რა უარყოფით ზეგავლენას ახდენს ბავშვზე ჯანჯღარით დაძინება და როგორი უნდა იყოს ძილის წინა რუტინა, რათა ბავშვს სწორი ძილის რეჟიმი ჩამოუყალიბდეს? - ამ თემაზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა ბავშვთა ნევროლოგი ნინო თარხნიშვილი.
- ქალბატონო ნინო, ხშირად მშობლები პატარებს ჯანჯღარით აძინებენ, რამდენად მიზანშეწონილია ეს ბავშვის ჯანმრთელობისთვის?
- ბავშვების ჯანჯღარით, ზედმეტი რწევით დაძინება აბსოლუტურად მიუღებელია, განსაკუთრებით ჩვილ ბავშვთა ასაკში. აღნიშნულ ასაკში კისრის კუნთები სუსტია, ხოლო თავის ტვინი მყიფე. თუ ბავშვი ძლიერად ირყევა, მყიფე ტვინი იწყებს წინ და უკან მოძრაობას თავის ქალის შიგნით, რაც იწვევს სისხლჩაქცევის განვითარებას - ეს მდგომარეობა ცნობილია ე.წ. ნანჯღრევი ბავშვის სინდრომის სახელწოდებით ( Shaken baby syndrome). სამწუხაროდ, აღნიშნული მოქმედება ხორციელდება მშობლების ან/და აღმზრდელების მიერ, როდესაც ცდილობენ მტირალი ბავშვის გაჩუმებას და რეალურად წარმოადგენს ძალადობის ფაქტს. ამ ტიპის დაზიანება ვითარდება არა მხოლოდ მიზანმიმართული ნჯღრევა-რყევით, არამედ თავის დარტყმით ან მიჯახებით რაიმე მყარ ზედაპირზე. 6 თვემდე ასაკის ბავშვებში ტიპიურად ვითარდება სუბდურული ან/და სუბარაქნოიდული ჰემატომა და ბილატერალური რეტინული ჰემორაგია, შესაძლებელია თანხლებული იყოს სხვადასხვა ლულოვანი ძვლების მოტეხილობით.
- შესაძლოა თუ არა ჯანჯღარით დაძინებამ შეაფერხოს ბავშვის სწორი განვითარება და რაიმე დაუზიანოს?
- მშობლებს და აღმზრდელებს აუცილებლად უნდა ახსოვდეთ, რომ თუნდაც მცირე რყევამ შეიძლება გამოიწვიოს თავის ტვინის შეუქცევადი დაზიანება, შესაძლებელია ფატალური გამოსავალიც - ლეტალობა საშუალოდ 20-25 %-ია. ბავშვებს შესაძლებელია განუვითარდეთ ნაწილობრივი ან სრული სიბრმავე, ლეთარგია, აგზნება, რესპირაციული პრობლემები, ცნობიერების დათრგუნვა. საბოლოო გამოსავალი დამოკიდებულია ტვინის დაზიანების ხარისხზე და შემდგომში შესაძლებელია გამოიხატოს განვითარების შეფერხება, დასწავლისა და ქცევის პრობლემები, ეპილეფსიური გულყრები, მძიმე უნარშეზღუდულობა/ცერებრული დამბლა, ჰიდროცეფალია, სმენის დაკარგვა.
სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია აღნიშნული საკითხის შესახებ ინფორმაციის ფართოდ გავრცელება, განსაკუთრებით ახალგაზრდა მშობლებმა აუცილებლად უნდა იცოდნენ ბავშვის ძლიერი რყევის რისკებისა და საფრთხის შესახებ.
- ეტლით რწევაზე რომ ვისაუბროთ...
- რაც შეეხება ძილის დროს ეტლით რწევას, მსუბუქი რწევა დასაშვებია, თუმცა აუცილებლად უნდა გვახსოვდეს რისკების შესახებ. ძილის სწორი რეჟიმის ჩამოყალიბება ძალიან მნიშვნელოვანია, განვახორციელოთ ჩვილობის ასაკიდან და შევეცადოთ მივაჩვიოთ თანდათანობით დამოუკიდებლად დაძინებას, ძილის შებრუნებას. სასურველია ძილის განრიგი იყოს რეგულარული, დავნერგოთ ე.წ. ძილის რუტინა - თანმიმდევრული მოქმედებები, ძილის წინა პერიოდში.
