Baby Bag

ორსულის კანი ულტრაიისფერი სხივებისადმი განსაკუთრებით მოწყვლადი ხდება, რის გამოც ორსულებისთვის მზისგან დამცავი კრემების გამოყენება აუცილებელია

ორსულის კანი ულტრაიისფერი სხივებისადმი განსაკუთრებით მოწყვლადი ხდება, რის გამოც ორსულებისთვის მზისგან დამცავი კრემების გამოყენება აუცილებელია

ორსულობა მარტივი არ არის, განსაკუთრებით ზაფხულის ცხელ თვეებში, როდესაც გცხელათ, ოფლიანობა გაწუხებთ და კომფორტული ტანსაცმლის შერჩევაც გიძნელდებათ. ჩვენს სტატიაში იმ 12 სირთულეს გაგაცნობთ, რომელთან შეჯახება ორსულ ქალბატონებს ზაფხულის განმავლობაში უწევთ.

  • 1.ზაფხულში ორსულებს გამუდმებით სცხელათ

ორსულებს ორგანიზმში სისხლის იმაზე დიდი მოცულობა აქვთ, ვიდრე სხვა ადამიანებს, რის გამოც მათ ზაფხულში სხვებზე მეტად სცხელათ. მოჭარბებულ სისხლის ნაკადთან გასამკლავებლად, ორსული ქალბატონის ორგანიზმში სისხლძარღვები მცირედ განიერდება, რის გამოც სისხლი კანის ზედაპირს უახლოვდება, რაც ორსულების სხეულის ტემპერატურას ზრდის. როდესაც ამ ყოველივეს ზაფხულის სიცხეც ემატება, ქალბატონების მდგომარეობა გაუსაძლისი ხდება.

  • 2.ორსულ ქალბატონებს ფეხები უშუპდებათ

მართალია, ორსულებს ორგანიზმის შეშუპება ხშირად აწუხებთ, მაგრამ ეს ზოგჯერ აუტანელ ხასიათს იძენს. ორსულობის დროს ორგანიზმში სითხე ჭარბად გროვდება, საშვილოსნოს ზრდით გამოწვეული ზეწოლა ფეხის შეშუპებას იწვევს. შეშუპება ზაფხულის ცხელ დღეებში უფრო მატულობს და ორსულებს გადაადგილება უჭირთ, ამასთან მათ ფეხსაცმლის მორგებაც უძნელდებათ.

  • 3.ორსულები ზაფხულში ჭარბი ოფლიანობით იტანჯებიან

იცოდით, რომ ჭარბი ოფლიანობა ორსულობის ერთ-ერთი მთავარი დამახასიათებელი ნიშანია?! ორსული ქალბატონების ორგანიზმში მეტაბოლური პროცესები გაორმაგებული დატვირთვით მიმდინარეობს, რის გამოც გასაგრილებლად ორგანიზმს ოფლის გამოდენა სჭირდება. მნიშვნელოვანია, რომ ამ დროს ორსულმა ქალბატონებმა ბევრი წყალი დალიონ, რათა ორგანიზმი დეჰიდრატაციისგან დაიცვან.

  • 4.ორსულები საზაფხულო კოქტეილებს ვერ მიირთმევენ

ალკოჰოლის მიღება ორსულებს კატეგორიულად ეკრძალებათ, რის გამოც ისინი საზაფხულო კოქტეილების მირთმევას ვერ ახერხებენ. ალკოჰოლი ნაყოფს სერიოზულ ზიანს აყენებს და მისი მიღება ორსულობის დროს დაუშვებელია.

  • 5.ორსულებს საზაფხულო ტანსაცმლის შერჩევა უჭირთ

ორსულ ქალბატონებს ზამთარში ჩაცმა ბევრად უმარტივდებათ, ვიდრე ზაფხულში ლამაზად გამოწყობა. ძალიან რთულია მოხდენილი და ამავდროულად გრილი, კომფორტული სამოსის შერჩევა, რომელიც ორსულის ტანზე იქნება მორგებული.

