Baby Bag

„გააცანით თქვენი თავი შვილებს, გაიცნონ თქვენი სიღრმე, თქვენი წარსული,“ - შალვა ამონაშვილი

„გააცანით თქვენი თავი შვილებს, გაიცნონ თქვენი სიღრმე, თქვენი წარსული,“ -  შალვა ამონაშვილი

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა სახლში დარჩენილ ბავშვებთან ერთად დროის საინტერესოდ გატარებისთვის მშობლებს მეტი გულახდილობისკენ მოუწოდა. მისი თქმით, უფროსებმა შვილებს საკუთარი თავი უკეთ უნდა გააცნონ:

„ჩემო ძვირფასებო, ახლა ისეთი დრო დაგვიდგა, ​როდესაც ბავშვი უფრო დიდხანს არის სახლში. ვუყურებთ როგორ მიეჯაჭვა კომპიუტერს, როგორ იქცევა და ა.შ. ბავშვიც უფრო დიდხანს შემოგვყურებს ჩვენ. ერთობის სიძნელე რაღაც პრობლემად იქცევა ჩვენთვის. ბავშვები ისე არ იქცევიან, როგორც ჩვენ გვინდა, მაგრამ ბავშვებს რომ ჰკითხოთ, არც მშობლები იქცევიან ისე, როგორც მათ უნდათ. რა გავაკეთოთ ჩვენ, ვისარგებლოთ ამ მდგომარეობით თუ ჩავყვეთ, რაც არის ეს არის?! უნდა ვისარგებლოთ, რასაკვირველია. პირველ რიგში, რას გირჩევდით, იცით?! გააცანით თქვენი თავი თქვენს შვილებს. გგონიათ, რომ თქვენი შვილები გიცნობენ თქვენ? რას ფიქრობთ, როგორ ცხოვრობთ, რა განცდები გაქვთ, საითკენ გინდათ წაიყვანოთ ოჯახი, ​ცხოვრებისგან რა გინდათ მიიღოთ, რას ვერ იღებთ და რა წარმატებას ელით, გგონიათ, რომ ეს იციან თქვენმა ბავშვებმა?! მათ ეს არ იციან. იციან, რომ მამა ხარ, დედა ხარ, ხან კანფეტებით გაახარებ, ხან საყიდლებით და ა.შ.“

შალვა ამონაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ბავშვმა მშობელი სიღრმისეულად გაიცნოს:

„გააცანით თქვენი თავი შვილებს, გაიცნონ თქვენი სიღრმე, თქვენი მშობლები გაიცნონ, თქვენი წარსული გაიცნონ, ფესვები უნდა გაიცნონ, გვარი გაიცნონ თქვენი. მე არ ვიცი ამას როგორ გააკეთებთ. ​ლექციები კი არ უნდა უკითხოთ ბავშვს, მაგრამ რაღაც საუბრები ჩაუტაროთ. ქუჩაში გაისეირნებთ თუ პარკში, ელაპარაკეთ ამაზე ბავშვებს, რომ ბავშვმა პირი დააღოს და თქვას: „მამა, შენ ასეთი რაღაცები გქონია ცხოვრებაში, ასეთი განცდები გქონია?! დედა, რამდენისთვის გაგიძლია შენ თურმე?!“ მამებისთვის ბიჭები პირველი მეგობრები არიან. სხვა მეგობრები, რომლებიც თქვენ გყვანან, მეორადია. დედებისთვის ქალიშვილები პირველი დობილები არიან. სხვა დობილებმა მეორე ადგილზე გადაინაცვლონ.“

შალვა ამონაშვილმა მშობლებს ურჩია, ბავშვებს კეთილშობილური ქცევის მაგალითი ხშირად მისცენ:

