Baby Bag

ორსული ქალბატონები ხშირად მუცლად მყოფ ნაყოფს ბევრად მეტ ყურადღებას უთმობენ, ვიდრე მეუღლეებს

ორსული ქალბატონები ხშირად მუცლად მყოფ ნაყოფს ბევრად მეტ ყურადღებას უთმობენ, ვიდრე მეუღლეებს

ორსულობა ცოლ-ქმრის ურთიერთობას რადიკალურად ცვლის. შეცვლილი სხეულის ფორმების, გუნება-განწყობის, ჰორმონალური ფონისა და გაზრდილი მუცლის გამო ქალბატონებს მეუღლეებთან ურთიერთობა ხშირად უძნელდებათ. როგორც წესი, ორსულები დღის გარკვეულ მონაკვეთში მეუღლესთან განსაკუთრებულ სიახლოვეს გრძნობენ, შემდეგ კი მოულოდნელად იზოლაციისა და მარტოსულობის შეგრძნება უჩნდებათ. თუ ასეთ დროს მეუღლის მხრიდან ემოციურ მხარდაჭერას არ იგრძნობთ, შესაძლოა, თქვენი ურთიერთობა მნიშვნელოვნად გაუარესდეს და კონფლიქტების თავიდან აცილება ვერ შეძლოთ. უსიამოვნებების თავიდან ასარიდებლად ყურადღებით გაეცანით ჩვენს სტატიაში შემოთავაზებულ რჩევებს.

