Baby Bag

​რატომ ასლოკინებთ ახალშობილებს და როდისაა სლოკინი საშიში?

​რატომ ასლოკინებთ ახალშობილებს და როდისაა სლოკინი საშიში?

რატომ ასლოკინებთ ახალშობილებს, როგორ შევაჩეროთ სლოკინი და რა შემთხვევაშია საშიში? ამ თემაზე ​MomsEdu.ge-ს ესაუბრა ექიმი-პედიატრი, რადიოლოგი ნანა საპანაძე.

- რას გამოხატავს ადამიანის ორგანიზმი სლოკინის მეშვეობით?

- სლოკინი არის უნებლიე მოკლე შესუნთქვა დიაფრაგმის (გულმკერდისა და მუცლის გამყოფი კუნთოვანი საფარი) უეცარი შეკუმშვის გამო. სასულის ზედა ნაწილში დახურული სახმო ნაპრალის დროს სლოკინი რეფლექსურია და ის შეიძლება ნებისმიერი ასაკის ადამიანს დაემართოს. მისი საიდუმლო მეცნიერებს ბოლომდე ამოხსნილი არ აქვთ, ერთადერთი, რაც ცხადია, ეს არის შემაწუხებელი რეფლექსური აქტი, მაგრამ რისთვის სჭირდება და რას გამოხატავს ადამიანის ორგანიზმი ამით, ჯერაც ბოლომდე ამოუხსნელია.
- რატომ ასლოკინებთ ჩვილებს?
- შევჩერდეთ რამდენიმე უკვე დადასტურებულ მიზეზზე და მისი შეჩერების გზებზე. ჩვილებში ითვლება, რომ სლოკინი ძირითადად ფიზიოლოგიურია, ის ხშირად აწუხებთ ახალშობილებს. ამ პერიოდში სლოკინის მიზეზი საჭმლის მომნელებელი სისტემის ჯერ კიდევ არასრულყოფილი მუშაობაა. კერძოდ, პატარა ჭამის დროს საკვებთან ერთად ჰაერსაც ყლაპავს, ან შეიძლება საკვების ზედმეტი რაოდენობა მიიღოს. ჰაერით და საკვებით გადავსებული მუცელი აწვება დიაფრაგმას, იწვევს მის უნებლიე შეკუმშვას და ვითარდება სლოკინი, ასეთი სლოკინი საშიში არ არის და მალე გაივლის ჩაურევლად. კვების შემდეგ ბოყინი და წამოქაფება ფიზიოლოგიურად ითვლება, მაგრამ თუ ბავშვი უფრო მეტს წამოაღებინებს, ვიდრე წამოქაფებისას, შეიძლება პატარამ წონის მატება შეაჩეროს. ასეთ დროს საჭიროა კვების სქემის კორეგირება. უნდა ვკვებოთ ხშირად და მცირე ულუფებით, თუმცა აუცილებელია კვებათა შორის ინტერვალის შენარჩუნება (2 საათი ძუძუთი კვების და 3 საათი ხელოვნური კვების დროს). თუმცა ასეთ შემთხვევებში აუცილებელია მიმართოთ პედიატრს, რათა მან უკეთ დააზუსტოს წამოღებინების მიზეზი და შესაბამისი დახმარება გაუწიოს პატარას. ახალშობილის საწოლი ისე უნდა მოვაწყოთ, რომ ბავშვის თავი კუჭზე მაღლა იყოს. მიზანშეწონილია ექიმთან კონსულტაციით მისცეთ ასაკის შესაბამისი სპეციალური ანტირეფლუქსური (წამოქაფების საწინააღმდეგო) საკვები. ეცადეთ, პატარას კვების შემდეგ შეუზღუდოთ აქტიური მოძრაობა, საკვებზე არ დააყოლებინოთ სითხე. ბავშვების უმრავლესობა წამოქაფებას წყვეტს 6 თვის ასაკში, როდესაც ჯდომას იწყებს. უფრო მოზრდილ ბავშვებს, რომლებიც უკვე მიირთმევენ მაგარ საკვებს, სლოკინი მშრალი საკვების მიღებისას ეწყებათ. ამ დროს, რამდენიმე ყლუპი სითხის მიღება კუჭში მოხვედრილ საკვებს დაარბილებს და სლოკინიც შეწყდება. მოზრდილ ბავშვებში მიზეზი შეიძლება სწრაფი ჭამა იყოს - როდესაც ბავშვი მოსწრებაზეა, ჭამოს და ითამაშოს. ასევე, საკვებთან ერთად მიღებული გაზიანი სასმელებიც. აუცილებელია კვების პროცესის დარეგულირება. სლოკინის მიზეზი შეიძლება სიცივეც იყოს, თუ პატარას ფეხები გაუცივდა, სლოკინიც გარდაუვალია. უნდა აკონტროლოთ ბავშვის ჩაცმულობა ამინდის შესაბამისად. თბილად ჩააცვით და სლოკინიც შეუწყდება, თუმცა აქაც საჭიროა ზომიერების დაცვა, რათა ძალიან თბილად ჩაცმით არ გადაგვიხურდეს ბავშვი. ხშირად ზედმეტად ემოციური, აგზნებული ბავშვი სლოკინით რეაგირებს გარემოს ცვლილებაზე, სტრესსზე, ძლიერ ხმაურზე. ასეთ დროს, ნევროლოგი დაგეხმარებათ სლოკინის შესაჩერებლად. ბევრს გაგვიგია, რომ ასლოკინებული ადამიანი უნდა შეაშინო. შეიძლება დავრწუნებულვართ, რომ ზოგჯერ ეს შველის, მაგრამ ბავშვის შეშინება არ არის მიზანშეწონილი, რადგანაც ამ პროცესმა შესაძლებელია სხვა, მნიშვნელოვანი პრობლემები გამოიწვიოს. შეშინების ნაცვლად ეცადეთ პატარას ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანოთ, ან გაახაროთ რაიმეთი. დადებითი ემოცია შეშინებას, დამერწმუნეთ, ნამდვილად სჯობს.
- როდის არის სლოკინი საშიში?
- სლოკინი საშიშია, თუ:

