Baby Bag

რამდენი უნდა მოვიმატოთ ორსულობის განმავლობაში? - გენეკოლოგი ორსულობისას წონის მატებისა და წონის დეფიციტის შესახებ საუბრობს

რამდენი უნდა მოვიმატოთ ორსულობის განმავლობაში? - გენეკოლოგი ორსულობისას წონის მატებისა და წონის დეფიციტის შესახებ საუბრობს

დღეს ხუთშაბათია და მედიაპორტალი MomsEdu.ge ტრადიციულ რუბრიკას - მეან-გინეკოლოგის რეკომენდაციებს წარმოგიდგენთ. ამჯერად მეან-გინეკოლოგი და ქირურგი ეკა ბუკია მოგაწვდით კომპეტენტურ ინფორმაციას ორსულობისას წონის მატებისა და წონის დეფიციტის შესახებ.


​დამატებითი კილოგრამები, რომელსაც მოიმატებთ მთელი ორსულობის განმავლობაში, დაგეხმარებათ თქვენი ბავშვის გამოკვებვასა და თქვენი ჯანმრთელობის შენარჩუნებაში. ამ ეტაპზე იკვებებით თვენთვის და თქვენი ნაყოფისთვის, ამიტომ უნდა შეარჩიოთ დაბალანსებული დღის რაციონი.

რამდენი კილოგრამი უნდა მოვიმატოთ ორსულობის განმავლობაში?

წონის ნორმალური მატება ყველა ორსულისთვის ინდივიდუალურია. კონკრეტული რიცხვი, თუ რამდენი უნდა მოიმატოთ, არ არსებობს! მიუხედავად ამისა, ზედმეტად მცირე ან ზედმეტად ბევრი კილოგრამის მატება არ არის სასარგებლო თქვენი და ბავშვის ჯანმრთელობისთვის.

რამდენი კილო უნდა მოიმატოთ მთელი ორსულობის განმავლობაში დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენს იწონიდით ორსულობამდე. უნდა გამოითვალოთ სხეულის მასის ინდექსი ( BMI) ორსულობამდე.

BMI-ის გამოთვლის შემდეგ შეგიძლიათ, იხელმძღვანელოთ შემდეგი ცხრილით:

რა რისკებია ძალიან მცირე და ასევე ბევრი კილოგრამების მატების შემთხვევაში?

წონის კონტროლი და ჯანსაღი ცხოვრების წესი მნიშვნელოვანია, როგორც ორსულობისას, ასევე ცხოვრების ჩვეულ რიტმში, არაორსულობის დროსაც.

დიდი რაოდენობით კილოგრამების მატებამ შეიძლება გამოიწვიოს:

  • გესტაციური დიაბეტი
  • ნაადრევი მშობიარობა (<37 კვირაზე)
  • მშობიარობის გართულება
  • სისხლდენა მობიარობის დროს
  • მშობიარობის შემდეგ ძნელად წონის კლება
  • მაღალი არტერიული წნევა ორსულობისას ან მშობიარობის შემდეგ


​ჭარბი წონის მატება იწვევს გართულებებს თქვენი ნაყოფისთვისაც:

  • წონის დეფიციტი ან პირიქით ჭარბი წონა ბავშვობაში
  • სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემები
  • თქვენ ან თქვენს ნაყოფს გვიან ასაკში შესაძლოა, განგივითარდეთ შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2


​მინიმალური წონის მატება ორსულობისას ასევე ატარებს შემდეგ რისკებს:

  • გესტაციური დიაბეტის განვითარები რისკი


​თქვენს ახალშობილს შეიძლება ჰქონდეს:

  • წონის დეფიციტი
  • ნაადრევი მშობიარობის რისკი (27 კვ. ვადამდე)
  • კვებასთან დაკავშირებული პრობლემები
  • წონის მატებასთან დაკავშირებული პრობლემები
  • ძნელად უმკლავდებიან ინფექციურ დაავადებებს


​ასევე შესაძლებელია უფრო მაღალი რისკის გართულებების არსებობა ნაყოფის მხრივ, როგორიცაა:

  • ახლაშობილთა სიყვითლე
  • დიაბეტი
  • გულ-სისხლძარღვთა დაავადებები


​როგორ დავაჩქაროთ წონის მატება ორსულობის დროს, თუ ამას საჭიროებს ორსული?

