Baby Bag

რა განაპირობებს ბავშვების ტირილს საბავშვო ბაღში მიყვანისას?

რა განაპირობებს ბავშვების ტირილს საბავშვო ბაღში მიყვანისას?

205-ე საჯარო საბავშვო ბაღის დირექტორმა ია პატეიშვილმა იმ მიზეზებზე ისაუბრა, რომლის გამოც ბავშვებს უჭირთ ახალ გარემოსთან ადაპტაცია.

„ჩემი შვილები როცა პატარები იყვნენ, არასდროს არ მავიწყდება, როგორ მოვიწყვიტე გულიდან ატირებული ბავშვი, იქიდან მოყოლებული სულ ვღელავ, როდესაც ბავშვი ბაღში ატირებული მოდის. 

ჩემმა დაკვირვებამ ცხადყო რეგულაციებამდე რა განაპირობებდა ბავშვის ტირილს, ბაღში მიყვანის შემდეგ. ზოგიერთი მშობელი შემოდიოდა ბავშვთან ერთად და ჯდებოდა ჯგუფში, ჩვენ კი არ გვქონდა უფლება, მიგვეთითებინა, რომ არ შეიძლებოდა. მას შემდეგ, რაც აიკრძალა მშობლების შიდა სივრცეში შემოსვლა, უკეთეს მდგომარეობაში არიან, არა მარტო მათი შვილები, არამედ სხვა ბავშვებიც, ანუ ისინი ადაპტირდებიან სოციუმში ძალიან მალე. პატარები თვლიდნენ, რომ იტირებდნენ მანამ სანამ დედამისი იქნებოდა მათთან. ბავშვები, რომლებიც დედის გარეშე რჩებოდნენ და უყურებდნენ სხვას მშობელი ჰყავდა, ისინიც იწყებდნენ ტირილს“.

მისი თქმით, სანამ დედა და მამა ბავშვს ბაღში მიიყვანენ, უნდა ესაუბრონ, უთხრან, რომ იქ რომ მივა ძალიან კარგი გარემო და ბევრი ბავშვი დახვდება, რომლებიც მისი მეგობრები გახდებიან, პედაგოგები კი მისი დიდი მეგობრები იქნებიან:

,,რა თქმა უნდა, იქ უნდა დახვდნენ ძალიან კარგი აღმზრდელ-პედაგოგები, რომლებიც სითბოს და სიყვარულს არ დააკლებენ ბავშვს და ყველა პირობას შეუქმნიან, რათა ბავშვი მარტივად ადაპტირდეს,'' - აღნიშნა ია პატეიშვილმა. 

წყარო: ,,სხვა შუადღე"

შეიძლება დაინტერესდეთ

განსაკუთრებით მგრძნობიარე ბავშვთან ურთიერთობის 8 ოქროს წესი

განსაკუთრებით მგრძნობიარე ბავშვთან ურთიერთობის 8 ოქროს წესი

ყოველწლიურად დაბადებული ბავშვების 15-20 % მაღალი მგრძნობელობის მქონეა. ისინი გარემო გამღიზიანებლებზე სწრაფად და ემოციურად რეაგირებენ. მშობლებს უდიდესი მოთმინება და ნებისყოფა ესაჭიროებათ, რათა ბავშვის მგრძნობიარე ბუნებას სათანადოდ შეეგუონ და მასთან მოქცევის წესები აითვისონ. სწორ მიდგომას ძალიან კარგი შედეგი მოაქვს, რის გამოც მშობლებს ვურჩევთ მოთმინება გამოიჩინონ, რაც აუცილებლად გაამართლებს.

  • 1.იყავით ემპათიური და ბავშვს ხშირად ესაუბრეთ

თუ ბავშვი საჯარო სივრცეში ემოციურად ფეთქდება, მისი გრძნობების დათრგუნვას ნუ ეცდებით. ბავშვის ემოციები მიიღეთ და შვილს მათ შესახებ ესაუბრეთ.​ ბავშვთან ჩამოჯექით და ჰკითხეთ, როგორ გრძნობს თავს და რა სჭირს. ნუ შესთავაზებთ ბავშვს პრობლემის მარტივად გადაჭირს გზებს. ეცადეთ, მას საჯარო სივრცეში ემოციების გაკონტროლებაში დაეხმაროთ.

