Baby Bag

რა განაპირობებს ბავშვების ტირილს საბავშვო ბაღში მიყვანისას?

რა განაპირობებს ბავშვების ტირილს საბავშვო ბაღში მიყვანისას?

205-ე საჯარო საბავშვო ბაღის დირექტორმა ია პატეიშვილმა იმ მიზეზებზე ისაუბრა, რომლის გამოც ბავშვებს უჭირთ ახალ გარემოსთან ადაპტაცია.

„ჩემი შვილები როცა პატარები იყვნენ, არასდროს არ მავიწყდება, როგორ მოვიწყვიტე გულიდან ატირებული ბავშვი, იქიდან მოყოლებული სულ ვღელავ, როდესაც ბავშვი ბაღში ატირებული მოდის. 

ჩემმა დაკვირვებამ ცხადყო რეგულაციებამდე რა განაპირობებდა ბავშვის ტირილს, ბაღში მიყვანის შემდეგ. ზოგიერთი მშობელი შემოდიოდა ბავშვთან ერთად და ჯდებოდა ჯგუფში, ჩვენ კი არ გვქონდა უფლება, მიგვეთითებინა, რომ არ შეიძლებოდა. მას შემდეგ, რაც აიკრძალა მშობლების შიდა სივრცეში შემოსვლა, უკეთეს მდგომარეობაში არიან, არა მარტო მათი შვილები, არამედ სხვა ბავშვებიც, ანუ ისინი ადაპტირდებიან სოციუმში ძალიან მალე. პატარები თვლიდნენ, რომ იტირებდნენ მანამ სანამ დედამისი იქნებოდა მათთან. ბავშვები, რომლებიც დედის გარეშე რჩებოდნენ და უყურებდნენ სხვას მშობელი ჰყავდა, ისინიც იწყებდნენ ტირილს“.

მისი თქმით, სანამ დედა და მამა ბავშვს ბაღში მიიყვანენ, უნდა ესაუბრონ, უთხრან, რომ იქ რომ მივა ძალიან კარგი გარემო და ბევრი ბავშვი დახვდება, რომლებიც მისი მეგობრები გახდებიან, პედაგოგები კი მისი დიდი მეგობრები იქნებიან:

,,რა თქმა უნდა, იქ უნდა დახვდნენ ძალიან კარგი აღმზრდელ-პედაგოგები, რომლებიც სითბოს და სიყვარულს არ დააკლებენ ბავშვს და ყველა პირობას შეუქმნიან, რათა ბავშვი მარტივად ადაპტირდეს,'' - აღნიშნა ია პატეიშვილმა. 

წყარო: ,,სხვა შუადღე"

შეიძლება დაინტერესდეთ

„გამორიცხულია ავტორიტარმა მშობელმა გაზარდოს ლიდერი ბავშვი,“ - ფსიქოლოგი თეა გოგოტიშვილი

ფსიქოლოგი თეა გოგოტიშვილი გადაცემაში იმედის დღე" ლიდერი ბავშვების შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ მშობელმა შვილის ლიდერული თვისებები უნდა წაახალისოს:

„მნიშვნელოვანია ბავშვის შინაგანი ტენდენციები, რომ თავისი მინდა გამოავლინოს. ძალიან სამწუხაროდ მშობელი ხშირად ამას ურჩობის და წინააღმდეგობრიობის კვალიფიკაციას აძლევს. ის ცდილობს ბავშვის „მავნე“ ჩვევა რაიმე გზით ჩაახშოს, რა თქმა უნდა , კეთილი ზრახვების საფუძველზე. მშობელი ყველა ზომას იღებს, რომ ბავშვმა შინაგანი მინდას და თავისი აზრის გატანის ტენდენცია აღარ იქონიოს. ამ დროს ბავშვს ხშირად უწოდებენ თავნებას, მუდმივად საკუთარი სურვილის გატანის მსურველად ნათლავენ, ჯიუტს, თავისნათქვამას, თავზეხელაღებულს ეძახიან. ლიდერი ბავშვის მშობლობა არ არის იოლი. ძალიან რთულია, რომ ხელი არ შეუშალო ბავშვის ჯიუტობის გამოვლინებას. მშობელს ძალიან ბევრი საქმე აქვს, რის გამოც რთულია ბავშვის მინდაზე ორიენტირებულ ქმედებას ანგარიში გაუწიოს. რაც უფრო მცირეწლოვანია ბავშვი, მისი მინდა მით უფრო იმპულსურია, შესაბამისად, მშობლისთვის ეს უგუნურადაც შეიძლება გამოიყურებოდეს.“