რეალურად მეორე ტრიმესტრამდე წონის მატება არ არის აუცილებელი.უნდა მიიღოთ ჯანსაღი საკვები - ხილი, ბოსტნეული, ხორცი, უარი უნდა თქვათ დიდი რაოდენობით ტკბილეულის მიღებაზე. მაქსიმუმ 300 კალორიით მეტი უნდა მიიღოთ დღეში.

რა გავლენას ახდენს ორგანიზმზე ორსულობისას წონის კლება?

შესაძლოა, პირველ ტრიმესტრში წონის მატების მაგივრად, პირიქით დაიკლოთ. ეს გამოწვეულია გადაღლით, გულისრევის შეგრძნებითა და ღებინებით. ეს პროცესები სრულდება ორსულობის 16 კვ. ვადისთვის (4 თვის ორსულობა).

წონის კლება არ აყენებს ზიანს თქვენსა და თქვენი ნაყოფის ჯანმრთელობას. თუმცა თუ ზედმეტად ცუდად გრძნობთ თავს და ეს მდგომარეობა აქვეითებს თქვენი ცხოვრების ხარისხს, მიმართეთ თქვენს ექიმს, რომ მოხდეს თქვენი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება და მკურნალობის რომელიმე მეთოდის მორგება.

რამდენად სწრაფად უნდა მოხდეს წონის მატება?

რაც შეეხება წონის მატებას, უნდა მოხდეს თანდათანობით. პირველ ტრიმესტრში წონის სწრაფი და დიდი რაოდენობით მატება იწვევს გესტაციური დიაბეტის განვითარების რისკს.

წონის მატება არ იქნება თანაბარი, ანუ ყოველ კვირას ერთი და იმავე რაოდენობის კილოგრამებს არ მოიმატებთ. შესაძლოა, ორსულობის პირველ ნახევარში მეტი კილოგრამები აკრიფოთ, შემდეგ ნაკლები რაოდენობით მოიმატოთ. წონის ძირითადი მატება მესამე ტრიმესტრშია.

სად ნაწილდება მიღებული ზედმეტი კილოგრამები?

პირველ რიგში, წონის მატებასთან ერთად იზრდება თქვენი მუცელი. გარდა ამისა, თუ საერთო ჯამში იმატებთ 13 კგ-ს, კილოგრამები ნაწილდება შემდეგნაირად:

  • დაახლოებით 3 კგ. თქვენი ნაყოფია
  • 3 კგ-მდე ცილები და ცხიმები
  • 2კგ-მდე ნაწილდება სისხლში
  • 2კგ-მდე ბიოლოგიურ სითხეებში
  • 1კგ-მდე მკერდში
  • 1კგ-მდე ამნიონურ სითხეში
  • 600 გრ-მდე პლაცენტა


​როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ გვჭირდება მეტი წონის მატება?

თუ იმ ქალების რიცხვში შედიხართ, ვინც ვერ იმატებს საკმარისი რაოდენობის წონას ორსულობის განმავლობაში, ამ შემთხვევაში უნდა მიიღოთ დიდი რაოდენობით სასარგებლო ცხიმებისა და ცილების შემცველი საკვები, როგორებიცაა:

  • ბანანის კოქტეილი რძით
  • ქოქოსის რძის კოქტეილი
  • არაქისის კარაქი ხილთან ერთად
  • თხილეული
  • არაჟანი
  • იოგურტი
  • მიუსლი


​მცირე ულუფებით და საკვების უფრო ხშირი მიღება დაგეხმარებათ წონის მატებაში.

როგორ უნდა მოვიქცეთ თუ ვიმატებთ ძალიან ბევრს და ძალიან სწრაფად?

