Baby Bag

თუ ბავშვი ყველაფერში გეწინააღმდეგებათ და აკრძალვებს არ ემორჩილება, პირველ რიგში, მისი ნეგატიური ქცევის მიზეზი დაადგინეთ

თუ ბავშვი ყველაფერში გეწინააღმდეგებათ და აკრძალვებს არ ემორჩილება, პირველ რიგში, მისი ნეგატიური ქცევის მიზეზი დაადგინეთ

ორი წლის შვილს ეუბნებით, რომ მოგიახლოვდეთ, ის უარის ნიშნად თავს იქნევს და გეუბნებათ, რომ თქვენთან არ მოვა. 18 თვის ბავშვს თხოვთ, რომ კაბინეტის კარი არ გააღოს, ის თვალებში გიყურებთ და მაშინვე აღებს კაბინეტის კარს. როდესაც შვილთან ურთიერთობაში მსგავსი გამოწვევების წინაშე დგებით, დაიმახსოვრეთ:

  • ყველა ბავშვი გადის განვითარების ეტაპებს, რომლებთან გამკლავება მშობლებს ხშირად ძალიან უჭირთ.
  • 2 წლამდე ასაკის ბავშვებს უყვართ თქვენს დარიგებებზე უარის თქმა და ყველაფრის საკუთარი სურვილისამებრ კეთება.
  • ბავშვმა უარის თმა აუცილებლად უნდა ისწავლოს, რათა მომავალში საჭიროების შემთხვევაში თქვას „არა.“

მცირეწლოვანი ბავშვები ფიქრს ნელ-ნელა სწავლობენ. მათ საკუთარი აზრები და იდეები აქვთ. პატარებს უყვართ, როდესაც ყველაფერს თავიანთი სურვილის მიხედვით აკეთებენ. მათ უკვე იციან უარის თქმა და ფიზიკური წინააღმდეგობის გაწევა, როდესაც რაღაცის გაკეთება არ სურთ. მცირეწლოვან ბავშვებს არ შეუძლიათ იმის გააზრება, რა გავლენას ახდენს მათი ქცევა სხვაზე, ისინი ვერ აღიქვამენ საფრთხეს და მოქმედებამდე არასდროს ფიქრობენ.

ბავშვმა დამოუკიდებლობა და თავისუფლება უნდა ისწავლოს. ჩვენ მოგვწონს, როდესაც ჩვენი ზრდასრული შვილები საკუთარი იდეების დასაცავად იბრძვიან. მშობლებმა, პირველ რიგში, ბავშვის უსაფრთხოებაზე უნდა იზრუნონ. შვილს სხვების საჭიროებებისა და მოთხოვნილებების შესახებ ინფორმაცია ნელ-ნელა მიაწოდეთ. ბავშვს ასწავლეთ, როგორ თქვას არა მისაღები ფორმით.

ბავშვები მშობლებს წინააღმდეგობას სხვადასხვა ფორმით უწევენ:

  • ისინი მშობლის მოთხოვნას უარყოფენ და მას არაფერში ეთანხმებიან
  • ყოველთვის იმის საწინააღმდეგოს აკეთებენ, რასაც მათგან მოელით
  • მშობლების მოთხოვნას უგულებელყოფენ
  • მშობელს უარყოფენ და სხვასთან მიდიან
  • ჩახუტების და კოცნის სურვილის დროს ხელს გკრავენ
  • მშობლისგან გარბიან
  • ქუჩაში გადიან ან სხვა საფრთხის შემცველ ადგილებს სტუმრობენ
  • აკეთებენ ისეთ რამეს, რისი გაკეთებაც მშობელმა აუკრძალა

აღნიშნული წინააღმდეგობების გამოვლენა ბავშვებში ერთი წლის ასაკიდან იწყება და ორ წლამდე აქტიურად გრძელდება. ამ ასაკში ბავშვებმა სიტყვები კარგად არ იციან. ისინი ხშირად ვერ იგებენ მშობლების მოთხოვნას და ვერც საკუთარ სურვილებს გამოხატავენ ვერბალურად.

ბავშვი სამიდან ხუთ წლამდე ასაკში ნელ-ნელა უახლოვდება მშობელს და მასთან თანამშრომლობას იწყებს. ისინი უკეთესად აზროვნებენ და მეხსიერებაც უფრო განვითარებული აქვთ. ბავშვები ემოციებისა და ქცევების გაკონტროლებას სწავლობენ. მათ უფროსების მოლოდინებიც უკეთ ესმით.