როგორ უნდა შევინარჩუნოთ ჯანსაღი ურთიერთობა მეუღლესთან ორსულობის პერიოდში?
მეუღლესთან ჯანსაღი ურთიერთობის შენარჩუნება ორსულობასთან დაკავშირებული მთელი რიგი ცვლილებების ფონზეც სავსებით შესაძლებელია. იმისთვის, რომ თქვენს მეორე ნახევართან რომანტიკული ურთიერთობის შენარჩუნება შეძლოთ, შემდეგი რჩევები გაითვალისწინეთ:
• შეცვალეთ თქვენი ყოველდღიური რუტინა
იმის ნაცვლად, რომ მეუღლესთან შეცვლილი ყოველდღიური რუტინის გამო დაუსრულებლად იკამათოთ, ეცადეთ, ცვლილებებს შეეგუოთ. თქვენს მეორე ნახევართან ერთად სპორტული აქტივობებით დაკავების და შემდეგ დაღლილობის გამო წუწუნის ნაცვლად, ეცადეთ, უპირატესობა რელაქსაციურ პროცედურებს მიანიჭოთ. მეუღლესთან ერთად სპა ცენტრებსა და სალონებში იარეთ, რათა თავი მშვიდად იგრძნოთ, ამასთან რომანტიკული განწყობაც შეიქმნათ. ეცადეთ, მხოლოდ ისეთი აქტივობებით დაკავდეთ, რომელიც ორივეს გსიამოვნებთ. რაც უფრო მეტ მოქნილობას გამოავლენთ, ცვლილებებთან ადაპტაცია მეტად გაგიმარტივდებათ.
• გამონახეთ დრო საუბრებისთვის
ჯანსაღი ურთიერთობის შესანარჩუნებლად პარტნიორთან საუბარი აუცილებელია. ორსულობის დროს გინეკოლოგთან გახშირებული ვიზიტების, კვების, თავის მოვლისა და სხვა მნიშვნელოვანი პროცედურების გამო, შესაძლოა, მეუღლესთან სასაუბროდ დრო იშვიათად გქონდეთ. მიუხედავად დატვირთული რეჟიმისა, აუცილებლად გამონახეთ დრო, რათა მეუღლეს საკუთარი ფიქრები და განცდები გაუზიაროთ. ყურადღებით მოუსმინეთ მის სათქმელს და განვლილი დღე ერთად შეაჯამეთ. აუცილებლად ისაუბრეთ ისეთ თემებზე, რომლებიც ორივესთვის მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია. მსგავსი საუბრები თქვენს ურთიერთობაზე დადებითად აისახება და თითოეული მათგანის პიროვნულ ზრდასაც შეუწყობს ხელს.
• მეუღლეს მეტი ყურადღება დაუთმეთ
ორსული ქალბატონები ხშირად მუცლად მყოფ ნაყოფს ბევრად მეტ ყურადღებას უთმობენ, ვიდრე მეუღლეებს. აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება თქვენს მეორე ნახევარს. მსგავსი დამოკიდებულებით თქვენს მეუღლეს მარტოობის და იზოლაციის გრძნობებს გაუქარწყლებთ და დაარწმუნებთ, რომ ბავშვი თქვენს ურთიერთობას უფრო ამყარებს.
• ურთიერთობაში ინტიმურობა შეინარჩუნეთ
ორსულ ქალბატონებს მეუღლეებთან ახლო ფიზიკური ურთიერთობის შენარჩუნება ძალიან უძნელდებათ. პირველ ტრიმესტრში გულისრევის, თავბრუსხვევისა და სისუსტის უსიამოვნო შეგრძნებები სექსისადმი ინტერესს გაგიქრობთ. მეორე ტრიმესტრიდან კი გაზრდილი მუცელი სექსუალური ურთიერთობისას სერიოზულ ხელისშემშლელ ფაქტორად იქცევა. მსგავს შემთხვევებში აუცილებლად გაესაუბრეთ თქვენს მეუღლეს და აღნიშნული პრობლემის მოგვარების გზები ერთობლივად გამონახეთ. გულწრფელი დამოკიდებულება და პრობლემებზე ხმამაღლა საუბარი თქვენს ურთიერთობას უფრო რომანტიკულს გახდის და ინტიმურობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.
როგორ ცვლის ორსულობა ცოლ-ქმრის ურთიერთობას?