  • არ წყდება საათზე მეტი დროის განმავლობაში;
  • ვითარდება არამხოლოდ კვების შემდეგ;
  • ხელს უშლის ჭამას, თან ახლავს ტკივილი, ბავშვი წუხს და ჭირვეულობს.
და ბოლოს, შეჯამების სახით: ბავშვებში სლოკინი და წამოქაფება უმეტესად ფიზიოლოგიური პროცესია და მკურნალობას არ მოითხოვს. იყავით ყურადღებით და საეჭვო ნიშნების (რომლებზედაც უკვე ვისაუბრეთ ზემოთ) შემჩნევისას მიმართეთ ექიმს.
ესაუბრა მარიამ ჩოქური

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედე​ბის ჯგუფი“)

შინაური ცხოველის როლი ბავშვის განვითარებაში და რჩევები საფრთხის თავიდან ასაცილებლად
შინაური ცხოველის როლი ბავშვის განვითარებაში და რჩევები საფრთხის თავიდან ასაცილებლად. ამ საკითხებზე ​MomsEdu.ge-ს ესაუბრა ექიმი-პედიატრი, რადიოლოგი ნანა საპანაძე. ​- რა როლი შეიძლება შეასრულ...
​როგორი უნდა იყოს მოსწავლის საუზმე?
​როგორი უნდა იყოს მოსწავლის საუზმე და რა დადებით ზეგავლენას ახდენს სრულყოფილი საუზმე ბავშვის განვითარებაზე? ამ თემაზე ​MomsEdu.ge-ს ესაუბრა ექიმი-პედიატრი, რადიოლოგი ნანა საპანაძე.​​- ბევრი მშობე...
უნდა მივცეთ თუ არა პატარას დამამშვიდებელი უძილობის მიზეზით?
რა იწვევს უძილობას ბავშვებში, როგორ გადავჭრათ პრობლემა და უნდა მივცეთ თუ არა დამამშვიდებელი მედიკამენტი ამ მიზეზით? - აღნიშნულ თემაზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა ექიმი-პედიატრი, რადიოლოგი ნანა საპა...

