Baby Bag

უნდა იყოს თუ არა მშობელი მკაცრი შვილთან ურთიერთობისას?

უნდა იყოს თუ არა მშობელი მკაცრი შვილთან ურთიერთობისას?

მშობლების ნაწილი თვლის, რომ ბავშვის სწორად აღსაზრდელად სიმკაცრის გამოჩენა აუცილებელია. ისინი ფიქრობენ, რომ თუ შვილებთან კომპრომისზე ნაკლებად წავლენ, მათ უკეთეს ადამიანებად ჩამოყალიბებაში დაეხმარებიან. მშობლების ნაწილმა არ იცის, რომ სიმკაცრეს ძალიან ბევრი უარყოფითი შედეგი მოაქვს. ბავშვები მეტისმეტად მკაცრ მშობლებს მეგობრებად არ განიხილავენ, რაც მათ შორის ურთიერთობას აფუჭებს. შვილები მშობლებთან გულახდილები აღარ არიან, ოჯახური კავშირი კი მტკიცე აღარ არის.

რამდენად სწორად იქცევიან მშობლები, რომლებიც შვილებთან ურთიერთობისას სიმკაცრეს ავლენენ? პირველ რიგში, მშობელმა უნდა იცოდეს, თუ რა ზიანს აყენებს მის შვილს მკაცრი დამოკიდებულებით. სიმკაცრე მშობელსა და შვილს შორის უნდობლობას იწვევს. ბავშვი არ ენდობა მშობელს, რომელიც მისდამი სიმკაცრეს იჩენს. ყოველთვის, როდესაც თქვენს შვილს პრობლემები ექნება, ის ეცდება, რომ მათ დამოუკიდებლად გაუმკლავდეს. ის იფიქრებს, რომ სიმართლის თქმის შემთხვევაში, მას მშობლები დასჯიან. მკაცრი მშობლები შვილებს აშინებენ. ეს ყველაზე ცუდი რამ არის, რაც ბავშვს შეიძლება დაემართოს.

მკაცრი მშობლები ბავშვის თვითშეფასებაზეც ნეგატიურად ზემოქმედებენ. ისინი მეტისმეტად კრიტიკულები არიან შვილებისადმი, რადგან თვლიან, რომ შვილმა მათი მოლოდინი ყოველთვის უნდა გაამართლოს. თუ ასე არ ხდება, მშობლები მას სჯიან. მკაცრი მშობლები შვილს ძალიან ზღუდავენ, რაც ბავშვს სულს უხუთავს. ის ყველაფრის ფასად ცდილობს თავისუფლება მოიპოვოს. არაერთი კვლევით დასტურდება, რომ თინეიჯერების ამბოხის უმთავრეს მიზეზს მშობლების მხრიდან გამოჩენილი სიმკაცრე წარმოადგენს. მოზარდებს სურთ, რომ საკუთარი აზრი და იდეები ჰქონდეთ, რის შესაძლებლობას მათ მშობლები ნაკლებად აძლევენ, რაც ბავშვების გაბრაზებას და ბუნტს იწვევს.

მკაცრი მშობლები შვილების ფსიქიკაზე გარკვეულ ნეგატიურ ზეგავლენას ახდენენ, თუმცა მათი სიმკაცრე ბავშვებისთვის დადებითი შედეგების მომტანიც არის. მკაცრი მშობლების შვილები დისციპლინას მიჩვეულები არიან. მათ სკოლაში კარგი შედეგები აქვთ. მკაცრი მშობლების შვილებს სოციუმში ინტერგაცია არ უჭირთ. ზრდილობიანი და მოწესრიგებული ადამიანები ყველას უყვარს. მკაცრი მშობლები სწორედ ასეთ შვილებს ზრდიან, რის გამოც, ისინი ყველას სიყვარულს და მოწონებას მარტივად იმსახურებენ.

