Baby Bag

10 საზაფხულო პროდუქტი, რომელიც ორსულების მენიუში უნდა იყოს

10 საზაფხულო პროდუქტი, რომელიც ორსულების მენიუში უნდა იყოს

ზაფხული წელიწადის ის დროა, რომელიც ყველაზე გრძელი და მცხუნვარე დღეებით ხასიათდება. ეს სეზონი ორსულებისთვის ნაკლებად სასურველია, თუმცა მწველ დღეებს თან მინერალებითა და ვიტამინებით გაჯერებული ბევრი სახეობის ხილი და ბოსტნეული მოჰყვება, რაც სასარგებლოა თქვენი და თქვენი პატარას ჯანმრთელობისთვის. ამ სტატიაში გირჩევთ იმ „​საზაფხულო ​პროდუქტებს“, რომლებიც აუცილებლად უნდა იყოს ორსულების მენიუში.

1. მიკროგრენი

​მიკროგრენი მწვანეფოთლოვანთა ოჯახს მიეკუთვნება. სასარგებლო და გემრიელი ნაყოფი მრავალმხრივი მკვებავი თვისებებითაც გამოირჩევა. მიკროგრენი მდიდარია C და E ვიტამინებით, რომლებიც აამაღლებს თქვენს იმუნიტეტს ცხელი ზაფხულის განმავლობაში. მიკროგრენის ერთ-ერთი უპირატესობა მისი გამოყენების სხვადასხვა ვარიაციაა - შეგიძლიათ ის გამოიყენოთ კერძის ინგრედიენტად ან უბარლოდ გასაფორმებლად, მეტი ვიზუალური ეფექტისთვის. მაგალითად, მიკროგრენი უხდება სენდვიჩსა და ომლეტს. 

2. საზამთრო

საზამთრო შესანიშნავია ორგანიზმის ჰიდრატირებისთვის. ის კლავს წყურვილის გრძნობას და იცავს ორგანიზმს გამოშრობისგან. საზამთრო კარგია წახემსებისთვის. მაღალი ტემპერატურის დროს ის მარტივად აღგიდგენთ ენერგიას. ასევე, ფიზიკური აქტივობის ან სეირნობის დროს საზამთროს წვენი ერთ-ერთი პოპულარული სასმელია. 

3. მოხარშული კვერხი

მოხარშული კვერცხი მარტივი და მსუბუქი გზაა ცილის მისაღებად. ორსულობისას ერბო კვერცხის მომზადებაც კი დიდ ძალისხმევას მოითხოვს, ამ დროს მოხარშული კვერცხი საუკეთესო გამოსავალია. თქვენ შეგიძლიათ მისი მრავალმხრივ გამოყენება: სალათებში, კერძების გასაფორმებლად, სენდვიჩების დასამზადებლად. თითოეულ ვარიანტში მიიღებთ საჭირო ცილასა და სხვა მიკრონუტრიენტს, რომლებიც აუცილებელია ორსულობის განმავლობაში. 

4. კენკრა

ზაფხული მდიდარია სეზონური ხილით, მათ შორის კენკრით, რომელიც შესანიშნავად ერწყმის სმუზს, იოგურტს, ხილის კოქტეილს, სხვადასხვა ფაფას. ზაფხულში კენკრის დიდი არჩევანია: მარწყვი, ჟოლო, მოცვი, მაყვალი. კენკრა მდიდარია ანტიოქსიდანტებით, ასევე ბოჭკოთი, რომელიც დაგეხმარეთ ყაბზობის თავიდან ასაცილებლად. ასევე, თუ მარწყვი სახლში მოგყავთ და მისი მოკრეფა თქვნთვის სასიამოვნო თავშესაქცევი საშუალებაა, შეგიძლიათ ისიამოვნოთ ამ შესაძლებლობითაც. 

