Baby Bag

თუ ბავშვს „არას“ უფრო ხშირად ეტყვით, ვიდრე „კის,“ მას მადლიერების გრძნობას განუვითარებთ

თუ ბავშვს „არას“ უფრო ხშირად ეტყვით, ვიდრე „კის,“ მას მადლიერების გრძნობას განუვითარებთ

თანამედროვე მშობლებისთვის ერთ-ერთ მთავარ პრობლემას ბავშვების გამუდმებული უკმაყოფილება წარმოადგენს. რაც უნდა გააკეთონ უფროსებმა მათთვის, ისინი ბედნიერები მაინც არ არიან.

მშობლები გარკვეულ სტრატეგიებს შეიმუშავებენ, რათა ბავშვების უკმაყოფილება როგორმე დაძლიონ. ისინი, პირველ რიგში, ლექციების კითხვას იწყებენ, რაც დიდი შეცდომაა. როდესაც უფროსები პატარებს სათამაშოებს ჩუქნიან, შემდეგ კი მათ გამუდმებით შეახსენებენ, თუ როგორ გაუმართლათ, რადგან ყველაფერი აქვთ, რაც სურთ, ისინი ბავშვებს აღიზიანებენ. ახალი სათამაშოების შეძენით გახარებულ ბავშვებს ნამდვილად არ უნდათ იმის მოსმენა, თუ რა არის სიღარიბე და რატომ არიან ისინი იღბლიანები სხვებთან შედარებით. მშობლების მხრიდან საჩუქრის ჩუქება, შემდეგ კი ლექციის წაკითხვა ურთიერთგამომრიცხავი ქმედებაა, რაც ბავშვების გაკვირვებას იწვევს. რადგან ბავშვები მადლიერებას სიტყვიერად არ გამოხატავენ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი უმადურები არიან. მათთვის ლექციების წაკითხვა აუცილებელი სულაც არ არის. ბავშვები კონკრეტულ პრობლემას ვერ იაზრებენ, სანამ მას საკუთარ თავზე არ გამოცდიან. თუ ფიქრობთ, რომ თქვენი შვილი უმადურია, მას ლექციის წაკითხვით საკუთარ ქცევაზე ვერ დააფიქრებთ. ბავშვს გამოცდილების შეძენა სჭირდება და არა მონოლოგების მოსმენა.

ბავშვებთან ნოტაციების კითხვა არ ჭრის. თუ თქვენ შვილებს ეტყვით, რომ ისინი ყოველდღიური პურისთვის, რომელიც აქვთ მადლიერები უნდა იყვნენ, შეცდომას დაუშვებთ. ბავშვები ვერ გაიგებენ, რატომ უნდა ეშინოდეთ უპუროდ დარჩენის. ისინი ჩათვლიან, რომ პურის დეფიციტის პრობლემას მშობლები მაღაზიაში წასვლით მარტივად მოაგვარებენ. მშობლები ამაოდ ფიქრობენ, რომ დამოძღვრა და ბრძნული აზრების ბავშვებისთვის გაზიარება გარკვეულ ასაკამდე რაიმდე შედეგს გამოიღებს. ბავშვს ქცევის მართვას დროულად თუ არ ასწავლით, ის სრულწლოვანების ასაკშიც ისეთივე იქნება, როგორიც ადრეული ბავშვობის ეტაპზე იყო. მადლიერებას სიტყვიერად ვერავის ასწავლით. ბავშვის ხასიათის გამოწრთობას ძალიან დიდი დრო და შრომა სჭირდება.

ბავშვები ისეთივე ადამიანები არიან, როგორებიც ჩვენ ვართ. როდესაც მადლიერებაზე ვსაუბრობთ, უნდა დავფიქრდეთ, როდის ვართ მადლიერები. ადამიანები მადლიერების გრძნობას განიცდიან, როდესაც ძალიან ბედნიერები არიან ისეთი მოვლენით, რომელიც მათ ცხოვრებაში იშვიათად ხდება. ისინი მადლიერები არიან მაშინაც, როდესაც აცნობიერებენ, რომ ყველაფერი, რაც მათ აქვთ, შეიძლება წამში გაქრეს ან დაიკარგოს, შესაბამისად ადამიანები აფასებენ იმას, რაც აქვთ. მძიმე დაავადებები, ბუნებრივი კატასტროფები, არასწორად გაკეთებული არჩევანი, უბედური შემთხვევები, გარდაცვალებები - ეს ის უსიამოვნო მოვლენებია, რომლებიც ყოველდღიურად ათასობით ადამიანს აუბედურებს. შესაბამისად, როდესაც გვაქვს რაღაც, რაც გვაბედნიერებს, ჩვენ მადლიერებას ვგრძნობთ. ბავშვები ძალიან პატარები არიან იმისთვის, რომ ეს ყველაფერი გაიგონ. ამ ყოველივეს გაცნობიერება თინეიჯერებსაც კი უჭირთ.

