Baby Bag

ყურადღება, როგორც სხვა კოგნიტური უნარები გავარჯიშებადია, რაც იმას ნიშნავს, რომ სწორი მიდგომებითა და სტრატეგიებით შესაძლებელია მისი გაუმჯობესება

ყურადღება, როგორც სხვა კოგნიტური უნარები გავარჯიშებადია, რაც იმას ნიშნავს, რომ სწორი მიდგომებითა და სტრატეგიებით შესაძლებელია მისი გაუმჯობესება
ბავშვებში ყურადღების კონცენტრაციის პრობლემაზე და მათი გადაჭრის ხერხებზე ​MomsEdu​.ge-ს ესაუბრა განათლების ფსიქოლოგი ბაია კუბლაშვილი.
​- რაში ვლინდება ყურადღების კონცენტრაციის უნარი?
სანამ უშუალოდ ყურადღების კონცენტრირებაზე ვისაუბრებთ, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, ზოგადად განვმარტოთ რა არის ყურადღება. ეს არის ერთ-ერთი კოგნიტური უნარი, რომლის საშუალებითაც ყოველდღიურად ძალიან ბევრ სხვადასხვა აქტივობას ვასრულებთ. გარესამყაროში მიმდინარე მოვლენებს ყურადღება შეიძლება მივაქციოთ უნებლიეთ. მაგალითად, დიდი ალბათობით, ქუჩაში სეირნობისას ზედმეტად განათებული სარეკლამო ბანერი ჩვენი მიზნის მიუხედავად მიიქცევს ყურადღებას. მეორე შემთხვევაში ადამიანი მიზანმიმართულად ახორციელებს გარკვეული მიმართულებით ყურადღების მიპყრობას. სწორედ ყურადღების ეს უკანასკნელი ფორმა სჭირდება მოსწავლეს იმისათვის, რომ ჩაერთოს სწავლა-სწავლების პროცესში. როდესაც მასწავლებელი ან მშობელი ბავშვს აძლევს ინსტრუქციას, ისმენს ჩვენს საუბარს, თამაშობს, კითხულობს, წერს და ა.შ. ყველა ამ მოქმედებაში ყურადღება მნიშვნელოვან როლს თამაშობს. სწორედ ყურადღების ერთ-ერთი მახასიათებელია კონცენტრაცია, რაც ვლინდება რაიმე აქტივაზე ყურადღების ფოკუსირებით იმდენი ხნით, რამდენიც საჭიროა მისი წარმატებულად შესრულებისათვის.
- რა სირთულეები შეიძლება არსებობობდეს ყურადღების კონცენტრირების კუთხით?
- როგორც აღვნიშნე, თუ ბავშვი კონცენტრირებულია კონკრეტულ მოქმედებაზე მანამ, სანამ ის არ დაასრულებს მის შესრულებას, ამ შემთხვევაში სირთულეები სახეზე არ გვაქვს. მაგრამ თუ ბავშვი არ ასრულებს დაწყებულ მოქმედებას/აქტივობას ბოლომდე, წყვეტს მას პროცესში, ან შესრულებისას ხშირად ჩერდება, აკვირდება გარემოში სხვა საგნებს, სვამს თემასთან დაუკაშირებელ კითხვებს და სხვა, ამ შემთხვევაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ მას უჭირს ყურადღების კონცენტრირება. მაგალითად, როდესაც თქვენი შვილი ასრულებს რაიმე აქტივობას, შესაძლოა ეს იყოს გაფერადება ან ხატვა, დააკვირდით, ახერხებს თუ არა, დაიწყოს ეს პროცესი, კონცენტრირებული იყო იმაზე, რაშიც კონკრეტულ მომენტშია ჩართული და მიყვეს მას ბოლომდე. თუ ბავშვს აქვს ყურადღების კონცენტრაციის სირთულეები, მას გაუჭირდება აქტივობის დასრულება, მარტივად რომ ვთქვათ, გაეფანტება ყურადღება და შესაძლოა დაწყებული საქმიანობა ბოლომდე არ დაასრულოს.
- რამდენად უკავშირდება ყურადღების კონცენტრირების სირთულეები სასწავლო პროცესის ეკრანთან გადანაცვლებას?
- როგორც ჩემს მოყვანილ მაგალითებში ჩანს, ყურადღების კონცენტრაციის სირთულეები პირდაპირპროპორციულად არაა დაკავშირებული დისტანციური სწავლა-სწავლების პროცესთან, რადგან ის ყოველდღიური, ეკრანს მიღმა არსებული აქტივობების შესრულების დროსაც შეიძლება გამოვლინდეს. თუმცა ამ შემთხვევში შესაძლოა, უფრო მკვეთრად იჩინოს თავი სირთულეებმა, რადგან ეკრანი არის დამატებითი ბარიერი მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის, რომლის არსებობის შემთხვევაში მასწავლებელმა შეიძლება, ისე ეფექტიანად ვერ დაამყაროს კომუნიკაცია მოსწავლესთან, როგორც ამას იზამდა საკლასო ოთახში. ასევე შესაძლოა მასწავლებელმა ვირტუალურად მიმდინარე პროცესის გამო ვერ შეამჩნიოს, რამდენად ჩართულია მოსწავლე დავალების შესრულების პროცესში და ა.შ. ამ კუთხით, თუ მოსწავლეს აქვს ყურადღების კონცენტრირების სირთულეები, რეკომენდებულია ის გაკვეთილს დაესწროს მხარდამჭერ უფროსთან ერთად.
- რა ტიპის აქტივობების განხორციელება დაეხმარება მშობლებს, ხელი შეუწყონ ბავშვებში ყურადღების კონცენტრირების უნარის განვითარებას?

