როგორ უნდა მივხვდეთ, რომ ბავშვს მოშარდვასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, რა იწვევს და როგორ ხდება მკურნალობა? - ამ და სხვა საკითხებზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა პედიატრი, ბავშვთა ნეფროლოგი, ქეთევან ქვათაძე.
- ქალბატონო ქეთევან, რა არის საშარდე გზების ინფექცია და როგორ უნდა მივხვდეთ, როდესაც შვილს ეს პრობლემა აქვს?
- ბავშვებში, საშარდე გზების ინფექცია ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ბაქტერიული ინფექციაა.
ჩვეულებრივ, შარდი სტერილურია და მასში ბაქტერიები არ არის, ისინი კანის ზედაპირზე ცხოვრობენ. მათი უდიდესი ნაწილი სწორი ნაწლავის არეში და განავალშია მოთავსებული. ზოგჯერ შეიძლება, ბაქტერია შარდსადენიდან შარდის ბუშტში ავიდეს. თუ არ მოხდა ორგანიზმის მიერ მოშორება, ბატერია გამრავლდება და გამოიწვევს ინფექციას.
არსებობს ორი ტიპის საშარდე გზების ინფექცია: შარდის ბუშტის და თირკმლის. როდესაც ინფექცია შარდის ბუშტშია (ცისტიტი) შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი. თუ ბაქტერიები შარდის ბუშტიდან შარდსაწვეთის გავლით აღწევენ თირკმელში, ინფიცირდება და იწვევს თირკმლის ანთებას (პიელონეფრიტი). პიელონეფრიტმა თირკმლის პარენქიმის დაზიანება, ჰიპერტენზია და თირკმლის ქრონიკული უკმარისობა შეიძლება გამოიწვიოს. განსაკუთრებით 2 წლამდე ასაკის ბავშვებში, კლინიკური მიმდინარეობის თვალსაზრისით, პიელონეფრიტის და ცისტიტის დიფერენცირება რთულია.
სიმპტომები დამოკიდებულია ბავშვის ასაკზე და მეტყველების უნარზე.
2 წლამდე ასაკის ბავშვებს და ბავშვებს, რომლებიც არ ლაპარაკობენ შეიძლება ჰქონდეთ: ცხელება, გაღიზიანებადობა და კვებასთან დაკავშირებული პრობლემები. დაავადება ზოგჯერ მხოლოდ ცხელებით მიმდინარეობს.
2 წელზე მეტი ასაკის ბავშვებს შეიძლება ჰქონდეთ: დიზურია (მტკივნეული შარდვა), მოშარდვასთან დაკავშირებული პრობლემები, როგორიც არის ხშირი შარდვა, შარდის შეუკავებლობა, მოშარდვის იმპერატიული სურვილი, ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილის არეში ან უკანა მხარეს, ცხელება.
- რა იწვევს მოშარდვასთან დაკავშირებულ პრობლემებს ბავშვებში და როგორ მოვახდინოთ პრევენცია?
- მოშარდვასთან დაკავშირებული პრობლემების უხშირესი მიზეზი არის საშარდე გზების ინფექცია, შარდის ბუშტის დისფუნქცია, შარდ-კენჭოვანი დაავადება ან სხვა ანატომიური თანდაყოლილი დარღვევები.
მოშარდვასთან დაკავშირებული პრობლემა, ასევე გოგონებში, შესაძლოა დაკავშირებული იყოს ლაბიების ადჰეზიასთან (მცირე სასირცხო ბაგეების შეხორცებასთან), ვაჟებში - ფიმოზთან.
ჩამოთვლილი სიმპტომების გამოვლენისთანავე მშობელმა უნდა მიმართოს ექიმს.
პრაქტიკულად ჯანმრთელ ბავშვებში, რომელთაც არ აქვთ საშარდე გზების რომელიმე ანატომიური პათოლოგია, საშარდე გზების ინფექციის განვითარების სხვა მაპროვოცირებელი ფაქტორებიც არსებობს:
ყველაზე ხშირი მიზეზია ნაწლავ-ბუშტის დისფუნქცია. თუ ბავშვს აქვს ყაბზობა (მკვირვი კონსისტენციის განავალი), მას შესაძლოა ხშირად განუვითარდეს საშარდე გზების ინფექცია.