ბავშვისთვის მადლიერების გრძნობის გაჩენა თუ გსურთ, მისი მოთხოვნები და სურვილები ყოველწამიერად არ უნდა შეასრულოთ. თქვენი შვილის „მინდა“ ხშირად არ უნდა დაკმაყოფილდეს. თუ ბავშვის ახირებებს იშვიათად დააკმაყოფილებთ, მას არ ექნება მოლოდინი, რომ მისი მოთხოვნები შესრულდება. ასეთ შემთხვევაში, ის ძალიან მადლიერი იქნება, როდესაც დაინახავს, რომ მას მოულოდნელი საჩუქარი გაუკეთეთ და მადლობასაც კი გეტყვით. თუ ბავშვს „არას“ უფრო ხშირად ეტყვით, ვიდრე „კის,“ მას მადლიერების გრძნობას განუვითარებთ. ეს იმას არ გულისხმობს, რომ ბავშვის სურვილებს ყოველთვის ოპოზიციაში უნდა ჩაუდგეთ. უბრალოდ მას უნდა აგრძნობინოთ, რომ მისი სურვილები და მოთხოვნები უპირობოდ არ კმაყოფილდება.

შვილებს ყველაფერი მიეცით, რაც მათი ემოციური, ფიზიკური, სულიერი და ინტელექტუალური სიჯანსაღისთვის აუცილებელია, ამასთან ბავშვებს უნდა აგრძნობინოთ, რომ თქვენს უმთავრეს მიზანს მათი სწორად აღზრდა წარმოადგენს. ბავშვების „მინდა“ -ს დადებითადაც უნდა უპასუხოთ, თუმცა ეს ჩვევად არ უნდა გექცეთ.

მომზადებულია​ smarthomeschooler.com - ის მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა  

არ დაგავიწყდეთ !!!

დაემატეთ ჯგუფში საბავშვო რეცეპტები

შეიძლება დაინტერესდეთ

რა ასაკიდან უნდა დაიწყოს მშობელმა ბავშვის სიმაღლეზე ზრუნვა? - ენდოკრინოლოგი შოთა ჯანჯღავა

ენდოკრინოლოგმა შოთა ჯანჯღავამ ბავშვის სიმაღლეში ზრდაზე ზრუნვის გზებზე ისაუბრა და ის სადიაგნოსტიკო კვლევები დაასახელა, რომელიც სიმაღლეში ზრდის ჩამორჩენის პრობლემის იდენტიფიცირებაში დაგვეხმარება:

„ბავშვი როგორც კი დაიბადება, უმეტესობა ვიწყებთ D ვიტამინის მიცემას, პერიოდულად ვაძლევთ ვიტამინებს. ეს უკვე პროფილაქტიკაა მომავლისთვის ბავშვის ზრდა-განვითარებასთან მიმართებაში. მშობლისთვის ცოტა რთულია ბავშვის ზრდა-განვითარების შეფასება. თუ შევამჩნევთ, რომ თანატოლებთან მიმართებაში ბავშვი ცოტა ჩამორჩება ზრდა-განვითარებაში, ან თუ ვხედავთ, რომ ბავშვმა წელიწადში 4 სანტიმეტრზე მეტი არ მოიმატა, ეს იმას ნიშნავს, რომ უკვე ყურადღება უნდა მივაქციოთ და შევაფასოთ მდგომარეობა.

თუ ვხედავთ, რომ ბავშვმა უკვე მიაღწია 13-14 წლის ასაკს და არ უახლოვდება გენეტიკურად მიცემულ სიმაღლეს, რა თქმა უნდა, ყურადღება უნდა მიექცეს.

ყველაზე კარგი სადიაგნოსტიკო ტესტი არის მტევნის რენტგენოლოგიური კვლევა. მტევნის მიდამოში ჩვენ გვაქვს სხვადასხვა ძვალი, რომელიც სხვადასხვა ასაკში ვითარდება. თუ ჩვენ ამ კვლევაზე გვაქვს ზრდის ჩამორჩენა საპასპორტო ასაკთან მიმართებაში ერთ წელზე მეტი ასეთ შემთხვევაში უნდა ინახოს ორგანიზმში ზრდის ჰორმონის მაჩვენებელი. ზრდის ჰორმონის ტესტი არ არის ადვილი გასაკეთებელი. ეს არის 2-საათიანი ტესტი. ბავშვი ტესტირების დროს უნდა იყოს სტაციონარში,“- მოცემულ საკითხზე შოთა ჯანჯღავამ „მთავარი არხის“ გადაცემაში „შენი დილა“ ისაუბრა.

წყარო: ​„შენი დილა“

წაიკითხეთ სრულად