Baby Bag

უნდა მივცეთ თუ არა პატარას დამამშვიდებელი უძილობის მიზეზით?

უნდა მივცეთ თუ არა პატარას დამამშვიდებელი უძილობის მიზეზით?

რა იწვევს უძილობას ბავშვებში, როგორ გადავჭრათ პრობლემა და უნდა მივცეთ თუ არა დამამშვიდებელი მედიკამენტი ამ მიზეზით? - აღნიშნულ თემაზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა ექიმი-პედიატრი, რადიოლოგი ნანა საპანაძე.

- მშობლები, ბავშვების უძილობის გამო, დამამშვიდებლის დანიშვნას სთხოვენ ექიმს. რას ურჩევდით, უნდა გაითვალისწინონ მათ?

- ბავშვთა ასაკში დამამშვიდებელი საშუალებების გამოყენების თაობაზე ​უკვე გესაუბრეთ, თუმცა არ შევხებივარ ძილის პრობლემებს. დიახ, მშობლები ძალიან ხშირად ექიმს დამამშვიდებელის დანიშვნას სთხოვენ, ბავშვის „უძილობის“ გამო. როდესაც სახლში პატარაა მშობლებისთვის კარგად გამოძინება თითქმის შეუძლებელია, მაგრამ ვიდრე ექიმს ბავშვისთვის დამამშვიდებლის დანიშვნის თხოვნით მიმართავთ, აუცილებელია იცოდეთ, რატომ არ სძინავთ პატარებს. ზოგადად, ძილის ხანგრძლივობა ბავშვის ასაკის მიხედვით იცვლება, ასევე იცვლება ძილთან დაკავშირებული პრობლემებიც. შევეხოთ ცალ–ცალკე ჯგუფების მიხედვით.

ბავშვების ძილის მეცნიერული შესწავლა ადასტურებს, რომ ადრეული ასაკის ბავშვები აქტიური მძინარები არიან. ახალშობილები დღე–ღამის უმეტეს ნაწილს ძილში ატარებენ, 2–4 საათიანი ფაზებით და საერთო ჯამში 20 საათამდე დღე–ღამეში, ამ პერიოდში ძილის ყველა ფაზა დიფერენცირებული არ არის და რთულია სტრუქტურის ჩამოყალიბება. ეს პროცესი რეგულირებას იწყებს 3 თვის ასაკიდან და 6 თვისათვის ხდება ფაზების ჩამოყალიბება. ძილის პრობლემები 0–დან 1 თვემდე, უხშირესად ორია, პირველი არ იძინებს ზურგზე და მეორე ერევა დღე და ღამე.

- როგორ გადავჭრათ პრობლემა?

- თუ თქვენი პატარა ვერ წყნარდება ზურგზე წოლისას, პირველ რიგში გაიარეთ კონსულტაცია პედიატრთან, ფიზიკური მიზეზების დროული აღმოჩენისა და გამოსწორებისთვის. თუ პრობლემის ფიზიკური მიზეზი არ არსებობს, ესე იგი პატარა ვერ გრძნობს თავს უსაფრთხოდ, ასეთ შემთხვევაში ეცადეთ პატარა დააწვინოთ გვედრზე, პოზიცია შეუცველეთ ხოლმე. ასევე თავდაპირველად შეგიძლიათ გაახვიოთ ადრეული ახალშობილობის პერიოდში და ეს დისკომფორტს არ შეუქმნის, რადგანაც მუცლადყოფნის დროს განცდილ მდგომარეობას მოაგონებს. შემდგომ თანდართან მიეჩვევა ზურგზე წოლას.

იმისათვის რომ მოვაგვაროთ ღამე სიფხიზლის პრობლემა, დღის განმავლობაში უზრუნველყავით მზის სინათლე ოთახში, (ნუ ჩამოაფარებთ ფარდებს), დღისით ნუ შეზღუდავთ ხმებს სახლში, ღამით კი მაქსიმალური სიჩუმე შეინარჩუნეთ, გამოურთეთ ბავშვს ყველა განათება, მათ შორის ტელევიზორიც, ხოლო თუ გაეღვიძა სინათლის ანთების გარეშე აჭამეთ უხმაუროდ. დღისით 3 საათში ერთხელ აიყვანეთ ხელში პატარა, შეაფხიზლეთ ნაზი მასაჟით.