შვილის მიმართ გამოჩენილ სიმკაცრეს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს. ბავშვთან უფრო დისტანცირებული, ცივი ურთიერთობის წყალობით მშობელი მას წესრიგს და დისციპლინას აჩვევს, თუმცა რამდენად მართებულია მსხვერპლის გაღება მსგავსი შედეგის მიღების მიზნით? საქმე იმაშია, რომ მშობელი ვალდებული არ არის არჩევანი გააკეთოს. აუცილებელი არაა, რომ თქვენ ბავშვთან ყოველთვის მკაცრი ან ყოველთვის ლოიალური იყოთ. ოქროს შუალედის გამონახვა საუკეთესო არჩევანია.

მშობელმა თითოეულ საკითხზე განსხვავებული მიდგომა უნდა გამოამჟღავნოს. ძალიან რთულია, რომ ის შვილის მასწავლებელიც იყოს და მეგობარიც, თუმცა ეს სავსებით მიღწევადი მიზანია. საუკეთესო შემთხვევაში, მშობელმა საკუთარი მკაცრი ქცევის მიზეზები ბავშვს დეტალურად უნდა განუმარტოს, რათა მისი ნდობა არ დაკარგოს. მეგობრული და მენტორული მიდგომების გაერთიანება წარმატებული და დისციპლინირებული ბავშვის აღზრდაში ძალიან დაგეხმარებათ.

მომზადებულია ​paikesekilluperekeskus.ee - ს მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა 

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, დედებისთვის შექმნა ახალი სივრცე. მოიწონეთ გვერდი მცოდნე დედები

შეიძლება დაინტერესდეთ

„მარტო განათლება არ უზრუნველყოფს წარმატებას ცხოვრებაში... ადამიანი უნდა იყოს შეიარაღებული შესაბამისი უნარებით,“- გია მურღულია

ფილოლოგმა გია მურღულიამ წარმატების მისაღწევად აუცილებელი უნარები დაასახელა:

„ყველა კვლევით დადასტურებულია, რომ მარტო განათლება არ უზრუნველყოფს წარმატებას ცხოვრებაში. ჩვენ ვიცნობთ ბევრ ადამიანს, რომელიც არის ძალიან განათლებული, მაგრამ ძალიან წარუმატებელი. ადამიანი უნდა იყოს შეიარაღებული შესაბამისი უნარებით. რა უნარებია ეს? ნებისყოფა, შეუპოვრობა, მიზანსწრაფვა, ალგორითმის გააზრების უნარი, დროის შეგრძნებისა და გაფრთხილების უნარი. ეს არსებითია, ეს უნდა ისწავლებოდეს ყველა სკოლაში.

მე ვეკითხები ხოლმე სკოლის დირექტორებს: „რას აკეთებთ თქვენს სკოლაში საიმისოდ, რომ ბავშვებში ეს უნარები ჩამოაყალიბოთ?“ უხერხულად ეღიმებათ, იმიტომ, რომ ბევრი არაფერი კეთდება ჩვენს სკოლებში ამისთვის. ბავშვებში ამ უნარების ჩამოყალიბება არის ლამის გადამწყვეტი მნიშვნელობის ფაქტორი. ხშირად უნდა მისცე ბავშვს ისეთი დავალება, რომელიც მას აიძულებს, რომ მართებულად გადაანაწილოს დრო, სხვაგვარად ის ვერ მოახერხებს ამ დავალების შესრულებას. დავალება უნდა იყოს მრავალკომპონენტიანი. რაც ბუნებითად მოგდგამს ეს ერთია, მაგრამ რასაც სკოლა და ოჯახი უნდა გაძლევდეს, ეს მეორეა. ორივემ უნდა იცოდეს, როგორ გააკეთოს ეს,“- მოცემულ საკითხზე გია მურღულიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „წითელი სკამი“ ისაუბრა.

წყარო: ​„წითელი სკამი“


წაიკითხეთ სრულად