რამდენად მიზანშეწონილია არამიზნობრივი საკეისრო კვეთა და რატომ არის მნიშვნელოვანი პარტნიორის ჩართულობა მშობიაორობის პროცესში? - ორსულობასთან და მშობიარობასთან დაკავშირებულ საკითხებზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა გინეკოლოგი მარიამ სულავა.
- რამდენად მიზანშეწონილია ფიზიოლოგიური მშობიარობის ნაცვლად საკეისრო კვეთა, როდესაც ამის საჭიროება არ არსებობს?
- დავიწყოთ იმით, რომ არასაჭირო შემთხვევაში საკეისრო კვეთა მიზანშეწონილი საერთოდ არ არის. ზოგადად საქართველოში გვაქვს ძალიან ცუდი სტატისტიკა იმის, რომ არ არის არანაირი ჩვენება საკეისრო კვეთის, მაგრამ ორსული მიდის მეანთან და ამბობს, რომ არ შეუძლია ფიზიოლოგიური მშობიარობა და უნდა საკეისროს გაკეთება, ასევე მეანის მიერაც ხდება შეთავაზება. საქართველოში 2020 წლის მონაცემებით, 36.7% არის არამიზნობრივი საკეისრო კვეთის მაჩვენებელი, რაც ძალიან მაღალია, თუმცა 2010 წლის მონაცემებს თუ შევადარებთ, პროგრესი გვაქვს, ანუ უფრო ნაკლებად კეთდება მოთხოვნით საკეისრო კვეთა, მაშინ იყო 47%. ეს ძალიან დიდი ციფრია. ბოლო ორი-სამი წელია ფიზიოლოგიური მშობიარობის აქტიური პროპაგანდა მიმდინარეობს. ამისთვის უპირველესია ორსულის განათლება. ფიზიოლოგიურად მიმდინარე ორსულობა და ორსულობა, რომელსაც არ აქვს არანაირი გართულება, არ საჭიროებს საკეისრო კვეთას. ფიზიოლოგიურად მიმდინარე ორსულობა უნდა დამთავრდეს ფიზიოლოგიურად მშობიარობით და არა მოთხოვნით საკეისრო კვეთით.
- რა შეიძლება იყოს საკეისრო კვეთის უკუჩვენებები, როგორც დედისთვის, ისე ახალშობილისთვის?
- უპირველეს ყოვლისა, დავიწყოთ იმით, რომ საკეისრო კვეთა არის ოპერაცია და როგორც ყველა ოპერაციას გეგმიურს თუ არაგეგმიურს, აქვს რაიმე უკუჩვენება ან გართულება, რომელსაც პაციენტი აწერს ხელს. თუ შესაძლებელია მშობიარობა ფიზიოლოგიურად, არანაირი ოპერაციით და არანაირი ნაწიბურით, უნდა ჩატარდეს ასე. მშობიარეს უნდა ახსოვდეს, რომ ეს არის ოპერაცია და მას აქვს უამრავი გართულება. როდესაც პირველი ორსულობისას პაციენტის მოთხოვნით კეთდება საკეისრო კვეთა, ეს იმას ნიშნავს, რომ მომდევნო ორსულობებზე შეიძლება ისევ დასჭირდეს ოპერაცია. არსებობს სისხლდენები ოპერაციის შემდეგ, არსებობს ნაწიბურის არშეხორცების რისკი. შეიძლება შემდგომში მივიღოთ ნაწიბურის ორსულობა და სხვა ბევრი რამ, რადგან ამ ოპერაციისას ხდება მუცლის და საშვილოსნოს კვეთა. რაც შეეხება ახალშობილს, ევროპული თუ ამერიკული სტანდარტით, მენაგინეკოლოგები და ნეონატოლოგები აღიარებენ, რომ ახალშობილი, რომელიც დაბადებულია ფიზიოლოგიური გზით, უფრო გამძლე და ჯანსაღია, რადგან საჭიროა მისთვის სამშობიარო გზების გამოვლა, ამით ხდება ბავშვის პირველადი ბაქტერიებით შევსება, ემზადება თავი და ფილტვები გაშლისთვის. საბოლოოდ რომ ვთქვათ, არ უნდა მოხდეს საკეისრო კვეთა, თუ არ არის ამის ჩვენება.