„არ ეცადოთ, რომ ბავშვი თქვენს ჭკუაზე ატაროთ. ახლა არ მკითხოთ, მაშ თავის ჭკუაზე იაროსო?! ​არც თქვენს ჭკუაზე უნდა ატაროთ ბავშვი და არც თავის ჭკუაზე. მარტო დაანახეთ რაც შეიძლება ბევრი კეთილშობილი ქცევა, დაანახეთ თქვენი მოთმინება, თქვენი სიყვარული, თქვენი განცდები. უჩვენეთ ეს, ნახოს ბავშვმა, როგორ აკეთებთ თქვენ მის მაგივრად საქმეს, როგორ ჩაიკარით თქვენ გულში მისგან შეურაცხყოფა. მან ეს უნდა დაინახოს ბევრი, რომ თავის სინდისს მიადგეს ბოლოს. უცბად კი ვერ მიადგება, ათასი მაგალითი უნდა დაინახოს, ათასჯერ მარცხი უნდა განიცადოს, რომ ერთხელ თქვას, თურმე რა დედა მყოლიაო, სირცხვილი არ არის, ასე რომ ვიქცევიო?! ხდება ხოლმე ასეთი რამ. მე ჩემს ბავშვობაში ეს ბევრჯერ განვიცადე. ამან უფრო გამზარდა, ვიდრე ვიღაცების თითის ქნევამ. ბავშვები არ ატაროთ თქვენს ჭკუაზე, მათაც მოუსმინეთ, როგორც თქვენ გინდათ, რომ მოგისმინონ. დაჰყევით ზოგჯერ მათ ნებას.“

შალვა ამონაშვილის თქმით, ბავშვებისთვის ხმაური ცხოვრების წესია, რაც მშობელს არ უნდა აღიზიანებდეს:

„ბავშვების ხმაურს უნდა გაუძლოთ. როდესაც ორი ბავშვია სახლში, რასაკვირველია, რაღაც ძვრები იწყება. თუ სამია, მთელი მიწისძვრაა. ოთხი და ხუთი ბავშვი თუა, ამოიფრქვევა ყველაფერი. ​ბავშვები იმიტომ კი არ ხმაურობენ და ყვირიან, რომ თქვენ ნერვები მოგიშალონ. ეს მათი ცხოვრების წესია. ამ ცხოვრებაში ისინი ადამიანები ხდებიან. ეს ყველაფერი არ დაიწუნოთ. არ თქვათ: „ახლავე ხმა ჩაიკმიდეთ, ოთახებში შებრძანდით!“ კარგია, რომ მამამ მათთან ერთად იცელქოს, იხმაუროს. დედა ვითომ აწყნარებს. ეს ყველაფერი პედაგოგიკაა. ჩაჰყევით ბავშვების ქცევა-ყოფას, შეერიეთ მათში. ბავშვი გახდით, რომ იმათ მამა დაინახონ თქვენში. ვიდრე თქვენ ბავშვობას არ დაიწყებთ ბავშვთან, ის თქვენ როგორც მამას ვერ დაგინახავთ. იქნებით მხოლოდ კაცი, რომელიც იმუქრება, ბრაზობს და პირველი სიტყვა მასზეა მინდობილი. ასეთ მამას რაღაც დროს შვილი გაექცევა, დაშორდება.“

შალვა ამონაშვილმა აღნიშნა, რომ ბავშვებთან ერთობლივი საქმიანობა და მათთან ერთად თამაში, ურთიერთობას მნიშვნელოვნად აუმჯობესებს:

„გამონახეთ ერთობლივი საქმიანობის გზები. თამაშობთ თქვენს შვილებთან ჭადრაკს?! ხან უნდა შეეხვეწო: „​შვილო, დავიღალე, აღარ შემიძლია, მოდი, ჭადრაკი მეთამაშე. დამეხმარე რა, შენი ჭირიმე!“ ვითომ იმას იშველიებთ. გაისეირნეთ ბავშვთან ერთად, მონახეთ რაღაც მშვიდი ადგილი, რაღაც ეჩურჩულეთ ერთმანეთს, რაღაცები გაანდეთ. ერთად გადით სადღაც, დაიკარგეთ ტყეში.“

