Baby Bag

როდის არის ბავშვის ფეხის წვერებზე სიარული საშიში და რა შემთხვევაში უნდა მივმართოთ ექიმს?

როდის არის ბავშვის ფეხის წვერებზე სიარული საშიში და რა შემთხვევაში უნდა მივმართოთ ექიმს?

ბავშვები სიარულის სწავლისას ფეხის წვერებზე ხშირად დადიან. მოგვიანებით, როდესაც ისინი დამოუკიდებლად გადაადგილებას ახერხებენ, მიწაზე ტერფს სრულად დგამენ და თავისუფლად მოძრაობენ. მცირეწლოვანი ბავშვების უდიდესი ნაწილი იატაკზე ფეხის სრულფასოვნად დადგმას 3 წლის ასაკიდან იწყებს. მანამდე ისინი გადაადგილებისას ტერფს მთლიანად არ იყენებენ. თუ ბავშვი სამი წლის ხდება, მაგრამ ის მაინც ვერ ახერხებს სრულფასოვნად სიარულს და ტერფის მიწაზე დადგმას, მშობელმა დახმარებისთვის პედიატრს უნდა მიმართოს.

თითის წვერებზე სიარული, შესაძლოა, სხვადასხვა მიზეზით იყოს გამოწვეული. ერთ-ერთია ნევროლოგიური დაზიანებები, მაგ. ცერებრული დამბლა ან კუნთოვანი დისტროფია, რომელიც გენის მუტაციის შედეგად ვითარდება. როდესაც ბავშვს მსგავსი ტიპის დარღვევები აქვს, ის ვერ ახერხებს, რომ ტერფი გადაადგილებისთვის გამოიყენოს, რის გამოც იძულებულია თითის წვერებს დაებჯინოს და ისე იმოძრაოს.

ფეხის წვერებზე სიარულს ხშირად ორთოპედიული დეფექტებიც იწვევს, მაგ. ტერფის დეფორმაცია ან კალკანუსის აპოფიზიტი. ფეხის არეში სტრუქტურული ცვლილებები ბავშვს ხელს უშლის, რომ ფეხი მიწაზე ბოლომდე დადგას, რადგან ეს მისთვის ძალიან მტკივნეულია.

ზოგიერთი ბავშვი, რომელსაც ფიზიოლოგიურად შეუძლია ფეხი იატაკს ბოლომდე დააბჯინოს, ამჯობინებს, რომ თითის წვერებზე იაროს. როგორც წესი, ასეთ ბავშვებს სხვადასხვა ქცევითი თავისებურებაც ახასიათებთ. შესაძლოა, ისინი რიტუალურ ქცევას ხშირად ახორციელებდნენ ან გამოწვევებთან გამკლავებას უფრთხოდნენ. ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა, თითის წვერებზე სიარული აუტიზმის ან განვითარების დარღვევის მანიშნებელიც იყოს.

ხშირად ჯანმრთელი ბავშვებიც, რომლებსაც სამედიცინო ჩვენება არ აქვთ, ფეხის წვერებზე დადიან. ეს ჩვევაა და არა დაავადება. როდესაც ექიმი თითის წვერებზე სიარულის გამომწვევ ყველა შესაძლო სამედიცინო პრობლემას გამორიცხავს, ის აუცილებლად გეტყვით, რომ ბავშვს ჩვევაში აქვს ფეხის წვერებზე სიარული. ზოგიერთი კვლევით დგინდება, რომ ბავშვები სიარულის მსგავს ჩვევას მემკვიდრეობითაც იძენენ. აღმოჩნდა, რომ იმ ჯანმრთელი ბავშვების მშობლების დიდი ნაწილი, რომლებსაც თითის წვერებით გადაადგილება მოსწონთ, მცირეწლოვან ასაკში თავადაც ფეხის წვერებზე დადიოდა.

ჯანმრთელი ბავშვების 5-12 %-ს ფეხის წვერებზე სიარული ახასიათებს, თუმცა მედიკოსები გადაადგილების თავისებურების მიზეზის დადგენას დღემდე ვერ ახერხებენ. შესაძლოა, მიზეზი გენეტიკური იყოს. რამდენიმე კვლევით ასევე დადგინდა, რომ ბავშვებს, რომლებსაც ფეხის ტერფის იატაკზე დადგმა უჭირთ, მეტყველების პრობლემებიც აქვთ, მათ მოტორული და სენსორული უნარების განვითარებაც უძნელდებათ.

