Baby Bag

რა განაპირობებს ბავშვების ტირილს საბავშვო ბაღში მიყვანისას?

რა განაპირობებს ბავშვების ტირილს საბავშვო ბაღში მიყვანისას?

205-ე საჯარო საბავშვო ბაღის დირექტორმა ია პატეიშვილმა იმ მიზეზებზე ისაუბრა, რომლის გამოც ბავშვებს უჭირთ ახალ გარემოსთან ადაპტაცია.

„ჩემი შვილები როცა პატარები იყვნენ, არასდროს არ მავიწყდება, როგორ მოვიწყვიტე გულიდან ატირებული ბავშვი, იქიდან მოყოლებული სულ ვღელავ, როდესაც ბავშვი ბაღში ატირებული მოდის. 

ჩემმა დაკვირვებამ ცხადყო რეგულაციებამდე რა განაპირობებდა ბავშვის ტირილს, ბაღში მიყვანის შემდეგ. ზოგიერთი მშობელი შემოდიოდა ბავშვთან ერთად და ჯდებოდა ჯგუფში, ჩვენ კი არ გვქონდა უფლება, მიგვეთითებინა, რომ არ შეიძლებოდა. მას შემდეგ, რაც აიკრძალა მშობლების შიდა სივრცეში შემოსვლა, უკეთეს მდგომარეობაში არიან, არა მარტო მათი შვილები, არამედ სხვა ბავშვებიც, ანუ ისინი ადაპტირდებიან სოციუმში ძალიან მალე. პატარები თვლიდნენ, რომ იტირებდნენ მანამ სანამ დედამისი იქნებოდა მათთან. ბავშვები, რომლებიც დედის გარეშე რჩებოდნენ და უყურებდნენ სხვას მშობელი ჰყავდა, ისინიც იწყებდნენ ტირილს“.

მისი თქმით, სანამ დედა და მამა ბავშვს ბაღში მიიყვანენ, უნდა ესაუბრონ, უთხრან, რომ იქ რომ მივა ძალიან კარგი გარემო და ბევრი ბავშვი დახვდება, რომლებიც მისი მეგობრები გახდებიან, პედაგოგები კი მისი დიდი მეგობრები იქნებიან:

,,რა თქმა უნდა, იქ უნდა დახვდნენ ძალიან კარგი აღმზრდელ-პედაგოგები, რომლებიც სითბოს და სიყვარულს არ დააკლებენ ბავშვს და ყველა პირობას შეუქმნიან, რათა ბავშვი მარტივად ადაპტირდეს,'' - აღნიშნა ია პატეიშვილმა. 

წყარო: ,,სხვა შუადღე"

შეიძლება დაინტერესდეთ

თუ ბავშვი ხელს გირტყამთ, მას ეშინია, ის თქვენგან დახმარებას ელის და არა - დასჯას

თუ ბავშვი ხელს გირტყამთ, მას ეშინია, ის თქვენგან დახმარებას ელის და არა - დასჯას

მცირეწლოვანი შვილი უწყინარი თამაშის დროს მოულოდნელად აგრესიულად იქცევა და გირტყამთ, ის ასე სხვებთანაც იქცევა. თქვენ ღელავთ, ფიქრობთ, რომ აღზრდაში შეცდომა დაუშვით, მაგრამ ცდებით.

მცირეწლოვანი ბავშვები ხელის დარტყმით საკუთარ ემოციებს გამოხატავენ. შესაძლოა, პატარა აგრესიული ქცევის დროს იცინოდეს კიდეც, სინამდვილეში კი მისი იმპულსური საქციელის მიღმა ემოცია დგას, როგორც წესი, ეს ემოცია შიშია. როდესაც მცირეწლოვანი ბავშვი გირტყამთ, არ უნდა ჩათვალოთ, რომ მას თქვენთვის ტკივილის მოყენება უნდა. არ დასაჯოთ თქვენი შვილი მოულოდნელი აგრესიული ქცევის გამოვლენის გამო. დასჯა მის ქცევას უფრო რთულს გახდის. მცირეწლოვანი ბავშვი, რომელიც ხელს გირტყამთ, თქვენგან დახმარებას ელის და არა - დასჯას.

