Baby Bag

როდის არის ბავშვის ფეხის წვერებზე სიარული საშიში და რა შემთხვევაში უნდა მივმართოთ ექიმს?

როდის არის ბავშვის ფეხის წვერებზე სიარული საშიში და რა შემთხვევაში უნდა მივმართოთ ექიმს?

ბავშვები სიარულის სწავლისას ფეხის წვერებზე ხშირად დადიან. მოგვიანებით, როდესაც ისინი დამოუკიდებლად გადაადგილებას ახერხებენ, მიწაზე ტერფს სრულად დგამენ და თავისუფლად მოძრაობენ. მცირეწლოვანი ბავშვების უდიდესი ნაწილი იატაკზე ფეხის სრულფასოვნად დადგმას 3 წლის ასაკიდან იწყებს. მანამდე ისინი გადაადგილებისას ტერფს მთლიანად არ იყენებენ. თუ ბავშვი სამი წლის ხდება, მაგრამ ის მაინც ვერ ახერხებს სრულფასოვნად სიარულს და ტერფის მიწაზე დადგმას, მშობელმა დახმარებისთვის პედიატრს უნდა მიმართოს.

თითის წვერებზე სიარული, შესაძლოა, სხვადასხვა მიზეზით იყოს გამოწვეული. ერთ-ერთია ნევროლოგიური დაზიანებები, მაგ. ცერებრული დამბლა ან კუნთოვანი დისტროფია, რომელიც გენის მუტაციის შედეგად ვითარდება. როდესაც ბავშვს მსგავსი ტიპის დარღვევები აქვს, ის ვერ ახერხებს, რომ ტერფი გადაადგილებისთვის გამოიყენოს, რის გამოც იძულებულია თითის წვერებს დაებჯინოს და ისე იმოძრაოს.

ფეხის წვერებზე სიარულს ხშირად ორთოპედიული დეფექტებიც იწვევს, მაგ. ტერფის დეფორმაცია ან კალკანუსის აპოფიზიტი. ფეხის არეში სტრუქტურული ცვლილებები ბავშვს ხელს უშლის, რომ ფეხი მიწაზე ბოლომდე დადგას, რადგან ეს მისთვის ძალიან მტკივნეულია.

ზოგიერთი ბავშვი, რომელსაც ფიზიოლოგიურად შეუძლია ფეხი იატაკს ბოლომდე დააბჯინოს, ამჯობინებს, რომ თითის წვერებზე იაროს. როგორც წესი, ასეთ ბავშვებს სხვადასხვა ქცევითი თავისებურებაც ახასიათებთ. შესაძლოა, ისინი რიტუალურ ქცევას ხშირად ახორციელებდნენ ან გამოწვევებთან გამკლავებას უფრთხოდნენ. ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა, თითის წვერებზე სიარული აუტიზმის ან განვითარების დარღვევის მანიშნებელიც იყოს.

ხშირად ჯანმრთელი ბავშვებიც, რომლებსაც სამედიცინო ჩვენება არ აქვთ, ფეხის წვერებზე დადიან. ეს ჩვევაა და არა დაავადება. როდესაც ექიმი თითის წვერებზე სიარულის გამომწვევ ყველა შესაძლო სამედიცინო პრობლემას გამორიცხავს, ის აუცილებლად გეტყვით, რომ ბავშვს ჩვევაში აქვს ფეხის წვერებზე სიარული. ზოგიერთი კვლევით დგინდება, რომ ბავშვები სიარულის მსგავს ჩვევას მემკვიდრეობითაც იძენენ. აღმოჩნდა, რომ იმ ჯანმრთელი ბავშვების მშობლების დიდი ნაწილი, რომლებსაც თითის წვერებით გადაადგილება მოსწონთ, მცირეწლოვან ასაკში თავადაც ფეხის წვერებზე დადიოდა.

ჯანმრთელი ბავშვების 5-12 %-ს ფეხის წვერებზე სიარული ახასიათებს, თუმცა მედიკოსები გადაადგილების თავისებურების მიზეზის დადგენას დღემდე ვერ ახერხებენ. შესაძლოა, მიზეზი გენეტიკური იყოს. რამდენიმე კვლევით ასევე დადგინდა, რომ ბავშვებს, რომლებსაც ფეხის ტერფის იატაკზე დადგმა უჭირთ, მეტყველების პრობლემებიც აქვთ, მათ მოტორული და სენსორული უნარების განვითარებაც უძნელდებათ.