საშარდე გზების ინფექციის ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორია პარაზიტული ინფექცია- ჰელმინთები.
პრევენცია გულისხმობს ჰიგიენური პირობების დაცვას. გოგონების დაბანვის ან გასუფთავების დროს ხელის მიმართულება უნდა იყოს წინიდან უკან. დასაბანი საპონი-რბილი და ნაკლებად აქაფებადი.
კველევებით დადგენილია, რომ ბიჭებს რომელთაც აქვთ გაკეთებული წინადაცვეთა საშარდე გზების ინფექციის განვითარების ნაკლები რისკი აქვთ.
- როგორ მკურნალობენ საშარდე გზების ინფექციას?
- საშარდე გზების ინფექციის დიაგნოსტირება ხდება ექიმის რეკომენდაციით გაცემულ ლაბორატორიულ კვლევებზე დაყრდნობით, შარდის საერთო ანალიზით (ჩხირ ტესტი, მიკროსკოპია) და შარდის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევით. შარდის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა არის ოქროს სტანდარტი დიაგნოზის დასადასტურებლად.
ამასთან ერთად ინდივიდუალურად ტარდება სხვა დამატებითი კვლევებიც.
აუცილებელია გამოვლინდეს გამომწვევი ბაქტერია და ინფექციის გამომწვევი, მაპროვოცირებელი მიზეზი. მკურნალობა ტარდება ანტიბიოტიკით. პირველი რიგის მედიკამენტი, მესამე გენერაციის ცეფალოსპორინია მოწოდებული. მკურნალობის შემდეგ რეკომენდებულია სპეციალური რენტგენოლოგიური კვლევის ჩატარება - მიქციური ცისტოგრაფია. კვლევით დგინდება პაციენტს აქვს თუ არა შარდის ბუშტ-შარდსაწვეთის რეფლუქსი (შარდის უკუდინება ქვემო საშარდე სისტემიდან ზემო საშარდე სისტემაში), რაც თავის მხრივ სპეციალურ მკურნალობას და მეთვალყურეობას საჭიროებს.
- რამდენად საფრთხის შემცველია ზღვა, აუზი, ფეხშიშველი სიარული ან სხვა გარემო ფაქტორი ამ მხრივ?
- ზღვა და აუზი ან სხვა ტიპის საცურაო დაწესებულებები ინფექციის განვითარების პროვოცირებას არ ახდენს.
ასევე, ცივი წყალი ან ცივ გარემოში ყოფნა, ფეხშიშველი სიარული საშარდე გზების ინფექციას არ იწვევს. ასეთ დროს, შესაძლოა გამოვლინდეს სიმპტომი, როგორიც არის ხშირი შარდვა, რაც რამდენიმე წუთში ან საათში მკურნალობის გარეშე გაივლის.
ესაუბრა მარიამ ჩოქური
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
თუ ქალს ნათესავი ჰყავდა ძუძუს ან საკვერცხის სიმსივნით დაავადებული, აუცილებლად უნდა ჩაიტაროს გამოკვლევები - ინტერვიუ ონკო-გინეკოლოგ არჩილ შარაშენიძესთან
რა უნდა მოვიმოქმედოთ ონკო-გინეკოლოგიური დაავადებების პრევენციისთვის და არის თუა არა დღეს სიმსივნე განაჩენი ამ და სხვა აქტაულურ საკითხებზე Moms.ge-ს ონკო-გინეკოლოგი არჩილ შარაშენიძე ესაუბრა.
