„სიარულის სასწავლად მასაჟის კურსი ჩატარების საჭიროება ჯანმრთელ, ნორმალური განვითარების ბავშვებთან არ დგას“ - რა ასაკიდან დავაწყებინოთ ბავშვს მასაჟი, რა შემთხვევაშია აუცილებელი და როდის არ არის მიზანშეწონილი?
რა ასაკიდან დავაწყებინოთ ბავშვს მასაჟი, რა შემთხვევაშია აუცილებელი და როდის არ არის მიზანშეწონილი? ამ საკითხებზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა ორთოპედი ამირან შარაბიძე.
- რა ასაკიდან არის მისაღები ბავშვებისთვის მასაჟის დაწყება?
- მასაჟის დაწყება შეიძლება დაბადების პირველივე თვეებიდან, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ ექიმის დანიშნულებით, კომპეტენტურ სპეციალისტთან.
- რატომ არის სასარგებლო მასაჟი და რა შემთხვევებშია აუცილებელი ან პირიქით, არ არის რეკომენდებული?
- ბავშვთა ასაკში მასაჟს შეიძლება ჰქონდეს, როგორც ზოგადგამაჯანსაღებელი, ასევე სამკურნალო, საპროფილაქტიკო და საკორექციო დანიშნულება. ზოგადად, მას დიდი სარგებლობის მოტანა შეუძლია ბავშვისათვის. მასაჟი დადებითად მოქმედებს საყრდენ-მამოძრავებელ, გულ-სისხლძარღვთა, ნერვულ და საჭმლის მომნელებელ სისტემებზე, აუმჯობესებს მოტორიკას.
კურსის დაწყებამდე აუცილებელია სპეციალისტის კონსულტაცია. მასაჟი უნდა იყოს მიზანმიმართული კონკრეტული პრობლემის გადაწყვეტისკენ, ამიტომ საჭიროა ზუსტად შეირჩეს მისი სახეობა და ხანგრძლივობა. ზოგ შემთხვევაში არ შეიძლება მასაჟის გაკეთება, რადგან მას სარგებლობის მაგივრად უარყოფითი შედეგი მოაქვს.
სწორად შერჩეულ და ხარისხიანად ჩატარებულ კურსს დიდი მნიშვნელობა ენიჭება ისეთი დაავადების მკურნალობის პროცესში, როგორებიცაა:
მენჯ-ბარძაყის;
დისპლაზია;
ტერფმრუდობა;
სქოლიოზი;
კიფოზი;
მოტორიკის დარღვევა და/ან ჩამორჩენა;
ბავშვთა ცერებრალური დამბლა და სხვა...
მასაჟის გაკეთება სასურველი არაა დაავადებების მწვავე ფაზაში, მაღალი ტემპერატურის დროს. ზოგიერთი დაავადების, მაგალითად, გულ-სისხლძარღვთა დაავადების დროს მკაცრად უნდა შეირჩეს დატვირთვის ხარისხი.
- ფეხის ადგმის პროცესში საჭიროა თუ არა?
- სიარულის სასწავლად მასაჟის კურსი ჩატარების საჭიროება ჯანმრთელ, ნორმალური განვითარების ბავშვებთან არ დგას, თუმცა საყრდენ-მამოძრავებელი ან ნერვული სისტემის პათოლოგიების არსებობის შემთხვევაში მას მნიშვნელოვანი როლი ეკისრება.
ესაუბრა მარიამ ჩოქური
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„არაფერი ასაზრდოებს ბავშვის გულს ისე, როგორც დადებითი ემოციები,“ - ნუტრიციოლოგი მარი მალაზონია
ნუტრიციოლოგმა მარი მალაზონიამ 5 პუნქტი დაასახელა, რომელიც ბავშვის გულის ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლოა:
„ეს არის ხუთი ძირითადი პუნქტი, რომელზეც მთელი მსოფლიოს ექიმები შეთანხმდნენ, განსაკუთრებით პედიატრიული საზოგადოებები, რომელთაც დიდი გამოცდილება დაუგროვდათ, თუ რა არის ბავშვის გულისთვის სასარგებლო. აღმოჩნდა, რომ ბავშვისთვის უმნიშვნელოვანესია დადებითი ემოციები. ყველაფერი, რაც ბავშვის განვითარებისთვის კარგია, კარგია ბავშვის გულისთვის. აღმოჩნდა, რომ არაფერი ასაზრდოებს ბავშვის გულს ისე, როგორც დადებითი ემოციები. ხშირად გვგონია, რომ თუ ბევრი სათამაშო აქვს ბავშვს, თუ მსუყედ ვცხოვრობთ, ბევრი ფული გვაქვს იმისთვის, რომ სურვილები დავუკმაყოფილოთ ბავშვებს, ეს აბედნიერებთ მათ. აღმოჩნდა, რომ ბავშვს ყველაზე მეტად აბედნიერებს და დადებითი ემოციებით ავსებს სიყვარულის განცდა, რომელსაც გარშემომყოფებისგან გრძნობს. ბავშვებს სჭირდებათ, რომ იგრძნონ ჩვენგან სიყვარული. არაფერი ავსებთ ბავშვებს დადებითი ემოციებით ისე, როგორც უფროსების მზაობა მათ მოუსმინონ. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი შვილის სამზერი თვალებით ვუყუროთ სამყაროს.“
მარი მალაზონიას თქმით, ბავშვის ჯანმრთელობისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ოჯახურ ფიზიკურ აქტივობას:
„რაც შეეხება ფიზიკურ აქტივობას, უბრალოდ ბავშვის წაქეზება ფიზიკური აქტივობისთვის არ აღმოჩნდა საკმარისი. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რომ ეს აქტივობა იყოს ოჯახური. იყოს იმ ადამიანებთან ერთად, ვინც სიყვარულით და დადებითი ემოციებით ავსებს ბავშვს. ბავშვის გულის დასაცავად მნიშვნელოვანია ბავშვის ეკრანთან გატარებული დროის კონტროლი. ეკრანთან გატარებული დრო ბავშვის გულისთვის არის დანაღმული ველი. ჩვენ ბავშვის ჯანმრთელობისთვის ნაღმებს ვამზადებთ, როდესაც ვერ ვაკონტროლებთ დროს. ეს ნაღმები ჩვენს შვილებს აუფეთქდებათ ცხოვრების სულ სხვა ეტაპზე. ამ პუნქტში იგულისხმება, თუ რას უნდა უყურონ ბავშვებმა ეკრანზე.“
„სპორტი არის ფიზიკური აქტივობისგან განსხვავებული მდგომარეობა. თუ გადავწყვიტეთ, რომ ბავშვი ადრეული ასაკიდან რომელიმე სახეობის სპორტით დავტვირთოთ, აუცილებელია კონტროლი. კონტროლში იგულისხმება წინასწარი შეფასება, განსაკუთრებით იმ ოჯახებში სადაც არის გულთან დაკავშირებული რისკები. მნიშვნელოვანია, რომ მშობელმა ბავშვი არ აქციოს საკუთარი აუსრულებელი ოცნებების მიღწევის საშუალებად. რეალური შეფასება გულისხმობს, ვიცოდეთ, რა შეუძლია ჩვენს შვილს, რა უნდა და არ მოვახვიოთ თავს ჩვენი სურვილები,“ - აღნიშნულ საკითხზე მარი მალაზონიამ საქართველოს პირველი არხის გადაცმეაში „პირადი ექიმი-მარი მალაზონია“ ისაუბრა.