Baby Bag

7 შოკისმომგვრელი ფაქტი საბავშვო საფენების შესახებ

7 შოკისმომგვრელი ფაქტი საბავშვო საფენების შესახებ

თანამედროვე დედებისთვის საბავშვო საფენები ერთ-ერთ ყველაზე საჭირო და აუცილებელ ჰიგიენურ საშუალებას წარმოადგენს, რომლის გარეშე ბავშვზე ზრუნვა ყველასთვის რთული წარმოსადგენია. მიუხედავად იმისა, რომ საბავშვო საფენებს პატარები ყოველდღიურად იყენებენ, მშობლებმა მათ შესახებ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი რამ არ იციან. ჩვენს სტატიაში საბავშვო საფენებზე 7 შოკისმომგვრელ ფაქტს გაგაცნობთ, რომლის შესახებ ჯერ არაფერი გსმენიათ.

  • 1.საბავშვო საფენები გარემოს აბინძურებს

დაუჯერებელია, მაგრამ ერთჯერადი საბავშვო საფენები ნაგავსაყრელებზე ტერიტორიის უდიდეს ნაწილს იკავებს. ცნობილია ისიც, რომ ჩვილების 90 %-თან მშობლები სწორედ ერთჯერად საბავშვო საფენს იყენებენ. როდესაც საბავშვო საფენი ნაგავსაყრელზე ხვდება, მის გახრწნას 200-300 წელი სჭირდება, რის გამოც ის გარემოში ძალიან დიდხანს რჩება. სწორედ ამიტომ საბავშვო საფენები გარემოს სერიოზულ დამაბინძურებლად არის მიჩნეული. 24 საათის განმავლობაში ჩვილებს, საშუალოდ, 5-8 ერთჯერადი საფენის გამოცვლა სჭირდებათ. ერთჯერადი საფენების უმრავლესობა ქიმიურ ნივთიერებას, პოლიმერს შეიცავს, რომელიც ზოგადად უსაფრთხოა, მაგრამ თუ ბავშვს საფენს დიდი ხნის განმავლობაში არ გამოუცვლით, პოლიმერს მისი სათუთი კანის დაზიანება შეუძლია.

  • 2.საბავშვო საფენი ინფექციებს და კანის გამონაყარს იწვევს

ბავშვის, განსაკუთრებით კი ახალშობილის, კანი ძალიან მგრძნობიარეა. საფენების გამოყენების დროს კანზე გამონაყარი ხშირად ჩნდება. მშობლები თვლიან, რომ საბავშვო საფენების გარკვეული ნაწილი კანს არ აზიანებს, თუმცა ეს შეცდომაა. ნებისმიერი ტიპის საფენი ჩვილის კანისთვის საზიანოა. თუ ბავშვს საფენს დიდხანს არ გამოუცვლით, ან მისი სისველე გამოგეპარებათ, კანზე გამონაყარი აუცილებლად გაჩნდება. ქიმიური ნაერთები, რომლებიც საფენებს გამოჟონვისგან იცავს, ჰაერს აკავებს, რის გამოც ბავშვის კანი სველ და უჰაერო გარემოში დიდხანს რჩება, რაც ინფექციის გავრცელების რისკებს ზრდის.

  • 3.საბავშვო საფენი ძალიან ძვირადღირებული პროდუქტია

საშუალოდ, ერთი ბავშვი ცხოვრების პირველი წლების მანძილზე 6000-მდე საფენის გამოცვლას საჭიროებს. თუ ერთი საფენის ფასს გავითვალისწინებთ, ჯამში მშობლებს შვილის ჰიგიენაზე ზრუნვა საკმაოდ ძვირი უჯდებათ. განსაკუთრებით დიდ თანხებს ის მშობლები ხარჯავენ, რომლებიც ერთჯერად საფენებს ყიდულობენ. მრავალჯერადი საფენები, როგორც წესი, უფრო ნაკლებ დანახარჯს საჭიროებს.

  • 4.საბავშვო საფენი მიჩვევას იწვევს

ბავშვის საფენისადმი დამოკიდებულებასთან ბრძოლა მშობლებისთვის ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამოწვევას წარმოადგენს. კვლევებით დგინდება, რომ ბავშვები, რომლებიც ერთჯერად საფენებს იყენებდნენ, გაცილებით რთულად ახერხებენ მათგან გათავისუფლებას, ვიდრე ის პატარები, რომლებიც მრავალჯერად საფენებში გაიზარდნენ.