ბავშვს თქვენი თხოვნისა და მოთხოვნისადმი ნეგატიური დამოკიდებულების შეცვლას ვერ აიძულებთ. გირჩევთ, ბავშვი ზედმეტ სტრესს მოარიდოთ, რადგან ის სტრესულ ვითარებაში უფრო ნეგატიური ემოციებით ივსება და მისი ქცევაც უარესდება. შესაძლოა, ბავშვი დაღლილი და მშიერი იყოს, რის გამოც ნეგატიურად იქცეოდეს. პატარა ყოველთვის დროულად უნდა დააძინოთ და დღის განმავლობაში რამდენჯემრე სრულფასოვნად გამოკვებოთ. ბავშვები მაშინაც ადვილად ღიზიანდებიან, როდესაც გარემოს იცვლიან. თუ ბავშვი ახალ ბაღში გადადის, მისი ქცევის გაკონტროლებას ნუ ეცდებით. შვილს დრო მიეცით, რომ ცვლილებებს შეეგუოს. შესაძლოა, მისი ნეგატიური ქცევა მალე თავადვე გამოსწორდეს. ბავშვის წინააღმდეგობრივი ქცევა ზოგჯერ მოწყენილობის ბრალია. თუ პატარა მოწყენილია, ახალი სათამაშო ან თავგადასავალი აჩუქეთ. თუ ბავშვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, ის განსაკუთრებით ნეგატიურ განწყობაზე დგება. ასეთ დროს მის მიმართ გამგებიანი და მომთმენი უნდა იყოთ.

ბავშვის ნეგატიური ქცევა ზოგჯერ მისი ან სხვების სიცოცხლისთვის, შესაძლოა, სახიფათოც იყოს. პირველ რიგში, ბავშვის და გარშემომყოფების უსაფრთხოებაზე უნდა იფიქროთ. როდესაც საფრთხე არსებობს, ბავშვს უფლება არ მისცეთ თავისი გაიტანოს. შვილს გარკვევით უთხარით: „მესმის, რომ თოჯინა გინდა, მაგრამ ამის გამო შენს დას არ უნდა დაარტყა, დარტყმა მტკივნეულია,“ ან „ვიცი, რომ სირბილი კარგია, მაგრამ ქუჩაში სირბილის ნებას ვერ მოგცემ, რაგან მანქანები დადიან და შესაძლოა, დაგეჯახონ.“

ბავშვთან თანამშრომლობა პრობლემის მოგვარებაში ყველაზე მეტად დაგეხმარებათ:

  • ბავშვს თხოვნით მიმართეთ და არ უბრძანოთ, მაგ. „შეგიძლია, წიგნი მომაწოდო?“ და არა - „წიგნი მომაწოდე!“
  • ბავშვს კონკრეტული დავალება მიეცით: „კუბიკები თაროზე დავაწყოთ!“ და არა - „სათამაშოები აიღე!“
  • ნაცვლად იმისა რომ ბავშვს რაიმეს გაკეთება აუკრძალოთ, აუხსენით რა უნდა გააკეთოს. ნუ ეტყვით, რომ კატას უხეშად არ შეეხოს, ამის ნაცვლად უთხარით, რომ მას ნაზად მოეფეროს.
  • ბავშვს ისეთი მოთხოვნები წაუყენეთ, რომლის შესრულება მას შეუძლია. თუ მისგან თოჯინის დათმობას მოითხოვთ, სანაცვლოდ სხვა თოჯინა შესთავაზეთ. ბავშვს ნუ მოთხოვთ თოჯინის უსასყიდლოდ დათმობას.
  • ბავშვს ემოციების გამოსახატვა სიტყვიერად უნდა ასწავლოთ. თუ ის მაღაზიაში ტირილს დაიწყებს, გარეთ გამოიყვანეთ და უთხარით: „შენ იმიტომ ტირიხარ, რომ ორცხობილა გინდოდა და ვერ მიიღე.“ შვილს აუხსენით, რომ თუ სხვისთვის ნივთის დათმობა არ სურს, აგრესიული ქცევის გამოვლენის ნაცვლად უნდა თქვას: „ეს ჩემია.“
  • ყოველთვის თანმიმდევრული იყავით. თუ ერთ დღეს ბავშვს სათამაშოების დალაგებას თხოვთ, მეორე დღეს კი ასე არ მოიქცევით, ის ვერ გაიგებს, რა გსურთ მისგან.

შვილის ქცევის გამოსწორება თუ გსურთ, პირველ რიგში, საკუთარ თავზე უნდა იზრუნოთ:

  • მოვლენებს გარედან შეხედეთ. თქვენი შვილი რომ სხვისი ბავშვი ყოფილიყო, გაცხარდებოდით თუ არა მის ამგვარ ქცევაზე?
  • გაბრაზების ნაცვლად, დაფიქრდით, რატომ იქცევა ბავშვი ასე.
  • სტრესის შესამცირებლად, ბავშვი მცირე ხნით ვინმეს დაუტოვეთ, შხაპი მიიღეთ ან გაისეირნეთ.
  • თუ გრძნობთ, რომ მეტის ატანა აღარ შეგიძლიათ, ოჯახის წევრებისგან დახმარება ითხოვეთ.