- ბატონო არჩილ, საქართველოში ონკო-გინეკოლოგიური დაავადებებიდან ყველაზე მეტად რომელია გავრცელებული და რა იწვევს? - ყველაზე მეტადაა გავრცელებული საშვილოსნოს ყელის კიბო, რომელიც გამოწვეულია პაპილომავირუსით. ეს ვირუსი არის რამდენიმე ფაქტორისა და მიზეზის ზემოქმედების შედეგი. პირველი მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ არ ხდება თავის დაცვა - პრევენცია. მეორე - რეპროდუქციულ ასაკში ქალბატონები არ იკეთებენ პაპილომავირუსზე აცრას. აცრა არის თავის დაზღვევის საშუალება, რათა ქალბატონებმა თავიდან აირიდონ ორგანიზმის დაავადება. როდესაც არც პრევენციას მიმართავენ და ვაქცინაციასაც უარყოფენ, იზრდება საშვილოსნოს ყელის დაავადების რისკი.
- რა სიმპტომები ახასიათებს საშვილოსნოს ყელის სიმსივნეს?
- პირველ რიგში, რაც უნდა იცოდნენ ქალბატონებმა, არის ის, რომ სიმსივნის საწყისი ეტაპის შემთხვევაში, სიმპტომები ყველაზე ნაკლებად იჩენს თავს. როდესაც სიმპტომები ჩნდება, პროცესი უკვე შორს არის წასული. ყველაზე მთავარი სიმპტომი არის სქესობრივი კავშირის შემდგომი სისხლდენა. ეს არის ერთ-ერთი პირველი ნიშანი, რატომაც შეიძლება, ქალმა მიაკითხოს გინეკოლოგს. მეორე - რეგულარულ მენსტრუალურ ციკლს შორის სისხლიანი გამონადენი, ამ შემთხვევაშიც უნდა მიაკითხოს ექიმს, რადგან დიდი რისკია, რომ საშვილოსნოს ყელის პრობლემასთან გვქონდეს საქმე.
- რა სიხშირით უნდა გაიკეთოს ქალმა პაპ-ტესტის ანალიზი?
- პაპ-ტესტის ანალიზი ყველა ქალმა უნდა გაიკეთოს აუცილებლად. 6 თვეში ერთხელ ქალბატონებმა, რომლებიც ცხოვრობენ სქესობრივი ცხოვრებით, უნდა ჩაიტარონ პაპ-ტესტი. თუ ქალბატონს მენსტრუალური ციკლი აქვს მოწესრიგებული და მას საშვილოსნოში არანაირი პრობლემა არ აქვს, ეს ნიშნავს, რომ გინეკოლოგიურად ჯანმრთელია, ეს კი არის ჯანმრთელობის ინდიკატორი. ასევე სასურველი და მიზანშეწოლილია ვაქცინაცია.
- საკვერცხის კიბოს სიმპტომებზეც რომ გვესაუბროთ. რა არის საკვერცხის კიბოს განვითარების რისკ-ფაქტორები?
- ძალიან ხშირად საკვერცხის სიმსივნის დიაგნოზის დასმა ხდება იმ დროს, როდესაც უკვე ასციტთან გვაქვს საქმე, ანუ მუცელში არის სითხე, ან გაუვალობის ნიშნები აქვს პაციენტს, უკვე წონაში კლებას იწყებს. პროცესი არის შორსწასული, ძირითადად მესამე-მეოთხე სტადიის პაციენტები. საკვერცხის სიმსივნის დადგენა ძალიან რთულია, სწორედ ამიტომ არის ის ვერაგული. რისკ-ფაქტორებს რაც შეეხება, პირველ რიგში, ეს არის გენეტიკა. თუ ქალბატონს პირველი ან მეორე რიგის ნათესავი ჰყავდა ძუძუს, საკვერცხის ან კოლო-რეკტალური სიმსივნით დაავადებული, აუცილებლად უნდა გადაემოწმოს და ჩაიტაროს გამოკვლევები.
- ვისაც გენეტიკური განწყობა აღენიშნება სიმსივნეების მიმართ, რა რეკომენდაციებს მისცემთ მათ?