ბავშვებს, რომლებსაც ჩვევაში აქვთ ფეხის წვერებზე სიარული წვივის კუნთები ეჭიმებათ. მათ დროსთან ერთად უფრო უჭირთ ქუსლის მიწაზე დადგმა და სპორტული აქტივობებით დაკავებისას ფიზიკურ ტკივილს განიცდიან.

ბავშვის იდიოპათიური სიარული, როდესაც მას ჩვევაში აქვს ფეხის წვერებზე დგომა, კონკრეტული საშუალებებით არ იკურნება. ამ შემთხვევაში საუკეთესო მკურნალი დროა. ბავშვი დროსთან ერთად დამძიმდება, მისი სხეულის მასა მოიმატებს, რის გამოც მას გაუჭირდება გადაადგილების ჩვეული სტილის ერთგულება.

ბავშვს ხშირად შეახსენეთ, რომ ტერფი სრულად დადგას იატაკზე, მას გაწელვის ვარჯიშები შეასრულებინეთ, ეცადეთ, შვილს შედარებით მძიმე ფეხსაცმელი ჩააცვათ, კარგია, თუ პატარას ორთოპედიული ფეხსაცმლით ატარებთ. როდესაც ბავშვს წვივის კუნთები მეტისმეტად ეძაბება და მას გადაადგილება უჭირს, შესაძლოა, ქირურგიული ჩარევა გახდეს საჭირო. არსებობს შემთხვევები, როდესაც ბავშვები ქირურგიული ჩარევის შემდეგ 13 წლის მანძილზე აგრძელებდნენ ფეხის წვერებზე სიარულს.

ფეხის წვერებზე მოსიარულე ბავშვების მშობლებისთვის მკურნალობის მეთოდებთან დაკავშირებით რჩევის მიცემა ექიმებსაც უჭირთ. მთავარია, რომ სამ წლამდე ასაკის ბავშვი, რომელიც თითის წვერებზე დადის, პროფესიონალს დროულად აჩვენოთ, რათა მკურნალობა და დახმარება დაგვიანებული არ აღმოჩნდეს.

მომზადებულია ​theconversation.com- ის მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, დედებისთვის შექმნა ახალი სივრცე. მოიწონეთ გვერდი მცოდნე დედები

შეიძლება დაინტერესდეთ

სხეულის სხვადასხვა ნაწილში წონის მატება, რომელსაც ჰორმონალური დისბალანსი იწვევს

სხეულის სხვადასხვა ნაწილში წონის მატება, რომელსაც ჰორმონალური დისბალანსი იწვევს - ამ თემაზე მედიცინის დოქტორმა, ენდოკრინოლოგმა შოთა ჯანჯღავამ ისაუბრა:

„როდესაც მამაკაცები თეძო და ბარძაყის მიდამოში იმატებენ, ეს მიუთითებს, რომ მათთან შეიცვალა ჰორმონალური ბალანსი, რაც ნიშნავს, რომ ცოტა წინ წამოვიდა ქალის ჰორმონის მაჩვენებელი, როგორიც არის ესტრადიოლი. ჩვენ ყველას გვაქვს ორგანიზმში, როგორც ქალის, ასევე კაცის ჰორმონი, უბრალოდ ბალანსი უნდა იყოს გასწორებული. როდესაც მამაკაცი თეძოსა და ბარძაყის მიდამოში იმატებს, ეს მიუთითებს, რომ ქალის ჰორმონის დონე არის ცოტათი მომატებული. ამას უწოდებენ, გინოიდურ ანუ ქალური ტიპით გასუქებას და ამ შემთხვევაში ეს არის მოსაწესრიგებელი.