პატარები მეცნიერები არიან. მათ ექსპერიმენტების ჩატარება უყვართ. თუ ბავშვი გირტყამთ, ის ცდილობს გაიგოს, რა მოჰყვება მის ქმედებას. მსგავსი ქცევით პატარები გარესამყაროს, მშობლებს, მეგობრებსა და საგნებს უკეთ ეცნობიან. თუ ბავშვი ხშირად გირტყამთ, საგანგაშო არაფერია. მისი ხელი ნაზად აიღეთ და ბავშვს მშვიდად უთხარით, რომ ეს მტკივნეულია. ბავშვს ინფორმაცია მიაწოდეთ და მასზე ნუ განრისხდებით. თუ ბავშვზე არ გაცხარდებით, დარტყმის ექსპერიმენტები მალე წარსულს ჩაბარდება. პატარა ბურთის გადაგდებით ან ფისოსთან თამაშით გაერთობა.

თუ ბავშვს ხელის დარტყმის გამო გაუბრაზდებით, მისი ნეგატიური ქცევა ყოველდღიურ ხასიათს მიიღებს. ბავშვი შეშინდება და დაინტერესდება, რატომ უყვირეთ, რატომ განრისხდით, როდესაც მან ხელი დაგარტყათ. სწორედ ამიტომ, ის თავის ექსპერიმენტს ისევ გაიმეორებს. როდესაც ბავშვი თავს მარტოსულად ან მოწყენილად იგრძნობს, ის ყოველთვის ხელს დაგარტყამთ. თქვენ მიერ გამოყენებული დასჯის მეთოდები კი ძალას დაკარგავს და ბავშვის ყოველდღიურობის ნაწილად იქცევა.

შიშის გრძნობის გამო ხელს ყველა ბავშვი არ დაგარტამთ, მაგრამ ზოგიერთები შიშს სწორედ ასე გამოხატავენ. თუ პატარა იცინის, არ იფიქროთ, რომ ის კარგად არის. სინამდვილეში, მას ეშინია და ხელს ამიტომ გირტყამთ. ბავშვები შიშს სიცილითაც ებრძვიან. სწორედ ამიტომ, დარტყმისას ისინი იცინიან კიდეც.

მშობლები ბავშვს ხშირად არ აძლევენ უფლებას, რომ საკუთარი ემოციები ღიად გამოხატონ. როდესაც ბავშვს აიძულებთ საკუთარი შიშის გრძნობა დამალოს, მისი ემოციები არსად ქრება. ბავშვი ნეგატიურ განწყობას აგროვებს და სხვა ბავშვებზე ძალადობს. თუ ბავშვი ხელს გირტყამთ, ღამით არ იძინებს, საჭმელს შერჩევით მიირთმევს, ისტერიკებს აწყობს, ეს იმას ნიშნავს, რომ მას ბევრი ფარული ემოცია დაუგროვდა, რომელთა გამოხატვის შესაძლებლობა არ მიეცით. როდესაც ბავშვი ხელს გირტყამთ, მის ქმედებაზე რეაქცია არ უნდა გქონდეთ. დააკვირდით თქვენი შვილის ქმედებებს. თუ იგრძნობთ, რომ ის ხელის დარტყმისთვის ემზადება, ბავშვს მიუახლოვდით და მოემზადეთ. როდესაც ბავშვი ხელს დაგარტყამთ, სიმშვიდე შეინარჩუნეთ. თუ მომზადებული იქნებით, ეს არ გაგიჭირდებათ.

ბავშვი ხელის დარტყმას თუ არ შეწყვეტს, მას წინააღმდეგობა მშვიდად უნდა გაუწიოთ. ხელი დაუჭირეთ და შესაძლებლობა არ მისცეთ, რომ დაგარტყათ. შესაძლოა, თქვენი შვილი ისტერიკაში ჩავარდეს, იატაკზე დაწვეს და იყვიროს. ამის ნუ შეგეშინდებათ. ბავშვს შესაძლებლობა მიეცით, რომ საკუთარი ემოციები გამოხატოს, ნეგატიური ემოციებისგან დაიცალოს და დამშვიდდეს. თქვენი სიმშვიდე ბავშვს შიშის გრძნობის დაძლევაში დაეხმარება. შეგიძლიათ, ბავშვს ვერბალურადაც დაეხმაროთ, როდესაც ის აგრესიულად იქცევა. თქვენს შვილს უთხარით, რომ სხვებისთვის ხელის დარტყმის ნებას ვერ მისცემთ, მაგრამ ის გიყვართ და მის გვერდით ხართ. ბავშვი დაამშვიდეთ, უთხარით, რომ არ უნდა ეშინოდეს. ბავშვისთვის ლექციების წაკითხვა შედეგს ვერ გამოიღებს. მთავარია, რომ რთული ქცევის გამოვლენისას მშვიდად იყოთ და შვილს თანადგომა გამოუცხადოთ.

მომზადებულია​ handinhandparenting.org - ის მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა

წაიკითხეთ სრულად