Baby Bag

მეცნიერების ახალი აღმოჩენა: სოკოს ორსულების სიკვდილიანობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზის - პრეეკლამფსიის სიმპტომების შემსუბუქება შეუძლია

მეცნიერების ახალი აღმოჩენა: სოკოს ორსულების სიკვდილიანობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზის - პრეეკლამფსიის სიმპტომების შემსუბუქება შეუძლია
უახლესი კვლევით დგინდება, რომ სოკოში შემავალ ერთ-ერთ ნივთიერებას პრეეკლამფსიის გარკვეული სიმპტომების შემსუბუქება შეუძლია. პრეეკლამფსია საკმაოდ რთული პათოლოგიაა, რომელიც ორსულობის პერიოდში იჩენს თავს. მას მძიმე მიმდინარეობა ახასიათებს. პრეეკლამფსია დედების სიკვდილიანობის ერთ-ერთ მთავარ გამომწვევ მიზეზად გვევლინება. ის სერიოზულ საფრთხეს უქმნის ნაყოფის ჯანმრთელობასაც. პრეეკლამფსიის მკურნალობის სტანდარტული მეთოდი არ არსებობს. მისი სიმპტომებისგან გათავისუფლება მხოლოდ მშობიარობის გზით არის შესაძლებელი. თუ პრეეკლამფსია ორსულობის ადრეულ ეტაპზე ვლინდება, ნაადრევი მშობიარობის რისკი მნიშვნელოვნად იზრდება.

ლივერპულის უნივერსიტეტის მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ სოკოს შემადგენლობაში შემავალი ძლიერი ანტიოქსიდანტი L-ergothioneine პრეეკლამფსიის გარკვეულ სიმპტომებს მნიშვნელოვნად ამსუბუქებს. კვლევის ერთ-ერთი ორგანიზატორის, პროფესორ ლუის კენის განცხადებით, მსოფლიო მასშტაბით დედათა და შვილთა სიკვდილიოანობის უპირველესი გამომწვევი მიზეზი სწორედ პრეეკლამფსიაა, მისგან განკურნების გზები კი არ არსებობს. ლუის კენის თქმით, L-ergothioneine-ის თერაპიული მნიშვნელობის სიღრმისეულად შესწავლა პრეეკლამფსიის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი მეთოდების შემუშავებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
მკვლევარები ვარაუდობენ, რომ პრეეკლამფსიის გამომწვევი მიზეზი პლაცენტიდან გამოყოფილი გარკვეული მავნე ნივთიერებების მოქმედებაა, რომლებიც დედის ორგანიზმში ნორმალური ბიოლოგიური პროცესების მიმდინარეობას აფერხებენ. მიტოქონდრიალური ფუნქციების შეფერხება კი ოქსიდაციური სტრესის გამომწვევი მიზეზი ხდება. L-ergothioneine ძლიერი მიტოქონდრიალური ანტიოქსიდანტია, რომელიც ძალიან ბევრ საკვებ პროდუქტში გვხვდება, თუმცა ადამიანისთვის ამ მხრივ ყველაზე ხელმისაწვდომი რესურსი სოკოა.
„ჩვენ გვსურდა შეგვემოწმებინა L-ergothioneine-ის გავლენა პრეეკლამფსიის გარკვეულ სიმპტომებზე. კვლევები ორსულ ვირთხებზე ჩავატარეთ. როგორც აღმოჩნდა, აღნიშნულ ანტიოქსიდანტს არტერიული წნევის დარეგულირების, ემბრიონის განვითარების ხელშეწყობისა და პლაცენტიდან გამოყოფილი მავნე ნივთიერებების მოცულობის შემცირება ნამდვილად შეუძლია. გარდა ამისა, L-ergothioneine-ს ოქსიდაციური სტრესის შემსუბუქების უნარიც შესწევს,“ - ნათქვამია კვლევის ორგანიზატორთა განცხადებაში.

ლივერპულის უნივერსიტეტის პროფესორის დუგლას კელის განცახდებით, სოკოში აღმოჩენილი ანტიოქსიდანტი ორგანიზმისთვის საოცრად სასარგებლოა. ძუძუმწოვრები კი მის ათვისებას სრულად ახერხებენ. მკვლევარები თვლიან, რომ კვლევის შედეგები ძალიან საიმედოა. ვირთხებზე ჩატარებული კვლევების შემდეგ L-ergothioneine-ის ეფექტურობა თვალსაჩინო გახდა. მკვლევარები იმედოვნებენ, რომ კვლევის შედეგები პრეეკლამფსიის მკურნალობის სტრატეგიების შემუშავებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.

L-ergothioneine ბუნებრივი და უსაფრთხო ანტიოქსიდანტია, რომელიც მაღალი თერაპიული პოტენციალით გამოირჩევა, თუმცა საბოლოო აღიარებამდე მას არაერთი სამედიცინო გამოცდის ჩაბარება მოუწევს.

მომზადებულია https://medicalxpress.com/news/2020-02-mushrooms-alleviate-features-pre-eclampsia.html?-ის მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა

არ დაგავიწყდეთ !!!

Moms.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)

შეიძლება დაინტერესდეთ

ცივი შხაპი 3-4 წლის შემდგომ - პედიატრის რჩევა, რომელიც ბავშვის გაკაჟებას უწყობს ხელს

ცივი შხაპი 3-4 წლის შემდგომ - პედიატრის რჩევა, რომელიც ბავშვის გაკაჟებას უწყობს ხელს

პედიატრი, ყარამან ფაღავა საუბრობს, თუ რა უწყობს ხელს ბავშვის გაკაჟებას და რა დროს უშვებს მშობელი შეცდომას, როდესაც საქმე ბავშვის ავადობას ეხება.

​,,სველი ტილოთი ტანის დაზელვა, ცივი შხაპი 3-4 წლის შემდგომ... მე 75 წლის გახლავართ. დაახლოებით, 40-50 წელია, სიცხე არ მქონია. რატომ? ყოველდღე ცივ წყალს ვიღებ, განა არ მეზარება - მეზარება, მაგრამ ამის შემდგომ თავს ისე კარგად ვგრძნობ. ჩვევაშიც მაქვს გადასული.

რასაკვირველია, არცერთ მშობელს აქვს სურვილი, რომ მისი შვილი ავად იყოს. მაგრამ, სამწუხაროდ, ზოგჯერ ასეც ხდება. ძირითადად, რასაკვირველია, უცოდინრობის გამო - საკუთარი ქცევით ხელს უწყობენ იმას, რომ ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს. თავიდან დავიწყოთ - ჩასახვის პერიოდში დედ-მამა რომ ნასვამ მდგომარეობაში ან ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იქნებიან, რა გასაკვირია, რომ ბავშვი ავად იქნება. იგივეა, როცა ორსულობის დროს ქალი სიგარეტს ეწევა", - აღნიშნავს ყარამან ფაღავა. 

წაიკითხეთ სრულად