღიური აღწერა თვითშეფასების ამაღლებაში დაეხმარება. თუ მთელ დღეს ბავშვებთან ერთად ატარებთ და სახლის მოწესრიგებაზე ზრუნავთ, მეუღლეს თქვენი ყოველდღიური საზრუნავისა და სირთულეების შესახებ ხშირად ესაუბრეთ, რათა მისგან მხარდაჭერა იგრძნოთ.

დედებმა აუცილებლად უნდა გამონახონ დრო საკუთარი თავისთვის, გაწევრიანდნენ ახლომდებარე ბიბლიოთეკაში, დაიწყონ რომელიმე ენის შესწავლა, იარონ კულინარიის კურსებზე. სოციალური და ინტელექტუალური სტიმულაცია ქალბატონების ცხოვრებას მნიშვნელოვნად გაახალისებს.

მართალია, დიასახლის დედებს დეპრესია ხშირად უტევთ, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ სახლში ყოფნა ყველა ქალბატონისთვის თანაბრად დამთრგუნველია. ბევრ მათგანს დიასახლისობა ძალიან ახალისებს და შვილების აღზრდა ყველაზე საინტერესო საქმედ მიაჩნია. დედები, რომლებიც პირველ ადგილზე ოჯახს აყენებენ, ხშირად კარიერაზე უარს ამბობენ და სახლში დარჩენის გადაწყვეტილებას თავად იღებენ.

მომზადებულია Metroparent.com-ის მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, დედებისთვის შექმნა ახალი სივრცე. მოიწონეთ გვერდი მცოდნე დედები

შეიძლება დაინტერესდეთ

„ჩვილები დაიღუპნენ ასეთი გელის ძალიან ინტენსიური მოხმარების შემდეგ, ამიტომ FDA არ უწევს რეკომენდაციას კბილების ამოჭრისას მსგავსი გელების გამოყენებას,“- ბავშვთა სტომატოლოგი სოფო სამხარაძე

ბავშვთა სტომატოლოგმა სოფო სამხარაძემ კბილების ამოჭრისას ღრძილების დამამშვიდებელი, ტკივილგამაყუჩებლების შემცველი გელების გამოყენების მიზანშეუწონლობასა და გვერდით ეფექტებზე ისაუბრა:

„არ არსებობს მტკიცებულება, რომ რომელიმე კვებასთან დაკავშირებით უფრო მარტივად ხდება კბილების ამოჭრა. აქვე დავამატებ, ამ პროცესთან დაკავშირებით ძალიან ბევრი გელი არსებობდა და იყიდებოდა. უმეტესობა ეს გელები შეიცავს ტკივილგამაყუჩებელს. ინსტრუქციაში მითითებულია, რომ გამოყენება შეიძლებოდა 2-ჯერ, მაქსიმუმ 3-ჯერ. ამას მშობლები დიდად არ აქცევდნენ ყურადღებას. თითოეულ წამოტირებაზე ხდებოდა აპლიკაცია. ჩვენ ვიცით, რომ პირის ღრუს ლორწოვანი გარსიდან ძალიან აქტიურად იწოვება ნებისმიერი მედიკამენტი. იყო შემთხვევები, როდესაც მაქსიმალურ ტოქსიურ დოზას მიაღწიეს და რიგ შემთხვევებში ძალიან სამწუხარო, სავალალო შედეგებით დასრულდა ასეთი გელების გამოყენება.

ჩვილები დაიღუპნენ ასეთი გელის ძალიან ინტენსიური მოხმარების შემდეგ, ამიტომ საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ შოირს FDA არ უწევს რეკომენდაციას მსგავსი ტკივილგამაყუჩებლების შემცველი გელების გამოყენებას, რომელიც ეხმარება პატარას კბილების ამოჭრის შემთხვევაში. სჯობს გამოვიყენოთ მოსაქავებელი საშუალებები, რომლის დაჭერასაც თვითონ შეძლებს და გაიადვილებს ამ პროცესს,“- მოცემულ საკითხზე სოფო სამხარაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო:​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“


წაიკითხეთ სრულად