Baby Bag

თუ ბავშვი მაღაზიაში ისტერიკას გიწყობთ, სიმშვიდე შეინარჩუნეთ და მისი მოთხოვნები არ შეასრულოთ

თუ ბავშვი მაღაზიაში ისტერიკას გიწყობთ, სიმშვიდე შეინარჩუნეთ და მისი მოთხოვნები არ შეასრულოთ

ბავშვები ყველაზე ხშირად სწორედ სასურსათო მაღაზიებში ჭირვეულობენ. ზოგიერთი მათგანი იწყენს, ნაწილი კი განათებებისა და ხმაურის გამო ძალიან აღგზნებულია. მთავარი მიზეზი, რის გამოც პატარები მაღაზიებში კონტროლს კარგავენ, დახლებზე მოთავსებული პროდუქტებია, რომლებიც მათ ძალიან უყვართ.

მშობლების დიდი ნაწილი, შვილის მხრიდან ისტერიკის მოწყობის შიშით, ბავშვს სასურსათო მაღაზიებში აღარ ატარებს, რაც დიდი შეცდომაა. იმისთვის, რომ ბავშვმა მაღაზიაში ისტერიკების მოწყობა სამუდამოდ შეწყვიტოს, მშობლებმა გარკვეული რეკომენდაციები უნდა დაიცვან. შვილის სახლში დატოვება გამოსავალი არ არის და პრობლემის მოგვარებაში ვერ დაგეხმარებათ.

ბავშვის საჯარო სივრცეში გაყვანამდე გარკვეული წესები შეიმუშავეთ. პატარებმა უნდა იცოდნენ, რა სახის ქცევებია მისაღები, როდესაც ისინი მაღაზიაში იმყოფებიან. თქვენს შვილს აუხსენით, რომ სათამაშო მოედანზე ყვირილი და სირბილი სავსებით ნორმალური მოვლენაა, თუმცა სურსათის მაღაზიაში მსგავსი ქცევა მოსაწონი არ არის. ბავშვს განუმარტეთ, რომ მაღაზიაში ყოველთვის თქვენთან ერთად უნდა იყოს, არ ირბინოს და თაროებიდან პროდუქტები დაუკითხავად არ აიღოს. თქვენს შვილს აუხსენით, რა შედეგები მოჰყვება მის დადებით და უარყოფით ქცევას.

ნეგატიური ქცევის პრევენციას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ვიდრე ბავშვს მაღაზიაში წაიყვანთ, დარწმუნდით, რომ ის კარგად არის გამოძინებული და დანაყრებული. თუ ბავშვი დაღლილი ან გაღიზიანებულია, მასთან ერთად პროდუქტების შესაძენად ნუ წახვალთ.

მაღაზიაში რომ შეხვალთ, ბავშვი აუცილებლად რამით დაასაქმეთ. თუ ის თავს დაკავებულად იგრძნობს, აღარ იჭირვეულებს. თაროებიდან აღებული პროდუქტები თქვენს შვილს მიაწოდეთ და უთხარით, რომ კალათაში ჩაალაგოს.

ბავშვის ნეგატიურ ქცევას ყოველთვის ერთი და იმავე მეთოდებით უნდა უპასუხოთ. თუ ბავშვი სირბილს დაიწყებს, გარეთ გამოიყვანეთ და უთხარით, რომ შესვენება გაქვთ. მას მაღაზიაში დაბრუნების უფლება მანამ არ უნდა მისცეთ, სანამ არ დამშვიდდება. თუ თქვენი შვილი ისტერიკას გიწყობთ და მოითხოვს, რომ მისთვის გარკვეული პროდუქტი შეიძინოთ, მის ქცევას ყურადღება არ მიაქციოთ. ბავშვების უდიდესმა ნაწილმა იცის, რომ ყვირილით და ტირილით მშობლებს საჯარო სივრცეში უხერხულ მდგომარეობაში აყენებენ, რის გამოც ისტერიკას ისინი იარაღად იყენებენ. არასდროს უყიდოთ ბავშვს პროდუქტი, როდესაც ის ამას დაჟინებით მოითხოვს. მან უნდა იცოდეს, რომ ტირილით ან ყვირილით ვერასდროს მიიღებს იმას, რაც სურს.

ბავშვი აუცილებლად წახალისეთ, როდესაც კარგად იქცევა. თუ ის მაღაზიაში მშვიდად დაგყვებათ, არ ტირის და არაფერს ითხოვს, საჩუქრად საყვარელი ტკბილეული უყიდეთ ან კარგი ქცევისთვის შეაქეთ.