5. ბერძნული იოგურტი

ბერძნული იოგურტი დღის დაწყების საუკეთესო ვარიანტია. მისი მიღებისას ორგანიზმი მარაგდება დიდი რაოდენობის პროტეინით. გარდა ამისა, ცივი იოგურტის ფაქტურა შესანიშნავია ზაფხულის ცხელ დღეებში. ამასთანავე, იგი გაჯერებულია ჯანსაღი ცხიმებით, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ დღის ვრცელი პერიოდი დანაყრებულად იგრძნობთ თავს. სურვილის შემთხევაში შეგიძლიათ, ბერძნულ იოგურტს შვრიის ფაფა დაურთოთ და საუზმე მეტად ნოყიერი აქციოთ.

 6. კიტრი

კიტრი შეიცავს დიდი რაოდენობით წყალს, რომელიც დადებითად მოქმედებს მთელს ორგანიზმზე თვალების ჩათვლით. თუ თქვენ გაწუხებთ ალერგია ან უძილობა, კიტრი ნამდვილად დაგეხმარებათ. ასე რომ, გაასუფთავეთ კიტრი ყუნწებისგან და დაწურეთ ან უბრალოდ დაჭერით და მიირთვით.

7. პიტნა

თუ წყალს დაუმატებთ პიტნას, მიიღებთ არომატულ სასმელს, რომელიც კანის რეცეპტორების გააქტიურებით დიდხანს შეგინარჩუნებთ სიგრილეს. ასევე, შეგიძლიათ პიტნას დაუმატოთ „პიტნის მეგობარი“ პროდუქტებიც და ასე ებრძოლოთ სიცხეს.

8. პომიდორი

პომიდორი გემოსა და მრავალხმრივი გამოყენების გამო ზაფხულის ერთ-ერთი მთავარი ბოსტნეულია. მისი გამოყენებით შეგიძლიათ მოამზადოთ გასპაჩოს ცივი წვნიანი, ბოსტნეულის სალათები ან მარტივად - მიირთვათ მარილითა და წიწაკით. გარდა იმისა, რომ პომიდორი ორგანიზმს სიგრილის შეანრჩუნებაში ეხმარება, იგი შეიცავს ლიკოპეინს, წითელ კაროტინს, რაც გვიცავს მზის დამწვრობისგან (ასეთივე ნივთიერება გვხვდება სტაფილოშიც). 

9. ალუბალი

ალუბალი ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ბევრი თვისებით ხასიათდება. ეს ხილი ვიტამინების, პროტეინის, რკინის, მინერალებისა და კალციუმის ნამდვილი „საცავია“. ის ასტიმულირებს და აძლიერებს იმუნურ სისტემას, ხელს უწყობს ახალშობილის გონებრივ ჯანმრთელობას, ასევე ასუსტებს ინფლამაციასა და შებერილობას, გეხმარებათ ძილის გაუმჯობესებაში.

10. ყაბაყი

ყაბაყი ერთ-ერთი ყველაზე ჰიდრირებული ბოსტნეულია, რომელიც ბევრ რეცეპტს შეგიძლიათ მოარგოთ. ყაბაყი ფოლიუმის მჟავის, კალიუმის, ვიტამინების (A, C) წყაროა. ყველა ეს ელემენტი კი ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია პრენატალური ჯანმრთელობისთვის.


ასე რომ, თქვენ უკვე იცით როგორ უნდა გაუმკლავდეთ ზაფხულის ცხელ დღეებს. მოიმარგეთ ზემოთ აღნიშნული პროდუქტები-სრული მზადყოფნითა და ამაღლებული განწყობით დაუხვდით ახალ სეზონს!

ავტორი: მარიამ კვეტენაძე

წყარო: www.mother.ly

შეიძლება დაინტერესდეთ

​ორსულობის მესამე ტრიმესტრი - რა ნიშნებია დამახასიათებელი და როგორ მოემზადონ მომავალი დედები მშობიარობისთვის?

​ორსულობის მესამე ტრიმესტრი - რა ნიშნებია დამახასიათებელი და როგორ მოემზადონ მომავალი დედები მშობიარობისთვის?