ორსულობა 9 თვეს გრძელდება, შესაბამისად ის ურთიერთობებზე მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს. ცვლილებებისთვის სათანადო მზადყოფნა მათთან გამკლავებაში ძალიან დაგეხმარებათ.
• ორსულობის ეტაპზე თქვენ პარტნიორზე იმაზე მეტად დამოკიდებული გახდებით, ვიდრე იყავით. გინეკოლოგთან ვიზიტისას, იოგას კლასებზე სიარულისას თუ სხვა მნიშვნელოვანი აქტივობებით დაკავებისას, თქვენ მეუღლის მხარდაჭერა დაგჭირდებათ. შესაძლოა, ხშირად გაგიჩნდეთ შეგრძნება, რომ თქვენი ქმარი სირთულეებთან მარტო გტოვებთ.
• თქვენი მეუღლე თავს ხშირად მიტოვებულად და მარტოსულად იგრძნობს, რადგან თქვენი ყურადღება უმეტესად მუცლად მყოფ ბავშვს დაეთმობა. ორსული ქალბატონების მეუღლეების უმრავლესობა ინტიმურობის და სიახლოვის ნაკლებობას უჩივის.
• სექსუალური სიახლოვის ნაკლებობა თქვენს ურთიერთობაზე ნეგატიურად აისახება და ხშირად კონფლიქტის მიზეზადაც იქცევა.
რის გამო კამათობენ მეუღლეები ორსულობის პერიოდში?
არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად ახლო ურთიერთობა გაქვთ თქვენს მეუღლესთან, ორსულობის ეტაპზე, შესაძლოა, მასთან ყოველდღიურად იკამათოთ. გუნება-განწყობის ხშირი ცვლილებები, სიახლოვის და ურთიერთგაგების ნაკლებობა მეუღლეებს შორის მწვავე დაპირისპირების მიზეზი ხდება. ქვემოთ იმ პრობლემებზე გესაუბრებით, რომელთა გამო მეუღლესთან ურთიერთობის გაფუჭების საფრთხე გემუქრებათ.
• ბავშვისთვის სახელის შერჩევა
ბავშვისთვის სახელის შერჩევა მშობლებს ძალიან უძნელდებათ და აღნიშნული საკითხის გამო ხშირად მწვავედაც კამათობენ. შესაძლოა, თქვენს მეუღლეს თქვენ მიერ შერჩეული დიდი ბებიის ან ბაბუის სახელი არ მოეწონოს, თქვენ კი მისი იდეები დაიწუნოთ. ეს ყოველივე თქვენს შორის კონფლიქტს გააღვივებს და შესაძლოა, ყველაფერი სასტიკი დაპირისპირებითაც დასრულდეს.
ეცადეთ, მეუღლისადმი მეტი მოთმინება გამოიჩინოთ. მისგან მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ შეცვლას ნუ მოითხოვთ. პირველ რიგში, თქვენი არჩევანის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეთ და მის რეაქციას დააკვირდით. შემდეგ მის არგუმენტებს გაეცანით. მსგავსი დამოკიდებულება ერთმანეთის გრძნობებისა და შეხედულებების უკეთ გაგებაში დაგეხმარებათ. თუ მეუღლეს ყურადღებით მოუსმენთ, კონსენსუსამდე მარტივად მიხვალთ.
• ყურადღების დეფიციტი
ორსულობის ეტაპზე თქვენ მეტად მომთხოვნი და სენტიმენტალური გახდებით, რის გამოც მეუღლეს ხშირად უყურადღებობაში დაადანაშაულებთ. შესაძლოა, იფიქროთ, რომ მისგან სათანადო მხარდაჭერას ვერ იღებთ, რაც კონფლიქტის მიზეზად იქცევა. იმის ნაცვლად, რომ მეუღლე გამუდმებულ ტერორში ამყოფოთ და მისგან 24 საათიანი მხარდაჭერა მოითხოვოთ, ეცადეთ, თქვენს შეგრძნებებზე მეგობრებს გაესაუბროთ. თუ ისეთი ახლობელი გყავთ, რომელიც ბავშვს ელოდება, მასთან საუბარი დიდ სიამოვნებას მოგანიჭებთ. თუ გულისრევა და დაღლილობა მეტისმეტად გაწუხებთ, აღნიშნულ საკითხზე თქვენს მკურნალ ექიმს გაესაუბრეთ. დახმარებისთვის ყოველთვის მეუღლეს არ უნდა მიმართოთ.
