Baby Bag

როგორ გავუჩინოთ ბავშვებს პასუხისმგებლობის გრძნობა მეცადინეობის მიმართ?

როგორ გავუჩინოთ ბავშვებს პასუხისმგებლობის გრძნობა მეცადინეობის მიმართ?

ბავშვებში მეცადინეობის პროცესზე და პასუხისმგებლობის გამომუშავებაზე ​MomsEdu.ge-ს ესაუბრა ფსიქოთერაპევტი ნინო გოგიჩაძე, რომელმაც მშობლებს და მასწავლებლებს საინტერესო რჩევები მისცა სწავლის უნარების განვითარებასთან დაკავშირებით:

- პირველ კლასში ძირითადად ბავშვებს მოსწონთ საგაკვეთილო პროცესი. რა იცვლება შემდეგ და რატომ ეკარგებათ სწავლის მიმართ მოტივაცია?
- როდესაც ბავშვი იწყებს სკოლაში სიარულს, ეს არის ახალი სოციალური და ფიზიკური გარემო, რაც ბავშვის ტვინისთვის ერთგვარი გამოწვევაა. პირობითად რომ ვთქვათ, იგი მოთამაშე ბავშვიდან გადადის მოსწავლე ბავშვის ამპლუაში. ამის გარდა, ახალი თანატოლთა წრე ჰყავს, რაც ეხმარება, რომ იყოს მოტივირებული. თუმცა ყველა ბავშვისთვის ერთნაირად სასიამოვნო არაა ეს პროცესი. ემოციურმა თუ ინტელექტუალურმა სიახლეებმა შესაძლოა, დემოტივაციაც გამოიწვიოს. ან სულაც ბავშვისთვის, რომელმაც სკოლაში მიღებული ინფორმაცია უკვე იცის, არათუ გამოწვევა არაა, არამედ საინტერესოც აღარაა სასწავლო პროცესი. მათ უნდა ასწავლიდნენ განვითარების უახლოეს დონეზე არსებულ საკითხებს, მოსაწავლეებს სჭირდებათ მცირე ბიძგი, რომ დარწმუნდნენ თავიანთ ძალებში. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მასწავლებელი ორიენტირებულია ჯგუფზე და არა ინდივიდზე, მივხვდებით, რომ ესეც აკარგვინებთ მათ მოტივაციას. ბავშვზე ცენტრირებული სწავლება უნივერსალურია, მაგრამ შეუძლებელია საკლასო ოთახში. იმ ბავშვებს, რომელთაც სხვებთან შედარებით მეტი ძალისხმევა სჭირდებათ პროგრამის ათვისებაში, უფრო მეტად უნდა დავუფასოთ გადადგმული ნაბიჯი. მასწავლებელმა კონკურენციის პრობლემა დადებითი მხარდაჭერით უნდა გადაჭრას, რომ არ დააკარგვინოს მათ სწავლის სურვილი.
- როგორ უნდა დავიცვათ ბალანსი, ანუ როდის უნდა მოვთხოვოთ ბავშვებს მკაცრად დავალების შესრულება და როდის დავუთმოთ დრო გასართობ აქტივობებს?
- ყველაზე კარგია, რომ ბავშვს დავალება არ უნდა მოჰქონდეს სახლში და ის ბავშვი უფრო მოტივირებულია, ვისაც ასეთი ვალდებულებრივი წნეხი არა აქვს, ანუ ვალდებულების ნაცვლად ინტერესის გაღვივება გამოიყენება მოტივატორად. ახლა ჩვენ ვდგავართ იმ გამოწვევის წინაშე, რომ ამ სასწავლო პროგრამის ფარგლებში რთულდება ინტერესის გაღვივება. რეცეპტი, რაც გვაქვს არის ის, რომ თუ გვინდა, სისტემატურად ბავშვმა გააკეთოს რაღაც, ეს უნდა იყოს ჩასმული რუტინაში. ჯერ უნდა გავაკეთებინოთ ის, რაც სავალდებულოა და შემდეგ ის, რაც მას სურს. ეს ზრდის იმის ალბათობას, რომ ბავშვი იმეცადინებს. აუცილებელია, რომ თანმიმდევრობა იყოს დაცული ანუ ჯერ ვამეცადინოთ და შემდეგ დავუთმოთ დრო მის საყვარელ საქმიანობას.
- როგორ გავუჩინოთ ბავშვებს პასუხისმგებლობის გრძნობა მეცადინეობის მიმართ?
