„სიარულის სასწავლად მასაჟის კურსი ჩატარების საჭიროება ჯანმრთელ, ნორმალური განვითარების ბავშვებთან არ დგას“ - რა ასაკიდან დავაწყებინოთ ბავშვს მასაჟი, რა შემთხვევაშია აუცილებელი და როდის არ არის მიზანშეწონილი?
რა ასაკიდან დავაწყებინოთ ბავშვს მასაჟი, რა შემთხვევაშია აუცილებელი და როდის არ არის მიზანშეწონილი? ამ საკითხებზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა ორთოპედი ამირან შარაბიძე.
- რა ასაკიდან არის მისაღები ბავშვებისთვის მასაჟის დაწყება?
- მასაჟის დაწყება შეიძლება დაბადების პირველივე თვეებიდან, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ ექიმის დანიშნულებით, კომპეტენტურ სპეციალისტთან.
- რატომ არის სასარგებლო მასაჟი და რა შემთხვევებშია აუცილებელი ან პირიქით, არ არის რეკომენდებული?
- ბავშვთა ასაკში მასაჟს შეიძლება ჰქონდეს, როგორც ზოგადგამაჯანსაღებელი, ასევე სამკურნალო, საპროფილაქტიკო და საკორექციო დანიშნულება. ზოგადად, მას დიდი სარგებლობის მოტანა შეუძლია ბავშვისათვის. მასაჟი დადებითად მოქმედებს საყრდენ-მამოძრავებელ, გულ-სისხლძარღვთა, ნერვულ და საჭმლის მომნელებელ სისტემებზე, აუმჯობესებს მოტორიკას.
კურსის დაწყებამდე აუცილებელია სპეციალისტის კონსულტაცია. მასაჟი უნდა იყოს მიზანმიმართული კონკრეტული პრობლემის გადაწყვეტისკენ, ამიტომ საჭიროა ზუსტად შეირჩეს მისი სახეობა და ხანგრძლივობა. ზოგ შემთხვევაში არ შეიძლება მასაჟის გაკეთება, რადგან მას სარგებლობის მაგივრად უარყოფითი შედეგი მოაქვს.
სწორად შერჩეულ და ხარისხიანად ჩატარებულ კურსს დიდი მნიშვნელობა ენიჭება ისეთი დაავადების მკურნალობის პროცესში, როგორებიცაა:
მენჯ-ბარძაყის;
დისპლაზია;
ტერფმრუდობა;
სქოლიოზი;
კიფოზი;
მოტორიკის დარღვევა და/ან ჩამორჩენა;
ბავშვთა ცერებრალური დამბლა და სხვა...
მასაჟის გაკეთება სასურველი არაა დაავადებების მწვავე ფაზაში, მაღალი ტემპერატურის დროს. ზოგიერთი დაავადების, მაგალითად, გულ-სისხლძარღვთა დაავადების დროს მკაცრად უნდა შეირჩეს დატვირთვის ხარისხი.
- ფეხის ადგმის პროცესში საჭიროა თუ არა?
- სიარულის სასწავლად მასაჟის კურსი ჩატარების საჭიროება ჯანმრთელ, ნორმალური განვითარების ბავშვებთან არ დგას, თუმცა საყრდენ-მამოძრავებელი ან ნერვული სისტემის პათოლოგიების არსებობის შემთხვევაში მას მნიშვნელოვანი როლი ეკისრება.
ესაუბრა მარიამ ჩოქური
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„როდესაც ბავშვი ამბობს: „მცივა,“ უმეტეს შემთხვევაში ამაში მშობელია დამნაშავე," - ევგენი კომაროვსკის რეკომენდაციები მშობლებს
პედიატრმა ევგენი კომაროვსკიმ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც მშობლებს ურჩია, რომ თავი შეიკავონ ბავშვის ზედმეტად შეფუთვისგან, როდესაც ის სასეირნოდ მიჰყავთ:
„ბავშვი სასეირნოდ თუ მიგყავთ, მას მინიმალური რაოდენობის, მაგრამ ტემპერატურის შესანარჩუნებლად საკმარისი ტანსაცმელი ჩააცვით. ბავშვს დამოუკიდებლად ჩაცმის უნარები განუვითარეთ, რათა მან თავად შეარჩიოს ტანსაცმლის ის რაოდენობა, რომელიც მისთვის სასურველია. გაციების მიზეზი უმეტესად არა სიცივე, არამედ ჭარბი ტანსაცმლის ტარების გამო გამოწვეული ძლიერი ოფლიანობაა.“
ევგენი კომაროვსკიმ მშობლებს ურჩია არ დაიჯერონ გავრცელებული მითი იმის შესახებ, რომ გარეთ უქუდოდ სიარული მენინგიტს იწვევს:
„აზრი იმის შესახებ, რომ ქუდის გარეშე სიარული მენინგიტს იწვევს, ხალხური ზღაპრის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია. მენინგიტი მწვავე ინფექციური დაავადებაა. შემთხვევათა 99 %-ში ის გამოწვეულია მიკრობით, რომელსაც მენინგოკოკი ეწოდება. აღნიშნული მიკრობის ორგანიზმში მოხვედრა საერთოდ არ არის დამოკიდებული იმაზე, თქვენ თავზე რამე გახურავთ თუ არა.“
ევგენი კომაროვსკიმ მშობლებს რეკომენდაცია მისცა ბავშვთან ერთად სეირნობისას მეტი იმოძრაონ და სხვადასხვა აქტივობით დაკავდნენ, ნაცვლად იმისა, რომ ბავშვი მეტისმეტად თბილად ჩაცმული გაიყვანონ გარეთ:
„ყველაზე მთავარია, რომ ბავშვის ორგანიზმში მიმდინარე პროცესები სწორად დაინახოთ. ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის პროცესს თან ახლავს სითბოს გამოყოფა. ბავშვის ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლა გაცილებით ინტენსიურად მიმდინარეობს, ვიდრე ზრდასრულებთან. ერთსა და იმავე დროს, ერთსა და იმავე ადგილას ბავშვის ორგანიზმი მეტ სითბოს გამოჰყოფს, ვიდრე ზრდასრულის. აქედან გამომდინარე, როდესაც ზრდასრულს სცივა, ბავშვი თავს ნორმალურად გრძნობს, თუ გარემოში ზრდასრულისთვის ნორმალური ტემპერატურაა, ბავშვისთვის თბილა, თუ ზრდასრული გრძნობს, რომ თბილა, ასეთ გარემოში ბავშვს სცხელა,“ - აღნიშნა ევგენი კომაროვსკიმ.