• პრობლემები სექსუალურ ურთიერთობებში
თქვენი მეუღლე აღფროთოვანებულია იმ ცვლილებებით, რომელიც ორსულობამ მოგიტანათ. მიუხედავად ამისა, თქვენ ფიქრობთ, რომ მისთვის ძველებურად მომხიბლავი და სასურველი არ ხართ. ცხადია, გაზრდილი მუცლის ზომისა და ორსულობასთან დაკავშირებული სხვა ცვლილებების გამო, ის თქვენთან ურთიერთობისას მეტ სიფრთხილეს იჩენს და სექსუალური ლტოლვაც ნელდება, რაც თქვენ გაღიზიანებთ. ხშირად სექსის ნაკლებობა პარტნიორებს შორის სერიოზული კონფლიქტის მიზეზი ხდება. უმჯობესია, თუ აღნიშნულ საკითხს დროებით მოვლენად განიხილავთ და მას იუმორით შეხედავთ. პოზიტიური დამოკიდებულება თქვენც და თქვენს მეუღლესაც პრობლემის მარტივად გადაჭრაში დაგეხმარებათ.
• ფინანსური საკითხები
ბავშვის მოლოდინი თქვენს ხარჯებს მნიშვნელოვნად ზრდის. მატერიალური პრობლემები ოჯახის ფინანსურ სტაბილურობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის, რაც მეუღლეებს შორის დაპირისპირების კიდევ ერთი მიზეზია. იმის ნაცვლად, რომ აღნიშნული პრობლემის გამო გამუდმებით იკამათოთ, უმჯობესია, თქვენს მეორე ნახევართან ერთად მშვიდად ისაუბროთ და ოჯახის ბიუჯეტი წინასწარ დაგეგმოთ. მოულოდნელი და გაუთვალისწინებელი ხარჯებისთვის თანხები აუცილებლად გადაინახეთ, რათა შემდგომ სტრესულ ვითარებაში არ აღმოჩნდეთ.
• ოჯახის წევრებისგან ზედმეტი ყურადღების გამომჟღავნება
ორსული ქალის მიმართ მეუღლის ოჯახის წევრები განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენენ. როგორც წესი, მას არც საკუთარი ოჯახისგან აკლია მხარდაჭერა, თუმცა ზოგჯერ ცოლ-ქმრის ცხოვრებაში ხშირი ჩარევა პარტნიორებისთვის შემაწუხებელი ხდება, რაც კონფლიქტს აღვივებს. ეცადეთ, მეტი მოთმინება გამოიჩინოთ. ბავშვის მოლოდინი ყველა თქვენი ახლობლისთვის ამაღელვებელია. თუ ისინი მეტისმეტად არ ერევიან თქვენს ოჯახურ ურთიერთობებში, მათთან უხეშობა არ უნდა გამოიჩინოთ. თუ ფიქრობთ, რომ მეუღლის ოჯახის წევრები ყოველგვარ ზღვარს გადავიდნენ, აუცილებლად დაელაპარაკეთ თქვენს მეორე ნახევარს.
მეუღლეებს შორის დაპირისპირება ნაყოფის განვითარებაზე ნეგატიურად აისახება
მეუღლესთან გახშირებულმა კონფლიქტმა, შესაძლოა, მომავალი დედა დეპრესიაში ჩააგდოს, რაც ბავშვის ჯანმრთელობას სერიოზული საფრთხის წინაშე აყენებს. ხშირ შემთხვევაში, ხანგრძლივი სტრესი ნაადრევ მშობიარობას იწვევს. დედის დეპრესიული განწყობები ნაყოფის ნორმალურ განვითარებას ხელს უშლის და მის ჯანმრთელობას მრავალმხრივ აზიანებს.
ძლიერი სტრესი ორსულ ქალბატონებში არტერიული წნევის მატებას, ჰორმონალური ბალანსის დარღვევას და ნაყოფის დაკარგვასაც კი იწვევს. შესაძლოა, მეუღლესთან ხშირმა კონფლიქტმა მშობიარობის შემდგომი დეპრესიის განვითარებასაც შეუწყოს ხელი. სწორედ ამიტომ, ორსულობის ეტაპზე ცოლ-ქმარს შორის ურთიერთგაგების არსებობა აუცილებელია. ეცადეთ, მეუღლესთან კონფლიქტს მაქსიმალურად ერიდოთ და თქვენს ურთიერთობას გაუფრთხილდეთ. 

