„მნიშვნელოვანია, ბავშვმა ადრეული ასაკიდან ისწავლოს მადლიერების გამოხატვა სიტყვებით ან ქმედებით“

„მნიშვნელოვანია, ბავშვმა ადრეული ასაკიდან ისწავლოს მადლიერების გამოხატვა სიტყვებით ან ქმედებით“
როგორ ჩამოვუყალიბოთ ბავშვს მადლიერების გრძნობა და რა ზეგავლენას ახდენს ეს განცდა ბავშვზე? ამ საკითხებზე ​MomsEdu.ge-ს ესაუბრა ფსიქოლოგი, ლელი ყიფიანი.

​- ზოგადად, მადლიერებაზე რომ ვისაუბროთ, რა დადებით ზეგავლენას ახდენს ეს განცდა ჩვენზე?
- მადლიერების გრძნობა არ არის მხოლოდ სიტყვა „მადლობის“ თქმა, ეს უფრო ღრმა, დადებითი ემოციაა იმისთვის, ვინც რაღაცაში გვეხმარება ან რაიმეს გვჩუქნის. მადლიერება მნიშვნელოვან როლს თამაშობს სოციალური ურთიერთობების შენარჩუნებასა და რეგულირებაში. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, მადლიერება ეს არის სოციალური ემოცია, რომელიც მიგვითითებს, რომ სხვებმა რაღაც სასიამოვნო ან მნიშვნელოვანი გააკეთეს ჩვენთვის.
​მადლიერების გრძნობა დადებით გავლენას ახდენს ადამიანის ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაზე. ამ დროს აქტიურდება ლიმბური სისტემა, ხდება ენდორფინების გამოყოფა, რაც ცვლის ადამიანის განწყობას, ხელს უწყობს მოტივაციის ამაღლებას, ადამიანს ეხმარება გარკვეული სირთულეების დაძლევაში და პოზიტიურ გავლენას ახდენს მის ყოველდღიურ ფუნქციონირებაზე. გარდა ამისა, მადლიერების გრძნობა ასევე წარმოადგენს ადამიანში სიყვარულის განვითარების საფუძველს, სიყვარულის საკუთარი თავის, სხვების და მთლიანად სამყაროს მიმართ. იყო მადლიერი ნიშნავს, აფასებდე ყველაფერს, რაც შენ გარშემოა. ჩვენ იმდენად ვეჩვევით ამ ყველაფერს, ეს იქნება ადამიანები, მოვლენები თუ საგნები, რომ ვეღარც კი ვამჩნევთ მათ მანამ, სანამ არ ვკარგავთ, სწორედ მაშინ ვაფასებთ თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის. შევეცადოთ ყოველი დღით, ყოველი ადამიანით ვიყოთ მადლიერნი, რადგან ისინი არსებობენ ჩვენს ცხოვრებაში, შევძლოთ სირთულეებშიც კი დადებითი ელემენტების დანახვა და სამყარო უფრო მეტად პოზიტიური გახდება, ადამიანიც თავს უფრო ბედნიერად იგრძნობს. მადლიერების გრძნობით საკუთარი თავის გარდა, სხვასაც დადებით ემოციებს გადავცემთ.
- რა რჩევებს მისცემდით მშობლებს, როგორ ჩამოუყალიბონ შვილებს ეს გრძნობა?
- მადლიერება არის სხვებზე ზრუნვის, დაფასების, თბილი ურთიერთობების და ყურადღების უნარი, რომელიც თავისთავად ბუნებრივად არ არსებობს, მისი ფორმირება ხდება, პირველ რიგში, უფროსების მხრიდან მოცემულ მაგალითზე. ეს ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს დიდ ძალისხმევას. მშობლები ხშირად კითხულობენ, თუ როგორ უნდა განუვითარონ შვილებს მადლიერების გრძნობა, თავდაპირველად, ისინი უნდა დაუკვირდნენ საკუთარ თავს, დამოკიდებულებებს და ფასეულობებს, რა მაგალითს აძლევენ შვილებს, რადგან ბავშვი სწავლობს იმით, რასაც ხედავს. გაითვალისწინეთ, რომ მნიშვნელოვანია, ბავშვმა ადრეული ასაკიდან ისწავლოს მადლიერების გრძნობის გამოხატვა სიტყვებით ან ქმედებით.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, უფროსი ადამიანი უნდა იყოს მაგალითი, ბავშვი უნდა ხედავდეს, რომ ის მადლობას უხდის ყველას, ვინც ეხმარება ან რაიმეს უკეთებს, ჩუქნის და სხვა. შესაძლებელია ოჯახური სადილის დროს მოხდეს მადლიერების გამოხატვა, შეუძლია შვილს მოუყვეს იმ ადამიანების შესახებ, რომლის მადლიერიც არის სხვადასხვა მიზეზის გამო. ხშირად უმეოროს, რომ ბედნიერი და მადლობელია, რადგან ის არსებობს თქვენს ცხოვრებაში. ასწავლეთ ოჯახის წევრებისთვის საჩუქრების კეთებაში ჩართვა, სხვისთვის მადლობის წერილის მიწერა, ასეთ დროს ბავშვი უფრო მეტად უღრმავდება და ფიქრობს იმ სიყვარულზე, ზრუნვაზე და სითბოზე, რომელიც ამა თუ იმ ადამიანმა მის მიმართ გამოავლინა. ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საჩუქრის მიღების დროს უბრალოდ მადლობის თქმა. ამ უნარის გამოყენებას ბავშვი უკვე ცხოვრების სხვადასხვა სფეროში შეძლებს, გარდა ამისა, სწავლობს საკუთარი ემოციების გამოხატვას.
ნებისმიერი ქმედება, როდესაც ბავშვი სწავლობს მადლობის თქმას, არის პირველი ნაბიჯები მასში ამ გრძნობის ჩამოყალიბების, ის დამოუკიდებლად ავლენს პროსოციალურ ქცევას, მნიშვნელოვანია ამის აღნიშვნა, მაგალითად, „ძალიან მიხარია, რომ მეგობარს დაეხმარე“, ან „რა სასიამოვნოა, როდესაც მადლობა უთხარი კლასელს, რომ შეგახსენა დავალება“ და სხვა.
- რატომ არის მნიშვნელოვანი ბავშვს განვუვითაროთ მადლიერების გრძნობა და რაში დაეხმარება მას ეს მომავალში?
- მრავალი კვლევა მოწმობს, რომ ადამიანები, რომელთაც ადრეული ასაკიდან ჩამოყალიბებული აქვთ მადლიერების გრძნობა, არიან უფრო ბედნიერები, ოპტიმისტები, ემპათიურები, კმაყოფილები საკუთარი თავით, ოჯახით და მეგობრებით. მეტ სოციალურ მხარდაჭერას ავლენენ სხვების მიმართ, შეუძლიათ მოთმენა, პატიება და საკუთარი თავის კონტროლი.
ესაუბრა მარიამ ჩოქური

