Baby Bag

მეცნიერების მტკიცებით, ორსულობისას წონაში მატების მაჩვენებელი ნაყოფის სქესზეა დამოკიდებული

მეცნიერების მტკიცებით, ორსულობისას წონაში მატების მაჩვენებელი ნაყოფის სქესზეა დამოკიდებული
ადამიანების გარკვეული ნაწილი თვლის, რომ ორსულობის სიმპტომებზე დაკვირვებით ბავშვის სქესის დადგენა შესაძლებელია. როგორც წესი, მსგავსი წარმოდგენები მითოლოგიურ ხასიათს ატარებს და რეალობასთან კავშირი ნაკლებად აქვს. მიუხედავად ამისა, ფაქტებით დასტურდება, რომ ორსული ქალის წონაში მატების მაჩვენებელი ხშირად სქესის დადგენის საშუალებას გვაძლევს. რაც უფრო მეტ კილოგრამს იმატებთ ორსულობისას, მით მეტია ალბათობა იმისა, რომ თქვენ ბიჭის დედა გახდებით. აღნიშნული დასკვნის გამოტანა უახლეს კვლევებზე დაყრდნობით მოხერხდა.

მკვლევარებმა 70 მილიონიამდე მშობიარე ქალბატონი გამოიკვლიეს და დაადგინეს, რომ ორსულები, რომლებიც მამრობითი სქესის ნაყოფს ატარებდნენ, წონაში გაცილებით მეტს იმატებდნენ, ვიდრე გოგონების მომავალი დედები.
იმ ქალბატონების 49 %, რომლებიც ორსულობისას წონაში 10 კილოგრამამდე იმატებდნენ, მამრობითი სქესის ნაყოფს ატარებდა. წონის 20 კილოგრამით ან მეტით მატების შემთხვევაში, იმ მშობიარეთა რიცხვი, რომლებიც ბიჭებს აჩენდნენ 52 პროცენტზე მაღალი იყო. ხოლო წონაში 30 ან მეტი კილოგრამის მატების დროს, ქალბატონების 54 %-ზე მეტი მამრობითი სქესის ნაყოფს ატარებდა.
კვლევის ერთ-ერთი ხელმძღვანელის ექიმ კრისტენ ნავარას თქმით, შესაძლოა, მიღებული შედეგი მამრობითი სქესის ჩანასახის თავისებურებებიდან გამომდინარე აიხსნას. მამრობითი სქესის ემბრიონსა და ნაყოფს სრულფასოვანი განვითარებისთვის კალორიების სახით მდედრობითი სქესის ნაყოფთან შედარებით მეტი ენერგიის მიღება ესაჭიროება.

ქალბატონების ნაწილი მკვლევარების მიერ გამოტანილ დასკვენს ნაკლებად სარწმუნოდ მიიჩნევს, რადგან, მათი თქმით, წონაში ორივე სქესის ნაყოფის ტარებისას ერთნაირად მოიმატეს. კვლევის ორგანიზატორები კი გვარწმუნებენ, რომ სტატისტიკა საპირისპიროზე მეტყველებს.

მომზადებულია ​parents.com

თარგმნა ია ნაროუშვილმა

შეიძლება დაინტერესდეთ

„ხერხემლის დეფორმაციის მხრივ საყურადღებო ასაკი არის რვიდან ათ წლამდე,“ - პროფესორი ირაკლი ვარძუკაშვილი

„ხერხემლის დეფორმაციის მხრივ საყურადღებო ასაკი არის რვიდან ათ წლამდე,“ - პროფესორი ირაკლი ვარძუკაშვილი

პროფესორმა ირაკლი ვარძუკაშვილმა ბავშვებში ხერხემლის დეფორმაციის გამომწვევ მიზეზებსა და დიაგნოსტირების მეთოდებზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ დეფორმაციის პირველი ნიშანი ტანდეგობის დარღვევაა:

„ტკივილი მოდის უკვე ჩამოყალიბებული ხერხემლის დეფორმაციის დროს. ​პირველი ეტაპი არის ვიზუალური დეფორმაციის შემჩნევა. ამას ვეძახით ტანდეგობის დარღვევას. ხერხემლის დეფორმაციის გამომწვევი მიზეზი ჩამოყალიბებული არ არის. ზოგი ამბობს, რომ მიზეზი მყესოვან-იოგოვანია, ზოგი ამბობს, რომ არის კუნთოვანი. შემთხვევების 80 %-ში არის იდიოპათიური, მიზეზი უცნობია.“

ირაკლი ვარძუკაშვილის თქმით, ხერხემლის დეფორმაციის დიაგნოსტირებისთვის საყურადღებო ასაკი რვიდან ათ წლამდეა:

„საყურადღებო ასაკი არის რვიდან ათ წლამდე. საყურადღებოა გოგოებში მენსტრუაციის დაწყებიდან ორი წელი, ბიჭებში წვერ-ულვაშის წამოვსლიდან 2-3 წელი. ხერხემლის დეფორმაციების დიაგნოსტირება ძირითადად ხდება ბავშვთა ასაკში. პირველი რუტინული გასინჯვა შეიძლება ჩატარდეს, როდესაც ბავშვი მიდის პირველ კლასში. მისი ცხოვრება გადადის ბავშვობიდან შედარებით „სტრესულ“ მდგომარეობაში. გარკვეული ეტაპი ის სკოლაში ზის, ჩანთა უნდა ატაროს. ამ ეტაპზე თუ იქნება პროფილაქტიკური გასინჯვა, სასურველია.“

„ბავშვი პირველ ეტაპზე უნდა შემოწმდეს პედიატრის მიერ. თუ არის ვიზუალური დისბალანსი მხრებს შორის, ბეჭებს შორის, აუცილებლად უნდა დაიგეგმოს ორთოპედის კონსულტაცია. ​თუ არ იქნება ადრეული დიაგნოსტიკა, ეს გამოიწვევს ინვალიდობას. ინვალიდობა ნიშნავს, როდესაც ადამიანი არის შრომისუუნარო. არ არის აუცილებელი, რომ ადამიანს ტკივილი ჰქონდეს. ადამიანი, რომელიც ცხოვრობს დისკომფორტით, ეს უკვე დიდი პრობლემაა,- აღნიშნულ საკითხებზე ირაკლი ვარძუკაშვილმა ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემაში „დილა ფორმულაზე“ ისაუბრა.

წყარო: ​„დილა ფორმულაზე“

qs-არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის შექმნა ახალი სივრცე. გაწევრიანდით ჯგუფში ჯანმრთელობა-qe-

წაიკითხეთ სრულად