„სიარულის სასწავლად მასაჟის კურსი ჩატარების საჭიროება ჯანმრთელ, ნორმალური განვითარების ბავშვებთან არ დგას“ - რა ასაკიდან დავაწყებინოთ ბავშვს მასაჟი, რა შემთხვევაშია აუცილებელი და როდის არ არის მიზანშეწონილი?
რა ასაკიდან დავაწყებინოთ ბავშვს მასაჟი, რა შემთხვევაშია აუცილებელი და როდის არ არის მიზანშეწონილი? ამ საკითხებზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა ორთოპედი ამირან შარაბიძე.
- რა ასაკიდან არის მისაღები ბავშვებისთვის მასაჟის დაწყება?
- მასაჟის დაწყება შეიძლება დაბადების პირველივე თვეებიდან, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ ექიმის დანიშნულებით, კომპეტენტურ სპეციალისტთან.
- რატომ არის სასარგებლო მასაჟი და რა შემთხვევებშია აუცილებელი ან პირიქით, არ არის რეკომენდებული?
- ბავშვთა ასაკში მასაჟს შეიძლება ჰქონდეს, როგორც ზოგადგამაჯანსაღებელი, ასევე სამკურნალო, საპროფილაქტიკო და საკორექციო დანიშნულება. ზოგადად, მას დიდი სარგებლობის მოტანა შეუძლია ბავშვისათვის. მასაჟი დადებითად მოქმედებს საყრდენ-მამოძრავებელ, გულ-სისხლძარღვთა, ნერვულ და საჭმლის მომნელებელ სისტემებზე, აუმჯობესებს მოტორიკას.
კურსის დაწყებამდე აუცილებელია სპეციალისტის კონსულტაცია. მასაჟი უნდა იყოს მიზანმიმართული კონკრეტული პრობლემის გადაწყვეტისკენ, ამიტომ საჭიროა ზუსტად შეირჩეს მისი სახეობა და ხანგრძლივობა. ზოგ შემთხვევაში არ შეიძლება მასაჟის გაკეთება, რადგან მას სარგებლობის მაგივრად უარყოფითი შედეგი მოაქვს.
სწორად შერჩეულ და ხარისხიანად ჩატარებულ კურსს დიდი მნიშვნელობა ენიჭება ისეთი დაავადების მკურნალობის პროცესში, როგორებიცაა:
მენჯ-ბარძაყის;
დისპლაზია;
ტერფმრუდობა;
სქოლიოზი;
კიფოზი;
მოტორიკის დარღვევა და/ან ჩამორჩენა;
ბავშვთა ცერებრალური დამბლა და სხვა...
მასაჟის გაკეთება სასურველი არაა დაავადებების მწვავე ფაზაში, მაღალი ტემპერატურის დროს. ზოგიერთი დაავადების, მაგალითად, გულ-სისხლძარღვთა დაავადების დროს მკაცრად უნდა შეირჩეს დატვირთვის ხარისხი.
- ფეხის ადგმის პროცესში საჭიროა თუ არა?
- სიარულის სასწავლად მასაჟის კურსი ჩატარების საჭიროება ჯანმრთელ, ნორმალური განვითარების ბავშვებთან არ დგას, თუმცა საყრდენ-მამოძრავებელი ან ნერვული სისტემის პათოლოგიების არსებობის შემთხვევაში მას მნიშვნელოვანი როლი ეკისრება.
ესაუბრა მარიამ ჩოქური
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„ეს დამოკიდებულება ბავშვისთვის სრულიად დამანგრეველ შედეგებს იძლევა,“ - ფსიქოლოგი თეა გოგოტიშვილი
ფსიქოლოგმა თეა გოგოტიშვილმა არათანმიმდევრული აღზრდის შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ როდესაც მშობლები ბავშვების მიმართ განსხვავებულ მიდგომებს იყენებენ, მსგავსი დამოკიდებულება ბავშვში დაბნეულობას იწვევს:
„პირველ რიგში, ბავშვი იბნევა, ითრგუნება, ვერ იგებს საით აიღოს გეზი. იქით მიდის, სადაც უფრო მოერგება, ვინც მისი მხარდამჭერია, მის მხარესაა. იქ, სადაც არის სრული უდისციპლინობა, განუკითხავი დამოკიდებულება, რომ როგორც გინდა იყავი, სადაც სტრუქტურა არ არის, სადაც ბავშვს ელემენტარული უნარების განვითარება არ შეუძლია, რომელსაც მომავალში გამოიყენებს, ასეთი გარემო საზიანოა. ეს სრულიად დამანგრეველ შედეგებს იძლევა. ყოველი ჩემი დებულება ეყრდნობა კვლევებს. ეს არ არის ჩემი პირადი აზრი.“
თეა გოგოტიშვილის თქმით, ბავშვთან ურთიერთობისას თანამშრომლობითი სტილის გამოყენებაა რეკომენდებული:
„ასეთი „ჯიგარი“ მშობელი, რომელიც ეუბნება ბავშვს: „რაც გინდა აკეთე, ოღონდ პრობლემა არ შექმნა, ერთად ვიუსაქმუროთ,“ ამას შეიძლება აკეთებდეს ზოგჯერ. ეს უნდა იყოს ბავშვთან შეთანხმებული. თუ ჩვენ ერთად ვაორგანიზებთ დღეს, ვაკეთებთ სასარგებლო საქმეს ერთად, მიზანმიმართულ ქმედებებს ვახორციელებთ, ამის შემდეგ ერთად დავისვენოთ. ეს არის თანამშრომლობითი სტილი. „ოღონდ არ შემაწუხო და აკეთე, რაც გინდა, ოღონდ შენ ჭამე და მოდი, ჩაგირთავ, უყურე, რასაც გინდა,“ ეს მიჯაჭვულობას იწვევს, ინტერნეტდამოკიდებულებას, ეკრანზე დამოკიდებულებას.“
„მომთხოვნი მშობელი ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ არის. საუკეთესო სურვილებიდან გამომდინარე მას უნდა დისციპლინა, სისტემურობა, ორგანიზებულობა გამოუმუშაოს თავის შვილს. ამ დროს მისი მეორე ნახევარი საპირისპირო გზავნილებს აწვდის ბავშვს. როდესაც ზრდასრულებს შორის არის დაპირისპირება, შეურაცხყოფა, უკმაყოფილება, ეს კატასტროფულია. ჩვენ უნდა ვთხოვოთ ამ დროს მშობელს, რომელიც ხედავს, რომ ასეთი მდგომარეობაა, თავისი თანამონაწილეობით დაიწყოს ცვლილება. ერთად რომ გავაკეთოთ ერთობლივი აქტივობები, თუნდაც უქმე დღეებზე, ეს შედეგს მოიტანს,“ - აღნიშნულ საკითხებზე თეა გოგოტიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.