როგორ უნდა მივხვდეთ, რომ ბავშვს მოშარდვასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, რა იწვევს და როგორ ხდება მკურნალობა? - ამ და სხვა საკითხებზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა პედიატრი, ბავშვთა ნეფროლოგი, ქეთევან ქვათაძე.
- ქალბატონო ქეთევან, რა არის საშარდე გზების ინფექცია და როგორ უნდა მივხვდეთ, როდესაც შვილს ეს პრობლემა აქვს?
- ბავშვებში, საშარდე გზების ინფექცია ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ბაქტერიული ინფექციაა.
ჩვეულებრივ, შარდი სტერილურია და მასში ბაქტერიები არ არის, ისინი კანის ზედაპირზე ცხოვრობენ. მათი უდიდესი ნაწილი სწორი ნაწლავის არეში და განავალშია მოთავსებული. ზოგჯერ შეიძლება, ბაქტერია შარდსადენიდან შარდის ბუშტში ავიდეს. თუ არ მოხდა ორგანიზმის მიერ მოშორება, ბატერია გამრავლდება და გამოიწვევს ინფექციას.
არსებობს ორი ტიპის საშარდე გზების ინფექცია: შარდის ბუშტის და თირკმლის. როდესაც ინფექცია შარდის ბუშტშია (ცისტიტი) შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი. თუ ბაქტერიები შარდის ბუშტიდან შარდსაწვეთის გავლით აღწევენ თირკმელში, ინფიცირდება და იწვევს თირკმლის ანთებას (პიელონეფრიტი). პიელონეფრიტმა თირკმლის პარენქიმის დაზიანება, ჰიპერტენზია და თირკმლის ქრონიკული უკმარისობა შეიძლება გამოიწვიოს. განსაკუთრებით 2 წლამდე ასაკის ბავშვებში, კლინიკური მიმდინარეობის თვალსაზრისით, პიელონეფრიტის და ცისტიტის დიფერენცირება რთულია.
სიმპტომები დამოკიდებულია ბავშვის ასაკზე და მეტყველების უნარზე.
2 წლამდე ასაკის ბავშვებს და ბავშვებს, რომლებიც არ ლაპარაკობენ შეიძლება ჰქონდეთ: ცხელება, გაღიზიანებადობა და კვებასთან დაკავშირებული პრობლემები. დაავადება ზოგჯერ მხოლოდ ცხელებით მიმდინარეობს.
2 წელზე მეტი ასაკის ბავშვებს შეიძლება ჰქონდეთ: დიზურია (მტკივნეული შარდვა), მოშარდვასთან დაკავშირებული პრობლემები, როგორიც არის ხშირი შარდვა, შარდის შეუკავებლობა, მოშარდვის იმპერატიული სურვილი, ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილის არეში ან უკანა მხარეს, ცხელება.
- რა იწვევს მოშარდვასთან დაკავშირებულ პრობლემებს ბავშვებში და როგორ მოვახდინოთ პრევენცია?
- მოშარდვასთან დაკავშირებული პრობლემების უხშირესი მიზეზი არის საშარდე გზების ინფექცია, შარდის ბუშტის დისფუნქცია, შარდ-კენჭოვანი დაავადება ან სხვა ანატომიური თანდაყოლილი დარღვევები.
მოშარდვასთან დაკავშირებული პრობლემა, ასევე გოგონებში, შესაძლოა დაკავშირებული იყოს ლაბიების ადჰეზიასთან (მცირე სასირცხო ბაგეების შეხორცებასთან), ვაჟებში - ფიმოზთან.
ჩამოთვლილი სიმპტომების გამოვლენისთანავე მშობელმა უნდა მიმართოს ექიმს.
პრაქტიკულად ჯანმრთელ ბავშვებში, რომელთაც არ აქვთ საშარდე გზების რომელიმე ანატომიური პათოლოგია, საშარდე გზების ინფექციის განვითარების სხვა მაპროვოცირებელი ფაქტორებიც არსებობს:
ყველაზე ხშირი მიზეზია ნაწლავ-ბუშტის დისფუნქცია. თუ ბავშვს აქვს ყაბზობა (მკვირვი კონსისტენციის განავალი), მას შესაძლოა ხშირად განუვითარდეს საშარდე გზების ინფექცია.
საშარდე გზების ინფექციის ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორია პარაზიტული ინფექცია- ჰელმინთები.
პრევენცია გულისხმობს ჰიგიენური პირობების დაცვას. გოგონების დაბანვის ან გასუფთავების დროს ხელის მიმართულება უნდა იყოს წინიდან უკან. დასაბანი საპონი-რბილი და ნაკლებად აქაფებადი.
კველევებით დადგენილია, რომ ბიჭებს რომელთაც აქვთ გაკეთებული წინადაცვეთა საშარდე გზების ინფექციის განვითარების ნაკლები რისკი აქვთ.
- როგორ მკურნალობენ საშარდე გზების ინფექციას?
- საშარდე გზების ინფექციის დიაგნოსტირება ხდება ექიმის რეკომენდაციით გაცემულ ლაბორატორიულ კვლევებზე დაყრდნობით, შარდის საერთო ანალიზით (ჩხირ ტესტი, მიკროსკოპია) და შარდის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევით. შარდის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა არის ოქროს სტანდარტი დიაგნოზის დასადასტურებლად.
ამასთან ერთად ინდივიდუალურად ტარდება სხვა დამატებითი კვლევებიც.