2–დან 3 თვემდე ძილის პროცესი შედარებით პროგნოზირებადია, თუმცა გარკვეული სირთულეები აქაცაა. წესით ამ ასაკში პატარას 12–16 საათი უნდა ეძინოს. დღის განმავლობაში 3–4ჯერ (ჯამში 4–8 საათი), ღამით 8–10 საათი. თუმცა ყოველთვის ასე არ ხდება, ამ ასაკში უძილობის მიზეზი უხშირესად კვების მოთხოვნილებაა. ღამით ჩვილის 3–4 ჯერ გამოკვება უკვე საჭირო აღარაა, ეს თქვენც და თქვენს პატარასაც ძილისთვის განკუთვნილ დროს გიმცირებთ. ეცადეთ დღის მანძილძე გაუზარდოთ საკვების დოზა, დარწმუნდით, რომ დღის განმავლობაში იღებს საკმარის რაოდენობას და შეეცადეთ თანდათან შეამციროთ კვებათა სიხშირე ღამით.

ამავე პერიოდში, პატარას დაძინების საშუალებას არ აძლევს კბილების ამოჭრის პროცესის დაწყება. თქვენს ბავშვს კბილები დაბადებამდეც ჰქონდა, უბრალოდ ისინი ყბაში იყო ჩამალული. სწორედ ამ პერიოდში კბილების ეს პაწაწინა ჩანასახები ყალიბდება სარძევე კბილებად, ღრძილების ქვეშ და ნელ-ნელა იწყებენ ამოჭრას. 4– 12 თვის ასაკში პირველი კბილი ამოჭრის ღრძილებს. ეს პატარას ცხოვრებაში ერთ–ერთი მძიმე პერიოდია, მას უხვად გამოეყოფა ნერწყვი, იწყებს ჭირვეულობას, შეიძლება კბენასაც, ხშირად ტირის, ფორიაქობს. ამ დროს მას ძალიან ამშვიდებს, საწოვარა, სპეციალური საღეჭი რგოლები. ასევე კარგი იქნება, პედიატრთან შეთანხმებით, ასეთი შემთხვევებისთვის, ღრძილებზე წასასმელად სპეციალური გელი გამოიყენოთ.

4–5–6 თვის ასაკში პატარას დაახლოებით 15 საათი უნდა ეძინოს. დღის განმავლობაში 2–3ჯერ (ჯამში 4 საათი), ღამით დერჩენილი 10 – 11საათი. ბავშვი სწავლობს დღის და ღამის გარჩევას, ხანმოკლე წათვლემებს ცვლის უფრო ხანგრძლივი ძილის პერიოდები. სიფხიზლის ხანგრძლივობაც შესაბამისად იზრდება. ამ ასაკში უძილობის მიზეზი უხშირესად, დღის პერიოდში, სხვადასხვა დროს დაძინებაა, რაც მას ღამის ძილის რუტინას ურღვევს.ზრდასთან ერთად ნაკლებად უნდა დღისით დაძინება, ჭირვეულობს, წახალისება სჭირდება. ეცადეთ დღის განმავლობაში ერთსა და იმავე დროს დააძინოთ, როგორც დღის, ასევე ღამის ძილის წინ ერთგვარი რიტუალი, ანუ რუტინა შექმნათ. ეს შემდგომშიც ძალიან დაგეხმარებათ ბავშვის ძილის მოწესრიგებაში. 10–12 თვის ასაკში დღის მანძილზე ერთხელ ძილი 1,5 საათის განმავლობაში საკმარისია. ხანმოკლე წათვლემები და დღისით ისევ რამდენჯერმე დაძინებამ ბავშვს შეიძლება ღამის ძილი დაურღვიოს. სიფხიზლის პერიოდი 4–5 საათს არ უნდა აღემატებოდეს. დღისით დაძინებამდე დროის შუალედი იგივე უნდა იყოს ღამის ძილამდე, 2 – 3 წლამდე ასაკში. რაც უფრო იზრდება ბავშვი, მით ნაკლები ძილი სჭირდება. 10 თვის ასაკიდან ზოგი დღის ძილს 1 საათამდე ამცირებს, ზოგი 18 თვის შემდეგ. 3 წლიდან შეიძლება ბავშვმა დღის ძილზე უარი თქვას, ზოგი პატარა კი საბავშვო ბაღში წასვლამდე აგრძელებს შუადღის ძილს.

