Baby Bag

რა განაპირობებს ბავშვების ტირილს საბავშვო ბაღში მიყვანისას?

რა განაპირობებს ბავშვების ტირილს საბავშვო ბაღში მიყვანისას?

205-ე საჯარო საბავშვო ბაღის დირექტორმა ია პატეიშვილმა იმ მიზეზებზე ისაუბრა, რომლის გამოც ბავშვებს უჭირთ ახალ გარემოსთან ადაპტაცია.

„ჩემი შვილები როცა პატარები იყვნენ, არასდროს არ მავიწყდება, როგორ მოვიწყვიტე გულიდან ატირებული ბავშვი, იქიდან მოყოლებული სულ ვღელავ, როდესაც ბავშვი ბაღში ატირებული მოდის. 

ჩემმა დაკვირვებამ ცხადყო რეგულაციებამდე რა განაპირობებდა ბავშვის ტირილს, ბაღში მიყვანის შემდეგ. ზოგიერთი მშობელი შემოდიოდა ბავშვთან ერთად და ჯდებოდა ჯგუფში, ჩვენ კი არ გვქონდა უფლება, მიგვეთითებინა, რომ არ შეიძლებოდა. მას შემდეგ, რაც აიკრძალა მშობლების შიდა სივრცეში შემოსვლა, უკეთეს მდგომარეობაში არიან, არა მარტო მათი შვილები, არამედ სხვა ბავშვებიც, ანუ ისინი ადაპტირდებიან სოციუმში ძალიან მალე. პატარები თვლიდნენ, რომ იტირებდნენ მანამ სანამ დედამისი იქნებოდა მათთან. ბავშვები, რომლებიც დედის გარეშე რჩებოდნენ და უყურებდნენ სხვას მშობელი ჰყავდა, ისინიც იწყებდნენ ტირილს“.

მისი თქმით, სანამ დედა და მამა ბავშვს ბაღში მიიყვანენ, უნდა ესაუბრონ, უთხრან, რომ იქ რომ მივა ძალიან კარგი გარემო და ბევრი ბავშვი დახვდება, რომლებიც მისი მეგობრები გახდებიან, პედაგოგები კი მისი დიდი მეგობრები იქნებიან:

,,რა თქმა უნდა, იქ უნდა დახვდნენ ძალიან კარგი აღმზრდელ-პედაგოგები, რომლებიც სითბოს და სიყვარულს არ დააკლებენ ბავშვს და ყველა პირობას შეუქმნიან, რათა ბავშვი მარტივად ადაპტირდეს,'' - აღნიშნა ია პატეიშვილმა. 

წყარო: ,,სხვა შუადღე"

შეიძლება დაინტერესდეთ

3-6 წლამდე ასაკის ბავშვის იდეალური კვების რაციონი, კალორიების დღიური ნორმა და აუცილებლად მისაღები პროდუქტები - ნუტრიციოლოგი მაია სურვილაძე

3-6 წლამდე ასაკის ბავშვის იდეალური კვების რაციონი, კალორიების დღიური ნორმა და აუცილებლად მისაღები პროდუქტები - ნუტრიციოლოგი მაია სურვილაძე

პედიატრმა, ნუტრიციოლოგმა მაია სურვილაძემ სამი-ექვსი წლის ასაკის ბავშვის კვების რაციონი და დღის განმავლობაში მისაღები კალორიების რაოდენობა განიხილა. მისი თქმით, ბავშვმა 3-4 წლის ასაკში დღეში 1550 კილოკალორია უნდა მიიღოს, 4-6 წლის ასაკში კი 1750-1850 კილოკალორია:

