Baby Bag

„შეიძლება იუთუბის რგოლებზე აჩვენოს მშობელმა ბავშვს, თუ რა დახვდება ბაღში, წინასწარ შეამზადოს იმ გარემოსთვის,“ - ფსიქოლოგი ეკატერინე ბურკიაშვილი

ფსიქოლოგი ეკატერინე ბურკიაშვილი გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ბავშვის ბაღში წასვლისთვის მომზადების სტრატეგიებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ მშობელმა შვილის ბაღში წაყვანამდე რამდენიმე მნიშვნელოვან ასპექტს უნდა მიაქციოს ყურადღება:

„ბაღის ასაკი ბავშვის განვითარებისთვის ერთ-ერთი მნიშველოვანი პერიოდია. შესაბამისად, ის შეიძლება იყოს ცოტათი სტრესული ბავშვისთვის და ასევე მშობლისთვისაც. ეს არის პირველი განშორება ბავშვისა და მშობლის. ბავშვს უწევს, რომ ახალ სოციუმს, ახალ ჯგუფს მოერგოს, გარკვეული უნარები განივითაროს. საჭიროა, რომ მივაქციოთ ყურადღება მის როგორც ფიზიკურ, ემოციურ და სოციალურ განვითარებას. მნიშვნელოვანია, ყურადღება მივაქციოთ მის ასაკს. ითვლება, რომ ოპტიმალური ასაკი ბავშვის ბაღში მისაყვანად არის სამი წელი, თუმცა ეს ინდივიდუალურია ნებისმიერი ბავშვის შემთხვევაში. მშობლებს ბაღში ორი წლიდან, წლინახევრიდანაც მიჰყავთ ხოლმე ბავშვები. მშობელი უნდა დააკვირდეს რა უნარები აქვს ბავშვს, რამდენად შეუძლია ადაპტირება ახალ გარემოში. ამის მიხედვით ხდება გადაწყვეტილების მიღება.“

ეკატერინე ბურკიაშვილის თქმით, ყველა ბავშვი ინდივიდუალურია და თითოეულ მათგანს ადაპტაციის განსხვავებული უნარი აქვს:

„ზოგიერთი ბავშვი უპრობლემოდ ადაპტირდება, ეგუება. ზოგს აქვს გარკვეული სირთულეები. ეს პირველი გამოწვევაა. ბავშვმა უნდა დაძლიოს, უნდა ისწავლოს გამკლავება პირველ პრობლემასთან, მაგრამ ამაში მას სჭირდება აუცილებლად მშობლის და აღმზრდელის დახმარება. კოორდინირებული მუშაობის საფუძველზე ხდება ბავშვის შეგუება გარემოსთან. ეს ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა შევძლოთ. ეს არ უნდა მოხდეს შემდეგნაირად: აბა, მე წავალ ახლა, შენ დარჩი და გაუმკლავდი.“

ეკატერინე ბურკიაშვილი აცხადებს, რომ პანდემიისა და ახალი შეზღუდვების პირობებში ბავშვებს ბაღთან ადაპტაცია უფრო გაუჭირდებათ:

„განსაკუთრებით რთულია ასეთ გარემოში ახალი ცხოვრების დაწყება ბავშვისთვის, სადაც არ არის მისი ნაცნობი სივრცე, მისი საყვარელი სათამაშოები. თუმცა სასურველი გარემოს შექმნისთვის საყვარელი სათამაშოს წაღების გარდა, სხვა ტექნიკებიც არსებობს. აქტიურად გამოიყენება ბავშვისთვის ბაღის მულტფილმების გმირებით შეყვარება, სახლის გარემოში შეგუება, შეიძლება იუთუბის რგოლებზე აჩვენოს მშობელმა ბავშვს, თუ რა დახვდება ბაღში, წინასწარ შეამზადოს იმ გარემოსთვის.“

„უკვე თვეების განმავლობაში ბავშვებს გარკვეული ინფორმაცია დაუგროვდათ ვირუსის შესახებ. მას რომ ზრუნვის მომენტი ჰქონდეს, ეს ისედაც მნიშვნელოვანია ბავშვის განვითარებისთვის, რომ იფიქროს სხვაზე. ეს ძალიან მარტივად ესმით ბავშვებს. ბავშვს უნდა ავუხსნათ, რატომ ვიცავთ დისტანციას, რომ არსებობს რაღაც ვირუსი. ეს ყველაფერი ძალიან არ უნდა გავაბუქოთ, რა თქმა უნდა. ბავშვებმა უკვე იციან, რომ ხელები ხშირად უნდა დაიბანონ და ა.შ. ისინი მაინც პატარები არიან და ყველაფერი აღმზრდელზეა დამოკიდებული,“ - აღნიშნავს ეკატერინე ბურკიაშვილი.

წყარო: ​დილა მშვიდობისა საქართველო

არ დაგავიწყდეთ !!!

დაემატეთ ჯგუფში საბავშვო რეცეპტები

შეიძლება დაინტერესდეთ

ბაღიდან მოსულ ბავშვს ეს კითხვები არ უნდა დაუსვათ - ფსიქოლოგ ნინო ბუაძის რეკომენდაციები მშობლებს

ფსიქოლოგმა ნინო ბუაძემ ის შეკითხვები დაასახელა, რომელიც მშობელმა ბაღიდან დაბრუნებულ ბავშვს არ უნდა დაუსვას:

„ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მშობელი რა ტიპის კითხვას სვამს. მაგალითად, ნეგატიური შინაარსის შეკითხვა: „ხომ არავინ დაგარტყა? ხომ არავინ წაგართვა? საჭმელი შეჭამე? მასწავლებელმა ხომ არ იყვირა?“

თუ ბავშვს სულ ნეგატიურ გამოცდილებებთან ვაბრუნებთ, ცხადია, შფოთვა არის მაღალი. პირიქით, თუ ვეუბნები: „რა მოგეწონა? დახატე დღეს?“ ეს დადებითად მოქმედებს. „რა მოხდა ბაღში?“ - ეს ძალიან დიდი შეკითხვაა. კითხვები კონკრეტული უნდა იყოს. ასეთ კითხვას ის თავიდან აიცილებს, იტყვის, რომ არაფერი მოხდა, ან დაავიწყდა, რა მოხდა. დავსვათ კონკრეტული შეკითხვა: „დახატე? მოგეწონა?“ არ გავამახვილოთ ყურადღება იმაზე, რაც არ გამოსდის ბავშვს. ხშირად ეს არის კვება. მაგალითად, „წვნიანი ისევ არ ჭამე ბოლომდე? მე მასწავლებელს ვეტყვი.“ პედაგოგის გააქტიურება მონიტორინგის თვალსაზრისით, ასევე არასწორია,“- მოცემულ საკითხზე ნინო ბუაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“ 

წაიკითხეთ სრულად