,,პრობლემა სახელად უჭმელობა ფანტაზიის, დიდი ნერვების და ძალისხმევის წყალობით დამარცხებულია,'' - ასეთი სათაურით აქვეყნებს პოსტს სოციალურ ქსელში დედა ეკა ხიზანიშვილი.
ეკა თავის გამოცდილებას უზიარებს დედებს, რომლებსაც მასავით აწუხებთ ბავშვის უჭმელობა. გთავაზობთ მის პოსტს უცლელად:
ჩემმა 2 წლის შვილმა ერთდროულად მომხდარი მოვლენების ფონზე მთლიანად შეწყვიტა ჭამა.
1. პატარა ძამიკო მოვუყვანეთ სახლში,რაზეც საშინლად იეჭვიანა.
2. მოულოდნელად დატოვა ძიძამ,რამაც ძალიან იმოქმედა მასზე.
3. წინა პერიოდში გარკვეულ ეტაპზე ძალდატანებით უწევდა ჭამა (არ დავკონკრეტდები).
🚫მოშივდება და შეჭამს
🚫დაუდე საყვარელი საკვები მისაწვდომ ადგილას
🚫ლამაზად გაუფორმე
🚫მეგობრები დაუპატიჟე
🚫უფროსებთან ერთად დასვი სუფრაზე
🚫რაციონი გაუმრავალფეროვნე
და კიდევ რა აღარ...
მაგრამ არაფერმა იმუშავა.
რაც მთავარია, შიოდა და არ ჭამდა. ამ ფონზე გახდა ჭირვეული, დაიწყო მთელი ხმით ტირილი, ფეხების ბაკუნით და თავის ძირს გაწოლებით გაპროტესტება.
გააპროტესტა ზიარებაც...
დაიწყო ტირილი ბანაობისას...
მოკლედ კოშმარული 1.5 თვე გავატარეთ მთელმა ოჯახმა.მაგრამ დიდი ნებისყოფის ფასად და დაკვირვების შედეგად, აღმოვაჩინე მისი ახალი კუმირი - "მიკიუსი".
მოვიარე მთელი თბილისი და ბოლოს მივაკვლიე ამ ორ ჯადოსნურ ნივთს.
პირველ დღესვე ყურებიანი თავსახურის წყალობით საწრუპით მიიღო დასალევი იოგურტი, მთელი ჭიქა.(ხომ წარმოგიდგენიათ,რამდენად არაფერს ჭამდა,რომ ეს იყო წინ გადადგმული ნაბიჯი).
ფაქტობრივად ჰაერით და წყლით იკვებებოდა და ... რძით.
მეორე დღესაც იგივე განმეორდა დილით და მერე წავიყვანეთ ზიარებაზე.ეზიარა (ცოტა გაჭიევეულდა, მაგრამ...)
შუადღეს ისევ გავუკეთე სადილი, უიმედოდ მაგრამ... ნუ, იმ დღის შემდეგ თამაშით, სიმღერით და ცეკვით, მაგრამ ჭამს.
როგორც კი იტყვის, რომ ,,მორჩა" - აღარ ვაჭმევ.
თითქმის ყველა ჯერზე ცდილობს, ბოლომდე ჭამოს და მიიღოს დამსახურებული კომპლიმენტი აპლოდირების ფონზე.
გადავწყვიტე, ჩემი გამოცდილების გაზიარება მათთვის ვისაც ეს პრობლემა აწუხებს, რადგან უკვე კარგად ვიცი, რას ნიშნავს მშიერი შვილი,'' - აღნიშნავს ეკა ხიზანიშვილი.