თუ ქალბატონი იმატებს მუცლის წინა ნაწილში, ეს მიუთითებს, რომ აქაც სასქესო ჰორმონების ბალანსი არის შეცვლილი. უფრო მეტად ტენდენცია არის მამაკაცური ჰორმონის დონის მატების.
თითქმის იდენტური მდგომარეობაა ქალბატონებში, როდესაც მხარ-ბეჭის, მკლავების მიდამოში ხდება მატება. ასეთ ქალბატონებთან დამახასიათებელია ასევე ზედმეტი თმიანობა, რაც მიუთითებს, რომ აქაც მამაკაცური ჰორმონები გარკვეულწილად მონაწილეობენ და ასევე თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონებიც იწყებენ ხოლმე ბალანსის ცვალებადობას.
სახის მიდამოში გასუქებას არ ვეძახით, უფრო შეშუპებითი პროცესებია დამახასიათებელი, რომელიც შეიძლება იყოს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითებით ან ისეთი ჰორმონების დაქვეითებით, რომლებიც უფრო პასუხისმგებელია სითხური ბალანსის რეგულაციაზე ჩვენს ორგანიზმში. აქედან გამომდინარე, როცა პაციენტი შემოდის ვიზიტზე და ვიზუალურად ვუყურებთ (ხშირად ონლაინ კონსულტაციები არ არის სრულად ინფორმაციული, რადგან პაციენტი უნდა დავათვალიეროთ) ასევე ხელით უნდა გავსინჯოთ ცხიმოვანი მასა რა ადგილებშია, სიმაგრე როგორია ამ ცხიმოვანი მასის, რომ მიზანმიმართულად ვიმუშაოთ.
როდესაც მამაკაცი გინოიდური ტიპით იმატებს წონაში, ასეთი მამაკაცები უფრო მიდრეკილები არიან სასქესო ფუნქციის დარღვევისკენ ამასთანავე, სადაც ერექციული დისფუნქციაა წამოსული ხშირ შემთხვევაში. ასევე გინოიდური ტიპის მამაკაცებში ხშირად მკერდია ხოლმე წინ წამოწეული, რასაც ადრე დიდი ყურადღება არ ექცეოდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ სიმსუქნის დროს, კი ბატონო, მკერდის მიდამოში ცხიმოვანი მასა და სარძევე ჯირკვლები ზომაში იმატებს, მაგრამ კაცის და ქალის ჰორმონის ბალანსის ცვალებადობის გამო აქ ჩნდება მამაკაცთან ჯირკვალი, რომელიც წესით, ქალბატონისთვისაა დამახასიათებელი და არა მამაკაცისათვის.
ქალბატონების შემთხვევაში, რომლებიც მამაკაცური ტიპით იწყებენ გასუქებას, მოსალოდნელია პოლიკისტური საკვერცხეები, ხშირად აკნოზური გამონაყარია ზურგის მიდამოში, ასევე სახის მიდამოში, კანის ცხიმიანობაა ცოტათი შეცვლილი და უფრო ცხიმიანია კანი. ასეთი ქალბატონები უფრო ოფლიანობისკენ არიან მიდრეკილი და ასევე აღნიშნავენ ხოლმე, რომ ოფლს ცოტა სპეციფიკური სუნი აქვს. ისინი უმეტეს შემთხევაში უშვილობისკენ არიან მიდრეკილები, რადგან პოლიკისტური საკვერცხის დროს არ მწიფდება ფოლიკულა.
რაც შეეხება სახის მიდამოში სიმსუქნეს, შეშუპებას, ეს არის უფრო ჰიპოთიროიდული, ანუ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითებით მიმდინარე პროცესები, რაც უკვე მთელს მეტაბოლიზმზე აისახება და ამას გარდა გუნება-განწყობილებაზეც. ასეთი პაციენტები უფრო მოდუნებულები არიან, ძილიანობისკენ არიან მიდრეკილნი, ახასიათებთ ნერვული ლაბილობა, უმიზეზოდ შეიძლება იტირონ, შეიძლება ჰქონდეთ დეპრესიული მომენტები“, - აღნიშნა შოთა ჯანჯღავამ.
მისივე თქმით, ამის გამომწვევი მიზეზი სხვადასხვაა:
„რა თქმა უნდა, გენეტიკას ყველა შემთხვევაში გადამწყვეტი როლი აკისრია, როგორც ფარისებზე, ასევე სასქესო ჰორმონებზე, ინსულინრეზისტენტობაზე, მაგრამ სასქესო სისტემის შემთხვევაში, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პუბერტატის პერიოდში, ანუ გარდატეხის პერიოდში მომხდარ ცვლილებებს. ამ დროს მშობლებმა განსაკუთრებით უნდა მიაქციონ ყურადღება, რომ ჭარბი წონა არ წამოვიდეს.
