Baby Bag

როგორ უნდა უთხრათ ქმარს, რომ ორსულად ხართ - ორიგინალური გზები და მეთოდები

როგორ უნდა უთხრათ ქმარს, რომ ორსულად ხართ - ორიგინალური გზები და მეთოდები
მომავალი მამები, რომლებსაც წარმოდგენა არ აქვთ, რომ მალე შვილი ეყოლებათ, როგორც წესი, ამ სასიამოვნო სიახლეს დიდი სიხარულით ხვდებიან. თუ ორსულად ხართ და თქვენი მეუღლისთვის აღნიშნული სიახლის შესახებ თქმის საინტერესო და ორიგინალურ მეთოდებს ეძებთ, ეს ​სტატია სწორედ თქვენთვისაა. შეგიძლიათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სახალისო ხრიკებიდან თქვენთვის ყველაზე საინტერესო და მომხიბლავი იდეა შეარჩიოთ და მეუღლეს სასიამოვნო და დაუვიწყარი სიურპრიზი მოუწყოთ.

სიურპრიზი ოთხფეხა მეგობრისგან

თუ გსურთ, რომ თქვენი ორსულობის შესახებ ქმარს სასიამოვნო და ამავდროულად მოულოდნელი გზით შეატყობინოთ, შეგიძლიათ, დახმარებისთვის თქვენს ოთხფეხა მეგობარს მიმართოთ. ფურცელზე გააკეთეთ მსგავსი შინაარსის წარწერა : „დედიკო ორსულადაა“ (შეგიძლიათ ტექსტი თქვენი გემოვნებით შეცვალოთ) და ძაღლს საყელოზე მიამაგრეთ. როდესაც შინ დაბრუნებულ მომავალ მამიკოს ოთხფეხა მეგობარი კართან ამ სასიხარულო ცნობით დახვდება, შესაძლოა, თქვენმა მეუღლემ სიხარულით გონებაც დაკარგოს, ამიტომ პირველადი დახმარების გასაწევად მზად იყავით.

„დამზადებულია სიყვარულით“

გურმანი მეუღლე თუ გყავთ, უმჯობესია, თუ ამ სასიხარულო სიახლეს მისთვის სასიამოვნო და საინტერესო გზით შეატყობინებთ. როდესაც სავახშმოდ მაგიდასთან დასხდებით, თქვენს მეუღლეს უთხარით, რომ ღუმელში მისი საყვარელი დესერტი გაქვთ გადამალული და შეუძლია მიირთვას. ღუმელთან მისულ მსუნაგ მამიკოს სასიამოვნო სიურპრიზით გააკვირვებთ. ღუმელში წინასწარ მოათავსეთ პატარა ნამცხვარი, რომელსაც შესაბამისი წარწერა ან გამოსახულება უნდა დაურთოთ. როდესაც თქვენი მეუღლე მიხვდება, რომ ღუმელში დესერტის გარდა მას მეორე, გაცილებით სასიხარული სიურპრიზი დახვდა, არ არის გამორიცხული, რომ სიხარულისგან ხმამაღლა იყვიროს და ცრემლებიც კი წასკდეს.

წარწერა მაისურზე

თუ თქვენ და თქვენს მეუღლეს ბავშვი უკვე გყავთ და აღმოაჩენთ, რომ მეორეს ელოდებით, თქვენი უფროსი შვილისთვის ახალი მაისური შეიძინეთ, რომელსაც სპეციალური წარწერა უნდა ამშვენებდეს, მაგ. „I’m a Big Brother” ან „I’m a Big Sister”. თქვენი მეუღლე შვილის ახალ ტანსაცმელს აუცილებლად შეამჩნევს და წარწერის წაკითხვის შემდეგ გონზე მოსვლა ძალიან გაუჭირდება.

ტკბილი სიურპრიზი

მეუღლისთვის სასიამოვნო სიურპრიზის მოწყობა თუ გსურთ, თემატური სადილი გამართეთ. მაგიდა საბავშვო ტკბილეულით უნდა გაავსოთ, თავად კი ხელში საბავშვო ორცხობილებით სავსე ჯამი მოიმარჯვეთ. თქვენი მეუღლე სიხარულს და აღტაცებას ვერ დამალავს.