- გენეტიკური განწყობის თვალსაზრისით, სხვადასხვა სიმსივნეზე სხვადასხვა რეკომენდაციას მივცემდი. საკვერცხეზე რომ ვისაუბროთ, თუ თქვენ, ქალბატონო, ბრძანდებით 30 წლის და თქვენი პირველი ან მეორე რიგის ნათესავს ჰქონდა სიმსივნე ძუძუს, პანკრეასის, საკვერცხის - აუცილებლად მიბრძანდით გინეკოლოგთან, რათა დაადგინოთ, გექნებათ თუ არა რამდენიმე წლის შემდეგ სიმსივნე. საშვილოსნოს ტანის სიმსივნეს რაც შეეხება, თუ თქვენს რომელიმე მშობელს ჰქონდა სწორი ნაწლავის, კუჭის სიმსივნე, თქვენც ძალიან დიდ რისკ-ჯგუფში შედიხართ. თქვენც უნდა ჩაიტაროთ გენეტიკური კვლევა და დაადგინოთ, არის თუ არა მომატებული რისკი. 40-დან 45 წლის ასაკამდე უნდა ამოიკვეთოთ საშვილოსნო, რათა შემდგომში არ გაუარესდეს და გართულდეს.
- რა უნდა მოვიმოქმედოთ ონკო-გინეკოლოგიური დაავადებების პრევენციისთვის?
- უპირველეს ყოვლისა, ჯანმრთელი ცხოვრების წესი. აუცილებელია ჯანსაღი კვება, ალკოჰოლის შემცირება, თამბაქოსგან თავის შეკავება და მთავარი - სკრინინგი. სხვადასხვა ასაკში ხვადასხვა რისკია სიმსივნის წარმოშობის.
- რამდენად ხშირად სარგებლობს მოსახლეობა სკრინინგით, თუ გაქვთ ამის შესახებ ინფორმაცია?
- მომართვიანობას რაც შეეხება, ქალბატონი რომ მივიდეს გინეკოლოგთან და ყოველ 6 თვეში ჩაიტაროს მინიმუმ ექოსკოპია, ამის კულტურა ნაკლებადაა განვითარებული.
- ამბობენ, რომ კიბო დღეს განაჩენი არ არის, მაგრამ ხშირად საპირისპიროს ვაწყდებით. რა მდგომარეობა გვაქვს ამ მხრივ განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით?
- კიბო განაჩენი ნამდვილად არ არის. ბევრი რამ დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ყურადღებიანია პაციენტი საკუთარი თავის მიმართ. პირველივე ეჭვების შემთხვევაში, ის უნდა მივიდეს ექიმთან და ჩაიტაროს კონსულტაცია. რომც არ იყოს რაიმე სიმპტომი, 6 თვეში ერთხელ მან უნდა გაიაროს კონსულტაცია ექიმთან, წელიწადში ერთხელ მაინც.
თუ პაციენტს დაემართა სიმსივნე, ეს არ არის ისეთი პრობლემა, რომელსაც ექიმები ვერ ვუმკლავდებით. პირველ რიგში აუცილებელია დროული ჩარევა. ჩვენთან დიაგნოსტირების და შემგომი მკურნალობის თავლსაზრისითაც საკმაოდ კარგი მდგომარეობაა. ხდება კონკრეტული შემთხვევის კრიტიკულად განხილვა და იმ გადაწყვეტილების ერთობლივად მიღება, რაც პაციენტისთვის ცალსახად მნიშვნელოვანი და სასიცოცხლოდ აუცილებელია.
- რა სიახლეები დაინერგა ონკო-გინეკოლოგიაში, რომლის შესახებაც ფართო საზოგადოებამ არ იცის?
- მედიცინის განვითარებასთან ერთად, საკვერცხის სიმსივნის შემთხვევაში, ქირურგია უკანა პლანზე გადადის ნელ-ნელა. საკვერცხის სიმსივნის ოპერაციები შეიძლება შემცირდეს. ამას უკვე დრო აჩვენებს. ეს არის ბოლო სიახლეები, რაც ხდება არა მარტო საქართველოს, არამედ მსოფლიოს მასშტაბით. ესაუბრა თამუნა კიკალიშვილი