ეს პრობლემა უფრო გავრცელებულია. შემდეგნაირად უნდა მოიქცეთ:

  • დაითვალეთ მიღებული კალორიები
  • ივარჯიშეთ ყოველდღე

 
მოერიდეთ

წვენებს, გაზირებულ სასმელებსა და ტკბილეულს

  • ნახშირწყლებით მდიდარ საკვებს
  • მზა საკვების მიღებას
  • ცომეულის მიღებას
  • მარილიან საკვებს


​წონის სწრაფმა მატებამ შესაძლოა, გამოიწვიოს შეშუპება. ეს კი შესაბამისად, გამოიწვევს მთელ რიგ სხვა პრობლემას.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

შეიძლება დაინტერესდეთ

რა დროს არის შესაძლებელი, ქალმა ვერ გაიგოს საკუთარი ორსულობის შესახებ?

რა დროს არის შესაძლებელი, ქალმა ვერ გაიგოს საკუთარი ორსულობის შესახებ?

შესაძლებელია თუ არა, ქალი იყოს ორსულად და მან ამის შესახებ არ იცოდეს? - საკითხის შესახებ ექიმმა რეპროდუქტოლოგმა, მანანა მგალობლიშვილმა ,,იმედის დღის" ეთერში სტუმრობისას ისაუბრა.

,,დიახ, შესაძლებელია, ქალმა ვერ გაიგოს, რომ არის ორსულად. მსგავსი შემთხვევა ჩემს პრაქტიკაში ყოფილა ორჯერ - ერთი იყო თბილისში და მეორე - ზუგდიდში. ჩემთან მოვიდა ქალი, რომელმაც არ იცოდა ორსულობის შესახებ, იყო 8 თვის. შეაწუხა სიმძიმემ, მუცლის ტკივილმა. გავუკეთეთ ექოსკოპია და ველოდით ყველაფერს, გარდა იმისა, რომ ნორმალური, ჯანმრთელი, 8 თვის ბავშვი დაგვხვდებოდა. მეორე შემთხვევას რაც შეეხება - უბრალოდ, ქალს ჰქონდა ციკლის გადაცდენები თვეობით, ამიტომ ვერ მიხვდა. ამასთან, ჰქონდა უშვილობა, დაახლოებით 3-4 წლის მანძილზე და ამ პრობლემის გამო მოგვმართა სწორედ. ისიც 8 თვის ორსული იყო.

ჩემს ბავშვობაში გამიგია ,,ფსიქოლოგიური ორსულობა", რაც ნიშნავს, რომ ქალს იმდენად უნდა - იყოს ორსულად, რომ მუცელიც კი ეზრდება. ადრე, ექოსკოპია რომ არ არსებობდა, ქალები ჩვეულებრივ მიდიოდნენ 9 თვემდე. ხვდებოდნენ იმით, რომ ციკლი უწყებოდათ. 

არსებობს ობიექტური მიზეზები იმისა,  ქალი ვერ მიხვდეს, რომ ის არის ორსულად. მაგალითად, ქალებმა, რომლებსაც ისედაც აქვთ თვეობით ციკლის გადაცდენები, იციან  ამ პრობლემის შესახებ და ფიქრობენ, რომ არის მორიგი გადაცდენა. გარდა ამისა, ვისაც ჭარბი წონისკენ აქვს მიდრეკილება - მოიმატა წონაში და მიაჩნია, რომ მუცელიც წონაში მატების გამო გაეზარდა. როდესაც 20 კვირის ვადაზე მუცელში ბავშვი გამოძრავდება, ქალისთვის ესეც კი არ არის უტყუარი ნიშანი ორსულობისა - შესაძლოა, ის მაინც ვერ მიხვდეს. ძალიან ბევრი სუბიექტური შეგრძნებაა, რომელიც შეიძლება, ორსულს ჰქონდეს. გამორიცხულია, ორსულობის დროს ქალს ჰქონდეს მენსტრუაცია, მაგრამ არსებობს სისხლდენის შემთხვევები", - განმარტავს მანანა მგალობლიშვილი.

წყარო: ,​,იმედის დღე"


წაიკითხეთ სრულად