პანდემიის პერიოდში, როდესაც ბავშვები სახლში იყვნენ, ძალიან აქტიურად წამოვიდა ბავშვებში ჭარბი წონა. აუცილებელია ფიზიკური აქტივობა და ძილის რეგულაცია ბავშვებთან გადამწყვეტია, რადგან, როდესაც ჩვენ ვიძინებთ, დაახლოებით 2-3 საათში იწყება ზრდის ჰორმონის სინთეზი, რომელიც არამარტო სიმაღლეზეა პასუხისმგებელი, არამედ მთელს მეტაბოლიზმზე.
ძილის დარღვევაში იგულისხმება როგორც გვიან დაძინება, ასევე ცოტა ძილი. სტანდარტულად მოცემულია, რომ 11-12 საათზე უნდა დავიძინოთ და დაახლოებით დილის 6-დან 9-მდე გავიღვიძოთ. თუ ჩვენ ვიძინებთ ძალიან გვიან და ასევე ძალიან გვიან ვდგებით, ესეც დარღვევაა. ამასთანავე, დარღვევაა დროის ინტერვალი, შეიძლება ვიძინებთ 3-ზე, მაგრამ ვდგებით დილით 6-ზე, ესეც დარღვევაა.
რაც შეეხება კვებითი ბალანსის საკითხს, ბავშვების შემთხვევაში დიდებისგან განსხვავებით, უფრო მეტი კალორიული კვებაა და შესაძლებელი არის სწრაფად ათვისებადი ნახშირწყლებიც გამოვიყენოთ, ვთქვთ, კარაქიანი პური. ბავშვთან კვება უფრო მრავალფეროვანია, რადგან ბავშვებში მეტაბოლიზმი უფრო დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს. დიდების შემთხვევაში, რაც არის სტანდარტული, ჯანსაღი ცხოვრების წესის ფარგლებში, მას ვერანაირად ვერ ავცდებით, აქაც სტანდარტულად ეს რჩება, მაგრამ ჰორმონალური დისბალანსები, რაზეც ვისაუბრეთ, ესენი უნდა მოწესრიგდეს აუცილებლად. თუ ეს ჰორმონალური ბალანსები არ მოწესრიგდება, შეიძლება ადამიანმა იდიეტოს, ივარჯიშოს, ასეთი გამონათქვამიცაა, ერთხელ ჭამოს, მაგრამ მაინც წონაში მოიმატოს. ჰორმონები თუ არ დაბალანსდა, ეს ადამიანი ეფექტს ვერ მიიღებს ისეთს, როგორიც უნდა იყოს. აქედან გამომდინარე, 3-4-საათიანი კვების რეჟიმი, სითხის დიდი რაოდენობით მიღება, სწრაფი ნახშირწყლების შეზღუდვა, ცილოვანი კვების გაზრდა საკვებ რაციონში და ცხიმის გაკონტროლება, ეს რჩება სტანდარტულად,“ - განაცხადა შოთა ჯანჯღავამ.
როგორც მან აღნიშნა, ჯანსაღი ცხოვრების წესი ყველასთვის სტანდარტულია. ის გამოიყენება როგორც სამკურნალო მეთოდად, ასევე პრევენციისათვისაც:
„თუ ჩვენ არ გვაქვს ჭარბი წონა და უბრალოდ ჯანსაღად ვცხოვრობთ, ასეთ შემთხვევაში, შევინარჩუნებთ ჩვენს სწორ მეტაბოლიზმს, მაგრამ როგორც კი ჭარბი წონა არის და ჩვენ პატარა ნიუანსებს მაინც ჩავრთავთ, თუნდაც დაყოფილ კვებას ან ცომეულს ამოვიღებთ, ორგანიზმი მაშინვე გვაძლევს ნიშანს, რომ გაუმჯობესებისკენ მიდის. ხანდახან ასეთი პაციენტები როცა მოდიან, გვეუბნებია, რომ მხოლოდ ჭარბ წონას უჩივიან და სხვა არაფერს. მაგრამ როცა იწყება დალაგება, 2-3 კვირის მერე მოდიან, აქამდე სად ვიყავიო ამბობენ. ანუ ის მიჩვეული იყო იმ დაღლილობას, სისუსტეს, უენერგიობას და მიაჩნია, რომ ასე უნდა იყოს. მაგრამ როცა ეს ყველაფერი უმჯობესდება, სრულიად იცვლება ადამიანი, ხალისიანი ხდება. ხანდახან შეიძლება არ იცის, მაგრამ რაღაც კომპლექსიც აქვს, მაგალითად, გარეთ გასვლა არ უნდა, რადგან ჭარბი წონა აქვს და ვიღაცამ დააბულინგა. როგორც კი ფორმებს იცვლის, უფრო აქტიური ხდება როგორც სოციალურ გარემოში, ასევე ყველანაირი კუთხით უმჯობესდება მისი მდგომარეობა,“ - აღნიშნა შოთა ჯანჯღავამ.
როგორც მან განაცხადა, თუ ამ ყველაფერს ყურადღებას არ მივაქცევთ, საკმაოდ საშიშია. მისივე თქმით, ორგანიზმი აუცილებლად გვაძლევს ნიშნებს, რომლებსაც ყური უნდა დავუგდოთ და მივმართოთ სპეციალისტს:
„საკმაოდ საშიშია, რადგან ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური დარღვევები ბევრ პრობლემას ქმნის ორგანიზმში. თავიდან ეს შეიძლება მხოლოდ TSH-ის ცვალებადობით დაიწყოს, მაგრამ შემდეგში ამას შეიძლება მიჰყვეს ფარისებრის სტრუქტურული დარღვევებიც. განსაკუთრებით საქართველოში ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიები ძალიან დიდი დოზით არის. 