- აღსანიშნავია, რომ ყურადღება, როგორც სხვა კოგნიტური უნარები გავარჯიშებადია, რაც იმას ნიშნავს, რომ სწორი მიდგომებითა და სტრატეგიებით შესაძლებელია მისი გაუმჯობესება. პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, როდესაც ბავშვს მივმართავთ და ვესაუბრებით დავამყაროთ მასთან პირისპირი კომუნიკაცია, მივმართოთ სახელით, დავამყაროთ თვალით კონტაქტი, შესაძლოა შევეხოთ მხარზე და ა.შ. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია გარემოში, სადაც ბავშვს უწევს მეცადინეობა ან რაიმე გარკვეულ ძალისხმევასთან დაკავშირებული აქტივობის შესრულება, მაქსიმალურად შევამციროთ ფონური ხმაური, რაც შესაძლოა მისი ყურადღების გაფანტვის ერთ-ერთი მიზეზი ყოფილიყო. მნიშვნელოვანია სწორად მოვაწყოთ ფიზიკური სივრცე, სადაც ბავშვი ასრულებს აქტივობებს, ეს უნდა იყოს კარგად განათებული და არა ზედმეტად გადატვირთული სამუშაო გარემო. გამორთეთ ტელევიზორი, როდესაც ბავშვი მეცადინეობს, წიგნებს კითხულობს და ეცადეთ, მის სამუშაო გარემოში იყოს სიწყნარე. მშობლებმა ყურადღების კონცენტირების უნარის განვითარებას შესაძლოა ხელი შეუწყონ ბავშვთან ერთად ისეთი თამაშების შესრულებით, რომლებიც სწორედ რომ ყურადღების კონცენტრირებას მოითხოვს. ასეთია სხვადასხვა სამაგიდო თამაში, მათ შორის, ლოტო და დომინო. ასევე შესაძლოა ერთად ითამაშოთ სხვადასხვა მოძრავი თამაში, მაგალითად ყველასთვის ცნობილი გაშეშობანა.

ესაუბრა ელენე ოვაშვილი

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯ​გუფი“)

შეიძლება დაინტერესდეთ

„რატომ უნდა დავისვენო შვილის გარეშე? რატომ მოვაკლო მას ეს ბედნიერება?“ - ფსიქოლოგი თინათინ ზენაიშვილი

„რატომ უნდა დავისვენო შვილის გარეშე? რატომ მოვაკლო მას ეს ბედნიერება?“ - ფსიქოლოგი თინათინ ზენაიშვილი

ფსიქოლოგმა თინათინ ზენაიშვილმა მშობლების მხრიდან დასასვენებლად მარტო წასვლის სურვილსა და წესზე ისაუბრა. მისი თქმით, მსგავსი ქმედება და სურვილი მშობლის მხირდან გასაოცარია:

„ბავშვი მთელი წელი ელოდება ნანატრ დროს, როდესაც დედა და მამა იქნება მხოლოდ მისი და არ იქნება არც სამსახურის, არც მეგობრების, არც არავისი. ძალიან სცოდავენ მშობლები ამ შემთხვევაში, თუ ასე ფიქრობენ. რატომ ფიქრობენ ასე, მე მაოცებს და მაკვირვებს. მე თვითონ ოთხი შვილის დედა ვარ და არ გამჩენია სურვილი არასდროს, რომ დამესვენა მარტო. ბავშვებს 9-10 საათზე რომ დააძინებ, ის ორი საათი დაჯდები და ან ფილმს უყურებ, ან წიგნს წაიკითხავ, ესეც განტვირთვაა და მგონი, სრულებით საკმარისია. შვილის გარეშე რომ სურთ დასვენება, ე.ი. რაღაცას ვერ უგებენ შვილს. ეს არის პრობლემა ჩემთვის. რატომ უნდა დავისვენო შვილის გარეშე? რატომ მოვაკლო ჩემს შვილს ეს ბედნიერება? ეს მისთვის არის ბედნიერება.

თუ მშობელი მუშაობს და ბავშვს უშვებს დასასვენებლად, მან იცის, გაცნობიერებული აქვს, რატომ არ არის დედა მასთან. თუმცა ის ყოველთვის დაელოდება მშობლის ჩასვლას და მის ნახვას. ბავშვი ამას შეგუებულია, თუ წინასწარ უხსნის ვინმე. ხშირ შემთხვევაში არ ვუხსნით ხოლმე და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. წინასწარ ავუხსნათ, ვუთხრათ, თუ მასთან არ ვარ, რატომ? რას ვუთმობ დროს,“- მოცემულ საკითხზე თინათინ ზენაიშვილმა საპატრიარქოს ტელევიზიის გადაცემაში „განთიადი“ ისაუბრა.

წყარო:​ „განთიადი“ 

წაიკითხეთ სრულად