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედ​ების ჯგუფი“)

„შვილებს მადლიერება ბავშვობიდან უნდა ვასწავლოთ, ბავშვს ნებისმიერ ასაკში ესმის ყველაფერი, რ...
​ფსიქოლოგი ​მარინა კაჭარავა მადლიერების მნიშვნელობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ მადლობის თქმა ბავშვებს ადრეული ასაკიდანვე უნდა ვასწავლოთ:„ჩვენი, როგორც მშობლების პრობლემაა ის ყველაფერი, რაც...
„მადლიერება თურმე წამალია, ადამიანი თუ მადლიერია, შეიძლება მისი ფიზიკური მდგომარეობა გაუმჯ...
​ფსიქოლოგმა მარინა კაჭარავამ მადლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ მადლიერება ორგანიზმში ენდორფინების გამოყოფას უწყობს ხელს:„​მადლობის თქმის და მადლიერების დროს, თავის ტვინში აქტიურდება...

შეიძლება დაინტერესდეთ

„თუ თქვენ წინაშე ვიღაცამ დანაშაული ჩაიდინა, გაწყენინათ, გული გატკინათ, ყველა შემთხვევაში უნდა მიუტევოთ,“ - შალვა ამონაშვილი

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა მიტევების შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ მიტევება ყველა შემთხვევაში უნდა შეგვეძლოს, თუ საქმე კრიმინალს და კანონით დასჯად ქმედებას არ ეხება:

„თქვენ წინაშე ვიღაცამ დანაშაული ჩაიდინა, გაწყენინათ, ​შეურაცხყოფა მოგაყენათ, რის გამოც გული გატკინათ, ყველა შემთხვევაში უნდა მიუტევოთ, თუ, რასაკვირველია, საქმე არ მიდის კრიმინალამდე. თუ მიუტევებთ, ეს თქვენ გჭირდებათ პირადად. ვისაც მიუტევებ, შეიძლება მან ვერც გაიგოს. თქვენ ხომ გინდათ, რომ ბედნიერებას ეწიოთ?! თქვენ მისგან გათავისუფლდით, მიუტევეთ რა, წარსული წავიდა თქვენგან და თქვენ მომავლის გზა გაგეხსნათ.თუ არ მიუტევებდით, ეს გულში დაგრჩებოდათ.“

​შალვა ამონაშვილის თქმით, გულნატკენი ადამიანი კონკრეტულ ვითარებაზე მაღლა უნდა დადგეს და მიუტევოს მას, ვინც გული ატკინა:

„რა მიქნა? როგორ მომაყენა შეურაცხყოფა? როგორ გაბედა? ეს ფიქრი გაგყვებათ შლეიფად და შეგაწუხებთ. გაწყენინათ ვინმემ? გული ძალიან გეტკინათ, მაგრამ ამაღლდით ვითარებაზე მაღლა და იქიდან მიუტევეთ თქვენ. თქვენ რომ მიუტევებთ, თქვენ წინ მიდიხართ. არ მიუტევებთ? თქვენ შეიძლება მასაც კი ჩამორჩეთ, ვინც შეურაცხყოფა მოგაყენათ. ასეთია ფილოსოფია და რეალობა მიტევებისა.“

„სიტყვა „მიტევება“ ტყუილად არ არსებობს ჩვენს მეტყველებაში. უნდა ვიცოდეთ მიტევება, რაც არ უნდა იყოს, იმიტომ, რომ ჩვენ ამით ვმაღლდებით,“- აღნიშნა ​შალვა ამონაშვილმა.

წყარო: ​„ამონაშვილის აკადემია“

წაიკითხეთ სრულად