  • 2.ბავშვს აუხსენით, რომ ემოციების გამოხატვა ნორმალურია

როდესაც ბავშვი საჯარო სივრცეში ტირის და ემოციებს ღიად გამოხატავს, მშობლები მის მყუდრო ადგილას გაყვანას ცდილობენ, რათა ხალხს მოერიდონ. ამ დროს ბავშვი ფიქრობს, რომ ემოციების გამოხატვა მიუღებელი ქცევაა და თავს დამნაშავედ გრძნობს. ნაცვლად იმისა, რომ ბავშვი სადმე გადამალოთ, მას მხარი დაუჭირეთ და მისი მდგომარეობით დაინტერესდით, რათა მან იგრძნოს, რომ მისი ემოციები თქვენთვის მნიშვნელოვანია.

  • 3.ბავშვს შეცდომებზე მიუთითეთ და ალტერნატივა შესთავაზეთ

მაღალი მგრძნობელობის ბავშვები ჭარბი ექსპრესიულობის გამო ხშირად თანატოლებს და მეგობრებს საკუთარ თავზე ნეგატიურ წარმოდგენას უქმნიან. თქვენს შვილს აუხსენით, როგორ გამოიყურება ის, ​როდესაც მეგობრებზე ბრაზობს ან უკმაყოფილოა. შესაძლოა, ეს თავიდან ბავშვისთვის სტრესულიც იყოს, თუმცა თქვენ მას აუცილებლად უნდა შესთავაზოთ ალტერნატივა. ბავშვს აუხსენით, რომ თუ გაბრაზებულია, უმჯობესია, ათამდე დაითვალოს, ღრმად ისუნთქოს და დამშვიდდეს, ვიდრე უკმაყოფილება აგრესიულად გამოხატოს.

  • 4.იყავით მომთმენი და ბავშვს მარტო დარჩენის შესაძლებლობა მიეცით

მშობლების დიდი ნაწილი ბაღის ასაკის ბავშვებს გამუდმებით სხვადასხვა აქტივობაში რთავს. შესაძლოა, ბავშვს სულაც არ მოსწონდეს ხალხმრავალი გარემო და სახლში მშვიდად ყოფნა ერჩივნოს. ამ შემთხვევაში უმჯობესია, თუ ბავშვთან ერთად ხშირად დაკავდებით კითხვით და იმ თამაშების თამაშით, რომელიც მას მოსწონს. სოციალიზაციაზე ზედმეტად ბევრს ნუ იფიქრებთ. პირველ რიგში, ბავშვს აგრძნობინეთ, რომ მისი გესმით და მის გვერდით ხართ.

  • 5.ბავშვს შიშების დაძლევაში დაეხმარეთ

შიშთან პირისპირ შეჯახება მისი გადალახვის ერთ-ერთი ეფექტიანი გზაა, თუმცა ეს ძალიან დელიკატური საკითხია. მშობელი უდიდესი სიფრთხილით უნდა მოეკიდოთ ბავშვის შიშებს. სწორი მეთოდის გამოყენების შემთხვევაში ბავშვი ძალიან სწრაფად გადალახავს შიშს. ბავშვმა უნდა იგრძნოს, რომ შიშის გადალახვისას თქვენი მხარდაჭერა აქვს, რაც მას თავდაჯერებას შესძენს.

  • 6.ოთხფეხა მეგობრის შეძენა ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილებაა

ცხოველები მაღალი მგრძნობელობის მქონე ბავშვების საუკეთესო მეგობრები არიან. ცხოველებიც ისეთივე მგრძნობიარეები არიან, როგორც პატარები. ოთხფეხა მეგობართან ისინი იმ ურთიერთგაგებას პოულობენ, რომლის პოვნაც ასე ძალიან უჭირთ ადამიანებთან.

  • 7.სახლში უსაფრთხო გარემო შექმენით

მგრძნობიარე ბავშვები განსაკუთრებით მარტივად ღიზიანდებიან, როდესაც გარემო მათთვის უსაფრთხო არ არის. ბავშვს სახლში სივრცე გამოუყავით ,რომელსაც მისთვის კომფორტულად მოაწყობთ. გამოიყენეთ ხალიჩა, რომელზეც ის წიგნების თვალიერებას, მშვიდად წოლას და ფიქრს შეძლებს. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ მას შესვენებისა და განტვირთვისთვის სივრცე ყოველთვის აქვს.

  • 8.დისციპლინის მეთოდები ფრთხილად შეარჩიეთ

სახლში წესების დაწესებამდე კარგად დაფიქრდით, რომ ის ოჯახის ყველა წევრზე თანაბრად მოქმედებდეს. თუ ბავშვი ორპირობას შეგატყობთ, მას გული ძალიან ეტკინება. ​საზღვრები, რომლებსაც აწესებთ, ყველასთვის უნდა იყოს, რათა ბავშვმა თავი დაჩაგრულად არ იგრძნობს.

მომზადებულია ​brightside.me- მიხედვით

წაიკითხეთ სრულად