„ბავშვმა სამიდან ოთხ წლამდე დაახლოებით 1550 კილოკალორია უნდა მიიღოს, ოთხიდან ექვს წლამდე 1750-1850 კილოკალორია. გოგონებსა და ბიჭებს შორის ამ ასაკში უკვე არის პატარა განსხვავება. ​ეს კალორაჟი უნდა გადანაწილდეს დღის განმავლობაში. ორივე ასაკობრივ ჯგუფში უნდა იყოს ოთხჯერადი კვება დღეში. ბავშვი ამ დროს არის ბაღში. 70 % ამ კალორაჟის უნდა იყოს ბაღში ათვისებული. საუზმე უნდა იყოს 25 % მთელი კალორაჟის (387 კკ), სადილი უნდა იყოს 30-40 %-მდე, სამხარი უნდა იყოს 15-20 %, აქ შეიძლება 5 %-იანი შუალედებიც იყოს. ვახშამი უნდა იყოს 20-25 %. პროცენტული გადანაწილება 4-6 წლამდე ბავშვებშიც ასეთივეა, უბრალოდ მატულობს ულუფების მოცულობა.“

მაია სურვილაძის თქმით, ბავშვმა საუზმე ბურღულეულის ფაფის მირთმევით უნდა დაიწყოს:

„3-4 წლამდე ბავშვებში ​აუცილებლად ბურღულეული უნდა იყოს მიწოდებული დილით ფაფის სახით, დაახლოებით 250 გრამი. რატომ ბურღულეული? ბურღულეული სახამებელს შეიცავს.ის ნელა შეიწოვება და დიდხანს აძლევს ორგანიზმს დანაყრების შეგრძნებას. ორ-სამ დღეში ერთხელ შეიძლება ყველი იყოს დამატებული 10 გრამის რაოდენობით. დასალევად ან კაკაო ან ჩაი უნდა დავამატოთ. ჩაი უნდა იყოს ძალიან ბაცი, არ უნდა იყოს მაგარი. თუ აქ იქნება კაკაო, სამხარზე იქნება ჩაი, ან პირიქით. აქვე შეიძლება იყოს გამოყენებული მაკარონის ნაწარმი. ამ ასაკობრივ ჯგუფში შაქრის რაოდენობა 45-50 გრამი უნდა იყოს და დღის განმავლობაში გადანაწილდეს.“

მაია სურვილაძემ აღნიშნა, რომ სადილზე ბავშვებმა ბოსტნეული აუცილებლად უნდა მიირთვან:

„სამწუხაროდ, ქართველი ბავშვების 90 % სალათებს არ მიირთმევს. სასურველია, რომ კვების წინ რაღაც რაოდენობის სალათა, ცოცხალი ბოსტნეული მიიღოს ბავშვმა. ამ ასაკობრივ ჯგუფში 60 გრამ ბოსტნეულზეა საუბარი. ​ეს შეიძლება იყოს კიტრი-პომიდვრის სალათა, კომბოსტო-სტაფილო ერთად. სტაფილოს აზრი აქვს იმ შემთხვევაში თუ ცხიმთან ერთად იქნება, რომ კაროტინი A ვიტამინში გადავიდეს. შემდეგ აუცილებლად უნდა მოდიოდეს წვნიანი. აუცილებელი არაა წვნიანში ხორცი და ნახარში იყოს. ნახარში არც არის რეკომენდებული. ეს უნდა იყოს ბოსტნეულის წვნიანი 200 გრამის რაოდენობით, 4-6 წლის ბავშვებში 250 გრამი. სადილზე ასევე აუცილებლად უნდა ჩავრთოთ ხორცი ან თევზი 100 გრამის რაოდენობით. თუ თევზი შემწვარია, აუცილებლად კანი უნდა იყოს გადაცლილი. ხორცი შეიძლება იყოს საქონლის ან ქათმის. სადილზე აუცილებელია გარნირიც 150 გრამის რაოდენობით. ეს შეიძლება იყოს ბოსტნეულის პიურე, ვერმიშელი, წიწიბურა.“

„სამხარი შეიძლება იყოს ფუნთუშა, ცომეული, ხაჭაპური, ხაჭოს მობრაწულები, აქ კვერცხიც შეიძლება ფიგურირებდეს, ფხვიერი ნამცხვარი. ​ვახშამზე შეიძლება იყოს მაწონი, ბურღულეულის რაღაც ნაწილი,“ - აღნიშნულ თემაზე მაია სურვილაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“- ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.

წყარო:​ „სხვა შუადღე“

წაიკითხეთ სრულად