„არავითარ შემთხვევაში პური არ უნდა იყოს ჩაფხვნილი საკვებში,“ - პედიატრი ინგა მამუჩიშვილი ჩვილ ბავშვთა დამატებითი კვების შესახებ
პედიატრმა ინგა მამუჩიშვილმა ჩვილ ბავშვთა დამატებითი კვების შესახებ საუბრისას ის საკვები პროდუქტები დაასახელა, რომელიც ბავშვს მყარ კვებაზე გადასვლისას უნდა მივცეთ:
„როდესაც ვიწყებთ დამატებით კვებას, ბავშვს უნდა დავუწყოთ ქარხნული წესით დამზადებული ფაფებით კვება. ის ძირითადი ინგრედიენტები, რომელიც დანამატის სახით შედის ბავშვთა კვებაში, გათვლილია პატარას სწორ ფიზიკურ და ფსიქომოტორულ განვითარებაზე. აუცილებლად საკვები უნდა იყოს ისეთი კონსისტენციის, რომ ბავშვი მიეჩვიოს ღეჭვითი რეფლექსების შესრულებას. პირველი ღეჭვითი რეფლექსი ბავშვს 4 თვის ასაკიდან უმუშავდება. ბრუნვითი ღეჭვითი რეფლექსები უვითარდება 12 თვის ასაკიდან. ფაფები უნდა იყოს ისეთი კონსისტენციის, რომ ბავშვმა შეძლოს ის შემოაბრუნოს პირში, დაღეჭოს. ეს აუცილებელია შემდგომში უკვე ბავშვის პირის აპარატის, მისი არტიკულაციის, ღეჭვითი რეფლექსების გამომუშავებისთვის. იმისთვის, რომ 3-4 წლის ასაკამდე ბავშვი არ იყოს მიბმული დაბლენდერებულ საკვებზე. კვება დავუწყოთ კოვზით უსათუოდ და ბავშვი არ იყოს მიჩვეული ბოთლით კვებაზე. ზოგიერთი 3 წლის ასაკამდე ბოთლით კვებავს ბავშვს, იმიტომ, რომ მიაჩვიეს ასე. ბავშვს უბლენდერებენ, უთხელებენ ფაფებს, ოღონდ როგორღაც შეჭამონ. ამას მე ვეძახი ქცევით დევიაციას, რომელსაც მშობლებიც ჩავდივართ, რომ გავიმარტივოთ ცხოვრება. ქართველებს გვაქვს ასეთი პრობლემა, რომ ბავშვმა ოღონდ ჭამოს და რა სახითაც უნდა იმ სახით მიიღოს, ნებისმიერი სახით.
თავდაპირველად ვიწყებთ ბურღულის ფაფით. ყოველთვის დავიცვათ ექიმის რეკომენდაცია, რომელ თვეზე რომელი ახალი საკვები შევიტანოთ ბავშვთა კვებაში. 7 თვის ასაკიდან ჩავრთოთ ხორცი, ხორცის ბულიონი - არავითარ შემთხვევაში! ბავშვს არ აქვს ბულიონის გადამუშავების უნარი და ის ამოღებულია 2 წლის ასაკამდე. პირველ რიგში, ჩავრთოთ ფრინველის ხორცი, ქათმის ხორცი, ხბოს ხორცი. თევზი 8 თვის ასაკიდან შედის ბავშვის რაციონში. კვერცხის შეტანა ხდება 8-9 თვის ასაკიდან. ჩვენ რეკომენდაციას ვუწევთ მწყერის კვერცხს, რომელიც მარტივად მოსანელებელია და ჰიპოალერგიულია. ძროხის ცილა, რომელიც ძალიან ტოქსიურია, ბავშვისთვის ძალიან რთული მოსანელებელია. ძროხის რძე დავიწყოთ ერთი წლის ასაკიდან. 8 თვის ასაკიდან შეიძლება დავიწყოთ პურის გამოყენება. არავითარ შემთხვევაში პური არ უნდა იყოს ჩაფხვნილი საკვებში. პურის გამოყენებას ვიწყებთ იმიტომ, რომ ბავშვმა ღეჭვა ისწავლოს. ბებიები თვლიდნენ, რომ ჩაფხვნილი პურით უკეთ ნაყრდება ბავშვი, მაგრამ დანაყრებაში არ არის საქმე, საქმე სარგებლიანობაშია. რას ვაჩვევთ ბავშვს და რატომ ვაჩვევთ,“- აღნიშნულ საკითხზე ინგა მამუჩიშვილმა რადიო „იმედის“ ეთერში ისაუბრა.