  • 6.ორსულისთვის მოდურად ჩაცმა მეორე პლანზე ინაცვლებს

ორსულები წონაში მნიშვნელოვნად იმატებენ, რის გამოც თავს კომფორტულად ვერ გრძნობენ. მართალია, თანამედროვე დიზაინერები სპეციალურად მათზე მორგებულ ტანისამოსს კერავენ, მაგრამ შეშუპებული ფეხებისთვის შესაბამისი ფეხსაცმლის შერჩევა ძალიან რთულია, ასევე იმ ტანისამოსისაც, რომელიც ორსულის სხეულს მოუხდება.

  • 7.ორსულებისთვის მზისგან დამცავი კრემების გამოყენება სავალდებულოა

მზისგან დამცავი კრემების გამოყენება ზაფხულში ნებისმიერი ადამიანისთვის რეკომენდებულია, ხოლო ორსულებისთვის - სავალდებულო. ორსულის კანი ულტრაიისფერი სხივებისადმი განსაკუთრებით მოწყვლადი ხდება, რის გამოც მომავალმა დედებმა მზეზე ყოფნის დროს მზისგან დამცავი კრემები აუცილებლად უნდა გამოიყენონ.

  • 8.ორსულებს ზაფხულში ჭარბი ძილიანობა აწუხებთ

მომავალ დედებს მზის გულზე ყოფნის შემდეგ ძილიანობა ხშირად აწუხებთ. მსგავსი დაქანცულობა დეჰიდრატაციით არის გამოწვეული. ჭარბი ოფლიანობის გამო ორსულები ზაფხულში განსაკუთრებით ბევრ სითხეს კარგავენ.

  • 9.ორსულ ქალბატონებს ზაფხულში ბუნებაში ვარჯიში არ გამოსდით

ზაფხულში ბუნებაში ვარჯიში ძალიან სასარგებლო და სასიამოვნოა, თუმცა ორსული ქალბატონებისთვის - არა. მომავალი დედები მაღალ ტემპერატურაზე ფიზიკურ დატვირთვას უნდა ერიდონ. უმჯობესია, თუ ისინი ვარჯიშით დახურულ სივრცეში დაკავდებიან.

  • 10.ორსულმა ზაფხულში დიდი რაოდენობით წყალი უნდა დალიოს

ორსულმა ქალბატონმა ნაყოფის განვითარების ხელშესაწყობად და დეჰიდრატაციის თავიდან ასაცილებლად ზაფხულში რაც შეიძლება ბევრი წყალი უნდა დალიოს. დეჰიდრატაცია ორგანიზმის გადახურებას იწვევს, გარდა ამისა, შეკრულობის რისკიც მატულობს. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ორსულმა ყოველდღიურად დიდი რაოდენობით წყალი მიიღოს.

  • 11.მაღალი ტემპერატურა ორსულ ქალს და ნაყოფს ზიანს აყენებს

ორგანიზმის გადახურება ორსულისა და ნაყოფისთვის ზიანის მომტანია. თუ ორსული ქალბატონის სხეულის ტემპერატურა დადგენილ ზღვარს 10 წუთის მანძილზე აჭარბებს, ნაყოფისა და დედის ჯანმრთელობას სერიოზული საფრთხე ემუქრება.

  • 12.სასურველია, რომ ორსული ზაფხულში სახლში ან სახლთან ახლოს იმყოფებოდეს

ზაფხულში ორსული ქალბატონები, თუ ეს აუცილებლობას არ წარმოადგენს, მზიან ამინდში გარეთ გასვლას უნდა მოერიდონ. კონდიციონერის სიახლოვეს ყოფნა მათ ორგანიზმს გადახურებისგან დაიცავს. მზიან და ცხელ დღეებში ორსულებისთვის რეკომენდებულია პარკში გასეირნება ან გრილ შენობაში ყოფნა. 

მომზადებულია ​Unitypoint.org-ის მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, დედებისთვის შექმნა ახალი სივრცე. მოიწონეთ გვერდი მცოდნე დედები