შეიძლება დაინტერესდეთ

​როგორი უნდა იყოს მოსწავლის საუზმე?

​როგორი უნდა იყოს მოსწავლის საუზმე?

როგორი უნდა იყოს მოსწავლის საუზმე და რა დადებით ზეგავლენას ახდენს სრულყოფილი საუზმე ბავშვის განვითარებაზე? ამ თემაზე ​MomsEdu.ge-ს ესაუბრა ექიმი-პედიატრი, რადიოლოგი ნანა საპანაძე.

- ბევრი მშობელი აღნიშნავს, რომ ბავშვები სკოლაში საუზმის გარეშე მიდიან. ეს ერთობ აქტუალური პრობლემაა, განსაკუთრებით მოზარდებში. რა არის ამის მიზეზი?

  • მშობლების მოუცლელობა. ყველა სხვადასხვა დროს გადის სახლიდან, დილით ერთად საუზმობის ტრადიცია გაქრა, დაკავებული მშობლები ვერ ასწრებენ შვილებს მოუმზადონ საუზმე. შესაბამისად, ბავშვი მიირთმევს, რაც იმ მომენტისთის არის მისთვის ხელმისაწვდომი, ან საერთოდ მშიერი გადის სახლიდან.
  • ეკრანდამოკიდებულების გამო მოზარდები ძალიან გვიან იძინებენ, სხედან კომპიუტერთან, სხვადასხვა სახის თამაშებით არიან გართულნი. როდესაც არ სძინავთ, ბავშვები ხშირად იწყებენ ჭამას. ამ სიტუაციაში კი მიღებული საჭმლის რაოდენობა ხდება შეუმჩნეველი. გვიან ღამით მიღებული საკვები, ძირითადად, შეიცავს დიდი რაოდენობით ნახშირწყლებს. შედეგი - დილით უმადობა, საუზმეზე უარის თქმა.
  • „მარტივი“ გამოსავლის არსებობა: სკოლაში ან მის გარეთ არსებული კვების ობიექტები. ეს შესაძლებელია იყოს გამოსავალი, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ ასეთ ობიექტებში შეთავაზებულ საკვებს (მაგალითად, ბურგერები, ორცხობილები), მაღალი კალორაჟი და გლიკემიური ინდექსი აქვს, არცთუ ისე სასარგებლო გამოსავალს დავინახავთ, ვინაიდან ეს საბოლოოდ ზედმეტი წონის გავითარების მიზეზი ხდება.​