მომზადებულია ​momjunction.com-ის მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა

შეიძლება დაინტერესდეთ

„ბავშვი რომ გავაჩინე, მთხოვა, ფოტო გადაუღე და გამომიგზავნე, დამარწმუნე, რომ ნამდვილად ბიჭიაო,“ - ხატია სიჭინავა მეოთხე შვილის დაბადების ამბავს იხსენებს

რამაზ ნოზაძე თოქ-შოუ „პროფილში“ მეოთხე შვილის დაბადების ისტორიას იხსენებს:

„მოვიდა გმირი და თქვა, რომ ორსულად ვარო, ვუთხარი, გავაჩინოთ-მეთქი. წავიდა, მოვიდა გმირი და ბიჭი მყავსო, ასე თქვა. ვერ დავიჯერე, რომ სამი გოგოს მერე ბიჭი იქნებოდა. შესამოწმებლად რომ მიდიოდა, არ მივყვებოდი. ბოლოს კარანტინის დროს გავყევი, რომ შევხედე, მაშინვე დავრწმუნდი, რომ ბიჭი იყო. ამაში დავრწმუნდი და ძალიან მესიამოვნა კიდეც.“

ხატია სიჭინავას თქმით, მეუღლეს ბავშვის სქესში ეჭვი ბოლო წუთამდე ეპარებოდა:

„ბავშვი რომ გავაჩინე, მთხოვა, ფოტო გადაუღე და გამომიგზავნე, დამარწმუნე, რომ ნამდვილად ბიჭიაო. ბოლო წუთამდე ეჭვი ეპარებოდა.“

„ახლაც კი ვერ შემიგნია, ამდენი ხნის მერე, რომ ბიჭის მამა ვარ. ნელ-ნელა ვაცნობიერებ, რა სხვანაირი შეგრძნებები მაქვს ბიჭის გამო. ამდენი გოგოს მერე როგორ უნდა მიყვარდეს, ცოტა სხვანაირად გავიგე ეს ყველაფერი. ალბათ, დროთა განმავლობაში ეს გრძნობა კიდევ უფრო გამიძლიერდება,“ - აღნიშნავს რამაზ ნოზაძე.

ხატია სიჭინავას თქმით, მასაც ძალიან უჭირს იმის დაჯერება, რომ მისი მეოთხე შვილი მამრობითი სქესისაა:

„მე საერთოდ საოცრება მჭირს, ბავშვი ხელში რომ მიჭირავს, სულ გოგოთი მივმართავ. იმდენად მიჩვეული ვარ, რომ სულ გოგო მეჭირა ხელში. სანამ პამპერსის გამოცვლას არ დავუწყებ, სულ მგონია, რომ გოგო მიჭირავს.“

„თვალები ნელ-ნელა უღიავდება, მამიკოს თვალები უნდა ჰქონდეს. დილით რომ გულზე დავიწვენ, სულ სხვა განცდები მოდის, ესეც მეღირსა. ღმერთმა მომცა იმის საშუალება, რომ შემეგრძნო ბიჭის სიყვარული როგორია. მადლობა ღმერთს, რომ მომცა ყველაფერი, რასაც კაცი ინატრებდა. ვისაც გოგოები ჰყავს და ბიჭიც უნდა, ვეტყვი, რომ არ მოდუნდნენ. ყველა მეუბნებოდა, მარტო გოგოები გყავსო, აჰა, ხომ არის ბიჭი. ახლა რაღაც იტყვიან?!“ - აცხადებს რამაზ ნოზაძე.

ხატია სიჭინავა აღნიშნავს, რომ პანდემიის გამო მის ოჯახს საფრთხე არ შექმნია:

„ჩემთვის ძალიან ძნელი იყო, ორსულობის ბოლო ორი თვე კარანტინს დაემთხვა, თუმცა ყველაფერმა ძალიან მშვიდობიანად ჩაიარა. რაც მთავარია, თბილისში არ გავჩერდით, ამოვედით აგარაკზე, სადაც არც კორონავირუსი იგრძნობა და მესამე მსოფლიო ომი რომ დაიწყოს, იმასაც ვერ გავიგებთ. სიმწვანე, ბუნება, სიმშვიდე და მარტო ჩვენ, ოჯახი, აქ ასე ვართ.“

„სახელად მიქაელის დარქმევა გვინდოდა, მაგრამ გიორგობას დაიბადა. ამიტომ ორი სახელი დავარქვით, გიორგი-მიქაელი ნოზაძე, ძალიან კარგი სახელი გამოვიდა.“ - აღნიშნავს რამაზ ნოზაძე.

წაიკითხეთ სრულად