- ვინ უნდა გაუჩინოს ეს პასუხისმგებლომა, მასწავლებელმა თუ მშობელმა? პასუხისმგებლობა ერთ-ერთი ყველაზე რთული თემაა. პასუხისმგებლობის აღება ხდება დაწყებითი ასაკიდან. ბავშვისთვის ეს უნდა ასოცირდებოდეს რამე სასიამოვნოსთან, წახალისებასთან ან აღიარებასთან. ამასთან დაკავშირებით არ არსებობს რამე ზოგადი რეცეპტი, მაგრამ ყველაზე ძლიერი მექანიზმია, როდესაც ბავშვი ხედავს, რომ მისი დახარჯული ძალისხმევა ფასდება და ეს მნიშვნელობის მატარებელია ბავშვისთვისაც და სხვისთვისაც. თუმცა ეს იმდენად წნეხი არ უნდა იყოს, რომ ვერ შეძლოს, თორემ ამ ვალდებულებების წნეხისგან შეიძლება განვითარდეს შფოთვითი აშლილობა, რისი შემთხვევებიც გვხვდება ჩვენ. პასუხისმგებლობა უნდა იყოს გაზიარებული და უნდა შევუქმნათ მათ კომფორტული გარემო ერთი მხრივ, მოტივაციის კუთხით და მეორე მხრივ იმით, რომ სამეცადინო ბოლომდე დაასრულოს.
- რა დროს დგება მომენტი, როცა პასუხისმგებლობა ბავშვს/მოზარდს თავად უნდა დავაკისროთ?
- დავიწყოთ იმით, რომ პასუხისმგებლობა გაზიარებული უნდა იყოს, რაც საჭიროა ყველასთვის, როგორც ბავშვების, ისე მოზრდილებისთვის. პასუხისმგებლობა გარე მოტივაციით ყალიბდება, მაგრამ ყველაზე გარდამტეხია, როცა თვითმოტივაცია ჩნდება და პასუხისმგებლობა შინაგანად გამჯდარი აქვს. ეს იწყება, როდესაც ბავშვისთვის მარტივი რაღაცების (თასმის შეკვრა, შარვლის ჩაცმა და სხვა) სწავლებას ვიწყებთ და მის ავტონომიას ვაღიარებთ. მშობლები უნდა დავფიქრდეთ იმაზე, რომ გამოვხატოთ ბავშვის კომპეტენტურობა, მივეხმაროთ, დაინახოს ეს და მივცეთ საშუალება, რომ მიხვდეს თავისი გადაწყვეტილებების ცუდ შედეგსაც. მეტაფრულად რომ ვთქვათ, შეიძლება, ხანდახან მივცეთ ბავშვს საშუალება, ხელი ოდნავ დაიწვას იმისთვის, რომ გაიაზროს, როდესაც ვეუბნებით, რომ ქურა ცხელია, ეს მართლაც ასეა. ამ ცუდი შედეგით ის მიხვდება, რომ გარემო სანდოა მისთვის და როდესაც ის საფრთხეების შესახებ აფრთხილებს, ეს რეალურია და მეორე მხრივ, დაფიქრდეს, რომ დაწესებული ლიმიტები მნიშვნელოვანი და სასარგებლოა მისთვის. ბავშვს უნდა გავუჩინოთ ნდობა საკუთარი თავის მიმართ და ჩვენ მიმართ. პასუხისმგებლობა უნდა შეიცავდეს სასიამოვნო, ცნობისმოყვარეობის ნაწილსაც. მეცადინეობის პროცესშიც მას უნდა მივუთითოთ მისივე შესრულებულ კარგ ნაწილზე და არა ეგრევე შეცდომებზე. ბავშვები „გამოიჭირეთ“ კარგში და ასწავლეთ თავისი თავის კარგში „გამოჭერა“. მცდელობაც კი შევაქოთ მათი, რომ გაიაზრონ ამის კეთების მნიშვნელოვნება და არა შედეგით, არამედ პროცესით მიიღონ სიამოვნება.
- თუ ეს პასუხისმგებლობა ვერ აიღო თავის თავზე, ამის შემდეგ რა უნდა მოვიმოქმედოთ?
- პრინციპი არის ის, არ მივცეთ იმაზე მეტი, რისი დაძლვაც შეუძლია. ამიტომ ზომიერი დახმარება უნდა გავუწიოთ იმაში, რაც უჭირს. ხანდახან ვურჩევთ ხოლმე, რომ თუ ის არის პრობლემა, რომ ბავშვმა დამოუკიდებლად იმეცადინოს, მშობლის ნაცვლად სხვა, გარეშე ადამიანი დაეხმაროს. ყველაზე იდეალური დამხმარეები არიან თანატოლები, რომლებიც ერთმანეთს აუხსნიან და დაეხმარებიან, თუ ამის საშუალება არ არის, მაშინ უფროსი და-ძმა ან უფროსი ასისტენტი. ყოველთვის უზედამხედველოდ დატოვება არ ეხმარება ბავშვს, რომ ავტომატურად აიღოს პასუხისმგებლობა, ეს გარკვეულწილად უნდა იყოს წახალისებული. უნდა დავანახოთ მას, რომ ჩვენ ვზრუნავთ მის სამეცადინო პროცესზე და მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ ის არ მოცდეს და მაქსიმალურად კომფორტულად იგრძნოს თავი. ოღონდ არ უნდა ჩავერიოთ ამ პროცესში. 
ესაუბრა მარიამ ჩოქური