„მიხედეთ იმასაც, რამდენად ნამდვილად მამები ხართ და დედები ხართ. ახლანდელი ბავშვი სინათლის ბავშვიაო, იტყვიან ხოლმე. ​სხვა ჯიშის ბავშ​ვები იბადებიან ახლა. ამ სხვა ჯიშის ბავშვებს სხვანაირი მამები და დედები უნდათ. თუ ბავშვს ხშირად უქნევთ თითს, არ ვარგა, თუ ხშირად ეუბნებით: „არა,“ არ ვარგა. საჭიროა მეგობრობა, სულიერი ერთობა. როდესაც სულიერი ერთობა გაქვთ, მამის ნახევარი სიტყვაც კანონი ხდება,“ - აღნიშნულ თემებზე შალვა ამონაშვილმა „ამონაშვილის აკადემიის“ პირდაპირ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​ამონაშვილის აკადემია

არ დაგავიწყდეთ !!!

დაემატეთ ჯგუფში საბავშვო რეცეპტები

„ბავშვები უკვე ზღვარზე არიან, თუ ჩვენც მივემატეთ მათ, რა ვითარება შეიქმნება ოჯახში?! რომ ა...
​აკადემიკოსი შალვა ამონაშვილი პანდემიის პირობებში მშობლებსა და მასწავლებლებს ბავშვებთან ურთიერთობის გაუმჯობესებისთვის საინტერესო რჩევებს აძლევს. ის აღნიშნავს, რომ კორონავირუსის პანდემიის პირობებში მაქ...

შეიძლება დაინტერესდეთ

„სათამაშოების და საგნების დამდუღვრა კატეგორიულად არასწორია,“- ბავშვთა ნევროლოგი ბაკურ კოტეტიშვილი

„სათამაშოების და საგნების დამდუღვრა კატეგორიულად არასწორია,“- ბავშვთა ნევროლოგი ბაკურ კოტეტიშვილი

ბავშვთა ნევროლოგმა ბაკურ კოტეტიშვილმა ბავშვისთვის სახლში სტერილური გარემოს შექმნის ნეგატიურ მხარეებზე ისაუბრა:

„სათამაშოების და საგნების დამდუღვრა კატეგორიულად არასწორია. უბრალოდ ჩვენი საკუთარი ხელიდან და სახიდანაც იმდენი ბაქტერია გადადის, რომელსაც ვერავინ ვერ საზღვრავს. ვერ დამდუღრავ მთელ სახლს, ვერ დამდუღრავ მთელ გარემოს. ვერანაირ სახლში ვერ მოაწყობთ იმ სისტემას, რაც არის ბუნებრივად გარეთ. იმდენი სტიმულია გარეთ, უბრალოდ სიომ დაუბერა და ფოთოლი ააფრიალა, ეს უკვე სტიმულია ბავშვისთვის. რატომ მოსწონს მას ყველაფრისთვის ხელის ხლება, ეს არის ტაქტილური შეგრძნება. ეს ყველაფერი მისი ტვინისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

როგორც კი ახალშობილი ხმას ამოიღებს, მაშინვე უფროსების პასუხი არის: „არა, ჩუ-ჩუ.“ შესაბამისად იწყება უამრავი ზეწოლა ბავშვზე. რაც ბავშვი დაიწყებს უკვე სიარულს, ეხება უამრავ საგანს, გამოაღებს კარადას და ყველა ეუბნება: „დახურე.“ ჩვენ ფიზიკურს ვეძახით, მაგრამ ზრდა არის ტვინის მომწიფება, მეტი არაფერი. თუნდაც ხოხვით, თუნდაც კუბიკის ერთმანეთზე დალაგებით ის ვითარდება.

ბავშვობა არის ყველაზე ბედნიერი ასაკი ადამიანის მთელი სიცოცხლის მანძილზე. დააცადეთ ბავშვებს, იყვნენ ბავშვები. პატივი ეცით მათ უფლებებს. აუცილებლად უნდა ითამაშოს ბავშვმა გარეთ თანატოლებთან,“- მოცემულ საკითხზე ბაკურ კოტეტიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო:​ „იმედის დღე“

წაიკითხეთ სრულად