Baby Bag

ცრემლების ხშირად შეკავება გულის პრობლემებს და დიაბეტს იწვევს

ცრემლების ხშირად შეკავება გულის პრობლემებს და დიაბეტს იწვევს

ადამიანებს ტირილი ხშირად უხერხულ ვითარებაში უნდებათ. პაემანზე ან სამსახურში ყოფნის დროს ცრემლების დაღვრა არავის უნდა. ტირილის სამომავლოდ გადადება კი რთული საქმეა. რა ემართება ადამიანის ორგანიზმს, როდესაც მას ცრემლების შეკავება უწევს?

ტირილი ზედმეტი სტრესისგან გათავისუფლებაში გეხმარებათ. როდესაც თვალზე მომდგარ ცრემლებს იკავებთ, ტვინი თირკმელზედა ჯირკვალს სიგნალს აწვდის, რომ მან ადრენალინი და სტრესის ჰორმონი, კორტიზოლი გამოიმუშავოს. აღნიშნული ჰორმონების ჭარბი დოზით გამოყოფის შემდეგ თქვენი გულისცემა და სისხლის მიმოქცევა ჩქარდება. სწორედ ამიტომ გაქვთ გულ-მკერდის არეში სიმძიმის შეგრძნება, როდესაც საკუთარ თავს ცრემლების შეკავებას აიძულებთ. ამ დროს სუნთქვაც გიძნელდებათ. შესაძლოა, ტირილისგან თავშეკავებამ თქვენს მადაზეც მოახდინოს ზეგავლენა და სისხლში შაქრის დონეც შეცვალოს.

ემოციის შეზღუდვა (ამ შემთხვევაში ფრუსტრაციისა და სევდის განცდის) მას კიდევ უფრო აძლიერებს. გარკვეული დროის შემდეგ თქვენ თავს უარესად იგრძნობთ. შესაძლოა, იფიქროთ, რომ ყურადღების გადატანას ახერხებთ, ამ დროს კი სტრესი მატულობს. ცხადია, ცრემლების ერთხელ ან ორჯერ შეკავება თქვენს ორგანიზმს სერიოზულ ზიანს ვერ მიაყენებს. სამსახურში უფროსის წინ აცრემლება თქვენთვის ძალიან უხერხული იქნება. ამ შემთხვევაში, შეგიძლიათ თავს უფლება მისცეთ, რომ არ ატირდეთ. ცრემლების ხშირად შეკავებას კი ნამდვილად არ გირჩევთ. როდესაც რეგულარულად ძალადობთ საკუთარ ემოციებზე, ორგანიზმის რეაქცია სტრესზე ორმაგდება. ცრემლების ხშირად შეკავება გაღიზიანებას, უძილობას და შფოთვით აშლილობას იწვევს. თუ ემოციებს გამუდმებით მალავთ და ტირილს ყოველთვის ერიდებით, შესაძლოა, მაღალმა წნევამ, გულის პრობლემებმა და დიაბეტმა შეგაწუხოთ.

ტირილის ხასიათზე თუ ხართ, თავს ნუ შეიკავებთ, ცრემლები აუცილებლად დაღვარეთ. თუ სამსახურში ან საქმიან შეხვედრაზე ხართ და ტირილს ვერ ახერხებთ, შეგიძლიათ, ჭარბი ემოციებისგან მოგვიანებით გათავისუფლდეთ. სახლში მისვლის შემდეგ დრამატულ ფილმს უყურეთ, რომელიც აგატირებთ და სიმძიმის მოხსნაში დაგეხმარებათ.

რა თქმა უნდა, ყოველდღიურად ინტენსიურად ვერ იტირებთ, თუმცა სტრესთან გამკლავების მეთოდებს თუ ისწავლით, ტირილის მოთხოვნილება ნაკლებად შეგაწუხებთ. ცუდ განწყობაზე ყოფნის დროს თანამშრომელთან ჩხუბი ან ნივთების მსხვრევა სწორი გადაწყვეტილება ნამდვილად არ არის. სტრესის დაძლევის ეფექტიანი ტექნიკების შესახებ ინფორმაციის მოძიება სცადეთ. როდესაც თავს დამძიმებულად იგრძნობთ, გარეთ გადით და ბუნებაში გაისეირნეთ, თქვენი ემოციები მეგობარს გაუზიარეთ, მუსიკას მოუსმინეთ. ერთ-ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ სტრესულ ვითარებაში სევდიანი მუსიკის მოსმენა განწყობის გაუმჯობესებაში გეხმარებათ.

მართალია, ტირილი კათარზისის განცდაში ძალიან გიწყობთ ხელს, მაგრამ ის სტრესისგან გათავისუფლების ერთადერთი გზა ნამდვილად არ არის. მიუხედავად ამისა, აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ ტირილზე უარის თქმა თქვენს ორგანიზმზე ნეგატიურად აისახება. როდესაც ცრემლები მოგაწვებათ, აუცილებლად იტირეთ. გახსოვდეთ, რომ ამით თქვენს ჯანმრთელობას უფრთხილდებით.

მომზადებულია ​shape.com-ის მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, დედებისთვის შექმნა ახალი სივრცე. მოიწონეთ გვერდი მცოდნე დედები

შეიძლება დაინტერესდეთ

„ჩვენ უბრალოდ ერთად ყოფნა გვსურს,“ - კიევში უკრაინელმა წყვილმა ომის დროს დაქორწინება გადაწყვიტა

„ჩვენ უბრალოდ ერთად ყოფნა გვსურს,“ - კიევში უკრაინელმა წყვილმა ომის დროს დაქორწინება გადაწყვიტა

რუსეთის უკრაინაში შეჭრის დღეებში ჩატარებული საქორწინო ცერემონია უკრაინელი წყვილის საოცნებო ქორწილისგან ძალიან განსხვავდებოდა, თუმცა მათ დაძაბული ვითარების ფონზე სასწრაფოდ დაქორწინება გადაწყვიტეს. ქორწილის დღეს ქალაქში განგაშის სიგნალის ხმა ისმოდა. მიუხედავად ამისა იარინა არიევა და სვიატოსლავ ფურსინი მაინც დაქორწინდნენ.

„ეს ძალიან საშიში იყო. შენი ცხოვრების ყველაზე ბედნიერ დღეს ქუჩაში გადიხარ და განგაშის ხმა გესმის,“- აღნიშნა იარინა არიევამ.

წყვილს ქორწილი მაისში ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა მათი გეგმები ომის დაწყებამ შეცვალა. გაურკვეველი მომავლის შიშით, შეყვარებულებმა სასწრაფოდ დაქორწინება გადაწყვიტეს.

„ვითარება ძალიან რთულია. ჩვენ ჩვენი მიწისთვის ვიბრძოლებთ. შესაძლოა, ჩვენ დავიღუპოთ. მანამდე კი უბრალოდ ერთად ყოფნა გვსურს. იქნებ რუსეთი გავიდეს ჩვენი ქვეყნიდან და ჩვენი ქორწინება ნორმალურად ავღნიშნოთ. დიდი იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება და უსაფრთხო, ბედნიერ ქვეყანაში ვიცხოვრებთ რუსების გარეშე,“- განაცხადა არინა არიევამ.

წყარო: ​edition.cnn.com

წაიკითხეთ სრულად