- ძილისწინა რუტინულ პროცედურებზეც რომ ვისაუბროთ, რომლითაც ბავშვს ძილისთვის შევამზადებთ

- ადრეულ ასაკში, როდესაც პატარამ არ იცის საათის ცნობა, მისთვის ყველა დრო ერთია და უფროსის მიმართვა „ძილის დროა“ უშედეგოა. მნიშვნელოვანია გქონდეთ მკვეთრად გაწერილი, რუტინული ძილისწინა პროცედურები. ასეთი ქმედებით ბავშვს ჩამოვუყალიბებთ მზაობას დაძინებისთვის. მაგალითად, თბილი აბაზანა, (ან რუტინული ჰიგიენური პროცედურები) ძილის წინ დედის ან მამის ( შეგიძლიათ ბებია და ბაბუა დაიხმაროთ) მიერ ზღაპრის, მოთხრობის წაკითხვა, ძილისწინა დამშვიდობება („ღამე მშვიდობის“) მიალერსება და შემდეგ ბავშვის დაძინება. ძილისწინა პერიოდის მართვაში დიდი მნიშვნელობა აქვს ოჯახის ცხოვრების სტილს. თუ მშობელი სახლში გვიან მოდის და სხვადასხვა დროს, ბავშვი მას ელოდება, შესაბამისად ირღვევა ღამის ძილის მომწესრიგებელი და მნიშვნელოვანი წინაპირობა – ერთიდაიგივე დროს დაძინება. პროცესი ასევე შეიძლება დაარღვიოს ლოგინში დიდხანს გატარებულმა დრომ. ასეთ შემთხვევებში საწოლი ხშირად ძილის გარდა გართობის ადგილი ხდება, და თავს არიდებს დაძინებას. თუ ბავშვს საწოლში ჩავაწვენთ დაძინების დრომდე ძალიან ადრე, ის გართობას მოითხოვს და ძილიც გადავადდება. 

ასევე გათვალისწინებული უნდა იყოს შემდეგი მნიშვნელოვანი გარემოებები:

  • ბავშვი არ უნდა იყოს მშიერი, ან ზედმატად გადამძღარი;
  • აუცილებლად უნდა ივახშმოს (ასაკის შესაბამისად) დაძინებამდე 2 საათით ადრე;
  • ძილის წინ არ მისცეთ კოფეინის შემცველი პროდუქტები, შოკოლადი, თუნდაც შოკოლადის კარაქის სახით, კაკაო, ეს პროდუქტები უმჯობესია საუზმეზე გამოიყენოთ;
  • მოწესრიგდეს გარემო (ხმაური, ზედმეტი განათება, ტენიანობა, ტემპერატურა);
  • ძილის რუტინის მოწესრიგება, თანმიმდევრულობა, სტრუქტურა წინაპირობაა ადეკვატური, ღრმა ძილის ჩამოყალიბებისთვის.

- მოზრდილ ბავშვების შემთხვევაში რას ურჩევდით მშობლებს?