  • 5.საბავშვო საფენები ნაგავსაყრელზე ფეკალიებთან ერთად ხვდება

საბავშვო საფენების მწარმოებლები მშობლებს ურჩევენ, რომ ბავშვის ფეკალიური მასები საფენს მოაშორონ და გამოყენებული საფენები ნაგავსაყრელზე გადაყარონ, თუმცა მშობლების 99 % საფენებს ნაგავსაყრელზე ფეკალიებთან ერთად ყრის. უფროსებს ხშირად ავიწყდებათ, რომ ფეკალიური მასების ადგილი საკანალიზაციო მილებშია და არა ნაგავსაყრელზე.

  • 6.საბავშვო საფენს მრავალმხრივი გამოყენება აქვს

საბავშვო საფენს სითხის შეწოვის საოცარი უნარი აქვს, რის გამოც მისი გამოყენება მრავალმხრივად შეგიძლიათ. თუ ონკანი წვეთავს, შეკეთებამდე შეგიძლიათ მას საბავშვო საფენი შემოახვიოთ, რათა იატაკი არ დაგისველდეთ. დიასახლისები სითხით დასველებულ სასადილო მაგიდას საფენის შიდა ზედაპირით ხშირად წმენდენ. შეგიძლიათ, საბავშვო საფენები იმ მცენარეების გასაზრდელად გამოიყენოთ, რომლებსაც წყლის ხანგრძლივად შეკავება ესაჭიროებათ.

  • 7.მშობლებს ავიწყდებათ, რომ ბავშვებს საფენი 24 საათის მანძილზე არ უნდა ეკეთოთ

საბავშვო საფენების გამოყენება მშობლებისთვის იმდენად კომფორტულია, რომ ისინი ბავშვის კანს სუნთქვის შესაძლებლობას აღარ აძლევენ. მართალია, უფროსები პატარებს საფენებს დღის განმავლობაში რამდენჯერმე უცვლიან, რაც კანს გაღიზიანებისგან იცავს, თუმცა აუცილებელია, რომ დღის განმავლობაში რამდენიმე საათით ბავშვს საფენის გარეშე ყოფნის შესაძლებლობა მივცეთ, რათა მისი მგრძნობიარე კანი ინფექციის განვითარებისა და გამონაყარისგან დავიცვათ.

მომზადებულია ​Parentcircle.com-ის მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა

 

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, დედებისთვის შექმნა ახალი სივრცე. მოიწონეთ გვერდი მცოდნე დედები

შეიძლება დაინტერესდეთ

„არავითარ შემთხვევაში ბავშვს არ უნდა უთხრათ, რომ თოვლის ბაბუა არ არსებობს,“ - ლევან წულაძე

„არავითარ შემთხვევაში ბავშვს არ უნდა უთხრათ, რომ თოვლის ბაბუა არ არსებობს,“ - ლევან წულაძე

რეჟისორმა ლევან წულაძემ მშობლებს ურჩია, ბავშვებს არ უთხრან, რომ თოვლის ბაბუა არ არსებობს:

„არავითარ შემთხვევაში ბავშვს არ უნდა უთხრათ, რომ თოვლის ბაბუა არ არსებობს. ეს ძალიან დიდი სტრესია ბავშვისთვის. 27 წლამდე ნუ შევინახავთ საიდუმლოს, მაგრამ თვითონ გაიგებს აუცილებლად და ისიც ეყოფა, რომ ტკივილი უნდა გადაიტანოს შემდეგ.“

ლევან წულაძის თქმით, მან რთულად გადაიტანა თოვლის ბაბუის შესახებ სიმართლის გაგება:

„შემთხვევით გავიგონე, რომ ტანსაცმელი, რომელიც მეგონა, რომ თოვლის ბაბუამ მაჩუქა, დედაჩემმა და მამაჩემმა მიყიდეს. მახსოვს, რომ ეს ამბავი ძალიან მძიმედ გადავიტანე. ეს ტრადიცია თავისით მოკვდება, თუ მოსაკვდომია. ​სანამ ბავშვებს ექნებათ ნორმალური ბავშვობა, იქნება ეს ტრადიცია. როდესაც ეს ყველაფერი დაინგრევა, ჩემდა სამწუხაროდ და ბავშვების სამწუხაროდ, აღარ იქნება.“

„მე თვითონ ვიყავი თოვლის ბაბუა. მომიტანეს თოვლის ბაბუის ფორმა, რომელიც იყო ძალიან პატარა, ჰქონდა ცუდი წვერი, ჩალის და არაბუნებრივი. რომ გამოვედი, ბავშვებო, ახალ წელს გილოცავთ-მეთქი, ტირილი დაიწყეს და გაიქცნენ. იმის მერე მთელი წელი ვაშინებდით, ჭამე ჩქარა ფაფა, თორემ თოვლის ბაბუა მოვა-თქო,“ - აღნიშნულ საკითხზე ლევან წულაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „უიქენდი“ ისაუბრა.

წყარო: ​„უიქენდი“

წაიკითხეთ სრულად