Baby Bag

მიეცით ბავშვს შესაძლებლობა იყოს ბავშვური, ჰქონდეს თავისი წარმოსახვითი ცხოვრება, ბევრი თავისუფალი დრო

მიეცით ბავშვს შესაძლებლობა იყოს ბავშვური, ჰქონდეს თავისი წარმოსახვითი ცხოვრება, ბევრი თავისუფალი დრო

მშობლები ხშირად შვილებისადმი ჭარბი მზრუნველობით გამოირჩევიან, რითაც ბავშვებს გარესამყაროსთან ჯანსაღი ურთიერთობის დამყარების შესაძლებლობას არ აძლევენ. ექვსი ან შვიდი წლის ბავშვის სკოლიდან გამოყვანა და სახლამდე უსაფრთხოდ მოცილება სავსებით ბუნებრივი მოვლენაა, მაგრამ როდესაც მშობელი სახლის ახლოს მდებარე სკოლიდან ათი ან თერთმეტი წლის ბავშვს საკუთარი მანქანით წამოიყვანს, ის ბავშვს სამყაროს გაცნობაში ხელს უშლის. როდესაც იცით, რომ ბავშვს სახლამდე შორი მანძილი არ აქვს გასავლელი და მის უსაფრთხოებას არაფერი ემუქრება, ნუ დატანჯავთ მას ზედმეტი ყურადღებითა და შეზღუდვებით. თუ თქვენ ოცდაათ წელს უკვე გადააბიჯეთ და გყავთ შვილები, რომლებიც სკოლაში დადიან, გაიხსენეთ, როგორი იყავით წლების წინ, როგორი ბავშვობა გქონდათ, რაზე ოცნებობდით, რა გაწუხებდათ.

მშობლებმა უნდა გაიხსენონ, რამდენად დამოუკიდებლები იყვნენ ბავშვობაში, ჰქონდათ თუ არა თავისუფალი დრო ბავშვური ფანტაზიების განსახორციელებლად, თუ მშობლების მიერ გაწერილი დღის გრაფიკით ცხოვრობდნენ და დროის უდიდეს ნაწილს მოწყენილობაში ატარებდნენ. თანამედროვე მშობლები შვილებს ხშირად უხდიან დაბადების დღის წვეულებებს. როდესაც რვა წლის ბავშვის წვეულებაზე მისი თანატოლები მოდიან, მათი მშობლები ყოველთვის შვილების გვერდით არიან. ისინი წვეულებაზე რჩებიან და ბავშვების თითოეულ მოქმედებას აკონტროლებენ. ჩვენ არ ვსაუბრობთ ერთ ან ორ გამონაკლისზე, მშობლების უდიდესი ნაწილი ასე იქცევა. როდესაც ბავშვები დაბადების დღის სიმღერას იმღერებენ, ტორტს დაჭრიან და მიირთმევენ, მშობლები მახლობლად დგანან და მათ თვალს არ აცილებენ.

ბავშვებს შორის კონფლიქტის პირველივე ნიშნებისთანავე მშობლები მათ ურთიერთობაში ჩარევას იწყებენ. ისინი თავს იმით იმართლებენ, რომ უნდათ, ყველა ბავშვმა თანასწორ პირობებში ითამაშოს. ბავშვებს შორის კონფლიქტში უხეშად ჩარევა პატარებს ართმევს შესაძლებლობას პრობლემების მოგვარება დამოუკიდებლად ისწავლონ. თუ ბავშვს და-ძმა არ ჰყავს, კონფლიქტის მოგვარებას ის მხოლოდ საკუთარ თანატოლებთან ურთიერთობით ისწავლის.

მშობლები თავიანთ ჰიპერმზრუნველობას ყოველთვის იმით ამართლებენ, რომ ბავშვის უსაფრთხოებაზე ზრუნავენ. თუ მთავარი პრიორიტეტი ბავშვის უსაფრთხოებაა, მაშინ სახლთან ახლოს მდებარე სკოლიდან შვილის მანქანით წამოყვანა ლოგიკური საქციელი ნამდვილად არ არის. სტატისტიკურად იმის ალბათობა, რომ ბავშვს რამე მანქანით მგზავრობისას დაუშავდეს გაცილებით მაღალია, ვიდრე ფეხით სიარულისას ტრავმის მიღების ან უცხო ადამიანის მიერ ძალადობრივი ქმედების გამოვლენის.

მშობლები ცდილობენ, რომ შვილებს მისცენ ყველაფერი, რაც თავად აკლდათ. თუ ისინი თვლიან, რომ მშობლებთან ურთიერთობა არასდროს ყოფნიდათ, ეცდებიან, შვილებთან მაქსიმალურად დიდი დრო გაატარონ. ამგვარად ისინი ბავშვის ცხოვრების ყველა ნიუანსს აკონტროლებენ და შვილს გამოცდილების მიღების შესაძლებლობას არ უტოვებენ. მთელი ცხოვრების მანძილზე მშობლის კალთას ამოფარებული ბავშვები სკოლის დასრულების შემდეგ დაუცველები რჩებიან. მათ არ იციათ, როგორ უნდა გაუმკლავდნენ ღალატს, უხეშ მოპყრობას, მატყუარა ადამიანებს და ა.შ. თუ შვილების თავისუფლებას ზედმეტი მზრუნველობით მეტისმეტად ზღუდავთ, ჯერ კიდევ არ არის გვიანი, რომ შეიცვალოთ. მიეცით ბავშვს შესაძლებლობა იყოს ბავშვური, ჰქონდეს თავისი წარმოსახვითი ცხოვრება, ბევრი თავისუფალი დრო. ამგვარად თქვენი შვილი არამხოლოდ ბედნიერ ადამიანად ჩამოყალიბდება, არამედ გამოცდილ და ძლიერ პიროვნებად, რომელმაც იცის, როგორ იცხოვროს.