- რაც შეეხება მოზრდილ ბავშვებს, გარდატეხის ასაკში მოზრდილის ფსიქიკა იცვლება. ხშირია კავშირი ძილის დარღვევასა და დეპრესიას, შფოთვასა და ყურადღების დეფიციტს შორის, როდესაც მოზარდს საჭირო 9 საათის ნაცლად 7 საათი სძინავს, რადგან დასაძინებლად გვიან მიდის, დილით გაღვიძება ნამდვილად გაუჭირდება. უქმე დღეებში ძილის დანაკლისის ანაზღაურების მცდელობა პრობლემას უფრო მეტად აღრმავებს და სასწავლო კვირას ბავშვი დასვენებული კი არა, უფრო მოთენთილი ხვდება. მოზარდებში ძილის დარღვევები ჰორმონულმა ძვრებმაც შეიძლება გამოიწვიოს.

რას ვურჩევ მოზრდილი ბავშვების მშობლებს? - გავმეორდები და კვლავაც შეგახსენებთ, რომ ძილის მუდმივი რუტინა, როგორც ჩვილობის ისე მოზარდობის ასაკში, ძალიან მნიშვნელოვანია. ყველაფერი, რაც ყოველ საღამოს მეორდება, (ძილის წინ სუფთა ჰაერზე გასეირნება, ჰიგიენური პროცედურები) პირობით რეფლექსად იქცევა და ორგანიზმს მიანიშნებს, რომ ძილის დროა. საწოლში ბავშვმა მხოლოდ უნდა იძინოს. (და არა ტელევიზორს უყუროს, იკითხოს ან მობილურით გაერთოს და სხვა. ) ძილის წინ მეტისმეტი ფიზიკური აქტივობა, ხმაური, კომპიუტერული თამაშები, ბავშვს აღაგზნებს და მშვიდ ძილში ხელს შეუშლის. მოაგვარეთ კვების რეჟიმი, ძილის წინ ესაუბრეთ, სთხოვეთ, გაგანდოთ უსიამოვნო ფიქრები და ეცადეთ დაამშვიდოთ ბავშვი. არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ ძილი დასჯის მეთოდად!

რაც შეეხება მედიკამენტებს, ზოგადად მედიკამენტების გამოყენების საჭიროება არ არის, თუ ბავშვი ჯანმრთელია და მშობელი იცავს ყველა პირობას, რაზეც უკვე გესაუბრეთ, მაგრამ თუ ბავშვს აღენიშნება გარკვეული ტიპის დარღვევები ( ეს შეეხება, როგორც ფსიქიკური სპექტრის აშლილობებს, ასევე სომატურ პრობლემებს), ყველა რუტინული წესის დაცვის შემდეგაც გრძელდება ძილის პრობლემები, უმჯობესია მიმართოთ თქვენს პედიატრს, რომელიც ზუსტად და დროულად გამოავლენს პრობლემას, საჭიროების შემთხვევაში ვიწრო სპეციალისტთან (ბავშვთა ნევროლოგი, ფსიქოლოგი) ტანდემში შეგირჩევთ საჭირო მედიკამენტს, რომელიც თქვენს ბავშვს ძილის პრობლემებს მოუგვარებს. აქვე კიდევ ერთი რჩევის სახით: ექიმთან ვიზიტამდე ორი (ან სულ მცირე ერთი) კვირის განმავლობაში აწარმოეთ ე.წ ძილის დღიური, სადაც ზუსტად იქნება ჩანიშნული ბავშვის დაძინების და დილით გაღვიძების დროები, ღამით გაღვიძების ეპიზოდების რაოდენობა და ხანგრძლივობა, ძილის წინ კვების დრო და ხასიათი, ასევე ფიზიკური და გონებრივი აქტივობები (ტელევიზორი, კომპიუტერული თამაშები, ვარჯიშები) ეს ინფორმაცია ძალიან დაეხმერება თქვენს პედიატრს უძილობის რეალური მიზეზის გარკვევასა და მისი მოგვარებისთვის ადეკვატური მედიკამენტის შერჩევაში.