ბავშვებს, რომლებსაც ჩვევაში აქვთ ფეხის წვერებზე სიარული წვივის კუნთები ეჭიმებათ. მათ დროსთან ერთად უფრო უჭირთ ქუსლის მიწაზე დადგმა და სპორტული აქტივობებით დაკავებისას ფიზიკურ ტკივილს განიცდიან.

ბავშვის იდიოპათიური სიარული, როდესაც მას ჩვევაში აქვს ფეხის წვერებზე დგომა, კონკრეტული საშუალებებით არ იკურნება. ამ შემთხვევაში საუკეთესო მკურნალი დროა. ბავშვი დროსთან ერთად დამძიმდება, მისი სხეულის მასა მოიმატებს, რის გამოც მას გაუჭირდება გადაადგილების ჩვეული სტილის ერთგულება.

ბავშვს ხშირად შეახსენეთ, რომ ტერფი სრულად დადგას იატაკზე, მას გაწელვის ვარჯიშები შეასრულებინეთ, ეცადეთ, შვილს შედარებით მძიმე ფეხსაცმელი ჩააცვათ, კარგია, თუ პატარას ორთოპედიული ფეხსაცმლით ატარებთ. როდესაც ბავშვს წვივის კუნთები მეტისმეტად ეძაბება და მას გადაადგილება უჭირს, შესაძლოა, ქირურგიული ჩარევა გახდეს საჭირო. არსებობს შემთხვევები, როდესაც ბავშვები ქირურგიული ჩარევის შემდეგ 13 წლის მანძილზე აგრძელებდნენ ფეხის წვერებზე სიარულს.

ფეხის წვერებზე მოსიარულე ბავშვების მშობლებისთვის მკურნალობის მეთოდებთან დაკავშირებით რჩევის მიცემა ექიმებსაც უჭირთ. მთავარია, რომ სამ წლამდე ასაკის ბავშვი, რომელიც თითის წვერებზე დადის, პროფესიონალს დროულად აჩვენოთ, რათა მკურნალობა და დახმარება დაგვიანებული არ აღმოჩნდეს.

მომზადებულია ​theconversation.com- ის მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, დედებისთვის შექმნა ახალი სივრცე. მოიწონეთ გვერდი მცოდნე დედები

შეიძლება დაინტერესდეთ

ბაღიდან მოსულ ბავშვს ეს კითხვები არ უნდა დაუსვათ - ფსიქოლოგ ნინო ბუაძის რეკომენდაციები მშობლებს

ფსიქოლოგმა ნინო ბუაძემ ის შეკითხვები დაასახელა, რომელიც მშობელმა ბაღიდან დაბრუნებულ ბავშვს არ უნდა დაუსვას:

„ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მშობელი რა ტიპის კითხვას სვამს. მაგალითად, ნეგატიური შინაარსის შეკითხვა: „ხომ არავინ დაგარტყა? ხომ არავინ წაგართვა? საჭმელი შეჭამე? მასწავლებელმა ხომ არ იყვირა?“

თუ ბავშვს სულ ნეგატიურ გამოცდილებებთან ვაბრუნებთ, ცხადია, შფოთვა არის მაღალი. პირიქით, თუ ვეუბნები: „რა მოგეწონა? დახატე დღეს?“ ეს დადებითად მოქმედებს. „რა მოხდა ბაღში?“ - ეს ძალიან დიდი შეკითხვაა. კითხვები კონკრეტული უნდა იყოს. ასეთ კითხვას ის თავიდან აიცილებს, იტყვის, რომ არაფერი მოხდა, ან დაავიწყდა, რა მოხდა. დავსვათ კონკრეტული შეკითხვა: „დახატე? მოგეწონა?“ არ გავამახვილოთ ყურადღება იმაზე, რაც არ გამოსდის ბავშვს. ხშირად ეს არის კვება. მაგალითად, „წვნიანი ისევ არ ჭამე ბოლომდე? მე მასწავლებელს ვეტყვი.“ პედაგოგის გააქტიურება მონიტორინგის თვალსაზრისით, ასევე არასწორია,“- მოცემულ საკითხზე ნინო ბუაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“ 

წაიკითხეთ სრულად