ქალები, რომლებიც სამშობიარო ბლოკშიც კი არ არიან მაკიაჟის გარეშე
ყველა დედამ იცის, თუ რა ტკივილთან და სტრესთან არის მშობიარობა დაკავშირებული. ზოგიერთი ორსული კი ამ სტრესისგან თავის დაღწევას სამშობიარო ბლოკში მაკიაჟის გაკეთებით უმკლავდება. ამასთან მათ სურთ...
,,ლეგენდა იმის შესახებ, რომ ორსულობა ქალს აახალგაზრდავებს, რა თქმა უნდა, მტკნარი სიცრუეა''
ხატია სიჭინავას და რამაზ ნოზაძის მეოთხე შვილი - მიქაელი უკვე სახლშია. ახალშობილი თავს კარგად გრძნობს. ოთხი შვილის დედა ინსტაგრამზე საკმაოდ აქტიურია და დედებისთვის საინტერესო თემებზე ხშირად წ...
10 სახალისო ილუსტრაცია, რომელიც ორსული ქალბატონების ყოველდღიურობას ასახავს
​ორსულობა ქალის ცხოვრებას მთლიანად ცვლის. ნებისიმიერი ქალბატონის ცხოვრებაში ბავშვის მუცლადყოფნის პერიოდი დაუვიწყარი და განუმეორებელია. ის სავსეა სიხარულით, მღელვარებით და მოლოდინით. ორსულ ქალბატონებს...

შეიძლება დაინტერესდეთ

რჩევები მათთვის, ვისაც ჩაძინება უჭირს

რჩევები მათთვის, ვისაც ჩაძინება უჭირს

ძილის თემაზე ნევროლოგი მარინე ჯანელიძე საუბრობს. მისი თქმით, მელატონინი არის ნივთიერება, რომელიც გვაძინებს. ის გამომუშავდება მაშინ, როცა ბნელდება. გათენებასთან ერთად მისი გამომუშავება მცირდება:

,,არსებობს ადამიანების კატეგორია, რომელთაც განსხვავებული ბიოლოგიური რითმი აქვთ. კვლევებით არის დადგენილი, რომ ,,ბუები'' (ადამიანები, რომლებიც გვიან იძინებენ და გვიან დგებიან) უფრო კრეატიულები არიან.''

ნევროლოგი უძილობის პრობლემასაც ეხება. მისი თქმით, უძილობას ძირითადად იწვევს შფოთვა:

,,ისეთი ცხოვრების რითმი გვაქვს, რომ შფოთვა და ფორიაქი გახდა ჩვენი თანმდევი. მთელი დღის განცდები, ძირითადად უარყოფითი და მით უმეტეს ახლა, პანდემიის პირობებში, ძილის მოგვრის საშაულებას არ გვაძლევს. ძილი ძალიან რთული და მნიშვნელოვანი პროცესია, მას აქვს თავისი სტადიები - როცა სიზმარი გვესიზმრება, როცა ღრმად გვძინავს... ზოგადად, ცხოვრების წესი ხშირად განაპირობებს ჩაძინების გაძნელებას.''

ნევროლოგი მარინე ჯანელიძე მათ, ვისაც ჩაძინების პრობლემა აქვთ, რჩევებსაც აძლევს:

,,ძალიან აქტიური, ზღვარგადასული ფიზიკური დატვირთვა ძილის წინ არ არის რეკომენდებული. ასევე მნიშვნელოვანია ჰაერი, ძილის ჰიგიენა, ერთსა და იმავე დროს დაწოლა, დაძინებამდე სიმშვიდეში ყოფნა. ეს არის ელემენტარული რჩევები, რომლებიც ამარტივებს ჩაძინებას და აუმჯობესებს ძილის ხარისხს. ძილის წინ ასევე არ უნდა მოწიოს ადამიანმა სიგარეტი (ზოგადად, არ უნდა მოწიოს, მაგრამ განსაკუთრებით ძილის წინ), ნიკოტინი ხელს უშლის მელატონინის გამომუშავებას. ასევე ალკოჰოლის და მძიმე საკვების დიდი რაოდენობით მიღება არ არის კარგი. ძილთან მეტ-ნაკლებად რელაქსირებულები უნდა მივიდეთ. ეს არის ზოგადი რჩევები,'' - აღნიშნა მარინე ჯანელიძემ. 

ნევროლოგის თქმით, 6-დან 8 საათამდე უნდა გვეძინოს, მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომელთაც ამდენი ხანი არ სძინავთ. მთავარია, როცა გავიღვიძებთ არ ვიყოთ დაღლილები, უნდა ვიყოთ ენერგიულები. არსებობენ ადამიანები, რომელთაც ცოტა სძინავთ და მაინც აქტიურები არიან, თუმცა ასეთები ცოტანი არიან.  

წყარო: ​,,პოსტ ალიონი''

წაიკითხეთ სრულად