Baby Bag

ნივთებისა და სათამაშოების პირში ჩადება ბავშვისთვის პოზიტიური გამოცდილებაა, თუმცა მშობლების მხრიდან უსაფრთხოების წესების დაცვა აუცილებელია

ნივთებისა და სათამაშოების პირში ჩადება ბავშვისთვის პოზიტიური გამოცდილებაა, თუმცა მშობლების მხრიდან უსაფრთხოების წესების დაცვა აუცილებელია

მცირეწლოვანი ბავშვი რომ ყველაფერს პირში იდებს, ეს არამხოლოდ ნორმალური, არამედ სასიხარულო მოვლენაც კია. როდესაც პატარა ცდილობს, რომ ნივთები უფრო ახლოდან გაიცნოს, ეს იმაზე მიგვანიშნებს, რომ გარესამყაროსადმი მისი ინტერესი მატულობს. ცხოვრების პირველი წლის განმავლობაში ბავშვები სამყაროს შეგრძნებების დამხარებით შეიმეცნებენ. ისინი ყველაფერს ეხებიან, ხედავენ, ყნოსავენ და აგემოვნებენ, სხვადასხვა ხმას ინტერესით ისმენენ.

ბავშვი თავდაპირველად ხელის სხვადასხვა მოძრაობას სწავლობს, ის თითებს ჩაჭიდების, საგნების აღებისა და გადაადგილებისთვის იყენებს. როდესაც პატარა ხელის სრულფასოვნად გამოყენებას ახერხებს, ის ცდილობს საგნები უფრო უკეთ გაიცნოს. გაიგოს, როგორი კონსისტენცია აქვს თითოეულ მათგანს, შეიძლება თუ არა მათი მირთმევა, რამდენად რბილია ან მაგარი, რის გამოც ბავშვი ყველაფერს პირში იდებს. ნივთების პირში ჩადებით ბავშვები მათ ტექსტურას და ფორმას უკეთ იკვლევენ. ისინი მარტივად სწავლობენ, რას აქვს კარგი ან უსიამოვნო გემო. პატარები შალის ქსოვილს პირში განმეორებით არასდროს ჩაიდებენ, რადგან მისი „დაგემოვნება“ არ ესიამოვნებათ.

მართალია, ნივთების პირისკენ წაღება ბავშვისთვის პოზიტიური გამოცდილებაა, მაგრამ მის უსაფრთხოებაზე აუცილებლად უნდა იზრუნოთ. იმისთვის, რომ ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე არ შეექმნას, პედიატრები გირჩევენ, პატარები მხოლოდ დიდი ზომის საგნებით ან სათამაშოებით ათამაშოთ. იმისთვის, რომ ნივთის უსაფრთხოებაში დარწმუნდეთ, ქაღალდის მილი გამოგადგებათ, რომელზეც ტუალეტის ქაღალდებია დამაგრებული. თუ ნივთი აღნიშნულ მილში ეტევა, მას ბავშვის დახრჩობა შეუძლია. ამასთან, ნებისმიერი საგანი, რომელსაც მცირეწლოვანი ბავშვი ეხება გლუვი უნდა იყოს, რათა პატარა არ გაკაწროს. ბავშვის სათამაშოს არ უნდა ჰქონდეს ისეთი დეტალები, რომლებიც მცირე ზომისაა და რომელთა მოტეხვის საფრთხე არსებობს. სახლი გულმოდგინეთ შეამოწმეთ, რათა ბავშვისთვის ხელმისაწვდომ სივრცეებში არ მოიპოვებოდეს მისი სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი საგნები.

იატაკზე დაგდებული ბურთის პირში ჩადებისა და ალოკვის შემთხვევაში, ბავშვის ავად გახდომის რისკი ძალიან დაბალია. პატარები ბაქტერიებითა და ვირუსებით ავადდებიან და არა მტვერთან შეხებით. მთავარია, მცირეწლოვანი ბავშვი მაქსიმალურად ავარიდოთ ვირუსით ან ინფექციით დაავადებულ თანატოლებთან ახლო კონტაქტს. ბავშვის უსაფრთხოებისთვის გირჩევთ მისი სათამაშოები ხშირად გარეცხოთ და პატარას ხელები რეგულარულად დააბანინოთ. მცირეწლოვან ბავშვებს ჯგუფურად თამაში ძალიან უყვართ. ისინი ერთმანეთს გამუდმებით ეხებიან ხელით, კოცნიან და სათამაშოებსაც უცვლიან. მიუხედავად მშობლების სიფრთხილისა, ბავშვები ვირუსებისა და ბაქტერიებისგან სრულფასოვნად დაცულები ვერასდროს იქნებიან. თუმცა, ეს იმას სულაც არ გულისხმობს, რომ უსაფრთხოების წესების დაცვას სათანადო ყურადღება არ დაუთმოთ. მშობლებმა მცირეწლოვანი ბავშვის ჯანმრთელობის დასაცავად ყველაფერი უნდა გააკეთონ, რაც შეუძლიათ.

მომზადებულია​ parents.com-ის მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, დედებისთვის შექმნა ახალი სივრცე. მოიწონეთ გვერდი მცოდნე დედები

შეიძლება დაინტერესდეთ

„მე, როგორც ფსიქოლოგი, საბავშვო ბაღში ტელევიზორების დანიშნულებას ვერ ვხვდები,“ - თამარ გაგოშიძე

„მე, როგორც ფსიქოლოგი, საბავშვო ბაღში ტელევიზორების დანიშნულებას ვერ ვხვდები,“ - თამარ გაგოშიძე

ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ საბავშვო ბაღებში ბავშვების ენერგიაზე მოსაყვანად და გასართობად ტელევიზორის გამოყენებაზე ისაუბრა. მისი თქმით, მსგავსი პრაქტიკა ბავშვის განვითარებას ხელს არ უწყობს და პატარების გართობა ან ენერგიაზე მოყვანა ალტერნატიული საშუალებების გამოყენებითაც არის შესაძლებელი:

„ბოლო დროს მშობლებისგან ხშირად მესმის, რომ საბავშვო ბაღში არის ტელევიზორები, ალბათ, უფრო საჯაროში. მე, როგორც ფსიქოლოგი, საბავშვო ბაღში ტელევიზორების დანიშნულებას ვერ ვხვდები. თითქოს ეს არის ბავშვების გართობის საშუალება, ენერგიაზე მომყვანი, რომელიც ხელს უწყობს ბავშვების ცოტა გამხიარულებას. არ მგონია, რომ ეს ხელს შეუწყობს ბავშვის განვითარებას. ბავშვს ისედაც დიდი ექსპოზიცია აქვს ტელევიზორის სახლშიც. საბავშვო ბაღის გარემო მაინც უნდა იყოს ეკრანისგან თავისუფალი.“

„ტელევიზორის მაგივრად სხვანაირად შეიძლება ბავშვის სტიმულირება, თუნდაც იგივე მუსიკით, დაკვრით, აქტივობებით. არ ღირს, რომ სკოლამდელი განათლების ძვირფასი დრო დაიხარჯოს ტელევიზორის ყურებაში და რაღაც მულტფილმების ყურებაში,“ - აღნიშნა თამარ გაგოშიძემ.

წყარო: ​„დიალოგოსი“

წაიკითხეთ სრულად