6 თვის ასაკიდან უნდა შევეცადოთ კვება ამოვიღოთ ძილის წინ რუტინული აქტივობებიდან;
საძინებელში უნდა იყოს ხელსაყრელი გარემო - სუსტი სინათლე, სიგრილე, სიმშვიდე;
ბავშვი დასაძინებლად უნდა დაწვეს მაშინ, როდესაც ეძინება, მაგრამ ფხიზელ მდგომარეობაში;
შევეცადოთ ბავშვმა დამოუკიდებლად დაიძინოს;
საჭიროა დილით დღის სინათლის შეღწევადობა საძინებელ ოთახში;
თუ მშობლისთვის რთულია ბავშვის ტირილისა და პროტესტის მიმართ იყოს ტოლერანტული, თანდათან უნდა შეაჩვიოს ბავშვი დამოუკიდებლად დაძინებას;
საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ფსიქოლოგის ჩართულობაც.
ესაუბრა მარიამ ჩოქური
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„ბავშვები უნდა წავახალისოთ, რომ მშობელს მოუყვნენ, რა ხდება; ეს არ არის ამბის მიტანა“
„საზოგადოებაში ბავშვის თავის დამკვიდრება, მიკუთვნების განცდა არის ყველაზე მთავარი მას შემდეგ, რაც ფიზიკური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება მოხდება“, - ამის შესახებ ნეიროფსიქოლოგმა, თამარ გაგოშიძემ პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი მარი მალაზონია“ ისაუბრა.
„ასე ორი წლის ასაკიდან ბავშვი გამოეჯაჭვება ოჯახს და აღმოაჩენს, რომ საკუთარი „მე“ გააჩნია. აქედან უკვე იწყება მისი მოგზაურობა სრულიად სხვა სამყაროში., როდესაც მან ამ სამყაროს კეთილგანწყობა უნდა დაიმსახუროს. უკვე მას უყურებს უკუკავშირის თვალსაზრისით. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მექანიზმარია - როგორი ვარ მე, კარგი თუ ცუდი. ეს მოგზაურობა არის ძალიან მნიშვნელოვანი ბავშვის შემდგომ პიროვნულად ჩამოყალიბებაში. აქ გარემოს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. ბავშვები მიმბაძველი არსებები არიან. ისინი უნდა წავახალისოთ, რომ მშობელს მოუყვნენ, რა ხდება. ეს არ არის ამბის მიტანა. გადავიტანოს ეს გულწრფელობის რანგში იმიტომ, რომ შემდეგ ხდება ხოლმე ძალიან სერიოზული პრობლემები, როდესაც ბავშვი ვერ ამბობს რაიმეს ვერავისთან და ამას მოჰყვება ხოლმე კატასტროფული შედეგები. ძალიან მნიშვნელოვანია, როგორი იქნება ჩვენი რეაგირება. ის უნდა იყოს შემეცნებითი - რამოხდა? ეს უნდა გავარკვიოთ და გადავიტანოთ აღწერით პლანში. ბავშვი უნდა მოჰყვეს, რა მოხდა, რა იგრძნო. ცხადია, ეს მისი ინტერპრეტაციაა.
სკოლასა და საბავშვო ბაღთან მშობლის თანამშრომლობა არის გადამწყვეტი ფაქტორი ბავშვის ინტერესიდან გამომდინარე. არ უნდა შეგვეშინდეს, არ უნდა დაგvეზაროს, არა იმიტომ, რომ, მაგალითად, ჩვენ რაიმე დავაბრალოთ სკოლას, მასწავლებელს, სხვა მშობელს, უბრალოდ, უნდა გამოვიძიოთ - რა ხდება. იქიდან ხშირად შესაძლოა, მტრული დამოკიდებულება იყოს სხვა მშობლისგან, მასწავლებლისგან, რადგან ყველას აქვს თავდაცვითი მომენტი, რომ ვინმემ რამე არ დამაბრალოს და ვინმემ არ იფიქროს, რომ მე შეცდომა დავუშვი. აქ მივდივართ საზოგადოებაში ყველაზე მთავარ ღირებულებასთან - შეცდომის უარყოფასთან“, - აღნიშნა გაგოშიძემ.