Baby Bag

თუ თქვენი შვილი არასდროს იღლება და მოსვენებას გაკარგვინებთ, მას ენერგიის ადეკვატურად გამოყენების შესაძლებლობა მიეცით

თუ თქვენი შვილი არასდროს იღლება და მოსვენებას გაკარგვინებთ, მას ენერგიის ადეკვატურად გამოყენების შესაძლებლობა მიეცით

ოთხი წლის ასაკში ბავშვები განსაკუთრებული ენერგიულობით გამოირჩევიან. მშობლები შვილის აქტიურ მოძრაობას და გამუდმებულ სირბილს ხშირად ფეხს ვერ უწყობენ. თუ თქვენი შვილი ძალიან აქტიურია და არასდროს იღლება, ნუ აღელდებით. ეს სავსებით ნორმალური მოვლენაა. ოთხი წლის ასაკის ბავშვს საკუთარი სხეულის გაკონტროლება უკვე შეუძლია, რის გამოც ის თავს დამოუკიდებელ ადამიანად აღიქვამს, რომელსაც ყველაფრის მოსწრებისა და გაკეთების სურვილი აქვს.

4-5 წლის ასაკის ბავშვი დროის საკმაოდ მცირე მონაკვეთში უამრავი რამის გაკეთებას ასწრებს. ის დარბის, ხტუნავს, ცეკვავს, თამაშობს, ცალ ფეხზე დგება და წონასწორობის შენარჩუნებას ცდილობს, კედლებზე დაცოცავს, წარმოსახვით თოკზე ნელა გაივლის, იცინის, ავეჯზე დახტის და არასდროს იღლება. როდესაც ბავშვი ამჩნევს, რომ მან ახალი მოძრაობა აითვისა, მისი სიხარული უსაზღრვოა. ის კიდევ უფრო მონდომებული და მოტივირებული ხდება. ბავშვი ცდილობს ახალი მოძრაობები შეისწავლოს, ყოველდღიურად ატარებს ექსპერიმენტებს.

ჭარბი ენერგიის მქონე ბავშვის უსაფრთხოებაზე ზრუნვა საკმაოდ რთულია. თუ თქვენი შვილი არასდროს იღლება და მოსვენებას გაკარგვინებთ, გირჩევთ მას ენერგიის ადეკვატურად გამოყენების შესაძლებლობა მისცეთ, რაშიც ჩვენ მიერ შემოთავაზებული ეფექტიანი სტრატეგიების გამოყენება ძალიან დაგეხმარებათ.

  • ბავშვი სპორტზე ატარეთ

4-5 წლის ასაკის ბავშვისთვის იდეალურია სპორტზე სიარული. შეგიძლიათ ბავშვი ცეკვაზე, კარატეზე, ფეხბურთზე ან ცურვაზე ატაროთ. აღნიშნული აქტივობების დახმარებით ბავშვს კოორდინაციისა და ფოკუსირების უნარი გაუუმჯობესდება. აუცილებლად ჰკითხეთ ბავშვს, რომელი აქტივობებით დაკავებას ისურვებდა თავად. ამერიკის პედიატრთა აკადემიის ინფორმაციით, სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილ სპორტულ წრეებზე 30 წუთი თავისუფლად თამაშს უნდა ეთმობოდეს, ხოლო 20 წუთი სწავლებას. გირჩევთ, ისეთი სპორტული წრე იპოვოთ, რომელიც თქვენი შვილის ასაკისთვის შესაფერისია.

  • ბავშვისთვის სპორტული ინვენტარი შეიძინეთ

სამბორბლიანი ველოსიპედი, რომელსაც თქვენი სამი წლის შვილი სიამოვნებით ატარებდა, მისთვის შესაფერისი აღარ არის. ოთხი წლის ბავშვს ველოსიპედი ორ ბორბალზე უნდა უყიდოთ. ამასთან, მას აუცილებლად უნდა ჰქონდეს უკანა დამხმარე ბორბლებიც. თქვენი შვილისთვის სხვადასხვა ზომის ბურთი, ჩოგბურთის ინვენტარი, სავარჯიშო რგოლები და სხვა სათამაშოებიც შეიძინეთ, რათა მან ენერგიის დახარჯვა სასიამოვნოდ შეძლოს. ბავშვს მისთვის საყვარელი მუსიკები შეარჩევინეთ და შესაძლებლობა მიეცით საყვარელ სიმღერებზე იცეკვოს.

  • ბავშვთან ერთად ითამაშეთ

პარკში შვილთან ერთად თუ წახვალთ, ორი ცალი სკეიტი წაიღეთ და ერთად გაერთეთ. სახლში ერთად ხატეთ, საპნის ბუშტები გაბერეთ და მათი დაჭერა სცადეთ. თუ უამინდობაა და ოთახში გამოკეტვა გიხდებათ, ბავშვებს მოწყენის შესაძლებლობა არ მისცეთ. საინტერესო ოჯახური თამაშები მოიფიქრეთ და იმხიარულეთ.