- რატომ არის აუცილებელი ბავშვისთვის საუზმე და რაში ეხმარება მათ?
- საუზმე კვების უმნიშვნელოვანესი კომპონენტია და ორგანიზმს მთელი დღის განმავლობაში ენერგიით ამარაგებს. მას ხშირად „დღის ყველაზე მნიშვნელოვან კერძს“ უწოდებენ. როგორც იცით, საუზმე დღის პირველი კვებაა, რომელსაც გამოღვიძებიდან მალევე ვიღებთ. მთელი ღამის განმავლობაში ორგანიზმი საკვებს ვერ იღებს, ღვიძლში შენახული გლიკოგენი გლუკოზად გარდაიქმნება, შაქრის დონის სტაბილური შენარჩუნებისთვის. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტვინისთვის, რომლის ერთადერთ საკვებს გლუკოზა წარმოადგენს. დილით გლიკოგენის მარაგი ცოტაა, ორგანიზმი ცხიმოვანი მჟავების დაშლას იწყებს, მაგრამ ნახშირწყლების გარეშე ისინი მხოლოდ ნაწილობრივ იჟანგება და ეს ორგანიზმში ენერგიის დონეს ამცირებს. ამიტომ ენერგიის შესანარჩუნებლად აუცილებელია პირველი კვება, რომელსაც გამოღვიძებიდან მალე მიიღებთ, ანუ საუზმე. სწორედ საუზმე არის დღის პირველი კონტაქტი იმ ენერგიასთან, რაც ორგანიზმს სწორად ფუნქციონირებისთვის სჭირდება.
- საუზმე ახდენს თუ არა ზეგავლენას სწავლის პროცესის ნაყოფიერად განხორციელებაზე?
- ყოველდღიური საუზმე კვების ჩვევის დროულად ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. საუზმე ენერგიის წყაროა და ორგანიზმის ნორმალურ ფუნქციონირებას განსაზღვრავს. ზოგადად,  ბავშვების ნერვული სისტემა ლაბილურია და ნებისმიერი ნივთიერების დეფიციტზე სწრაფად რეაგირებს. სისტემატურად საუზმის გარეშე დარჩენა მოქმედებს ბავშვის განწყობაზე და მახსოვრობის უნარზე. ასეთი ბავშვები არიან უფრო აგრესიულები, აქვთ ყურადრების დეფიციტი, ვლინდება ქცევის სხვადასხვაგვარი დარღვევა.
- ზოგადად, როგორი უნდა იყოს მოსწავლის საუზმე, რითი დატვირთონ? (მაგალითად, რა შეიძლება შესთავაზონ მშობლებმა)
- უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ სრულყოფილი საუზმე დიდი რაოდენობით საკვების მიღებას (ბავშვის გადაძღომას) არ გულისხმობს. საუზმე უნდა იყოს ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების, ვიტამინების და სხვა სასარგებლო ინგრედიენტების შემცველი პროდუქტების ისეთი თანაფარდობა, რაც აუცილებელია ორგანიზმისთვის ძილის შემდეგ. რეკომენდებულია საუზმეზე დღის საკვები რაციონის 35%-ის მიღება, ამასთანავე, იგი უნდა შეიცავდეს ცილებსა და ვიტამინებზე სადღეღამისო მოთხოვნილების 1/3-ს, ნახშირწყლების 2/3-ს, ცხიმების 1/5-ს. შემადგენლობა 300 გ. მყარი საკვები, 200 მლ. სითხე. საუზმე არ უნდა იყოს ყოველდღიურად ერთნაირი, სასურველია იგი ცვალოთ. ჩვენი საუბარი მშრალი და ზოგადი რომ არ გამოგვივიდეს, შემოგთავაზებთ საუზმის რამდენიმე ვარიანტს, აუცილებელი არ არის ზუსტად ეს შემოთავაზება გაითვალისწინოთ, უბრალო სქემაა, რომელშიც ცვლილებები თქვენი შვილის მოთხოვნილებებით შეგიძლიათ შეიტანოთ.
  • ვარიანტი 1 - ხორბლის ფაფა, პური კარაქით და ყველით, ჩაი შაქრით;
  • ვარიანტი 2 - რძიანი ფაფა 5 მარცვალი, 2 მოხარშული კვერცხი, კაკაო შაქრით;
  • ვარიანტი 3 - შვრიის ფაფა ხილით, ბლითები ხაჭოთი, ხილის წვენი;
  • ვარიანტი 4 - მაკარონი ყველით, ორცხობილა, კომპოტი;
  • ვარიანტი 5 - მაკარონი ხორცით, მოხარშული კვერცხი, კაკაო;
  • ვარიანტი 6 - ომლეტი, ბლითები ხაჭოთი, კაკაო;
  • ვარიანტი 7 - პური, კარაქი, მოხარშული ხორცი, მოხარშული კვერცხი, კომპოტი და ა.შ.
ზოგჯერ მოზრდილ ბავშვებს, საუზმის ერთ-ერთ ინგრედიენტად, შეგიძლიათ შესთავაზოთ სოსისი, ძეხვი. ასევე, მნიშვლელოვანია საუზმის გაფორმება, რათა ბავშვისთვის კვების პროცესი უფრო მიმზიდველი იყოს.
და ბოლოს, ძველი ბერძენი ექიმი და მოაზროვნე ჰიპოკრატე ამბობდა „თქვენი საკვები უნდა იყოს წამალი, ხოლო თქვენი წამალი უნდა იყოს საკვები“. რაციონალური კვებითი ჩვევების ჩამოყალიბება ადრეულ ასაკში უნდა დაიწყოს, რათა შემდგომში არასწორი კვებით გამოწვეულ ჯანმრთელობის პრობლემებთან არ გვქონდეს საქმე.
ესაუბრა მარიამ ჩოქური

წაიკითხეთ სრულად