წარწერა მუცელზე

მუცელზე წარწერის გაკეთება მხოლოდ ერთ წუთს წაგართმევთ, მომავალ მამიკოს კი უსაზღვროდ გააბედნიერებს. მეუღლის სამსახურიდან დაბრუნებამდე მუცელზე წითელი პომადით წარწერა გაიკეთეთ: „მომავალი მამიკო“ ან „გილოცავ, შენ მამა გახდები.“

პასტა სოუსით და მოულოდნელი სიურპრიზით

სადილამდე რამდენიმე საათით ადრე პასტისთვის სოუსი მოამზადეთ, ფურცელზე დაწერეთ: „მომავალი მშობლები“ ან ნებისმიერი ფრაზა, რომელიც თქვენ მოგწონთ. მეუღლეს სადილისთვის პასტის მირთმევა და მომზადება შესთავაზეთ. როდესაც მაგიდას მიუსხდებით, მისთვის განკუთვნილ თეფშზე გემრიელ კერძთან ერთად წინასწარ მომზადებული ფურცელიც მოათავსეთ. სადილი საოცრად მხიარულ განწყობაზე ჩაივლის.

სიურპრიზი ჩანთაში

თუ თქვენი მეუღლე სპორტითაა გატაცებული, საჩუქრად სპორტული ჩანთა უყიდეთ. ჩანთაში კი წერილი მოათავსეთ წარწერით: „მამიკოს მომავალი პრინცი/პრინცესა“. თქვენი მეუღლე სიხარულისგან, შესაძლოა, ატირდეს კიდეც.

წარწერა ბოთლზე

მეუღლე რესტორანში სადილად დაპატიჟეთ. წინასწარ შეიძინეთ საბავშვო ბოთლი, დეკორატიულად გააფორმეთ და გაალამაზეთ. რესტორნის მომსახურე პერსონალს წინასწარ შეუთანხმდით, რომ შეკვეთილი სასმელი მეუღლეს საბავშვო ბოთლით მოართვან. თავდაპირველად მომავალი მამიკო, შესაძლოა, დაიბნეს და ვერ მიხვდეს, რა ხდება, მაგრამ დაბნეულობა მალე გადაივლის. დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ თქვენი მეუღლე ამ უბედნიერეს წუთებს არასდროს დაივიწყებს. 

ავტორი: ია ნაროუშვილი 

შეიძლება დაინტერესდეთ

ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებების ანაზღაურების ახალი წესი ამოქმედდა

ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებების ანაზღაურების ახალი წესი ამოქმედდა
ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებების ანაზღაურების ახალი წესი ამოქმედდა.

ახალი წესის მიხედვით ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულება ორ ნაწილად არის გაყოფილი: ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულება და ბავშვის მოვლის გამო შვებულება.

ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების გამოყენება, როგორც ბავშვის დედას, ასევე მამასაც შეუძლია.

შეიცვალა ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულების ანაზღაურებადი დღეების რაოდენობაც.

დასაქმებულს მოთხოვნის საფუძველზე ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულება 126 კალენდარული დღის ოდენობით მიეცემა, მშობიარობის გართულების ან ტყუპის შობის შემთხვევაში - 143 კალენდარული დღის ოდენობით, ხოლო ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულება კი - 57 კალენდარული დღის ოდენობით.

ბავშვის მამა ასევე უფლებამოსილია ისარგებლოს დედის მიერ აღნიშნული შვებულების გამოუყენებელი დღეებით.

დასაქმებული მშობლის - მამის მიერ დეკრეტული შვებულების ანაზღაურების მისაღებად, სხვა დოკუმენტებთან ერთად აუცილებელია სსიპ „საჯარო სამსახურის ბიუროს“ მიერ გაცემული ცნობა, იმის შესახებ, რომ ბავშვის მშობელი (დედა) არ არის მოქმედი საჯარო მოსამსახურე.

დეკრეტული შვებულების ანაზღაურების ოდენობა განსაზღვრულია ჯამურად არაუმეტეს 1000 ლარისა, შემდეგი პრინციპით:

ორივე დასაქმებული მშობლის მიერ შვებულების გამოყენების შემთხვევაში, გამოყენებული დღეების პროპორციულად, მაგრამ ჯამურად არაუმეტეს 1000 ლარისა.

ერთ-ერთი დასაქმებული მშობლის მიერ შვებულების გამოყენების შემთხვევაში-ჯამურად არაუმეტეს 1000 ლარისა.

დასაქმებულ მშობელს (მამა) ბავშვის მოვლის გამო შვებულების დახმარება არ მიეცემა, იმ შემთხვევაში თუ საჯარო მოსამსახურე დედამ სრულად ან ნაწილობრივ ისარგებლა ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებით.

დასაქმებულს, რომელიც იმავდროულად არის საჯარო მოსამსახურე, ორსულობისა და მშობიარობის, ასევე ბავშვის მოვლის გამო შვებულების დახმარება არ მიეცემა. 

წაიკითხეთ სრულად