  • ტელევიზორი გამორთეთ

ფიქრობთ, რომ ტელევიზორის ყურება თქვენს შვილს ამშვიდებს? თუ ასეა, ძალიან ცდებით. ეკრანთან ჯდომა და ფერადი მულტფილმების ყურება, მას კიდევ უფრო აღაგზნებს და ბავშვის მოუსვენრობას აორმაგებს. დღის განმავლობაში თქვენს შვილს ეკრანთან ჯამში მხოლოდ ორი საათის გატარების უფლება მიეცით. დაძინებამდე სამი საათით ადრე ბავშვი კომპიუტერის, ტელეფონის ან ტელევიზორის ეკრანს მოარიდეთ.

  • ბავშვის კვება მკაცრად აკონტროლეთ

შაქრიანი პროდუქტები ჰიპერაქტივობის გამომწვევი ერთადერთი მიზეზი არ არის, მაგრამ ტკბილეულის მიღებისას ბავშვის ნერვული აღგზნება მნიშვნელოვნად მატულობს. მოერიდეთ კოფეინის შემცველ ტკბილ გაზიან სასმელებს, ბავშვისთვის ცივი ჩაისა და შოკოლადის მიცემას. ბავშვს ენერგია ბუნებრივად აქვს. ქიმიური დანამატების სახით ჭარბი ენერგიის მიღება მას ნამდვილად არ სჭირდება.

  • ბავშვი კარგი ქცევისთვის წაახალისეთ

ბავშვებს ამ ასაკში შეზღუდვების მიღება უჭირთ. თუ თქვენი შვილი სუპერმარკეტში დარბის და არ ჩერდება, უთხარით, რომ სასურველი პროდუქტების მოძებნაში დაგეხმაროთ, ხოლო თუ ასე მოიქცევა, დაპირდით, რომ პარკში სათამაშოდ წაიყვანთ. მთავარია, რომ თქვენი პირობა ყოველთვის შეასრულოთ.

მოწყენილობა ბავშვებში ჭარბი ენერგიის მოზღვავებას უწყობს ხელს

ბავშვები ხშირად იმიტომ არ ისვენებენ, რომ ისინი მოწყენილები არიან. თქვენმა შვილმა რომ არ მოწყინოს, მას გართობის შესაძლებლობა უნდა მისცეთ. ბავშვს ზოოპარკში თუ გაასეირნებთ, სახლში მოსვლის შემდეგ შეგიძლიათ, საყვარელი ცხოველების დახატვა შესთავაზოთ და „ზოოპარკის ჟურნალი“ გააკეთოთ. ბავშვს მეხანძრის, მაშველის, მზარეულის ფორმები შეუკერეთ და მას წარმოსახვითი თამაშებით დაკავების შესაძლებლობა მიეცით. ბავშვს საყვარელი სათამაშოები რომ არ მობეზრდეს, მათი ნაწილი სადმე გადამალეთ, შემდეგ კი კვლავ გამოუჩინეთ. შეგიძლიათ, შვილს მეგობრებთან და მეზობლებთან სათამაშოების გადაცვლის იდეაც შესთავაზოთ. ეს მას ნამდვილად გაახარებს.

მომზადებულია ​parents.com - ის მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა 

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, დედებისთვის შექმნა ახალი სივრცე. მოიწონეთ გვერდი მცოდნე დედები

შეიძლება დაინტერესდეთ

„მაღვიძარა არის სერიოზული სტრესი ბავშვისთვის... ჩვენ უნდა ვიქცეთ მაღვიძარად ჩვენი შვილებისთვის,“ - პედიატრი ქეთი ნემსაძე

პედიატრმა ქეთი ნემსაძემ ბავშვების გასაღვიძებლად მაღვიძარას გამოყენების მიზანშეუწონლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მაღვიძარა ბავშვისთვის სტრესია:

„მაღვიძარა არის სერიოზული სტრესი. მე პიროვნულად იმის წინააღმდეგიც ვარ, როდესაც ბავშვებს ენურეზი აქვთ და თითოეულ წვეთზე იწყება ზარის ჩართვა, რაც ბავშვს აღვიძებს. ეს არ არის დადებითი სიგნალი ბავშვისთვის. ჩვენ როდესაც სტრესზე ვსაუბრობთ, ღმერთმა დაგვიფაროს, განვაცხადოთ, რომ ბავშვმა სტრესი არ უნდა მიიღოს. პოზიტიური სტრესი კარგია. პოზიტიური სტრესი არის, მაგალითად, დილას, როდესაც დედა მოეხვევა ბავშვს, აკოცებს და ეტყვის: „ჩვენი ადგომის დროა.“ რასაკვირველია, მნიშვნელობა აქვს ასაკს.

ის ხმიანობა, რაც ჩართულია მაღვიძარაში, ეს შეხსენება მშობელს თვითონს სჭირდება. მას შეუძლია თვითონ დაიდგას მაღვიძარა, შემდეგ შევიდეს და სხვა მეთოდით, მოფერებით გააღვიძოს ბავშვი. ბავშვისთვის გაღვიძება სტრესია. სტრესის დროს გამოიყოფა სტრესული ჰორმონები, კორტიზოლი. მოფერება ამ სტრესს დაწევს. ეს უნდა გახდეს გაღვიძების მეთოდი. ჩვენ უნდა ვიქცეთ მაღვიძარად ჩვენი შვილებისთვის,“ - მოცემულ საკითხზე ქეთი ნემსაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო:​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ 

წაიკითხეთ სრულად