ორსულობის მესამე ტრიმესტრისთვის დამახასიათებელ ნიშნებზე ​MomsEdu.ge-ს ესაუბრა გინეკოლოგი მარიამ სულავა, რომელმაც მშობიარობისთვის მოსამზადებელი რჩევები გაგვიზიარა:

- პირველ რიგში, გვაინტერესებს რა დამახასიათებელი ნიშნებია ორსულობის მესამე ტრიმესტრისთვის?

- მეორე ტრიმესტრი დამთავრდა, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ ხართ 28 კვირის. სწორედ ამ დროიდან იწყება მესამე ტრიმესტრი. ნაყოფის ყველა ორგანოს განვითარება დასრულებულია, ანუ ამ ეტაპიდან ის არის უკვე სიცოცხლისუნარიანი, თუ მოხდა ნაადრევი მშობიარობა ეს ორგანოები მხოლოდ ზრდას გააგრძელებენ. ერთადერთი, რაც არ აქვს ჯერ, არის კანქვეშა ცხიმი, რის გამოც არ შეუძლია სხეულის ტემპერატურის რეგულირება და ასევე ფილტვები, რისი განვითარებაც მხოლოდ მესამე ტრიმესტრის ბოლოსკენ სრულდება. ამ დროისთვის ნაყოფის წონა არის 1-1.5 კილოგრამი, ხოლო მესამე ტრიმესტრის მეორე პერიოდიდან, ანუ 36 კვირიდან ნაყოფი მშობიარობისთვის ემზადება, ანუ კანქვეშა ცხიმის განვითარება და ფილტვები სრულდება. ამ პერიოდიდან 2.4-3 კილოგრამამდე იწონის და სიგრძეში 50 სანტიმეტრი, ეს სტანდრატებია, ცოტა ნაკლები ან მეტი არ არის საგანგაშო. მათ ყველაფერი დასრულებული აქვთ და ემზადებიან დაბადებისთვის. ეს რაც შეეხება ნაყოფს, ახლა დედის მდგომარეობას შევეხოთ. მეორე ტრიმესტრისგან განსხვავებით უნდა აღინიშნოს, რომ მესამე ტრიმესტრი პირველს ჰგავს. პირველ ტრიმესტრში ორგანიზმი განიცდის ადაპტაციას ნაყოფთან შესაგუებლად, ხოლო მესამე ტრიმესტრში უკვე ძალიან დიდი ოდენობით არის ჰორმონები, ყველა ორგანო დაჩაგრული ჰყავს საშვილოსნოს, რადგან ძალიან არის გაზრდილი და აწვება მათ. რას გრძნობს ამ დროს დედა, განვიხილოთ ჯერ ემოციური ფაქტორები.

​მესამე ტრიმესტრში, წინა პერიოდთან შედარებით, მეტად აწუხებთ ორსულებს ფორიაქის შეგრძნება, რადგან ისინი უკვე მოლოდინში არიან და არ იციან, რა ელით წინ, ამიტომ ჩნდება მათში შიშის და შფოთვის პრეცედენტები. ემოციები, რაც აწუხებთ ორსულებს, გაზიარებული უნდა იყოს მეუღლესა და მეგობრებთან, რომ ისინი დაეხმარონ დედებს მშობიარობისთვის მომზადებასა და შეგუებაში. ძალიან კარგია თუ მანამდე მიიღებენ ცოდნას მშობიარობის და ორსულობის მდგომარეობების შესახებ. ამ ყველაფრის ფონზე შეიძლება განვითარდეს ძილიანობა, დაღლილობის შეგრძნება, ქოშინი და სხვა. ეს 
იმისთვის ხდება, რომ ორგანიზმი ემზადება მშობიარობისთვის. ყველა რესურსსა და ენერგიას ინახავს მშობარობისა და ლაქტაციის პროცესის დაწყებისთვის.

​გარდა ამისა, ორსულმა ყურადღება უნდა მიაქციოს პირის ღრუს, რადგან შეიძლება იყოს სისხლდენა. კარგი იქნება თუ მიაკითხავს სტომატოლოგს.

