Baby Bag

მეცნიერების მტკიცებით, ორსულმა ქალბატონებმა ალკოჰოლური სასმელი განსაკუთრებულ შემთხვევებშიც არ უნდა მიირთვან

მეცნიერების მტკიცებით, ორსულმა ქალბატონებმა ალკოჰოლური სასმელი განსაკუთრებულ შემთხვევებშიც არ უნდა მიირთვან
ორსული ქალბატონების ნაწილი ალკოჰოლის მიღებაზე კატეგორიულ უარს აცხადებს, ნაწილს კი განსაკუთრებულ შემთხვევებში მცირედი ალკოჰოლური სასმელის დაგემოვნება დიდ სიამოვნებას ანიჭებს. ცნობილია, რომ ალკოჰოლი ნაყოფის განვითარებაზე უარყოფითად ზემოქმედებს, თუმცა ზოგიერთი მომავალი დედა თვლის, რომ ალკოჰოლის მცირე დოზით მიღება ამ მხრივ აბსოლუტურად უსაფრთხოა.

უახლესი კვლევებით ​დგინდება, რომ განსაკუთრებულ შემთხვევებში ერთი ჭიქა ღვინის ან შამპანიურის მირთმევაც კი ნაყოფისთვის ზიანის მომტანია. „ფსიქოლოგიის ჟურნალში“ გამოქვეყნებული კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ორსულ ვირთხებს, რომლებსაც მკველვრები მცირე დოზით ალკოჰოლს ასმევდნენ, ინსულინ რეზისტენტობა უვითარდებოდათ, რაც მამრობითი სქესის ნაშიერებში დიაბეტის განვითარებას უწყობდა ხელს. აღნიშნული ექსპერიმენტის დროს ვირთხებს მცირე დოზით ალკოჰოლს მხოლოდ ორი დღის მანძილზე აძლევდნენ. ყველა ორსული ვირთხის მამრ ნაშიერს დაახლოებით 6 თვის ასაკში დიაბეტი განუვითარდა.
მოცემულმა კვლევამ ალკოჰოლის მიღებით გამოწვეული ზიანი მხოლოდ მამრობითი სქესის ნაშიერებში აღმოაჩინა, რაც იმით აიხსნება, რომ პლაცენტა პრენატალურ სტრესზე განსხვავებულად რეაგირებს და აღნიშნული რეაქციის სიმძაფრე ნაყოფის სქესზეა დამოკიდებული. მკვლევრები ორსულ ქალბატონებს მოუწოდებენ ალკოჰოლის მიღებისგან თავი მაქსიმალურად შეიკავონ. თუ ორსულობას გეგმავთ, ალკოჰოლზე უარის თქმა მოგიწევთ. იმ შემთხვევაში თუ ქალბატონს ორსულობის სიმპტომები გამოეპარება და პირველი ტრიმესტრის მანძილზე ალკოჰოლურ სასმელს რამდენჯერმე მიიღებს, შემდგომში აუცილებლად მოუწევს მკაცრი დიეტის დაცვა და ალკოჰოლურ სასმელზე უარის თქმა. მეგობრებმა, ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა ორსულ ქალბატონებს აუცილებლად უნდა შეუქმნან ისეთი გარემო, სადაც მათ ალკოჰოლით არ აცდუნებენ.
მეანების გარკვეულ ნაწილს მიაჩნია, რომ ქალბატონებს პირველი ტრიმესტრის შემდეგ ალკოჰოლის მცირე დოზით მიღება თამამად შეუძლიათ. ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში კი ალკოჰოლის მიღება ორსულობის დროს ნორმად მიიჩნევა, რადგან ითვლება, რომ ერთი ჭიქა ღვინო ნაყოფს ზიანს ვერ მიაყენებს, თუმცა არავინ იცის, რა რაოდენობის ალკოჰოლის მიღებაა ორსული ქალბატონისთვის უსაფრთხო. უახლესი კვლევებით დასტურდება, რომ ალკოჰოლის ნებისმიერი სახეობა და ნებისმიერი დოზა ნაყოფისთვის ზიანის მომტანია. სწორედ ამიტომ, ორსულობის დროს ერთი ჭიქა ღვინის ან ლუდის დალევისგანაც თავის შეკავება გმართებთ.
წყარო: moms.com
თარგმნა ია ნაროუშვილმა

შეიძლება დაინტერესდეთ

რატომ არის მნიშვნელოვანი მეუღლის თანადგომა და მხარდაჭერა მშობიარობის პროცესში? - პედიატრი ქეთი ნემსაძე

რატომ არის მნიშვნელოვანი მეუღლის თანადგომა და მხარდაჭერა მშობიარობის პროცესში? - პედიატრი ქეთი ნემსაძე

პედიატრმა ქეთი ნემსაძემპარტნიორული მშობიარობის დადებით მხარეებზე ისაუბრა:

„როდესაც არის პარტნიორული მშობიარობა, ოჯახის გაკეთილშობილება და დაახლოება ხდება. ეს არის უკვე მეცნიერულად დადასტურებული. საბედნიეროდ საქართველოში უკვე მიმდინარეობს პარტნიორული მშობიარობის დანერგვა. განათლებულ საზოგადოებას შეუძლია მშობიარობის პროცესში მამაკაცისა და ქალის დაახლოება. ქალსა და ბავშვს შორის არსებობს მიჯაჭვულობა. ეს არის ის უხილავი ჯაჭვი, რომელსაც არ უნდა სწავლება. ეს უხილავი ჯაჭვი, რომელიც ქალისთვის ერთობ ბუნებრივია, არაჩვეულებრივად ჩამოყალიბდა იმ სამშობიარო სახლებში, სადაც დაბადებისთანავე ბავშვი მოათავსეს მამის მკერდზე, როდესაც დედას არ ჰქონდა ამის შესაძლებლობა. ჩამოყალიბდა ე.წ. მამა-შვილის მიჯაჭვულობა.

რა მნიშვნელობა აქვს მამა-შვილის მიჯაჭვულობას? სწორედ ეს მიჯაჭვულობა არის საფუძველი კეთილშობილების, დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების უნარისა და კრიტიკული აზროვნების. პარტნიორული მშობიარობის წყალობით, მამაკაცებში ვითარდება მიჯაჭვულობა, ქალბატონების მიმართ პატივისცემა, ისინი ხდებიან შვილის დაბადების თანამონაწილე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

ჩვენ ერთად უნდა ავაშენოთ ისეთი საზოგადოება, სადაც დაინგრევა ყველა ტოტალიტარული დოქტრინა და ქალბატონი თუნდაც მშობიარობის დროს გახდება ცენტრალური პიროვნება. მეანი კი არ უბრძანებს მას, როგორ პოზაში იმშობიაროს, არამედ მეანიც, მეუღლეც და ირგვლივ ყველანი აეწყობიან ფიზიოლოგიური პროცესის ნორმალურად წარმართვისკენ,“- აღნიშნა ქეთი ნემსაძემ.

წყარო: ​EECMD 

წაიკითხეთ სრულად