- სპინალური და ეპიდურალური გაუტკივარების დადებით და უარყოფით მხარეებზე რომ გვითხრათ ორიოდე სიტყვა...
- დადებითი შედეგი არის ის, რომ გვიმსუბუქებს ტკივილს მშობიარობის პერიოდში, რაც მშობიარეს უმცირებს სამშობიარო სტრესს, ამიტომ ეს ასტიმულირებს შობადობის მომატებას. სპინალური ანესთეზია კეთდება საკეისრო კვეთის შემთხვევაში, ესე იგი, დედა ფხიზლადაა და მხოლოდ მუცლის ქვედა ნაწილს ვერ გრძნობს. უარყოფით ეფექტებს რაც შეეხება, ეს არის თავის და წელის არეში ტკივილი, რომელიც არ არის ხანგრძლივი, მაგრამ არსებობს და უნდა ვისაუბროთ ამის შესახებაც. ასევე სპინალური და ეპიდურალური გაუტკივარების უარყოფითი ჩვენებებია დაბალი წნევა, ადგილობრივი კანის ინფექცია, სეფსისი და სეფსიური მდგომარეობა.
- რამდენად მნიშვნელვანია, რომ პარტნიორი დაესწროს მშობიარობას?
- ყველა განვითარებულ ქვეყანაში არის ასეთი პრინციპი - მშობიარეს სამშობიარო სახლში უნდა დახვდეს ოჯახური სივრცე, რომ მშობიარობა იყოს თბილ, მყუდრო და მშობიარისთვის ნაცნობ გარემოში, ამისთვის ყველაზე კარგია პარტნიორული მშობიარობა. ეს მნიშვნელოვანია არა მარტო ორსულისთვის, არამედ პარტნიორისთვისაც, არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება მეუღლე, პარტნიორი თუ ოჯახის რომელიმე წევრი, ისეთი ადამიანი, რომელიც მშობიარეს აგრძნობინებს თავს მშვიდად და დაეხმარება მშობიარობის პროცესში სუნთქვით ვარჯიშებსა და მასაჟებში. უშუალოდ პარტნიორისთვისაც აქვს ამას დიდი მნიშვნელობა, რადგან ის ჩართულია მშობიარობაში, ბავშვის დაბადების შემდეგ საშუალება აქვს გადაჭრას ჭიპლარი, პირველი დაინახოს ახალშობილი. ამ პროცესების ერთად გავლა უფრო მალე უჩენს პარტნიორს ინსტინქტს ან მამობის ან ბებიობის ან მეგობრობის და შემდგომ ახალშობილის მზრუნველობაშიც მეტად არის ჩართული.
- ორსულებში ვაქცინაცია ნაყოფის რა ვადაზეა ყველაზე უმჯობესი და უსაფრთხო?
- დღეს ეს ძალიან აქტუალური თემაა პანდემიის პირობებში. ჯერჯერობით ორსულობისთვის და ლაქტაციის პერიოდში, ასევე ქალებისთვის, რომლებიც გეგმავენ ორსულობას, ერთადერთი გამოცდილი ვაქცინაა ფაიზერი. რაც შეეხება ვადებს, როგორც მწარმოებელმა მოგვაწოდა ინფორმაცია, ამ ორი წლის განმავლობაში ჩატარებულმა კვლევებმა მოგვცა შედეგი, რომ დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რომელ ვადაზე მოხდება ვაქცინაცია. ჯერჯერობით ნაყოფის მხრივ არანაირი უარყოფითი ჩვენება არ დაფიქსირებულა. ამ დროის კვლევებით, ვაქცინირებული დედებისგან დაბადებულ ბავშვებს აქვთ იმუნიტეტი კოვიდვირუსის წინააღმდეგ. ჯანდაცვის სამინისტრო ყველა ორსულს, რომელიც ჩართულია სახელმწიფო პროგრამაში, უკეთებს PCR ტესტებს გინოკოლოგთან ყოველ გეგმიურ ვიზიტზე, ასევე შეუძლია ორსულს იმ კლინიკაში, რომელშიც არის აღრიცხვაზე, მოითხოვოს და მიიღოს ვაქცინა. ვაქცინაციაში ორსულთა აქტიური მონაწილეობის გამო ასეთია ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაცია.
ესაუბრა ელენე ოვაშვილი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)