ესაუბრა მარიამ ჩოქური

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფ​ი“)

შეიძლება დაინტერესდეთ

3 შეცდომა, რომელსაც მშობლები ბავშვის რთული ქცევის მართვისას უშვებენ - ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე

​​ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ მშობლების მიერ ბავშვის რთული ქცევის მართვის დროს დაშვებულ სამ უმნიშვნელოვანეს შეცდომაზე ისაუბრა. მისი თქმით, უფროსები მეტისმეტად არიან ფოკუსირებულები ნეგატიური ქცევის ჩახშობაზე, რაც არასწორია:

„მინდა ყურადღება გავამახვილო იმ ძირითად შეცდომებზე, რომელსაც მშობლები უშვებენ რთული ქცევის პრევენციისა და მართვისთვის. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი, ეს არის ​დამოკიდებულება რთული ქცევის მიმართ. ჩვენ, ბუნებრივია, არ მოგვწონს ეს ქცევა. ვცდილობთ, რომ ის ჩავახშოთ, ჩვენთვის არის დამანგრეველი და გამაღიზიანებელი. ჩვენ არ უნდა ვებრძოლოთ ამ ქცევას, არ უნდა ჩავახშოთ ასე და არ უნდა იყოს ჩვენი მტერი ბავშვის ეს ქცევა. ჩვენ უნდა დავეხმაროთ ბავშვს იმაში, რომ მან თვითონ მოახერხოს თავისი ემოციის დაძლევა, იმედგაცრუების დაძლევა და რთულ სიტუაციასთან გამკლავება. ჩხუბი, დაყვავება, მოფერება და მსგავსი დამოკიდებულებები არ ჭრის. რაც უფრო ფოკუსირებული ვართ რთულ ქცევაზე, მით უფრო რთულდება ეს ქცევა. ყველაზე კარგი სტრატეგიაა იგნორირება, თუ ბავშვს ამ დროს არ აწუხებს რაიმე ფიზიკური.“

​თამარ გაგოშიძის თქმით, თავისუფალი ადამიანის აღსაზრდელად წესებისა და შეზღუდვების დაწესება აუცილებელია:

„მეორე და ყველაზე მნიშვნელოვანი შეცდომა არის ფიქრი იმის შესახებ, რომ ბავშვი უნდა გავზარდოთ თავისუფალ პიროვნებად და ამიტომ წესებს და შეზღუდვებს მას ვერ დავუწესებთ. თუ ჩვენ არ დავაწესეთ წესები, თუ არ დავუწესეთ ბავშვებს საზღვრები, ბავშვი ვერასდროს მიეჩვევა თავისუფალ არჩევანს და თავისუფალ პიროვნებად ვერ ჩამოყალიბდება. ამაში მას გარემო უნდა დაეხმაროს. ​ბავშვს გარემო უნდა დაეხმაროს არა ძალადობრივად, არა ყველაფრის უფლების მიცემით, არამედ იმით, რომ მან თვითონ გააკეთოს არჩევანი იმის მიხედვით, თუ რა შედეგი მოჰყვება მის რთულ ქცევას. მნიშვნელოვანია, რომ ბავშვმა წინასწარ იცოდეს და შეთანხმებული გვქონდეს მასთან, თუ რა საზღვრებში მოუწევს მას მოქმედება, რა არის ის წესი, რომელიც მან უნდა შეასრულოს.“

„მესამე შეცდომა, რომელსაც მშობლები უშვებენ შვილებთან დაკავშირებით, ეს არის დამოკიდებულება, რომ შვილებს უნდა ავარიდოთ უარყოფითი ემოციები. კი არ უნდა უარვყოთ ბავშვის ნეგატიური ემოციები, ​ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ მას, რომ თვითონ გამოხატოს ეს ემოციები, დაარქვას სახელი ემოციას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ბავშვმა უნდა იცოდეს, როდის სწყინს, როდის უხარია, როდის ღელავს, როდის არის გაღიზიანებული. ჩვენ უნდა დავეხმაროთ მას, რომ სახელი დაარქვას ემოციებს, გაამატერიალუროს ისინი. ეს ბევრად გაუადვილებს მასაც და ჩვენც გაგვიადვილებს ამ ემოციების მართვას,“ - აღნიშნა თამარ გაგოშიძემ.

წყარო:​ UNICEF Georgia

წაიკითხეთ სრულად