Baby Bag

„ამაგი დასდეთ თქვენს შვილებს. ეს იქნება დედის ამაგის გადახდის ყველაზე კარგი ფორმა,“ - შალვა ამონაშვილი

„ამაგი დასდეთ თქვენს შვილებს. ეს იქნება დედის ამაგის გადახდის ყველაზე კარგი ფორმა,“ - შალვა ამონაშვილი

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა ადამიანის ცხოვრებაში მშობლის უდიდესი როლის შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ არავის შეუძლია მშობლის ამაგის გადახდა:

​მშობლის ამაგი იმდენად დიდია, რომ ჩვენი ცხოვრება დასრულდება და მაინც ვერ გადავიხდით ამ ამაგს. მშობელს ვერ გადავუხდით. ის წავა ცხოვრებიდან რაღაც დროს და გულში მაინც დაგვრჩება ხინჯი: „ხომ შემეძლო ესეც გამეკეთებინა და ბევრი რამე.“ ქართველ ხალხს ანდაზა აქვს ძალიან კარგი: „ხელის გულზე რომ ერბო კვერცხი მოიწვა, მშობლის ამაგს მაინც ვერ გადაიხდი.“ დედის ზრუნვა იმდენად ძვირადღირებული რამ არის, რომ ვერ გადავუხდით.“

შალვა ამონაშვილის თქმით, მშობლებს ბევრი სიყვარული და სითბო უნდა ვაჩუქოთ, მათი ამაგის გადახდა სწორედ ამაში უნდა გამოიხატებოდეს:

„ვიდრე მშობლები გვყვანან, ვესიყვარულოთ მათ, ვეფეროთ. ამაგის გადახდა ეს არის. ის კი არა, რომ სიბერეში ლუკმაპურს გაუწვდი. ჩვენი სიკეთე დავანახოთ მშობლებს. დაინახონ, რომ შვილი თურმე კარგი გაუზრდიათ, ქვეყანა ხარობს მათი გაზრდილით. ჩვენი კეთილდღეობა დავანახოთ მშობელს და რასაკვირველია, ზრუნვა მათზე. რაც მთავარია, მშობელმა რა ამაგიც დავგვდო ჩვენ, მერე ჩვენც ვხდებით მშობლები და იქ დაიწყება მშობლის ამაგის გადახდა. იქ უნდა გამოიჩინოთ თქვენი სიყვარული შვილების მიმართ, თქვენი ზრუნვა, თქვენი თავდადება, თქვენი სიკეთე. დედამ, თუ ცოცხალია, გაიხაროს, თუ გარდაცვლილია, ზემოდან დაგყუროთ და თქვას:​ „შვილო, ასეთი მინდოდა, რომ ყოფილიყავი.“ ამაგი დასდეთ თქვენს შვილებს. ეს იქნება დედის ამაგის გადახდის ყველაზე კარგი ფორმა.“

შალვა ამონაშვილმა გადაღლილ და მეტისმეტად გადატვირთულ მშობლებს სიმშვიდისკენ მოუწოდა:

„პირველი, რაც უნდა გთხოვოთ, ის არის, რომ არ იწუწუნოთ: „ვაიმე, რა ვქნა, რაღა მე დამატყდა ეს ყველაფერი თავზე?!“ რამდენსაც ბევრს იწუწუნებთ, იმდენჯერ მადლი დაგეკარგებათ. შეიძლება მოუაროთ მშობელს, მაგრამ მადლი არ დაჰყვება ამას. თუ მშობელს წყალი უნდა მიაწოდო, არ დაამადლო. რა დროც გაქვთ, ის დრო გამოიყენეთ მაქსიმალურად. დროს ვერ გავაგანიერებთ, ვერ დავავიწროვებთ. აურაცხელი საქმეა, ზოგიერთი საქმე უნდა ჩამოიცილო, რადგან მშობლებია მოსავლელი, შვილს მიხედვა უნდა. სხვა საქმეებიც გასაკეთებელია, მაგრამ ეს საქმეები მოითმენენ. ბ​ავშვის გაზრდა და ავადმყოფი მშობლის მოვლა ვერ მოითმენს.“

„თქვენზე ზრუნვა შეამცირეთ. წუწუნი არ დაიწყოთ. ​რასაც გააკეთებთ მშობლისთვის, მთელი სიყვარულით გააკეთეთ. თუ რაღაც არ გამოგივიდათ, დრომ არ გაცალათ, რას იზამთ, მაგრამ გულში ხომ გინდოდათ ეს გაგეკეთებინათ. ჩვენ ვერასდროს გავუკეთებთ მშობლებს ყველაფერს, რაც მათ ეკუთვნით ჩვენგან. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ჩვენ ცოდვიანი ადამიანები ვართ. სამაგიეროდ სხვებს გავუკეთებთ მერე. საკუთარი თავი დაივიწყე. გააკეთე ის, რომ მიხედო მშობელს, არ დაიწუწუნო,“ - აღნიშნულ საკითზე შალვა ამონაშვილმა „ამონაშვილის აკადემიის“ პირდაპირ ეთერში ისაუბრა.

წყარო:​ „ამონაშვილის აკადემია“

არ დაგავიწყდეთ !!!

დაემატეთ ჯგუფში საბავშვო რეცეპტები

„ქართველებს გვახასიათებდა უფროსების პატივისცემა. ხელიდან არ გაუშვათ ეს ტრადიცია“ - შალვა ა...
​აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა ოჯახური ურთიერთობების მნიშვნელობისა და ოჯახში არსებული პრობლემების მოგვარების ეფექტიანი გზების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ბავშვის გაჩენისას ცოლ-ქმარს შორის გართულებულ...

შეიძლება დაინტერესდეთ

ბაღიდან მოსულ ბავშვს ეს კითხვები არ უნდა დაუსვათ - ფსიქოლოგ ნინო ბუაძის რეკომენდაციები მშობლებს

ფსიქოლოგმა ნინო ბუაძემ ის შეკითხვები დაასახელა, რომელიც მშობელმა ბაღიდან დაბრუნებულ ბავშვს არ უნდა დაუსვას:

„ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მშობელი რა ტიპის კითხვას სვამს. მაგალითად, ნეგატიური შინაარსის შეკითხვა: „ხომ არავინ დაგარტყა? ხომ არავინ წაგართვა? საჭმელი შეჭამე? მასწავლებელმა ხომ არ იყვირა?“

თუ ბავშვს სულ ნეგატიურ გამოცდილებებთან ვაბრუნებთ, ცხადია, შფოთვა არის მაღალი. პირიქით, თუ ვეუბნები: „რა მოგეწონა? დახატე დღეს?“ ეს დადებითად მოქმედებს. „რა მოხდა ბაღში?“ - ეს ძალიან დიდი შეკითხვაა. კითხვები კონკრეტული უნდა იყოს. ასეთ კითხვას ის თავიდან აიცილებს, იტყვის, რომ არაფერი მოხდა, ან დაავიწყდა, რა მოხდა. დავსვათ კონკრეტული შეკითხვა: „დახატე? მოგეწონა?“ არ გავამახვილოთ ყურადღება იმაზე, რაც არ გამოსდის ბავშვს. ხშირად ეს არის კვება. მაგალითად, „წვნიანი ისევ არ ჭამე ბოლომდე? მე მასწავლებელს ვეტყვი.“ პედაგოგის გააქტიურება მონიტორინგის თვალსაზრისით, ასევე არასწორია,“- მოცემულ საკითხზე ნინო ბუაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“ 

წაიკითხეთ სრულად