„სიარულის სასწავლად მასაჟის კურსი ჩატარების საჭიროება ჯანმრთელ, ნორმალური განვითარების ბავშვებთან არ დგას“ - რა ასაკიდან დავაწყებინოთ ბავშვს მასაჟი, რა შემთხვევაშია აუცილებელი და როდის არ არის მიზანშეწონილი?
რა ასაკიდან დავაწყებინოთ ბავშვს მასაჟი, რა შემთხვევაშია აუცილებელი და როდის არ არის მიზანშეწონილი? ამ საკითხებზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა ორთოპედი ამირან შარაბიძე.
- რა ასაკიდან არის მისაღები ბავშვებისთვის მასაჟის დაწყება?
- მასაჟის დაწყება შეიძლება დაბადების პირველივე თვეებიდან, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ ექიმის დანიშნულებით, კომპეტენტურ სპეციალისტთან.
- რატომ არის სასარგებლო მასაჟი და რა შემთხვევებშია აუცილებელი ან პირიქით, არ არის რეკომენდებული?
- ბავშვთა ასაკში მასაჟს შეიძლება ჰქონდეს, როგორც ზოგადგამაჯანსაღებელი, ასევე სამკურნალო, საპროფილაქტიკო და საკორექციო დანიშნულება. ზოგადად, მას დიდი სარგებლობის მოტანა შეუძლია ბავშვისათვის. მასაჟი დადებითად მოქმედებს საყრდენ-მამოძრავებელ, გულ-სისხლძარღვთა, ნერვულ და საჭმლის მომნელებელ სისტემებზე, აუმჯობესებს მოტორიკას.
კურსის დაწყებამდე აუცილებელია სპეციალისტის კონსულტაცია. მასაჟი უნდა იყოს მიზანმიმართული კონკრეტული პრობლემის გადაწყვეტისკენ, ამიტომ საჭიროა ზუსტად შეირჩეს მისი სახეობა და ხანგრძლივობა. ზოგ შემთხვევაში არ შეიძლება მასაჟის გაკეთება, რადგან მას სარგებლობის მაგივრად უარყოფითი შედეგი მოაქვს.
სწორად შერჩეულ და ხარისხიანად ჩატარებულ კურსს დიდი მნიშვნელობა ენიჭება ისეთი დაავადების მკურნალობის პროცესში, როგორებიცაა:
მენჯ-ბარძაყის;
დისპლაზია;
ტერფმრუდობა;
სქოლიოზი;
კიფოზი;
მოტორიკის დარღვევა და/ან ჩამორჩენა;
ბავშვთა ცერებრალური დამბლა და სხვა...
მასაჟის გაკეთება სასურველი არაა დაავადებების მწვავე ფაზაში, მაღალი ტემპერატურის დროს. ზოგიერთი დაავადების, მაგალითად, გულ-სისხლძარღვთა დაავადების დროს მკაცრად უნდა შეირჩეს დატვირთვის ხარისხი.
- ფეხის ადგმის პროცესში საჭიროა თუ არა?
- სიარულის სასწავლად მასაჟის კურსი ჩატარების საჭიროება ჯანმრთელ, ნორმალური განვითარების ბავშვებთან არ დგას, თუმცა საყრდენ-მამოძრავებელი ან ნერვული სისტემის პათოლოგიების არსებობის შემთხვევაში მას მნიშვნელოვანი როლი ეკისრება.
ესაუბრა მარიამ ჩოქური
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„ჩვენს ცხოვრებაში ძალიან გამჯდარია ბავშვის მიმართ ძალისმიერი მიდგომის ტრადიცია,“ - შალვა ამონაშვილი
აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა ჩვენს საზოგადოებაში ბავშვის მიმართ ძალადობრივი მიდგომის ტრადიციის სიმყარეზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჩვენ ყოველთვის ბავშვის დამორჩილებას ვცდილობთ:
„ჩვენს ცხოვრებაში ძალიან გამჯდარია ტრადიცია. გვაქვს ძალისმიერი მიდგომა ბავშვის მიმართ. ჩვენ გვინდა, რომ ბავშვი სულ გვემორჩილებოდეს. დედები სულ ამას კითხულობენ: „ბავშვი თუ არ გვემორჩილება, თუ გვეწინააღმდეგება, რა ვქნათ?“ დაუფიქრდით, ბავშვი რომ გეწინააღმდეგება, ყოველთვის მტყუანი კი არ არის. ცოტა გადახედეთ თქვენს ურთიერთობას ბავშვებთან. ეს სხვანაირი ბავშვია, სხვა სულით, სხვა მისწრაფებით მოვიდა.“
შალვა ამონაშვილის თქმით, თანამედროვე ბავშვებს თავისუფლება უყვართ და ისინი განსაკუთრებით ნიჭიერებიც არიან:
„ამ ბავშვებში ძალიან ბევრი ნიჭია და თავისუფლების ძლიერი სული. ამიტომ ჰიპერაქტიურებიც დავარქვით მათ. მე არ გეტყვით, რომ ბავშვმა აკეთოს ის, რაც უნდა. ბავშვი უნდა დავიყოლიოთ. ბავშვს უნდა გავაკეთებინოთ ის, რაც ჩვენ სწორად მიგვაჩნია, მაგრამ ჭიდილით კი არა, ცემით და წკეპლით კი არა, დავიყოლიოთ. დაყოლიების ფსიქოლოგიას თავისი გასაღებები აქვს. თქვენ გაუგებთ, ისიც გაგიგებთ. თქვენ ეცით პატივი, ისიც გცემთ პატივს. ასეთია აღზრდის კანონები.“
„რვა წლის ასაკში ბავშვს შეუძლია თქვას: „არ მინდა სკოლა, წიგნი არ მინდა, არც მუსიკაზე მინდა ვიარო. არც უცხო ენები მინდა ვისწავლო.“ ბევრ რამეზე შეიძლება უარის თქმა, მაგრამ რვა წლის ბავშვმა წინ უნდა გაიხედოს, იფიქროს, რისი გაკეთება უნდა 18 წლის, 28 წლის ასაკში. თავისუფლების განცდა არის დიდი პასუხისმგებლობის განცდა. ვინც თავისუფლებას ეძებს, იქვე უნდა ეძიოს პასუხისმგებლობა. თუ ეს არ აღვზარდეთ, თავისუფლება იქნება მხოლოდ დამანგრეველი ძალა. მწყინს, როდესაც ერთი დედა მეორეს ეტყვის: „შენი შვილი უკვე დაღუპულია და არაფერი გამოვა.“ როგორ შეიძლება ასეთი რამე ვაკადროთ ერმანეთს?! ის ბავშვია გადარჩენილი, რომლის დედაც ბავშვს დაჰყვირის და ხან სილას გაულაწუნებს?!“ - აღნიშნულ საკითხზე შალვა ამონაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.