აუცილებელია გამოვლინდეს გამომწვევი ბაქტერია და ინფექციის გამომწვევი, მაპროვოცირებელი მიზეზი. მკურნალობა ტარდება ანტიბიოტიკით. პირველი რიგის მედიკამენტი, მესამე გენერაციის ცეფალოსპორინია მოწოდებული. მკურნალობის შემდეგ რეკომენდებულია სპეციალური რენტგენოლოგიური კვლევის ჩატარება - მიქციური ცისტოგრაფია. კვლევით დგინდება პაციენტს აქვს თუ არა შარდის ბუშტ-შარდსაწვეთის რეფლუქსი (შარდის უკუდინება ქვემო საშარდე სისტემიდან ზემო საშარდე სისტემაში), რაც თავის მხრივ სპეციალურ მკურნალობას და მეთვალყურეობას საჭიროებს.
- რამდენად საფრთხის შემცველია ზღვა, აუზი, ფეხშიშველი სიარული ან სხვა გარემო ფაქტორი ამ მხრივ?
- ზღვა და აუზი ან სხვა ტიპის საცურაო დაწესებულებები ინფექციის განვითარების პროვოცირებას არ ახდენს.
ასევე, ცივი წყალი ან ცივ გარემოში ყოფნა, ფეხშიშველი სიარული საშარდე გზების ინფექციას არ იწვევს. ასეთ დროს, შესაძლოა გამოვლინდეს სიმპტომი, როგორიც არის ხშირი შარდვა, რაც რამდენიმე წუთში ან საათში მკურნალობის გარეშე გაივლის.
ესაუბრა მარიამ ჩოქური
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„ბავშვის დილა იწყება ყვირილით და ჩხუბით, არ იწყება მოფერებით, სიყვარულით. ეს ბავშვებში ძალიან ცუდ მუხტს ტოვებს,“ - დეკანოზი შალვა კეკელია
დეკანოზი შალვა კეკელია საზოგადოებასა და ოჯახში მომძლავრებული აგრესიის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ ბავშვებს მძიმე გარემოში უხდებათ ცხოვრება, რაც აუცილებლად უნდა შეიცვალოს:
„აგრესია გლობალური თემაა, რომელიც სახელმწიფომ გლობალურად უნდა განიხილოს. არავის უსაუბრია იმაზე, თუ როგორ უნდა მოგვარდეს ის აგრესია, რომელიც დღეს საზოგადოებაში არის. ჩემი აზრით, არის დასაწყები ტელევიზიებიდან. ტელეგადაცემებში მუდმივი დაპირისპირებაა ადამიანებს შორის. ამას ხომ ბავშვი ხედავს?! ყველგან ბავშვი ხედავს აგრესიას. ოჯახში ხედავს აგრესიას, დედასა და მამას შორის დაპირისპირებას. მშობელი შვილს სულ აკრძალვით ელაპარაკება. ეს ბავშვებში ძალიან ცუდ მუხტს ტოვებს.“
მამა შალვა კეკელიას თქმით, მშობლები ხშირად დილას ყვირილითა და ჩხუბით იწყებენ, რაც ბავშვზე მძიმე ზემოქმედებას ახდენს:
„ბავშვი ხედავს, რომ მშობელი სულ ეუბნება: „ადექი დროზე!“ „დროზე ჩაიცვი!“ ამას ეუბნება ყვირილით. დილა იწყება ყვირილით. მშობელს ეჩქარება, სამსახურში უნდა გაიქცეს. ის ბავშვზე დილიდანვე ახდენს ზეწოლას. დილა იწყება ყვირილით და ჩხუბით, არ იწყება მოფერებით, სითბოთი, სიყვარულით. ადამიანებს არ გვყოფნის იმის ძალა, რომ ჩვენს შვილებს თვითონ დაველაპარაკოთ. ადვილია, ბავშვს ყურზე მოქაჩო, უცებ ჩააცვა, რაღაც უცებ გააკეთებინო. იმის ახსნას, თუ როგორი მნიშვნელოვანია დილით ადრე ადგომა, დრო სჭირდება. ჩვენ ეს დრო არ გვაქვს სამწუხაროდ და ეს იწვევს ამ ყველაფერს. ბავშვი დილიდანვე უკვე აგრესიულია.“
მამა შალვა კეკელია აცხადებს, რომ მშობლების მოუცლელობაც უდიდესი პრობლემაა, რაც ბავშვთან სრულფასოვან ურთიერთობას შეუძლებელს ხდის:
„მთელი დღე მშობელს არ სცალია შვილისთვის. არ არის დრო, რომ მშობელი შვილს ესაუბროს, დაუჯდეს შვილს და ელაპარაკოს ძალიან თბილად. ძალიან ბევრი პრობლემა დაგროვდა ერთიანად. ეს ყველაფერი არის ერთობლივად მოსაგვარებელი. საიდან იწყება ადამიანის აღზრდა? ადამიანის აღზრდა იწყება ოჯახში. ოჯახი არის უმთავრესი. მეორე არის სკოლა და ის გარემო, სადაც ადამიანი ტრიალებს.“
„შვილს ყოველთვის ტკბილად ვერ დაელაპარაკები, ზოგჯერ გვიწევს საყვედურის თქმა. შვილს უნდა მოექცე ისე, როგორც ღმერთი გექცევა შენ. ღმერთი შენზე განსაცდელებს არ უშვებს ხოლმე? რამდენი განსაცდელი დაუშვია. ამ განსაცდელებით გზრდის ის, ეს განსაცდელი ტკივილთან ასოცირდება ხშირად. განსაცდელი ისეთი რამეა, რომ შენ რაღაც გეკრძალება ხშირად. ზოგჯერ ამაზე უარის თქმა ძალიან რთულია, რადგან რაც გეკრძალება გსიამოვნებს. თუმცა, რაც გსიამოვნებს არ არის ზოგჯერ მისაღები ადამიანისთვის,“- აღნიშნული საკითხების შესახებ მამა შალვა კეკელია საპატრიარქოს ტელევიზიის გადაცემაში „განთიადი“ საუბრობს.