​ასევე უნდა დააკვირდეს მკერდს, შეიძლება აქამდეც ჰქონდა რამე გამონადენი, მაგრამ მესამე ტრიმესტრის ბოლო კვირებში შესაძლოა ჰქონდეს გამონადენი, ხსენი, რომელიც თბილი წყლით და საპნით შეუძლია ჩამოიბანოს, არანაირი უხეში ჩარევა არაა საჭირო, არც მასაჟები. ყურადღება უნდა გავამახვილოთ ბიუსტჰალტერზე, რომელიც უნდა იყოს რბილი და არ უნდა აჭერდეს მკერდს არცერთ ადგილას, კარგი იქნება თუ მორგებული იქნება ლაქტაციაზეც.

​რაც შეეხება ქოშინს, ესეც განპირობებულია იმით, რომ საშვილოსნო აწვება დიაფრაგმას და სასუნთქ სისტემას.

​ჩივილებს შორის 
ერთ-ერთი შეიძლება იყოს ფეხების შეშუება, რაც ასევე ფიზიოლოგიურად მიიჩნევა, რადგან ძალიან უჭირს სისხლს მიმოქცევა, ამისათვის ორსულებმა დღის განმავლობაში ცოტა ხნით მაინც უნდა შემოაწყონ მაღალზე ფეხები.

​შეიძლება ამ პერიოდში დაიწყოს მენსტრუალური ციკლისთვის დამახასიათებელი ტკივილები, მოვლითი, წუთიერი ან წამიერი, მაგრამ ეს არის მოსამზადებელი ტკივილები და საშიში არაა. კარგია სუფთა ჰაერზე 
სიარული, როგორც ჟანგბადის მიღების თვალსაზრისით, ისე ფეხების გავარჯიშების კუთხით, თუმცა არ უნდა იყოს ზედმეტი დატვირთვით. წოლა არ არის კარგი, განსაკუთრებით მესამე ტრიმესტრში. უნდა მოვამზადოთ ოჯახიც და მათგანაც დადებითი ემოციები მივიღოთ. ჩავალაგოთ სამშობიარო სახლისთვის ჩანთა და კარგი იქნება თუ ამ პერიოდიდან ნელ-ნელა ეცოდინება ორსულს, ვინ იქნება მისი მეანი და რომელ სამშობიარო სახლში აპირებს მშობიარობას.

- რას ურჩევთ დედებს, როგორ იკვებონ, რომ მშობიარობისთვის და მისი შემდგომი პერიოდისთვის მოიკრიბონ ძალები?

- მთელი ორსულობის განმავლობაში კვებაზე ძალიან ბევრი რამეა დამოკიდებული. ყველა ვიტამინს ბავშვი იღებს დედისგან და ორგანიზმი რომ არ გამოიფიტოს, ამისთვის მშობელი კარგად უნდა იკვებოს. კვებასთან დაკავშირებით არაფერი იცვლება, რაც მთელი ორსულობის განმავლობაში არის რეკომენდებული, მესამე ტრიმესტრშიც ასეა, ცხადია, ცილებისა და ვიტამინების მიღებაზე უნდა გამახვილდეს ყურადღება, ასევე წყლის მიღება შეიძლება იმდენად აღარ იყოს საჭირო, მაგრამ მაინც უნდა მიიღოს. აკრძალვები რაც იყო: გაზიანი სასმელი, ალკოჰოლი, სიგარეტი და მსგავსი რამ, ისევ აკრძალვად რჩება. დიდად არ იცვლება პროტოკოლი, თუმცა ხორცის და ხილ-ბოსტნეულის მიღება ამ პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. შეიძლება ბოლო პერიოდში მიდრეკილება იყოს როგორც ყაბზობისკენ, ისე დიარეისკენ, ასეთ შემთხვევებში კვებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ სიტუაცია გამოსწორდეს. იმის გათვალისწინებით, რომ მესამე ტრიმესტრში განსაკუთრებით ხდება წონის ნამატი, დღის პირველი ნახევარი, საუზმე უნდა იყოს უფრო ნოყიერი და ხილიც ამ პერიოდში მიიღონ, რადგან ძალიან უჭირს ამ დროს ორგანიზმს გადამუშავება, ამიტომ საღამოს პერიოდი განსაკუთრებით მსუბუქი უნდა იყოს. კალორიულად ნაკლებად დატვირთული.