ბავშვი მაღაზიაში ხშირად ატარეთ, მაშინად კი, როდესაც მხოლოდ ერთი ან ორი პროდუქტის შესაძენად მიდიხართ. თქვენი შვილის ქცევას დააკვირდით და მას მაღაზიაში მისაღები ქცევის წესების შესწავლაში დაეხმარეთ.

მომზადებულია​ verywellfamily.com-ის მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა 

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, დედებისთვის შექმნა ახალი სივრცე. მოიწონეთ გვერდი მცოდნე დედები

შეიძლება დაინტერესდეთ

„შეკრულობის დროს მკურნალობის შეწყვეტა არ შეიძლება, თვეების განმავლობაში უნდა ვაძლევდეთ ბავშვს წამალს,“ - ყარამან ფაღავა

„შეკრულობის დროს მკურნალობის შეწყვეტა არ შეიძლება, თვეების განმავლობაში უნდა ვაძლევდეთ ბავშვს წამალს,“ - ყარამან ფაღავა

პედიატრმა ყარამან ფაღავამ ბავშვებში ყაბზობის მკურნალობის მეთოდებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველაზე ეფექტიანი ამ მხრივ დიეტაა:

​თუ ჩვენ დიეტას გამოვასწორებთ, შემთხვევათა 80 %-ში მდგომარეობა გამოსწორდება. ბავშვის სექსუალურ განვითარებაში არსებობს ერთ-ერთი სტადია, რომელსაც ანალური სტადია ჰქვია. დასაწყისში არის ორალური სტადია. ბავშვი სიამოვნებას იღებს, როდესაც ჭამს. 2-3 წლის ასაკში ბავშვს ქოთანზე დაჯდომა არ უნდა და თუ დაჯდება, დეფეკაცია არ უნდა. გოგონები უნდა მივაჩვიოთ, რომ ხშირად მოშარდოს, არ მოითმინოს. ეს მომენტებიც არის გასათვალისწინებელი.“

ყარამან ფაღავას თქმით, დიეტა თუ არ მუშაობს, ბავშვს მედიკამენტებით უნდა დავეხმაროთ:

​თუ დიეტა და ფსიქოლოგიური მიდგომები არ შველის, მაშინ წამლები არსებობს. წამლის გამოყენება უკვე ექიმის პრეროგატივაა. რაც მთავარია, შეწყვეტაა ექიმის პრეროგატივა. ხშირად არის, რომ დაუნიშნავ წამალს, ყველაფერი კარგად არის. მერე მეუბნება მშობელი, ერთ თვეს ვაძლევდი წამალს, ყველაფერი კარგად იყო და დავანებებინე თავიო. შეკრულობის დროს მკურნალობის შეწყვეტა არ შეიძლება. თვეების განმავლობაში უნდა ვაძლევდეთ ჩვენ ბავშვს წამალს.“

„კუჭ-ნაწლავის გამოკვლევისას ულტრასონოგრაფიული გამოკვლევა ცალსახად ინფორმაციულია. გასტრიტს თავისი მკურნალობა ესაჭიროება. რაც შეეხება მეტეორიზმს, მუცლის შებერილობას, აქ ორი მიზეზია ხოლმე. ეს არის ან ღვიძლის გარკვეული პათოლოგია ან გვაქვს ფერმენტების უკმარისობა. ​აქ ღვიძლის გამოკვლევაა საჭირო. ბანალური, მაგრამ ძალიან ინფორმატიული გამოკვლევაა ჩვეულებრივი განავლის ანალიზი. უნდა შემოწმდეს ბოჭკოები, სახამებელი რამდენად არის. თუ ეს მომატებულია, ეს ნიშნავს, რომ მონელება ცუდად მიმდინარეობს. მუცლის ტკივილი და გულძმარვა როდესაც არის, ნუ დაგვავიწყდება ჰელიკობაქტერპილორის ინფექციის შესახებ. ეს ის მიკრობია, რომელიც იწვევს კუჭის წყლულს, გასტრიტს და ათეული წლის შემდეგ, შესაძლოა, სიმსივნის მიზეზი გახდეს,“ - აღნიშნულ საკითხზე ყარამან ფაღავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

qs-არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)-qe-

წაიკითხეთ სრულად