არ არსებობს სწორი აღზრდის ერთადერთი მეთოდი. თქვენ უნდა გამონახოთ ისეთი მიდგომები, რომლებიც ყველაზე კარგად მუშაობს და თქვენს შვილს ბედნიერების შესაძლებლობას აძლევს. ბავშვმა აუცილებლად უნდა ისწავლოს, როგორ იურთიერთოს სხვა ადამიანებთან, თანატოლებთან და უფროსებთან, უნდა შეეძლოს ბუნებასთან კავშირის დამყარება. თუ თქვენი შვილი სკოლიდან დამოუკიდებლად წამოსვლას და ფეხით გასეირნებას არ მოისურვებს, ნუ შეშინდებით. ბავშვებს ხშირად არითმეტიკის სწავლაც არ სურთ, თუმცა ამას მაინც აკეთებენ. საბოლოოდ, თქვენი შვილი მადლობელი დაგრჩებათ, რადგან მას ცხოვრებაში უდიდესი გამოცდილების მიღებაში დაეხმარებით.

ბავშვები პრაქტიკული გამოცდილებით უდიდეს ცოდნას იძენენ. მიეცით მათ შესაძლებლობა, რომ ცხოვრებისეული გამოცდილება მიიღონ. ამისთვის აუცილებელია თანატოლებთან ინტერაქცია, არასტრუქტურირებული დღის გრაფიკი, თავისუფალი თამაში, თავგადასავლები, ბუნებასთან ურთიერთობა. თუ თქვენი შვილის დახმარება გსურთ, მიეცით მას შესაძლებლობა, იყოს ბავშვი.

მომზადებულია​ psychcentral.com - ის მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, დედებისთვის შექმნა ახალი სივრცე. მოიწონეთ გვერდი მცოდნე დედები

შეიძლება დაინტერესდეთ

„როგორი კულტურაც აქვს დედას, იმ კულტურას, ან ცოტა იმაზე მეტს ელოდოს თავის შვილში,“- შალვა ამონაშვილი

„როგორი კულტურაც აქვს დედას, იმ კულტურას, ან ცოტა იმაზე მეტს ელოდოს თავის შვილში,“- შალვა ამონაშვილი

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა ადამიანის ცხოვრებაში კულტურის მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„კულტურა ნიშნავს სინათლის თაყვანისცემას. სინათლე არის ყველაფერი კარგი ჩვენში, ადამიანში. კულტურა ადამიანთა ცხოვრების გზაა. ამ გზით უნდა იაროს ადამიანმა, კულტურის გზით. მან უნდა თაყვანი სცეს, აშენოს, ის, რაც ლამაზია. მწყინს, რომ ხანდახან ავიწროვებენ ამ სიტყვას, ავიწროვებენ მარტო ეთიკით, როგორ უნდა იდგე, იჯდე, ილაპარაკო. არიან ადამიანები, რომლებსაც თვითონ მოაქვთ კულტურა. ჩემთვის კულტურა, პირველ რიგში, ადამიანთა ურთიერთობის წესია.“

„რითი აღვზარდოთ ბავშვი? ჩვენი კულტურით. როგორი კულტურაც აქვს დედას, იმ კულტურას, ან ცოტა იმაზე მეტს ელოდოს თავის შვილში. კულტურული ადამიანი ვერავის ზიანს ვერ მოუტანს. მას არ შეუძლია, ვინმე დააზიანოს. უკულტურო კი ყველას დააზიანებს. ყველაზე კარგი იქნება, ჩავუფიქრდეთ ჩვენს კულტურას, ქცევა-ყოფას. იქ დავინახავთ, რა ვართ ჩვენ. როგორ მიყვარს მეზობელი, ეს ჩემი კულტურაა. რა აზრებით მიტრიალებს, ეს ჩემი კულტურა. არ უნდა გვეგონოს, რომ ჩვენ უკვე აღზრდილები ვართ. აღზრდას არ აქვს ბოლო. კანონი არის ასეთი: ბავშვის აღზრდის ჭეშმარიტება საკუთარი თავის აღზრდაშია. საკუთარი თავის კულტურა ბავშვის კულტურად იქცევა მერე. კულტურას სწავლა უნდა და არ უნდა გვეზარებოდეს, რომ მართლა კულტურული ადამიანები ვიყოთ და არ ავიფაროთ კულტურული ხალხის ნიღბები,“- აღნიშნულ საკითხზე შალვა ამონაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის კოდი“ ისაუბრა.

წყარო: ​„დღის კოდი“

წაიკითხეთ სრულად