დახმარებისთვის პროფესიონალს მიმართეთ, თუ:

  • ბავშვის ქცევა დროსთან ერთად უარესდება და თქვენი მოთმინებაც ამოიწურა.
  • ბავშვი გამუდმებით მოწყენილი ან გაღიზიანებულია.
  • 15-20 წუთის განმავლობაში ბავშვი საკუთარ ქცევაზე კონტროლის დაბრუნებას ვერ ახერხებს.

პროფესიონალის დახმარებით ბავშვის ნეგატიური ქცევის გამოსწორებას აუცილებლად შეძლებთ.

მომზადებულია ​extension.illinois.edu -ს მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, დედებისთვის შექმნა ახალი სივრცე. მოიწონეთ გვერდი მცოდნე დედები

შეიძლება დაინტერესდეთ

„როდესაც ბავშვი ცუდად იქცევა, რაღაც ეტაპზე ქცევა უნდა დაიგნორდეს და ადამიანზე გადავიდეს ყურადღება,“ - მარინა კაჭარავა

„როდესაც ბავშვი ცუდად იქცევა, რაღაც ეტაპზე ქცევა უნდა დაიგნორდეს და ადამიანზე გადავიდეს ყურადღება,“ - მარინა კაჭარავა

ფსიქოლოგმა მარინა კაჭარავამ მშობლის მხრიდან ბავშვის აღიარების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბავშვის თვითშეფასებისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია:

“თუ ადამიანი მშობლების გულს ვერ მოიგებს, მას განცდაში აქვს, რომ ვერასდროს ვერავის გულს ვერ მოიგებს. თუ მან ეს არ გააცნობიერა და არ შეცვალა, ძალიან ბევრს წვალობს. თვითშეფასება ყალიბდება ჩვენი დაცინვით, ხუმრობით, ნეგატიური შეფასებებით. ​ადრე იყო ასე, რომ არ უნდა აქო შვილი. იყო ასეთი დამოკიდებულება, რომ გაფუჭდება, თავში აუვარდება. პიროვნების ქება არ არის საჭირო. პიროვნება უნდა მივიღოთ ისეთი, როგორიც არის. პატივი უნდა ვცეთ მას. შენ ჩემთვის ხარ ძალიან ძვირფასი. როდესაც კარგად იქცევი, ამას აღვნიშნავ. როდესაც ცუდად იქცევი, ამასაც აღვნიშნავ.“

მარინა კაჭარავას თქმით, ბავშვი კარგი ქცევის შემთხვევაში აუცილებლად უნდა წავახალისოთ:

„კარგი მოქცევის შემთხვევაში ბავშვი წახალისებული თუ არ არის, კარგი ქცევის ანულირება ხდება იგნორირების შედეგად. როგორ ხდება ქცევის გაქრობა საერთოდ? ერთი არის უარყოფა: არ დაგინახო, ეს მეორედ გააკეთო! მეორე არის მისი იგნორირება. ​როდესაც ბავშვი ცუდად იქცევა, რაღაც ეტაპზე ქცევა უნდა დაიგნორდეს და ადამიანზე გადავიდეს ყურადღება, თვითონ პიროვნებაზე, მასთან ურთიერთობაზე. ამ შემთხვევაში ქცევა ნელ-ნელა გაქრება.“

„ზოგიერთი ქცევა ძალიან აშინებთ მშობლებს: ეს არის წიკები, სექსუალური ტიპის თამაშები, რომელიც ბავშვებს აქვთ ხოლმე, რაც მშობელს აფრთხობს. უნდა დაიგნორდეს ეს ქცევა და უნდა გადავიტანოთ ყურადღება ბავშვზე. თუ მშობელი ეტყვის: „​არ დაგინახო, მეორედ ეს გააკეთო! ცუდი ბიჭი ხარ! ასე არ იქცევიან“ და ა.შ. ამ შემთხვევაში ეს ქცევა დაფიქსირდება და იატაკქვეშეთში მიდის. ბავშვი კარადაში შეძვრება და მაინც იმას გააკეთებს, რასაც უშლიდნენ. ფაქიზია ბავშვთან ურთიერთობა. საჭიროა მასთან ერთად საუბარი, განსჯა. მას უნდა ვკითხოთ რაღაცები, რაზეც შეუძლია პასუხი გაგვცეს, რაც მას ეხება,“ - აღნიშნულ საკითხზე მარინა კაჭარავამ საპატრიარქოს ტელევიზიის გადაცემაში „განთიადი“ ისაუბრა.

წყარო: ​„განთიადი“

წაიკითხეთ სრულად