სასქესო ჰორმონების დარღვევებმა პირველ რიგში, შეიძლება გამოიწვიოს მამაკაცებისა და ქალების შემთხვევაში უშვილობა, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია. ზოგადი სიმპტომები ეს არის ლტოლვის დაქვეითება, სასქესო ქცევების დაქვეითება, და შემდგომში სიამოვნების მიღებაც. ასე ქალბატონები ხშირ შემთხვევაში შეიძლება ფრიგიდულებიც იყვნენ.
რაც შეეხება ინსულინო-რეზისტენტობის საკითხს, როდესაც ინსულინის დონე იცვლება ორგანიზმში და არაბალანსირებულია გლუკოზისა და ინსულინის დონე, ასეთ შემთხვევაში არსებობს შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკი. როგორც მოგეხსენებათ, შაქრიან დიაბეტს თვალის, გულის, ღვიძლის, ნერვული სისტემის დაზიანების გამოწვევა შეუძლია. ცუდი ის არის, რომ დიაბეტის დროს, თითქოს არაფერი არ აწუხებს ადამიანს და შაქარიც შეიძლება ძალიან მაღალზე არ ადიოდეს, მაგრამ ის თავის ცუდ საქმეს ნერვულ სისტემაზე ახდენს ხოლმე. ხშირად არის, რომ პაციენტი მხედველობის გამო მივიდა ოფთალმოლოგთან და მან აღმოუჩინა დიაბეტი. ხშირ შემთხვევაში დიაბეტი უსიმპტომოდ მიდის და უკვე გართულებული პაციენტი მოდის ჩვენთან თვალის ან ღვიძლის ან თირკლმის პრობლემით და მერე ხდება დიაგნოსტირება. 
ჩვენ იმდენად აჩქარებულ პერიოდში ვცხოვრობთ, რომ ძალიან სწრაფად ხდება დღის განმავლობაში მონაცვლეობა რაღაც-რაღაც საკითხების და ჩვენი ტვინი, ჩვენი ორგანიზმი იღლება, თან სახლში როცა მივდივართ, არ ვასვენებთ, ხან კომპიტერში ვართ, ხან ტელეფონში. აქედან გამომდინარე, დილიდანვე დაღლილი ვიღვიძებთ ან ენერგიულად არ ვიღვიძებთ. ეს მიგვაჩნია ნორმალურ მდგომარეობად, მაგრამ ეს ასე არ არის. ზუსტად ეს არის ჩვენი მიზანიც, რომ ჩვენს ორგანიზმს ყური დავუგდოთ, ის აუცილებლად მიგვანიშნებს რაღაც-რაღაცებზე. თუნდაც თმის ხარისხი შეიცვალა, ფრჩხილზე ზოლები წამოვიდა, ორგანიზმი ამით გვაძლევს ნიშანს და უნდა მივაქციოთ მათ ყურადღება, რომ გართულებების პრევენცია ადრევე მოვახდინოთ,“ - ამ თემებზე რუსთავის 2-ის გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ენდოკრინოლოგმა შოთა ჯანჯღავამ ისაუბრა.

შეიძინე საბავშვო პროდუქტების ნაკრები ექსკლუზიურ ფასად ბმულზე 👉 bit.ly/3iF0YnF

წაიკითხეთ სრულად