შეიძლება დაინტერესდეთ

როგორ გავუმკლავდეთ პანიკურ შეტევას? - მარინა კაჭარავას რეკომენდაციები

როგორ გავუმკლავდეთ პანიკურ შეტევას? - მარინა კაჭარავას რეკომენდაციები

ფსიქოლოგმა მარინა კაჭარავამ პანიკურ შეტევასთან გამკლავების გზებსა და მეთოდებზე ისაუბრა:

„პანიკური შეტევა არის ძალიან ხანმოკლე დროში ინტენსიური შიშის განცდა. ადამიანი კარგავს მიწას და არის აბსოლუტურად დაუცველი, ეს იწვევს მასში სიკვდილის შიშს, შიშის შიშს და გაგიჟების შიშს. ერთი შეხედვით ის უმიზეზოდ ჩნდება. იმ დროს არაფერი არ მომხდარა, არის სიმშვიდე თითქოს, სიჩუმე, ჩვეულებრივად ცხოვრობს ადამიანი. შეიძლება იყოს სალონში, იკეთებდეს ფრჩხილებს და დაეწყოს. როდესაც ეს იწყება, ადამიანს აქვს საოცარი მოთხოვნილება, რომ გაიქცეს სახლში. სახლი არის ერთადერთი ადგილი, სადაც ის უსაფრთხოდ გრძნობს თავს. ეს არ არის ისეთი შეგრძნებები, რომელსაც ადამიანი შეიძლება ადვილად გაუმკლავდეს.

მას აქვს წინაპირობა, რომელსაც ამოცნობა უნდა. წარმოიდგინეთ ტალღა, რომელიც მოდის. თუ ადამიანმა მოახერხა ტალღაზე დაჯდომა და მასთან ერთად მოძრაობა, ბევრად უფრო გადარჩება, ვიდრე თუ ტალღამ ჩაიხვია და აფორთხიალა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მიუსწროს ადამიანმა ამ მდგომარეობას. შესაძლებელია მისი ინტენსივობის დაკლება, შესაძლებელია მასთან ერთად ცხოვრება. შესაძლებელია ვიცოდეთ, როგორ მოვიქცეთ ამ დროს.

ბევრნაირი გამკლავების მექანიზმი არსებობს. პირველ რიგში, კარგია ფსიქოთერაპია და გაცნობიერება, როგორ მოვიდა აქამდე ადამიანი და რა არის მისი წინაპირობა. კარგია კონტროლირებადი მოძრაობები, თვლა, ცეკვა, მაგრამ უფრო ვარჯიშის მსგავსი, ასევე მოდუნება. კარგია თუ მოახერხებენ იმ შინაარსების ამოთქმას, რომელიც სახელდაურქმეველი და განდევნილია. კარგია ადამიანმა მოახერხოს საკუთარ თავთან კონტაქტი, მეტად შეიცნოს საკუთარი სხეული და შემდეგ დაიწყოს გამკლავების მექანიზმები: ვარჯიში, თვლა, ახალშობილის პოზა და ა.შ.“- მოცემულ საკითხზე მარინა კაჭარავამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „უიქენდი“ ისაუბრა.

წყარო:​ „უიქენდი“ 

წაიკითხეთ სრულად