თეა გოგოტიშვილის თქმით, თუ ბავშვი საკუთარ თავს არ ვნებს, მას მშობელმა მიზნების მიღწევაში ხელი არ უნდა შეუშალოს:

„ვეცადოთ ავიღოთ გეზი „არ ავნოთ“ პრინციპზე. თუ ბავშვს რაიმე ისეთი უნდა ან არ უნდა, რაც მისი სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის რისკია, მშობელი უნდა ჩაერიოს, თუ რისკი არ არის, მას არ უნდა გადაეღობოთ. მშობელს არ უნდა ეშინოდეს, რომ ბავშვი თავისნათქვამა გაიზრდება. ბავშვი კოპირებს იმ მშობლის მოდელს, რომელიც თვითონ არის ავტორიტარული, სულ განკარგულებებს იძლევა. მშობელი ფიქრობს, რომ ბავშვი ლიდერია. ამ დროს ის ლიდერი კი არ არის, მშობლის სტილს კოპირებს. ეს სარკეში დანახულის გამეორებაა და არა შინაგანი ტენდენციის გამოვლინება. გამორიცხულია ავტორიტარმა მშობელმა გაზარდოს ლიდერი ბავშვი. ლიდერობას სჭირდება საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღების უნარის განვითარება. ლიდერი ბავშვის ჩამოყალიბება საზოგადოებისთვის ძალიან სასარგებლოა. ლიდერები ქმნიან სამუშაო ადგილებს, ეხმარებიან სხვებს. აქ უნარებია მთავარი, შინაგანი ტენდენცია გადამწყვეტი არ არის.“

თეა გოგოტიშვილი აღნიშნავს, რომ ლიდერად ჩამოყალიბებაში ბავშვს საკუთარ საქციელზე პასუხისმგებლობის აღება ეხმარება:

„დინჯი, დამკვირვებელი ბავშვი, რომელიც არ არის აქტიური, შეიძლება აღმოჩნდეს ლიდერი. მთავარი ის არის, რომ ლიდერობა დიდ პასუხისმგებლობასთან არის დაკავშირებული. ბავშვს პასუხისმგებლობის უნარის განვითარებაში უნდა დავეხმაროთ. ბავშვმა უნდა ისწავლოს საკუთარ ქმედებაზე პასუხისმგებლობა და არა იმაზე, რაც მის შესაძლებლობებს აღემატება. სხვადასხვა ასაკში ბავშვს სხვადასხვაგვარად უნდა შევუწყოთ ხელი. ბავშვი არის მშობლების სარკე. ბავშვს ეძლევა განცდაში ის, რასთანაც მას აქვს შეხება. მშობლის მიმართ კრიტიკა მხოლოდ გარდატეხის ასაკში შემოდის. როდესაც ოთხი წლის ბავშვზე ვსაუბრობთ, მშობელმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, რომ მასთან ითანამშრომლოს, მასთან ერთად გააკეთოს საქმე, ჩართოს ბავშვი თავის საქმიანობაში. ამას ბავშვი თანდათან შეითვისებს. როგორ იქცევა მშობელი, რამდენად კონსტრუქციულია ის, ამას ბავშვი ნელ-ნელა გადაიტანს და თავის ქცევაში ასახავს.“

„არაჩვეულებრივია, როდესაც მშობლები და ბავშვები ერთად უყურებენ მულტფილმებს, კითხულობენ წიგნებს და მსჯელობენ. შესაძლებელია, რომ ლიდერული თვისებების მქონე ბავშვი გახდეს ეგოცენტრული. ბავშვში მშობელმა თანაგრძნობის უნარი უნდა გააღვივოს. არიან ძალიან მგრძნობიარე ბავშვები. მშობელმა უნდა დაინახოს როგორია მისი შვილი. მთავარი არ არის, რა დიაგნოზს დავუსვამთ ბავშვს, მთავარია როგორ მივუდგებით. თუ ბავშვი სულ საკუთარ თავზეა ორიენტირებული და უჭირს სხვების განცდების გაზიარება, ამ დროს მულტფილმების ყურება, სამართლიანი გმირების ჩვენებაა საჭირო,“ - აღნიშნავს თეა გოგატიშვილი

წყარო:​ იმედის დღე

წაიკითხეთ სრულად