- რა აქტივობებით უნდა დაკავდნენ ორსულები მესამე ტრიმესტრში და რა შეზღუდონ?

- რადგანაც მესამე ტრიმესტრში განსაკუთრებით დამძიმებულია ორგანიზმი, არის სიმძიმის შეგრძნება ფეხებში და გადაადგილება შედარებით ჭირს, ამიტომ კარგი იქნება თუ ვარჯიშებს გააკეთებენ, რაშიც იგულისხმება ფეხების მაღალზე შემოწყობა, სეირნობა და სუნთქვითი ვარჯიშები. როგორც უკვე ვთქვი, შეიძლება იყოს ტკივილები და ვარჯიში და სუფთა ჰაერზე სეირნობა ამ პროცესსაც გააადვილებს. თუ ორსული აქამდე ვარჯიშობდა და მას ჰქონდა თავისი პროგრამა ტრენერთან ერთად გავლილი, ამ შემთხვევაში უნდა გადავიდეს უფრო მსუბუქ დატვირთვაზე. აკრძალვას რაც შეეხება, აკრძალულია მთელი დღე წოლა და უმოძრაოდ ყოფნა. თუ განსაკუთრებით გამოგივლინდათ რომელიმე ჩვენება (ფეხების შეშუპება ან ტკივილები) უნდა მიმართოთ თქვენს გინეკოლოგს.

- როგორია ბოლო ტრიმესტრში ორსულობის მდგრადობა ვირუსების და განსაკუთრებით, კორონავირუსის ახალი შტამების მიმართ?

- რა თქმა უნდა, ეს საფრთხეს უქმნის მთელს მსოფლიოს, განსაკუთრებული რისკ-ჯგუფები არიან მოხუცები, ახალშობილები და ორსული ქალები. პანდემიის პირობებში განსაკუთრებით უნდა დაიცვას თავი ორსულმა, რომ არ მოხდეს დაინფიცირება, ასევე საყურადღებოა, რა მდგომარეობაში ხვდება ის ვირუსს, უკვე აქვს თუ არა გადატანილი ან ვაქცინირებული არის თუ არა. მაქსიმალურად უნდა იყოს თავიდან არიდებული მშობიარობის პერიოდში დაინფიცირება. რაც შეეხება საშიშროებას, ნაყოფი ყველანაირად დაცულია, პლაცენტა ფილტრავს ყველა ვირუსს, რომ არ მოხდეს ნაყოფის დაინფიცირება, თუმცა, რა თქმა უნდა, გადადის ანტისხეულები. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, როგორ გრძნობს დედა თავს. თუ მსუბუქია ორსულის მდგომარეობა, არანაირი საფრთხე არ ემუქრება პატარას. მნიშვნელოვანია, როგორ მდომარეობაში შეხვდება დედა ვორუსს, ვაქცინაცია არ გვიცავს გადადებისგან, მაგრამ ამსუბუქებს ვირუსის მიმდინარეობას. სამშობიარო სახლები მაქსიმალურად ცდილობენ უზრუნველყონ ორსულთა უსაფრთხოება. მისვლისთანავე ხდება ორსულის ტესტირება და დადასტურების შემთხვევაში ხდება სპეციალიზებულ სამშობიარო სახლებში გადამისამართება. თუ ხდება პარტნიორული მშობიარობა, ცხადია, პარტნიორიც იღებს ტესტს ვირუსზე და ისე შედის სამშობიარო სახლში.

ესაუბრა ელენე ოვაშვილი

წაიკითხეთ სრულად